მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სიკეთის ქმნა არის ყველაზე დიდი და სერიოზული საქმე ადამიანის ცხოვრებაში
სიკეთის ქმნა არის ყველაზე დიდი და სერიოზული საქმე ადამიანის ცხოვრებაში11-04-2018, 00:04 |
ადამიანების ცხოვრების ტემპი დაჩქარდა... ყველა გარბის, ეშინიათ სადღაც არ დაიგვიანონ, ვიღაცას ვერ მიუსწრონ, რაღაცას არ გამორჩენ... ქრიან მანქანები ცაში, ზღვაში, ხმელეთზე. ჩვენ ვხედავთ და განვიცდით სამყაროს ამ შეუკავებელ ორომტრიალს. ტექნიკამ უფრო გაზარდა გადაადგილებისა და მიწიერი განძეულობის მოპოვების სიჩქარე. ამის წყალობით მაინც უნდა დარჩენოდათ ადამიანებს მეტი დრო სულისა და გონების განსავითარებლად, მაგრამ უფრო ძნელი და მძიმე გახდა ცხოვრება. ამსოფლიურ საზრუნავში დათქმული ადამიანი უძლურია დიდებულსა და მარადიულზე ფიქრისათვის. ბევრი შეპყრობილია ფსიქოზით - როგორმე იშოვოს და დააგროვოს სხვაზე მეტი. ასეთი განძი აკლდება მადლს, იგი აღარაა ღვთით ბოძებული. იქმნება საქმეთა მირაჟი, მატერიალისტური საზრუნავი აფორიაქებს ადამიანს და იმის მაგივრად, რომ ადამიანმა წარმართოს საქმეები, ხდება პირიქით - საქმეები მართავენ მას. საბრალო ადამიანო, შენ ხომ სიკეთეზე ფიქრის დროც არა გაქვს. ყველაფრითაა სავსე შენი ცხოვრება, სიკეთე კი დგას კარებთან და აკაკუნებს. მას არა აქვს შენს ცხოვრებაში ადგილი, „სადა თავი მოიდრიკოს", ერთი წუთითაც რომ შემოვიდეს იგი შენს ფიქრში, გრძნობასა და სურვილში, მაგრამ „არა გცალია". ამ სიკეთემაც რომ ვერ გაიგო და ისევ აგრძელებს კაკუნს, გიფრთხობს სინდისს. ადამიანო, სადა ხარ, სად არის შენი გაკეთებული კეთილი საქმეები? შენ დაემალე ღმერთსა და საკუთარ თავს ცხოვრების ბორბლებსა და ჭანჭიკებს მიღმა. გეტყვი ერთს: „იჩქარე, სანამ დრო ჯერ კიდევ გაქვს". „იარე ნათელში, ვიდრე ნათელია..." მოვა სიბნელე და ვერაფერს შეძლებ, ამისი სურვილიც რომ გაგაჩნდეს. დაიწყე ჯერ ფიქრი იმაზე, რომ გააკეთო სიკეთე; მერე იფიქრე, როგორ განახორციელო შენი სურვილი; და ბოლოს, დაიწყე ქმედება. სიკეთე ლამპარივითაა; იგი ათბობს და ანათებს შენს ცხოვრებასა და გარშემო ადამიანებს. სიკეთე არის ამქვეყნად ყველაზე დიდი და სერიოზული საქმე. მოუსმინე ღმერთს და საკუთარი სინდისის ხმას. შეიყვარე სიკეთე, სანამ გვიან არ არის. საშინელება იქნება, ცარიელი ხელებითა და ცივი გულით გადახვიდე მარადისობაში და წარსდგე შემოქმედის სამსჯავროზე... სიკეთისათვის საჭიროა მხურვალე გული. ნელ-თბილნი ვერ ჩაიდენენ სიკეთეს. უგრძნობლობა და გულგრილობა უბოჭავს ადამიანს ხელ-ფეხს. სიკეთის კეთება შეუძლიათ მხოლოდ გულწრფელ, მხურვალე, ღვთის სიყვარულით ანთებულ ადამიანებს. ბოროტი აჩქარება და აღგზნებულება, რომელსაც ვაწყდებით დღეს ცხოვრებაში, მოდის აფორიაქებული სინდისისა და ამპარტავნებით გაჟღენთილი გულიდან. ბოროტება ყოველთვის ცდილობს ჯერ განაიარაღოს, ხოლო შემდეგ მის სასარგებლოდ შეაიარაღოს ადამიანი. ბოროტება დასაღუპავადაა განწირული. იგი გრძნობს ამას და გაშმაგებით ებრძვის სამყაროს, აფორიაქებს კაცობრიობას, აღაგზნებს და ამძაფრებს მის წარმოსახვას, აცთუნებს, აიძულებს ადამიანებს აუჩქარონ ნაბიჯს მატერიალური ფასეულობების შეძენა-მოპოვებაში. სიკეთე კი ფრთებს ასხამს ადამიანებს წმიდა შთაგონებით, აერთიანებს მათ უანგარო ერთიანობით და შეჰყავს ისინი ღვთიურ სიხარულში. „გიყვარდეს ცოდვილი, მაგრამ გძულდეს მისი საქმეები" - უნდა დავიხსომოთ წმიდა ისააკ ასურის ეს სიტყვები. მხოლოდ ასეთი სულისკვეთებით მარცხდება ბოროტება. ბოროტების სიჩქარეს დავუპირისპიროთ სიკეთის სისწრაფე და მხურვალება. ვიჩქაროთ სინანული ღვთის წინაშე ყოველი ჩადენილი ცოდვის გამო, იქნება ეს ბოროტი საქმე, სიტყვა თუ გრძნობა. დაე, ეს იყოს პირველი ნიშანი ჩვენი გულის ღვთიური სიმხურვალისა. ვიჩქაროთ, შეუნდოთ მოყვასს - ეს ჩვენი მეორე შესაწირი იქნება. ვიჩქაროთ, გამოვეხმაუროთ თხოვნას, რომლის შესრულება ძალგვიძს და მთხოვნელისთვის სასარგებლოა. ვიჩქაროთ, განვაგდოთ ბოროტება და ცდუნება - ეს სული მეოთხე მონაპოვარია. მეხუთე: ჩქარა შევამჩნიოთ, ვინ რას საჭიროებს, გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, მცირედიც კი, ვილოცოთ ყოველი ადამიანისთვის. მეექვსე: მივიღოთ გადაწყვეტილება ბოროტების ნებისმიერ გამოვლინებას დავუპირისპიროთ სიკეთე, ყოველგვარ სიბნელეს - ქრისტეს ნათელი; სიცრუეს არა - ჩვენი, არამედ უფლის, იესო ქრისტეს სიმართლე და მეშვიდე: ღვთისადმი ჩვენი მხურვალე სიყვარულისა და იმედის გამოვლინება - გული და ცხოვრება დავუთმოთ უფალს, ვადიდებდეთ და ვმადლობდეთ მას.
არქიეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელი (შახოვსკოი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |