მთავარი > თანამედროვე მამები, ქადაგებები, მთავარი გვედის ფოტო > გამოცდილი მოძღვრის ქადაგება - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

გამოცდილი მოძღვრის ქადაგება - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


23-04-2018, 00:04

 

   აქ ჩამოთვლილი გადახრების გარდა, დღეს ხშირია სხვა, უფრო შეუმჩნეველი, მაგრამ არანაკლებ მუხანათური ღალატი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა - თვით მართლმადიდებლობის, ჩვენი დედა-ეკლესიის არად ჩაგდება, მის მიერ დადგენილი წესებისა და დოგმატების მიმართ ზერელე და უკრძალველი დამოკიდებულება, არაეკლესიური, მიუწესრიგებელი, მადლს მოკლებული ცხოვრება, რომელიც, ამის მიუხედავად, თავის თავს მაინც „მართლმადიდებლურს" უწოდებს. ეს ის გაორებული ცხოვრებაა, როდესაც კაცი გარკვეულ სიტუაციებში თითქოს „მორწმუნედ" გვევლინება, მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ქრისტიანს ნაკლებად ჰგავს - ლაღი, „ძმაბიჭური" ურთიერთობა აქვს მწვალებლებთან და ჩვენს სიწმიდეთა მგმობელებთან, მიჯაჭვულია ამ მემრუშე წუთისოფელს, თანაუგრძნობს მის ცრუ „სათნოებებს", ადვილად უშვებს გულში გმობასა და ცილისწამებას ეკლესიის ამა თუ იმ კანონის სისწორეში, უგულებელყოფს წესებისა და განწესებების შესახებ, ხშირად ეპარება ეჭვი ეკლესიის მიერ დადგინებულ მარხვებში და გულგრილია საეკლესიო დღესასწაულების მიმართ. ესაა სწორედ ის ნელთბილობა, რომელზეც „გამოცხადებაში" ნათქვამია: „ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაითამცა ნუ გრილი იყავ, ან ტფილი, მეგულების ამოგდებაი შენი პირისაგან ჩემისა" (გამოცხ. 3. 15-16).

   ჩვენს მორწმუნეთა შორის უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საშინელი პროცესი - ღმრთაებრივის მიმართ გაგრილებისა და გაუცხოებისა, მართლმადიდებლობისაგან გადახვევისა და მისი ღალატისა, ღმერთისაგან ფარული განდგომისა, მაგრამ გარეგნულად სარწმუნოების აღმსარებლობა თითქოს აღორძინების გზაზე დგას, ძლიერდება, ხმამაღლა გაჰყვირის საკუთარ თავზე. ბევრს აინტერესებს სარწმუნოების ზერელე გაცნობა, ბევრი დგამს რამდენიმე ცნობისმოყვარე ნაბიჯს ქრისტიანობის მშვინვიერ სამყაროში, მაგრამ ცოტა თუ ბედავს ამ ვიწრო და საჭირველი გზით ბოლომდე სიარულს. მთელი წარსული ცხოვრების, ყველა მისი „ხიბლის" მიტოვებას, საკუთარი ვნების, საკუთარი ნების წინააღმდეგობას, თავის უარყოფას და უკან დარჩენილი სოდომისკენ აღარ მიხედვას. სარწმუნოების თესლი დღეს უფრო ხშირად ნიადაგის ზერელე ფენაში ხვდება, რომლის ქვეშაც უგრძნობლობის ქვაა დამალული, ან ეკალთა შორის ვარდება, ანდა გზაზე, სადაც ხმება, ჭკნება და ითრგუნება. ამიტომ დღეს უწინდელზე მეტი შრომა, ბრძოლა და სიბრძნეა საჭირო სარწმუნოების ნაყოფის გამოღებისა და შენარჩუნებისათვის.

   წმ. მამებმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შეამჩნიეს ამ სნეულების ნიშნები: „გარეგნული ღვთისმსახურების სახე ასე თუ ისე, ისიც ფარისევლურად, კიდევ შემორჩა. ჭეშმარიტი ღვთისმსახურება კი უარყვეს, დაუტევეს კაცთა"... „ქრისტეს სარწმუნოება დააგდეს, ქრისტეს მცნებებით ცხოვრება უარყვეს და მათი საწინააღმდეგო სული შეითვისეს. ამიტომ სარწმუნოება ვერ გასცდება დაწყებით ეტაპს და ვერ გახდება ქმედითი, მით უფრო, ცხოველი, ანუ სულიერი, ხოლო სარწმუნოება სარწმუნოების საქმეთა, ანუ ქრისტეს მცნებათა დამარხვის გარეშე მკვდარია". „ცალკეული ქრისტიანები კიდევ არიან, მაგრამ განქარდა ჭეშმარიტების საერთო ცოდნა, რომელიც ყველას გააერთიანებდა ერთ სულიერ სხეულად, ერთი სულიერი თავის - ქრისტეს ხელმწიფების ქვეშ, და ამ სხეულს ერთი აზრი და სულისკვეთება ექნებოდა. ახლა კი ყველას თავისი აზრი აქვს, თავისი რელიგია, თავისი გზა, საკუთარი სურვილით თუ შემთხვევით არჩეული, რომელსაც ან სწორად მიიჩნევენ, ან მხოლოდ ამართლებენ. ეს უზარმაზარი ფარა, ჭეშმარიტების და სულისმიერი ერთობა რომ დაუკარგავს, სულიერ დამკვირვებელს უდიდესი უწესრიგობის შთაბეჭდილებას უქმნის: „ყოველი ცხვარი თავისთვის გარბის და არ იცის კი, საით"... „დაუყრუებია კაცნი მიწიერ, სასტიკ საზრუნავს, განცხრომისა და ამქვეყნიური წარმატების ხმაურს, აღარ ძალუძთ სულიერ შთაბეჭდილებათა მიღება. ჩვენ, ყველამ, შევიყვარეთ ჩვენ-ჩვენი ცარიელი და სულელური სურვილები, შევიყვარეთ ხრწნადი, წარმავალი, ხორცი და სისხლი, და მათთან ერთად მათში ჩასახლებული საუკუნო სიკვდილი. ვიწროა თავგანწირვის გზა, თავმოთნეობის ფართო გზაზე კი სივიწროვეა და ამ გზაზე მივიჩქარით, ერთმანეთს ვასწრებთ და ხელს ვკრავთ უკვე ისედაც გადავსებული, გამაძღარი ჯოჯოხეთის ჯურღმულისაკენ" (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე).

   „მთელი ქვეყანა რაღაც ძალის გავლენის ქვეშაა, რომელიც ეუფლება ადამიანის გონებას, ნებას და ყველა სულიერ ძალას. წყარო მისი არის ეშმაკი, ბოროტი ადამიანები მხოლო ეშმაკის იარაღები გახლავთ. ანტიქრისტე მოდის სოფლად, ესენი კი მისი წინამორბედები არიან. მოციქულიც ხომ ამბობს: „ამისთვის მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაი, რაითა ჰრწმენეს მათ ტყუილისაი" (2 თეს. 2, 11) (მამა ბარსანაბოს ოპტინელი). კიდევ ბევრი ასეთი, მწუხარებითა და მწარე წინათგრძნობით სავსე გამონათქვამის მოყვანა შეიძლებოდა - მამები წინასწარ ხედავდნენ იმ საშინელ სულიერ კატასტროფებს, ჩვენს დროში რომ დაატყდა თავს კაცობრიობას და მთელ ქრისტიანობას უმძიმესი დარტყმები მიაყენა. და ეს სამწუხარო სურათი უფრო და უფრო პირქუში ხდება.

   დღევანდელი მართლმადიდებლობა გარეგნულად სულ უფრო ყვავის და ზეიმობს. სოფელიც ღებულობს მას და ქება-დიდებას ასხამს. მაგრამ მისი შინაგანი ცხოვრება უკიდურესად ღატაკდება სულიერად და საოცარი უძლურებით გამოირჩევა. ყველაფერი, რაც ჩვენს საუკუნო ცხოვრებასთანაა დაკავშირებული, თანდათან უკანა პლანზე გადადის და მთელი ყურადღება ამქვეყნიური ყოფის მოწყობას ეთმობა. ყოველი მხრიდან გაისმის თითქოს ძალიან დამაჯერებელი და რელიგიური სიტყვები და საქმეები, სინამდვილეში კი ყველა ისინი ამა სოფლისაგანნი არიან და წარმავალ, უბადრუკ მიზნებს ისახავენ. საუკუნო ცხოვრებაზე არავინ ლაპარაკობს, და თუ ლაპარაკობენ, ისიც არასერიოზულად, ნახევრად ხუმრობით და სხვათა შორის, როგორც რაღაც შორეულსა და ბუნდოვანზე. ყველაზე ეკლესიურ და მოშურნე ქრიტიანებთან საუბრის დროსაც კი, თუ ზეციურ სასუფველზე ჩამოუგდე სიტყვა, მათი მხრივ უცნაურ სიცივეს აწყდები. სხვა, საუკუნო ცხოვრების ხსენება არავითარ სიხარულსა და სიმშვიდეს არ აგრძნობინებთ. სახეზე მსუბუქი მოწყენისა და უნდობლობის ჩრდილი გადაჰკრავთ ხოლმე. რა ხშირად ხდება, რომ ჩვენ, მართლმადიდებლი ქრისტიანები, საკუთარ თავსა თუ მოყვასს კეთილი საქმისაკენ ფუჭი, პრიმიტიული, ზოგჯერ კი რაიმე ვნებაზე დამყარებული სტიმულითაც კი ვაქეზებთ (ცუდმედიდობით, ვერცხლისმოყვარეობით, ამპარტავნებით და ა.შ.), უანგაროდ, მხოლოდ ცათა სასუფეველისათვის კი ძალიან იშვიათად ვიღვწით.

   ცხადია, ასეთი სარწმუნოება მკვდარია. „სარწმუნოება", რომელიც საუკუნო ცხოვრებისათვის კი არა, ხრწნადისა და წარმავალისათვის ზრუნავს, ყოველთვის უბიძგებს კაცს ამ მემრუშე წუთისოფლის ათასი საცთურის, საშვებელისა და შექცევისაკენ, რაც ადრე თუ გვიან იწვევს ჯანყს მართლმადიდებელი სარწმუნოების მიმართ, რომელიც ადამიანს ნიადაგ წყვეტს მისთვის ესოდენ მიმზიდველსა და მომხიბლავ მიწას და ზეციურის, მარადიულის ღმრთაებრივისაკენ მიმართავს. ასეთ ცრუ-მორწმუნეს ჩვენი სარწმუნოება მეტისმეტად მკაცრი, მკვდარი, ყოვლის ამკრძალველი და პირქუში მოეჩვენება. მართლაც, მართლმადიდებლობა ცხოველი სარწმუნოებისა და საუკუნო ცხოვრების მოლოდინის გარეშე მძიმე, უსიხარულო იქნება ამა სოფლის მიჯაჭვული ცოდვილისთვის. უღელი, რომელსაც არავითარი სიტკბო და სიხარული არ შეუმსუბუქებს. შეიყვარეს სოფელი კაცთა. შეიყვარეს „თავიანთი ფუჭი და სულელური სურვილები. შეიყვარეს ყოვლივე ხრწნადი, ხორცი და სისხლი..." საშინელი სენია, და ხშირად - შეუმჩნეველი! ამიტომ ყოვლთვის უნდა ვადევნოთ თვალი ჩვენს გულსა და გონებას. ვიცოდეთ, სად ვაგროვებთ საუნჯეს - ცაში თუ მიწაზე, რით საზრდოობს ჩვენი მოშურნეობა - ზეციური სასუფევლის, თუ ამა სოფლის სიკეთეთა ძიებით? ასეთ შინაგან კომპრომისს, უდაბლესისათვის უმაღლესის დათმობას იქამდე მივყავართ, რომ ყოველ ნაბიჯზე ვღალატობთ მართლმადიდებლობას. როდესაც კაცი ამა სოფლის სიკეთეებს ელტვის, ის, მართალია, ლოცვასაც განაგრძობს და ეკლესიის წესებსაც არსულებს, მაგრამ მისი მიზნები, მისი შინაგანი ზრახვანი და მისწრაფებანი უკვე წმიდა, მაღალი, სულის განმწმენდი და განმაცხოვლებელი კი აღარაა, არამედ უძლურებისა და ვნებების წყაროდ იქცევა. მაშინ მრავალი ცნება იცვლება ჩვენთვის, თვით ჩვენი ცოდვები და სულიერი სიღატაკე სულ სხვაგვარად ჩანს და ბევრი რამ, რაც სინამდვილეში ბნელია, ნათელი გვეჩვენება, მწარე - ტკბილად, უჯერო - სასარგებლოდ, სიყალბე - მშვენიერებად და ჭეშმარიტებად. ადამიანები უგულვებელყოფენ წმ. ეკლესიის სწავლებას და საკუთარ შეხედულებებსა და სწავლებებს იგონებენ იმ მართლმადიდებლური მცნებებისა და ჭეშმარიტებების შესახებ, რომლთა სწორი განმარტება მათ, მართალია, სმენიათ, მაგრამ, რატომღაც თვალში არ მოსდით.

   ამრიგად, „ქრისტიანების" რიცხვი თანდათან მატულობს, ქრისტეს ჭეშმარიტი მსახურნი კი სულ უფრო ცოტანი არიან. უფრო და უფრო მეტს ლაპარაკობენ ეკლესიაზე, სარწმუნოებაზე, ქრისტიანობაზე, მცნების მიხედვით ცხოვრება, ვნებებთან ბრძოლა - კლებულობს. ნამდვილი სულიერი ცხოვრება მისი საპირისპიროთი იცვლება - მშვინვიერი ტკბობის ძიებით. „ეგოცენტრიზმი და თვითკმაყოფილება, დღევანდელ „ქრისტიანთა" უმეტესობას რომ ახასიათებს, იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მათ სრულიად აღარ ესმით, რას ნიშნავს სულიერი ცხოვრება. და როდესაც მაინც იწყებენ „სულიერ ცხოვრებას", ეს მხოლოდ თვითკმაყოფილების ერთ-ერთი ფორმა აღმოჩნდება ხოლმე. „ქრისტიანული სულიერება ცათა სასუფევლის დამკვიდრებისათვის მძიმე ბრძოლაში ყალიბდება, თვით სასუფეველში კი მხოლოდ წარმავალი ცხოვრების დასრულების შემდეგ იწყება. ამიტომ ქრისტეს ნამდვილი მხედარი არ ეძებს განსვენებას თვით საუკუნო ნეტარების წინათგრძნობაშიც კი, თუმცა მის არსებობაში ამ ცხოვრებაშიც შეუძლია დარწმუნდეს" (მღვდელმონ. სერაფიმ როუზი).

   ასეთ ბუნდოვან წარმოდგენას ქრისტიანობაზე, მთელი მისი სიღრმისა და ძალის მიუღებლობას, მივყავართ თვით ეკლესიისა და მისი სწავლების დამცირებამდე, არაეკლესიურობამდე, და მაშინ ადამიანი მარტოდმარტო რჩება ცხოვრებისეული ზღვის მღელვარე ტალღებში პატარა, უბადრუკი ნავის ამარა.

   ამრიგად, როდესაც კაცი მთელ თავის სასოებას მიწიერ ცხოვრებაზე ამყარებს, მაშინ მისი გულიც ამ სოფელთანაა მოჯაჭვული. მთელი მისი საქმიანობა და აზროვნებაც მიწიერია, ზეცისათვის აღარ სცალია - ასეთ ცხოვრებას ქრისტიანულს ვერ უწოდებ. წმ. ეპ. ეგნატე წერდა: „წმიდა წერილი ამბობს, რომ ქრისტიანები, იუდეველთა მსგავსად, თანდათან გაცივდებიან ღმრთივგამოცხადებული სწავლების მიმართ, აღარც იმას მიხედავენ, რომ ღმერთკაცმა თავით თვისით განაახლა კაცობრივი ბუნება, დაივიწყებენ მარადისობას და მთლიანად ამა სოფლისკენ მიიქცევიან. ამ მიმართულებით მავალნი და ამ განწყობით შეპყრობილნი, შეუდგებიან მიწიერი ცხოვრების გაუმჯობესებას, თითქოს ის უსასრულო იყოს, შეეცდებიან თავიანთი დაცემული ბუნების განვითარებას, სხეულისა და სამშვინველის ყველა ჟინისა და ახირების დაკმაყოფილებას. ცხადია, ასეთი მიმართულებისათვის უცხოა მხსნელი, რომელმაც კაცი ნეტარი მარადისობისათვის გამოისყიდა. ასეთმა მიმართულებამ ქრისტიანობისაგან განდგომა შეითვისა".

   რაოდენ მნიშვნელოვანია დღეს, რომ მორწმუნე ერთგული იყოს თავისი დედისა - ეკლესიისა, რომელმაც იგი სულიერად შვა ნათლისღების წმიდა ემბაზში. იყოს მტკიცე, მხურვალე მიმდევარი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, უდიდესი სიფრთხილით მოეკიდოს ცრუ სულიერების, ცრუ რელიგიურობის, ცრუ სიკეთის მძლავრ ნაკადს. სინანულს მოვუხმოთ და ამოვძირკვოთ გულიდან საძაგელი სარეველა - წარმავალი ცხოვრების სიყვარული და ყოველივე ღმრთაებრივის, ზეციურის, მარადიულის მიმართ გაუცხოება. თუ კარგად დაუფიქრდები, ალბათ შენს თავშიც აღმოაჩენ დღევანდელ დღეს ესოდენ გავრცელებულ სნეულების ნიშნებს. გაფრთხილდი, შენც იმ ცრუ ქრისტიანთა შორის არ აღმოჩნდე, ასე რომ მომრავლდებიან ანტიქრისტეს მოსვლის დროისათვის და თაყვანს სცემენ მას.

   „დღენი ამა სოფლისანი ყოველთვის ბოროტნი იყვნენ და ასეთებად დარჩებიან. მაგრამ, ვგონებ, თუ ჩვენი დრო ყველაზე ბოროტია და ამიტომაც ალბათ ყველაზე მეტ სიბრძნეს მოითხოვს ჩვენგნ, რათა გამოვიყიდოთ ეს საშიში დრო (ეფ. 5, 16) და მისი წინაღდგომა ცხონების სასყიდლად გვექცეს" (წმ. ეპისკ. თეოფანე დაყუდებული).


„აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის" 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება