მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ლაზარე და მდიდარი

ლაზარე და მდიდარი


23-04-2021, 16:58

 

   სახარებისეულ იგავში უმოწყალო მდიდრისა და ღარიბი ლაზარეს შესახებ (ლუკ. 16. 18-31), მოყვანილია ყურადსაღები და ჭეშმარიტად შემაძრწუნებელი საუბარი ხსენებულ მდიდარსა და მამამთავარ აბრაამს შორის. რა არის შემაძრწუნებელი ამ საუბარში? მართალი აბრაამის უარი, უკვე ჯოჯოხეთში მყოფი მდიდრის თხოვნაზე, რომ მან გაგზავნოს ლაზარე თავის ძმებთან დედამიწაზე, რათა მათ, იხილავენ რა მკვდრეთით აღმდგარ ლაზარეს, შეინანონ. აბრაამმა, როგორც ცნობილია, უთხრა: „უკუეთუ მოსესი და წინასწარმეტყველთა არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ" (ლუკ. 16. 31).

   ამგვარი იყო აბრაამის პასუხი - მკაცრი და სამართლიანი, მაგრამ სხვაგვარი იყო ღვთის პასუხი.

   ღმერთმა, რომელიც თავადაა სიყვარული, ისმინა მოკვდავი კაცობრიობის ვედრება და მხოლოდშობილი ძე თავისი გაგზავნა დედამიწაზე მსოფლიოს გადასარჩენად.

   თავისი ტანჯვითა და ნებაყოფლობითი სიკვდილით გამოისყიდა რა კაცობრიობა, მაცხოვარი აღსდგა! მაშ ასე, აღდგომა აღსრულდა. მიაქციეთ ყურადღება, ჭეშმარიტება დაადასტურა, სინანულისაკენ მოგვიწოდა და ცხონების გზა გვიქადაგა არა ღარიბმა ლაზარემ, არამედ ვინ? კაცობრიობას მოევლინა ღმერთკაცი, ძე ღვთისა და ძე კაცისა, თვით სიყვარული, თვით ჭეშმარიტება! აღსდგა ღმერთკაცი, აღსდგა ჭეშმარიტება და სიყვარული, და ეს სასწაული კაცობრიობის თვალწინ ორი ათასი წელია სრულდება. ისმის კითხვა, შეინანა კაცობრიობამ, ირწმუნა ქრისტესი, შეუერთდა ღვთის ეკლესიას?

   შორს წასვლა საჭირო არაა, საკმარისია საკუთარ თავს ვკითხოთ: მოლბა ჩვენი ბოროტი გული და გაქვავებული სული? გამოვასწორეთ ჩვენი ცხოვრება? ჩვენ ხომ ყოველწლიურად და ყოველკვირეულად ვგალობთ სააღდგომო საგალობლებს. ვითმენთ კი სახარებისეულ ლაზარეს მსგავსად ჩვენზე მოვლენილ განსაცდელებს? თუ ჩვენ იმ მდიდარივით ვიმოსებით პორფირითა და ბისონით და ყოველდღე დროს ვატარებთ?

   უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში კაცობრიობის თვალწინ მრავალმა ცრუწინასწარმეტყველმა და ცრუმოძღვარმა ჩაიარა. ისინი მოდიოდნენ მსოფლიო მმართველების, ერის კეთილისმყოფელების სახით. მდიდარნი ამა სოფლისა, ძლიერნი ამა სოფლისა, ბრძენნი ამა სოფლისა - ბრმათა წინამძღვარნი - მაგრამ ყველა დამღუპველ წყვდიადში დაინთქა. სწორედ იქ, სადაც სახარებაში ნახსენები მდიდარი იტანჯება. და, ალბათ მრავალ მათგანს, იხილეს რა ამგვარი საბრალო დასასრული, სურს თავისი ძმების გაფრთხილება, ანუ ჩვენი, რომელნიც ვაგრძელებთ ამქვეყნიურ ცხოვრებას, გაფრთხილება, რომ სიმდიდრე, პატივი, ძალაუფლება ვერ გვიხსნის ჯოჯოხეთისაგან. და მართლაც, ჯოჯოხეთის ტანჯვისაგან ჩვენი დახსნა მხოლოდ ქრისტეს შეუძლია. სწორედ მას, ვინც ჯვარს ეცვა ჩვენთვის და აღდგა მესამე დღეს, იმ თავმდაბალ და მორჩილ მგზავრს, რომელსაც არ ჰქონდა დედამიწაზე ადგილი, სადა თავი მიედრიკა, იმ სიყვარულს, რომელიც მრავალმა ჩვენგანმა უარყო...

   სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე ქრისტიანები, ჩვენი ცხოვრებით ხშირად უარვყოფთ ქრისტეს. დადგება დრო, წმ. სერაფიმე საროველის წინასწარმეტყველებისამებრ, როდესაც მართლმადიდებელი მღვდელმთავრები იმდენად გაუწმინდურდებიან, რომ არ ირწმუნებენ ქრისტეს აღდგომას. და თუ არ ირწმუნებენ ქრისტეს აღდგომას, და თუ არ ირწმუნებენ მღვდელმთავრები, რა უნდა ვთქვათ ერისკაცებზე?!

   ქრისტეს აღდგომის ურწმუნეოება - არ ნიშნავს თვით აღდგომის ფაქტის უარყოფას, თუმცა, ალბათ, ამგვარი უარმყოფელნიც მოიძებნებიან. ქრისტეს აღდგომის ურწმუნოება - ეს შინაგანი, ფარული უარყოფაა ქრისტესი, ეს იუდას ამბორის გამეორებაა. და ამგვარი ურწმუნო ქრისტიანი - იქნება ის სასულიერო პირი თუ ერისკაცი - გარეგნულად მართლმადიდებელის სახეს შეინარჩუნებს, ხოლო შემდეგ ამგვარი ცრუ ქრისტიანებისაგან დედამიწაზე ანტიქრისტეს ეკლესია გაჩნდება.

   ამგვარი „ქრისტიანები" და ამგვარი ეკლესია მიიღებს პორფირითა და ბისონით შემოსილ გენიოსს. ისინი ღვთის ტაძარში შეიყვანენ ანტიქრისტეს და თაყვანს სცემენ მის გენიოსობას, სიმდიდრეს, დიდებას, პატივს. ის გახდება მათთვის ხატი მათი ღმერთის - სატანისა.

   მაგრამ რა ვიღონოთ ჩვენ? როგორ მოვიქცეთ ისინი, ვისაც სურს ერთგულება ქრისტესი და მისი ეკლესიისა?

   ჩვენ ვიცით, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან ქრისტეს ეკლესიას. მაგრამ როგორ განვასხვავოთ ქრისტეს ეკლესია ანტიქრისტეს ცრუ ეკლესიისაგან დევნისა და განსაცდელების პერიოდში?

   თავმდაბალნი, მორჩილნი, მოწყალენი, მშვიდნი, ისინი, ვინც მიილტვიან სიმართლისაკენ, შეძლებენ ჭეშმარიტების სიცრუისაგან, მოძღვრისა - ცრუ მოძღვრისაგან, ეკლესიისა - ცრუეკლესიისაგან გარჩევას.

   ამპარტავანნი, თავმოყვარენი, საკუთარ ზემართლმადიდებლობაში თვითდაჯერებულნი - ვერ იპოვიან ჭეშმარიტი ეკლესიის გზას.

   საშიშია, ჭეშმარიტად საშინელია ხვედრი ამა სოფლის იმ ცრუ სულიერი მდიდრებისა, რომელნიც ვერ ხედავენ თავის სულიერ სიგლახაკეს. ისინი ჯერ კიდევ ამ ქვეყანაზე, თავიანთ გულებში ააგებენ გადაულახავ უფსკრულს, რომელზეც შეუძლებელი იქნება გადასვლა მომავალ მარადიულ ნეტარებაში. ეს უფსკრული სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, ნათელსა და ბნელს შორის, თავმდაბლობასა და ამპარტავნებას შორის, ღვთისა და ეშმაკს შორის არის გაგებული. ეს გახლავთ სწორედ ის უფსკრული, რომლის შესახებაც მართალი აბრაამი მდიდარს ესაუბრებოდა.

   ნეტარია და სამგზის ნეტარია ხვედრი იმ თავმდაბალ ლაზარეთა, რომელნიც მოთმინებითა და თავმდაბლობით ატარებენ თავიანთ ჯვარს და სწამთ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესი. ჯერ კიდევ ამ ქვეყნად, ისინი სულით შეიგრძნობენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სიხარულს, რომელიც მომავალ ცხოვრებაში განანათლებს მათ.

 

 

 

ბერი ვსევოლოდი (ფილიპიევი) 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება