მთავარი > კითხვა-პასუხი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ვუპასუხებთ შეკითხვებს

ვუპასუხებთ შეკითხვებს


27-04-2018, 00:04

 

   1. კითხვა: რა არის ქრისტიანის უმთავრესი საქმე?

   პასუხი: ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე - ჭეშმარიტი სარწმუნოების შესწავლაა. (წმ. ამბროსი მედიოლანელი).

   2. კითხვა: რისი კითხვა გვევალება?

   პასუხი: ჩვენ გვევალება ვიცოდეთ ღვთის ნება, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა. ვინც ასე არ მოქმედებს, ის სცოდავს ღვთის წინაშე. თანაც ორმაგად სცოდავს: ჯერ ერთი იმით, რომ არ იცის ღვთის ნება, მეორეც, იმით რომ არ იყენებს იმ საშუალებებს, რომლითაც შეიმეცნება ჭეშმარიტება და შეგნებულად სიბნელეში რჩება. (წმ. თეოფანე დაყუდებული).

   3. კითხვა: როგორ განვამტკიცოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება?

   პასუხი: მოძღვართან სისტემატიური კავშირით ეკლესიურ საიდუმლოებებში ხშირი მონაწილეობით, მათდამი სერიოზული მომზადებით, ღვთისმსახურებაზე დასწრებით, სახლში ლოცვით, ყოველდღიურად სახარებისა და რელიგიური ლიტერატურის კითხვით, მარხვის დაცვით, მორწმუნე ეკლესიურ ადამიანებთან ურთიერთობითა და მეგობრობით.

   4. კითხვა: როგორ წარვმართოთ დღევანდელ ყოფაში ჩვენი სულიერი ცხოვრება?

   პასუხი: ბოლო ჟამს წმიდა მამები წმ. წერილითა და წმ. მამათა ნაშრომებით ხელმძღვანელობას გვირჩევენ. თუმცა არ უარყოფენ თანამედროვე მამათაგან და ძმათაგან ფრთხილი რჩევების მიღებასაც. (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი).

   5. კითხვა: რა უნდა მართავდეს ქრისტიანის ცხოვრებას?

   პასუხი: ქრისტიანის ცხოვრებას სინდისი და გონება უნდა მართავდეს, ანუ გონებით განსჯა გამოცდილ რჩევაზე დაყრდნობით. ეშმაკი მაშინ გვამარცხებს, როდესაც მხოლოდ ჩვენს გონებას მივენდობით, სულიერ მოძღვარს კი არ ვეკითხებით.

   6. კითხვა: როგორ გავატაროთ მარხვის დღეები?

   პასუხი: მარხვის დღეებში უნდა მოვერიდოთ ამა სოფლის სიამეებს, ვიფიქროთ საკუთარ ცოდვებზე, მოვამზადოთ გულწრფელი აღსარება, ხშირად ვიაროთ ტაძარში, ვიკითხოთ წმიდა წერილი და რა თქმა უნდა, ვაკეთოთ მოწყალების საქმეები: ავადმყოფთა მონახულება, გაჭირვებულთა დახმარება და ნუგეშისცემა.

   7. კითხვა: როგორ პატივს უნდა მივაგებდეთ მღვდლებს?

   პასუხი: მშობლებზე მეტად მღვდელს უნდა ვცემდეთ პატივს. „იცი თუ არა, ამბობს იოანე ოქროპირი - ვინ არის მღვდელი?" და პასუხობს: „უფლის ანგელოზი". ამიტომაც მღვდლებს უფრო დიდ პატივს უნდა მივაგებდეთ, ვიდრე მშობლებს, რადგანაც ისინი ქრისტეს მსახურებია დედამიწაზე, და ვინც მათ სცემს პატივს, ის თვით ქრისტეს ეთაყვანება.

   8. კითხვა: როგორ მოვექცე მოყვასს?

   პასუხი: ყოველთვის წარმოიდგინე მოყვასი შენს ადგილზე, შენი თავი კი მოყვასის ადგილზე.



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება