მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა იოანე ოქროპირი

წმიდა იოანე ოქროპირი


13-11-2012, 12:29
წმიდა იოანე ოქროპირი
 
 

   გინდა ცხონება? - იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია ზღუდეა: ხოლო თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებს. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია; ის არის შენი იმედი, მასშია შენი ცხონება [34, გვ. 446].

 

 

* * *

   „უმჯობეს არს ერთი მართალი ვიდრეღა ათასთა ცოდვილთა" (ზირ. 13.1). იმიტომაა ყველაფერი დაქცეული, იმიტომაა უკიდურესი უწესრიგობა, რომ ჩვენ, როგორც სანახაობაზე, ვეძიებთ ხალხის სიმრავლეს და არა კეთილი ხალხის სიმრავლეს. მითხარი, რას გარგებს ხალხის ბრბო? გინდა იცოდე, რომ ხალხს შეადგენენ წმიდანები და არა ბრბო? გაიყვანეთ ბრძოლაში ასი ათასი კაცი და ერთი წმიდანი, ვნახოთ, ვინ მეტს შეძლებს? ისუ ნავესი გავიდა საბრძოლველად და მარტომ გააკეთა ყველაფერი; ამგვარად, დანარჩენებს არავითარი სარგებლობა არ მოუტანიათ. ხალხის კრებული, საყვარელო, როდესაც იგი ღმერთის ნებას არ ასრულებს, არაფრით განსხვავდება მათგან, ვინც საერთოდ არ არსებობს. მე ვლოცულობ და მსურს, რომ ეკლესია შეიმკოს ხალხის სიმრავლის, მაგრამ კეთილი ხალხის სიმრავლით; ამის გულისათვის მე ხალისით მივცემდი უფლებას, რომ ნაწილ-ნაწილ დავეგლიჯე. და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მე მსურს, რომ იყვნენ ცოტანი და კეთილნი. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ უმჯობესია გვქონდეს ერთი ძვირფასი ქვა, ვიდრე ათასი წვრილი მონეტა. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ უმჯობესია საღი თვალი გქონდეს, ვიდრე სხეული სიმსუქნით დავიმძიმოთ და თვალი დავკარგოთ? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ერთი ჯანმრთელი ცხვრის ყოლა სჯობს, ვიდრე ათასი ქეციანისა? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ სჯობს რამდენიმე კეთილი შვილი, ვიდრე ბევრი და წამხდარი? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ სასუფეველში მცირედნი არიან, გეენიაში კი მრავალნი? რას მარგებს ხალხის სიმრავლე? არაფერს; უფრო კი, ზიანს მოუტანს დანარჩენებს. ეს ხომ იგივეა, რომ ვინმემ, იმის შესაძლებლობის მქონემ, რომ ჰყავდეს ათი ჯანმრთელი, ან ათასი ავადმყოფი, ეს ათასი იმ ათთან მიიყვანოს. უმრავლესობა, თუ იგი არავითარ სიკეთეს არა იქმს, არაფერს მოგვიტანს საიქიო სასჯელისა და აქაური უპატიობის გარდა. ხომ არავინ იტყვის, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, არამედ ყველა დაგვძრახავს იმისათვის, რომ უსარგებლონი ვართ (საქმე მოციქულთას განმარტება. საუბარი 8 [18, გვ. 84]).

 

 

* * *

   იმიტომაც ვართ ასეთი სუსტები და ადვილად გვამარცხებს ხალხიც და ეშმაკიც, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცდილობთ და არ განვამტკიცებთ, არ შემოვზღუდავთ ერთმანეთს ღმრთაებრივი სიყვარულით; არამედ ვეძიებთ სხვა მიზეზებს მეგობრობისათვის: ერთნი ნათესაობაში, სხვები მეზობლობაში; და ყველა სხვანაირი კავშირი უფრო მეტად განგვამტკიცებს მეგობრობაში, ვიდრე მართლმორწმუნოება, მაშინ როდესაც მხოლოდ იგი უნდა გვკრავდეს მეგობრობის საკვრელით; მაგრამ ჩვენ საწინააღმდეგო რამ გვემართება. ზოგჯერ უფრო მეტი ხალისით ვუმეგობრდებით იუდეველებსა და ელინებს, ვიდრე ეკლესიის შვილებს (მათეს სახარების განმარტება. საუბარი 59 [17, გვ. 613]).

 

 

* * *

   ”რაიმე უკუე არს, რომელსა იტყვის, ვითარმედ: „მეცნიერ იყვენით, ვითარცა გუელნი და ერთგულ, ვითარცა ტრედნი?" (მათე 10.16). ბევრგან ღათუ იწყლის გუელმან გუამი თვისი და თავი თვისი განირინის, ყოვლითურთ განიკურნოს იგი. ეგრეცა შენ, თუ ენების მტერსა მიღებად ფიჩვისა შენისა, მიეც მას; და თუ მონაგებსა შენსა მიგიღებდეს შენ, მიეც მას; და თუ ცხოვრებასა შენსა მიგიღებდეს, მი-ვე-ეც მას, გარნა სარწმუნოებაი შენი მტკიცედ დაიმარხე შენ თანა. და რაჟამს ეგე ყოველი ჰყო, მიერითგან მწრაფლ და ადვილ იყოს შენდა, რამეთუ შიშუველიცა გამოხუედ დედის მუცლით, შიშუელიცა წარსვლად ხარ.

   უცხოდ სოფლად თუ ვინმე მიგიყვანოს შენ, მუნცა „უფლისაი არს ქუეყანაი და ყოველი სავსებაი მისი" (ფს. 23.1); და მო-ღათუ ვინმე გაკუდინოს შენ, გზაივე შენი იგი არს, გარნა სარწმუნოებასა შენსა ნუ წარსწყმედ, ფასსა მას, დაუკლებელსა სარწმუნოებასა" („სატფურებისათვის" [12, გვ. 220]).

 

 

* * *

   როდესაც საჭიროა კეთილისყოფა, დაე, ყოველი კაცი შენი მოყვასი იყოს, ხოლო როცა ჭეშმარიტებას შეეხება, მაშინ გაარჩიე შენიანი უცხოსაგან. თუკი შენი ძმა, ღვიძლი დედითა და მამით, არ არის შენთან ერთობაში ჭეშმარიტების კანონით, მაშინ იგი უფრო უცხო უნდა იყოს შენთვის, ვიდრე სკვითი; და პირიქით, თუ სკვითსა და სავრომატს უპყრიათ მართალი დოგმატები და სწამთ იგივე, რაც შენ გწამს, მაშინ ისინი უფრო ახლოს უნდა იყვნენ შენთან, ვიდრე ღვიძლი ძმა; ბარბაროსსა და არაბარბაროსს ჩვენ განვარჩევთ არა ენითა და წარმომავლობით, არამედ აზრებისა და სულის მიხედვით. ადამიანი უპირატესად ის არის, ვინც იმარხავს მართალ სწავლებას სარწმუნოებაზე და ეწევა სიბრძნისმოყვარე ცხოვრებას (143-ე ფსალმუნის განმარტებიდან [16, გვ. 516]).

 

 

* * *

   . . . რა იგულისხმა უფალმა, როდესაც თქვა: „ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხრუათ იფქლიცა" (მათე 13.29). ან ის, რომ აიღებთ რა იარაღს და დაიწყებთ მწვალებელთა მოკვლას, აუცილებლად გაანადგურებთ მათთან ერთად ბევრ წმინდასაც; ან ის, რომ ბევრი ამ ღვარძლთაგანი შეიძლება გამოიცვალოს და იქცეს იფქლად. მაშასადამე, თუ თქვენ, - ამბობს უფალი, - აღმოფხვრით მათ ნაადრევად, მაშინ გამოასალმებთ სიცოცხლეს ადამიანებს, რომელთაც კიდევ ჰქონდათ დრო გამოცვლისა და გამოსწორებისა, და ამგვარად, მოსპობთ იმას, რაც შეიძლება იფქლად ქცეულიყო. ამგვარად, უფალი არ კრძალავს მწვალებელთა მოთოკვას, პირის დახშობას მათთვის, მათი კადნიერების შეკავებას, მათი თავყრილობებისა და შეთქმულებების დარღვევას, არამედ კრძალავს მათ მოკვლასა და მოსპობას (მათეს სახარების განმარტება. საუბარი 46 [17, გვ. 483]).


უკან დაბრუნება