მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > იერუსალიმელ მონაზონ ბარბარეს იესოს სამი სამოსის შესახებ - წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

იერუსალიმელ მონაზონ ბარბარეს იესოს სამი სამოსის შესახებ - წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


23-05-2018, 00:06

იერუსალიმელ მონაზონ ბარბარეს იესოს სამი სამოსის შესახებ - წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

   ძვირფასო დაო, მე მეკითხები იმ სამი სამოსის შესახებ, რომლითაც დიდი პარასკევის რამდენიმე საათის განმავლობაში უფალი შემოსეს. რატომ ჩააცვა პილატემ მას მეწამული, რატომ შემოსა ჰეროდემ იგი თეთრით და ბოლოს, რატომ ჩააცვეს სასიკვდილო განაჩენის აღმსარულებლებმა მას საკუთარი კვართი?

   ყველაფერს, რაც ქრისტეს ცხოვრებაში ხდებოდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თითოეული გარკვეულ ჭეშმარიტებას აცხადებს და კაცთა დამოძღვრებას ემსახურება. ერთი უშუალოა და ნათელი, მეორე - გადატანითი, ხატოვანი და განმარტებას მოითხოვს. უფლის სამი სხვადასხვა სამოსით შემოსვა სწავლების მეორე რიგს მიეკუთვნება.

   მეწამული - რომაელ მეფეთა ტანსაცმლის ფერია. როცა უფალი პილატესთან თავისი არამიწიერი სამეფოს შესახებ საუბრობდა, რომაელი ჩინოვნიკის მატერიალისტურმა სულმა ეს უგუნურებას და მეფის ღირსების შეურაცხყოფად აღიქვა. ამიტომაც შემოსეს პილატეს ჯარისკაცებმა ქრისტე მეწამულით, ცხადია, ყველაზე უბრალოთი, რაც მოიძევებოდა, რათა იგი, როგორც თვითმარქვია მეფე, სასაცილოდ აეგდოთ. თუმცა, სწორედ მუქი წითელი სამეფო ფერი უფლის სხეულზე ადასტურებდა, რომ ქრისტე ჭეშმარიტად მეფეა. ამგვარად, პილატეს ხალხმა დაცინვით აღიარა იესო იმად, ვინაც სინამდვილეში იყო. არცერთ მათგანს არ შეეძლო ეფიქრა, რომ ქრისტეს მეუფება დაიმკვიდრებს რომაელთა სამეფოს და ყველა სხვა სამეფოსაც ამ ქვეყანაზე.

   უწმინდური მეფე ჰეროდე ქრისტესაგან სასწაულს ელოდა. ცხადია, მის ცნობისმოყვარე თვალებს კაცთათვის სასარგებლო სასწაულის ნაცვლად ბაზრობის იაფფასიანი სანახაობა სურდა ეხილა, არადა, მის წინაშე სამყაროს უდიდესი სასწაული, მისი მოდგმის შემარცხვენელისა და წმ. იოანეს მკვლელის სრული ანტიბოდი, წმიდა და უცოდველი ადამიანი იდგა. ვფიქრობ ესავის ამ უწმინდურ შთამომავალს მსოფლიოს ნებისმიერი სასწაული შეეძლო ერწმუნა, მაგრამ არასდროს და არაფრით - სრული კაცის სიწმიდე და უცოდველობა. მის წინაშე კი სწორდ ეს უდიდესი და დაუჯერებელი სასწაული იდგა, მაგრამ უწმინდურსა და უსულგულოს არ შეეძლო ამის დანახვა. როგორც კერპთაყვანისმცემლობის სიცრუეში ჩაფლული პილატე უმზერდა და ვერ ხედავდა ჭეშმარიტებას, ასევე ჰეროდე, ცოდვის შავი ჭირივით დაბრმავებული, ვერ ამჩნევდა უბიწოებას.

   იმედგაცრუებულმა ჰეროდემ ქრისტე თეთრით შემოსა. თეთრი - სიწმინდისა და უმანკოების სიმბოლოა. შენ წაიკითხავ, როგორ ცხადდებოდნენ თეთრი სამოსელით წმიდა და უცოდველი უფლის ანგელოსები (იოან. 20. 12). მაშ ასე, უწმინდურმა ჰეროდემ ჩათვალა, რომ ქრისტე მისი ან სხვათა მსგავსია და ისევე, როგორც პილატეს - ჯარისკაცებმა მართალია, დაცინვით, მაგრამ უფალი მეფედ აღიარეს, ასევე ჰეროდემ იგი უცოდველად აღიარა. ანუ, ორივე შემთხვევაში თუნდაც უნებურად და შეუცნობლად, ქრისტე მტრებმა იმად აღიარეს, ვინაც ჭეშმარიტად იყო.

   და ბოლოს, ჯვარცმამდე უფალს საკუთარი კვართი ჩააცვეს. მისი წმიდა დედის, ღმრთისმშობლის ხელით ნაქსოვი კვართი, რომლითაც მიწაზე დადიოდა და რომელზედაც ჯარისკაცებმა გოლგოთაზე წილი ჰყარეს. ამ ყველაფერში უდიდეს მოძღვრებას ვერ ხედავ? ხალხი ჩვენზე კარგი ან ცუდი აზრისაა და თავისი შეხედულებისამებრ გვაფასებს: გვაქებს ან გვკიცხავს. განა ეს სხვადასხვა განაჩენი სხვდასხვა ტანსაცმელს არ გაგონებს? ხან ბრძენის სამოსით მოგვრთავენ, ხან სულელის ჩაჩით, ხან გმირის ხიფთანით აღკვაზმავენ, ხანაც უმაქნისის კონკებს მოგვაყრიან.

   მაგრამ ამ ტანსაცმელს ხშირად იცვლის ადამიანთა არამდგრადი და ცვალებადი მსჯავრი. ბოლოს და ბოლოს, სიკვდილის ჟამს ყველა ჩვენგანი ჭეშმარიტი სახით, საკუთარი სამოსით ეგებება.

   მშვიდობა შენდა, ძვირფასო დაო, ღმერთმა გაკურთხოს!

 

 

 

 

 

 

წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება