მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > კოშმარების ინდუსტრია
კოშმარების ინდუსტრია15-04-2018, 00:04 |
ჩვენს ტექნოტრონულ საუკუნეში ადამიანს მისტიკასა და მაგიას, ძირითადად, კინო-ფილმები, ტელევიზორი და კომპიუტერული თამაშები აზიარებს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარი ფილმების და გადაცემების ნახვით ადამიანი ნებსით თუ უნებლიედ დემონურ ძალებს ეზიარება, რის შედეგადაც რადიკალურად იცვლება მისი ცნობიერება. XX-ს-ში გარყვნილებისა და სისხლიანი მისტიკის ყველაზე აქტიური გამავრცელებელი ეკრანული ხელოვნება გახდა. სიმბოლიკებისა და მხატვრული სახეების მეშვეობით მასიურმა კულტურამ „უსჯულოების საიდუმლოებანი" განავრცო, რაც წინათ მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ ძალადობაზე და გარყვნილებაზე აგებული ფილმები მოქმედებს არა იმდენად ცნობიერებაზე, რამდენადაც ქვეცნობიერებაზე. იქ ნანახი სახეები თუ ეპიზოდები აღავსებს ისეთ გრძნობებსა და ემოციებს, რომლებიც შემდეგში, შესაძლოა, წარმოუდგენელ მოქმედებებში გამოვლინდეს, ასეთ ფილმს შეუძლია დანაშაულისკენ უბიძგოს ადამიანს. იმაში, რომ ტელევიზია დღეს მძლავრი, უკონტროლებელი მექანიზმია, რომელიც ამახინჯებს ადამიანის სულს, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ამაზრზენი ფილმის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების" ჩვენებამ. ეს არის მწვალებლური ფილმი, რომელშიც დამახინჯებულია მაცხოვრის სახე და მთელი ქრისტიანული სწავლება (აღსანიშნავია, რომ ამ მკრეხელური ფილმის ტრანსლირებას საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ტელეარხი „რუსთავი-2" აპირებდა და, როგორც თავად იუწყებოდა, განახორციელებდა კიდეც, რომ არა მართლმადიდებელი მრევლის ერთი ნაწილის საპროტესტო აქცია ტელეკომპანიის შენობასთან ფილმის გაშვებამდე რამდენიმე დღით ადრე. რედ.). დღეს ლიტერატურა, კინო, ტელევიზია, მასობრივი პრესა არა მხოლოდ გამოხატავს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებას, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ზემოქმედებს ქვეცნობიერებაზე და აყალიბებს ადამიანის ხასიათს. პირველ რიგში ისინი ზემოქმდებენ ჩვენი ბავშვების ქვეცნობიერებაზე, ბავშვები კი სანახაობრივი პროდუქციის ყველაზე მასიური მომხმარებელნი არიან. ოკულტური გადაცემების, საშინელებათა ფილმების, ვირტუალური კომპიუტერული თამაშების საშუალებით არა მხოლოდ გვთავაზობენ სანახაობებს, არამედ პირდაპირ გვკარნახობენ გრძნობების გარკვეულ შაბლონს, განსაზღვრულ ფსიქიკურ და სოციალურ რეაქციებს. ამ მეთოდებით აყალიბებენ ინტერესს ახალგაზრდებში, თანაგრძნობას, მეტიც, სიყვარულს ბნელი ძალებისამი. ეკრანულმა ხელოვნებამ დიდი ხნის წინ გადააბიჯა დაშვებულ ზღვარს, მისი კინო-ფილმებისა და გადაცემების უმრავლესობა ძალადობას, სექსსა და „უსჯულოების საიდუმლოზეა" დაფუძნებული. მთელი „მასიური კულტურა" მიბაძვაზეა აგებული. ეს მისი ფესვებია. მოდა იწვევს არა მხოლოდ მსგავსი ვარცხნილობისა და ტანსაცმლის გავრცელებას, არამედ ერთნაირ მოქმდებებსა და დანიშნულებებს. სადისტებსა და მკვლელებზე ტელევიზიით ნაჩვენები ფილმები უშუალოდ მოქმედებს ახალგაზრდობაზე. მასიური კულტურა თავად წარმოგვიდგება ჩვენი საუკუნის პათოლოგიად, რომელიც გამოხატავს ბნელ ძალებს და ცდილობა გადააგვაროს საზოგადოების მორალური სახე.
წიგნიდან: „უკანასკნელი განსაცდელი" მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინ ჯინჭარაძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |