მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა იოანე სან-ფრანცისკოელი

წმიდა იოანე სან-ფრანცისკოელი


21-04-2018, 00:03

 

   „ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურთ და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ. თვალი გეჭიროთ, არავინ მიაგოს ერთმანეთს ბოროტის წილ ბოროტი, არამედ ცდილობდეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას" - ასე ამბობს თავის ეპისტოლეში თესალონიკელთა მიმართ მოციქული პავლე. რაოდენი სიკეთე და სიმართლეა ამ უბრალო, მაგრამ მარტივ სიტყვებში.

   ბოროტება თავისი შედეგებიდან გამომდინარე ადამიანს უჭირვებს ცხოვრებას სხვა ადამიანებში არსებული ბოროტებით. ბოროტება კი, როგორც თოვლის გუნდა, იზრდება, თუ მას არ დაუპირისპირე სიკეთე. ჩვენში და სხვა ადამიანში მას მხოლოდ ქრისტიანული სიკეთით დავამარცხებთ. ქრისტიანული სიკეთე კი ზოგჯერ მრისხანეცაა - ცოდვის მამხილებელი, - ის ასეთიც უნდა იყოს, მაგრამ იგი არასდროს არ ატარებს ბოროტებას სიკეთის ნიღბით. ჩვენ, პირველ რიგში, საკუთარი თავი დავიცვათ ბოროტებისაგან და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. თუ ამას მივაღწიეთ, შეგვიძლია სხვა ადამიანსაც დავეხმაროთ ბოროტების დაძლევაში.

   სხვა ადამიანი რომ განკურნო, ჯერ თვითონ უნდა გამოცადო ამ წამლის მოქმედება საკუთარ სულზე, შემდეგ კი შესთავაზო სხვას. ქრისტეს წამლის ძალა, ქრისტიანული სიკეთე, გამოცდილია საუკუნეების მანძილზე. გამოცდილია ადამიანის ყველანაირ ხასიათზე და მსოფლიოს ყველა ერში.

   არიან ადამიანები, რომელთაც სურთ რა გაამართლონ მათში დაფარული ბოროტება, ყველაფერს აბრალებენ თავის „ხასიათს", მაგრამ ხასიათი ხომ ფორმირდება და ყალიბდება თითოეული ჩვენთაგანის თავისუფალი რეაქციით. გარშემომყოფ სამყაროსთან კეთილისმყოფელ ადამიანს უყალიბდება დიდებული ხასიათი. ეს უკვე ამქვეყნად დიდი ჯილდოა, რომელიც მომავალ ცხოვრებაში ღმერთთან და ზეციურ სამყაროსთან მიგვიყვანს. ბოროტ კაცსა და ბოროტების წამქეზებელს კი უყალიბდება საშინელი ხასიათი. ის ხდება ჭირი და უბედურება ირგვლივ მყოფთათვის, საკუთარი ოჯახისა და ერისათვის. როგორც კი დავიწყებთ ჩვენში გამჟღავნებული ბოროტების გამართლებას, მაშინვე სულის გახრწნა იწყება და დაღუპვაც გარდაუვალია.

   მოწიფულ ასაკში მყოფი ადამიანისთვის ზნეობრივი ხასიათი არის ის, რაც მან შექმნა და ქმნის თავის თავში. სული - ნიადაგია, ადამიანი კი - მიწათმოქმედია საკუთარი სულისა. თუ სულიერ ნიადაგზე ითესება ღვთის სიტყვა და ქრისტეს სიყვარული, მაშინ ნაყოფიც ტკბილი და გულის გასახარელია მისთვისაც და ირგვლივ მყოფთათვისაც. და თუ ადამიანი საკუთარ სულში ღვარძლს თესავს, მაშინ სარეველა ბალახი ამოვა, რომელიც დატანჯავს მასაც და სხვა ადამიანებსაც.

   სული თიხასაც შეიძლება მივამსგავსოთ, ადამიანი კი - მოქანდაკეს. მოქანდაკე თიხისაგან ძერწავს ადამიანის სახეს, ადამიანიც თავისი სულიერი შესაძლებლობებით ადამიანურ ან ცხოველურ სახეს იძენს.

   რაიმე ცოდვის ჩადენის დროს ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს კი არ ასმევს სასიკვდილო შხამს, არამედ სხვა ადამიანებსაც წამლავს მით, ხშირად უახლოესებსაც კი. საერთოდ უცხო ხალხთან ადამიანი თავის ცუდ მხარეს ძნელად ამჟღავნებს, უფრთხილდება სახელს. მას სურს მის შესახებ მხოლოდ კარგი იფიქრონ. შინაურ, ოჯახურ სიტუაციაში კი, ის ამხელს თავის რეალურ სახეს და აწუხებს უახლოეს ადამიანებს, ნიღბის მიუხედავად ბოროტება ბოროტებად რჩება. მისი აღმოფხვრა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.

   როგორ? რა გზით? უპირველეს ყოვლისა, მიწიერი ცხოვრების უმაღლესი აზრის გაცნობიერებით - იესო ქრისტეს და სახარების რწმენით. რამეთუ მხოლოდ ქრისტე გვიხსნის ამ წუთისოფელში და მოგვანიჭებს საუკუნო სიცოცხლეს. „მე ნათელ ვარ წუთისოფლისა - ამბობს მაცხოვარი. ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექმნება მას" (იოანეს 7, 12). თუ ვივლით ამ ნათლით, მაშინ უფალი გვიხსნის სიბნელის ხელმწიფებისაგან და შეგვიყვანს თავისი საყვარელი ძის სასუფეველში.



მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება