მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ფანატიზმის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი (ნაწილი 1)

ფანატიზმის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი (ნაწილი 1)


29-03-2018, 00:06

ფანატიზმის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი (ნაწილი 1)

 

   სიტყვა ურთიერთგაგებინებისა და თვითგამოხატვის საშუალებაა, მაგრამ ჩვენს ლექსიკონში არსებობს სიტყვები, რომლებსაც აღარა აქვთ გარკვეული აზრობრივი დატვირთვა და უფრო ბუნდოვანს ხდიან, ვიდრე ცხადყოფენ საქმის არსს. ზოგიერთი სიტყვა იარლიყადაც კი იქცა - ამ იარლიყებს იმათ მიაკრავენ ხოლმე, ვინც ამა თუ იმ აზრს ან პოზიციას არ ეთანხმება. ერთ-ერთი ასეთი სიტყვაა სწორდ დღევანდელ დღეს ასერიგად გავრცელებული „ფანატიზმიც". ხშირად ადამიანს, რომელიც მტკიცედ იცავს თავის აზრს, მხოლოდ იმიტომ ეძახიან ფანატიკოსს, რომ მას მყარი მსოფლმხედველობითი პოზიცია აქვს და მისი დათმობა არც სურს და არც შეუძლია. გავიხსენოთ ის დრო, როდესაც ფანატიკოსს უწოდებდნენ საერთოდ ყველა რელიგიურ ადამიანს - მაშინ მორწმუნეს ბნელეთის მოციქულს, ფანატიკოსს, ცრუმორწმუნეს ეძახდნენ და თვით ღმერთის რწმენას საერთოდ ყველა რელიგიურ ადამიანს - უმეცრების, ფანატიზმისა ან ფარისევლობის შედეგად აცხადებდნენ. და აი, დღეს კვლავ დაიწყეს სიტყვა „ფანატიზმის" ხმარება - იმისათვის, რომ როგორმე დაამცირონ და განაქიქონ კაცი, რომელსაც თავისი მყარი პოზიცია აქვს და არ სურს ხელთათმანივით იცვალოს იგი, ანდა ქამელეონივით შეეგუოს გარემოს მისი ცვალებადობის მიხედვით. ამიტომ, მოდით, გავარკვიოთ, რა არის ფანატიზმი და რა - პრინციპულობა.

   მე როგორც მესმის, ფანატიზმი არის სულიერი ამპარტავნება, საკუთარ თავზე ორიენტირება, საკუთარი აზრის და არა ჭეშმარიტების რწმენა. ფანატიზმი სხვა ადამიანების სიყვარულის დეფიციტი ანდა მისი სრული უქონლობაა. ესაა რაღაც პოზა, რომლის დროსაც სხვისი აზრი საერთოდ არ აინტერესებთ. ფანატიზმი შეუღწეველი სულიერი გარსია, რომლის მიღმაც კაცი სხვას ვერაფერს ხედავს. ფანატიზმი გარკვეულწილად საკუთარი თავის რელიგიაა: „მე ყოველთვის მართალი ვარ" - აი, ამ რელიგიის აღმსარებელთა კრედო.

   რაც შეეხება რწმენასა და პრინციპულობას, აქ საქმე სხვაგვარადაა. კაცს, რომელსაც თავისი რელიგიური მრწამსი აქვს, რომელსაც შეუძლია მისი ახსნა და დაცვა, შეუძლია გააცნობიეროს, თუ რატომ გახდა ეს რწმენა ცხოვრება და ჭეშმრიტება. პრინციპულ, მაგრამ არა ფანატიკურ პიროვნებას შეუძლია მიუთითოს თვით არსი, საფუძველი თავისი რწმენისა. ის, რომ კაცი არ იცვლის თავის აზრს, არ მერყეობს და ჭეშმარიტებას სარგებლიანობას ანუ პრაგმატიზმს არ ანაცვლებს, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ის ფანატიკოსია. პირადად მე მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტება და სარგებლიანობა შორეულ პერსპექტივაში ერთმანეთს ემთხვევიან. ხოლო როდესაც ჭეშმარიტებას ვმიჯნავთ სარგებლიანობისაგან, ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაზე აღმოჩნდა დაფუძნებული. კაცი, რომელიც ჭეშმარიტებას წუთიერი გამორჩენით ცვლის, ვერასოდეს დაინახავს მაღალ მიზნებს და მით უმეტეს, ვერც განახორციელებს მათ. ნამდვილი სარგებლიანობა და მოგება მხოლოდ ჭეშმარიტებაში მდგომარეობს, რადგანაც იგი საკუთარ თავში არავითარ წინააღმდეგობას არ შეიცავს. წუთიერი გამორჩენა, რომლიც საკუთარი რწმენისაგან განდგომას ეფუძნება, გარკვეული ხნის შემდეგ ნამდვილ ტრაგედიად იქცევა: ეს ეფემერული სარგებლიანობა აფეთქდება და ნამსხვრევებად იქცევა მასშივე ჩადებული ტყუილისა და წინააღმდეგობის გამო, რადგანაც ყოველ ტყუილს ცენტრიდანული მოქმედების ძალა აქვს. სიცრუე თავის თავში შეიცავს ლპობისა და რღვევის ელემენტებს.

   დღეს ადამიანები, რომლებიც ფორმალურად ქრისტიანებად ითვლებიან, მაგრამ შინაგანად სრულიად გულგრილნი არიან რელიგიისადმი, წმინდა მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველთა საქციელში მხოლოდ ფანატიზმს ხედავენ და ფიქრობენ, რომ მათ უბრალოდ არ სურთ გარშემო მიმოიხედონ და დაინახონ, რომ ამქვეყნად უამრავი სხვა რელიგიაც არსებობს. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მართლმადიდებლობა კაცმა შეიძლება აირჩიოს, როგორც, არა მარტო ერთ-ერთი ჭეშმარიტება, ან თუნდაც უმაღლესი ჭეშმარიტება, არამედ როგორც ერთადერთი, უნივერსალური ჭეშმარიტება. დიახ, მართლმადიდებლობა ერთადერთი და უნივერსალური ჭეშმარიტებაა, ცხონებისა და ღმერთთან რეალური კავშირის ერთადერთი გზა. მაგრამ მართლმადიდებლობის ასეთი შეფასება ბევრს მსოფლიო კულტურისა და მსოფლიო ცივილიზაციის უარყოფად მიაჩნია. მაგრამ, მოდით, ვნახოთ, რას ამბობენ წმინდა მამები მართლმადიდებლობის შესახებ.

   ყველა წმინდა მამა, ყველა მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრება ყოველთვის ასწავლიდა, რომ ჭეშმარიტება ერთია - ჭეშმარიტებათა პლურალიზმი (მრავლობითობა) ანდა რელატივიზმი (შედარებითობა) ზნეობის სფეროში არ არსებობს. ყველა იმ წმინდა მამის სწავლება, რომელსაც პატივს სცემს ეკლესია, მსოფლიო კრების დადგენილებები, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციად იქნენ მიღებული, მართლმადიდებლობის ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად აღიარებას ემყარებოდა. არსად თქმულა, რომ არსებობს რამდენიმე ჭეშმარიტება და რომ ცხონების მონიჭება მართლმადიდებლობის გარდა რაღაც სხვა რელიგიებსაც შეუძლიათ. ამდენად, თუკი ფანატიზმად მივიჩნევთ მართლმადიდებლობის მხარეზე დგომას და იმის აღიარებას, რომ ცხონებას მხოლოდ მართლმადიდებლობა გვანიჭებს, მაშინ მსოფლიო და ადგილობრივი კრებების კანონებიც ფანატიზმის ნაყოფად უნდა გამოვაცხადოთ, რადგან ეს კანონები ერთხმად აღიარებენ ერთადერთ ჭეშმარიტებას. სწორედ მსოფლიო და ადგილობრივი კრებების კანონებში ჩანს სარწმუნოების სიწმინდის დაცვისათვის განსაკუთრებული ზრუნვა - წმიდა მამები მყისვე გრძნობდნენ უმცირეს გადახვევას ძველისძველი საეკლესიო გადმოცემისაგან, ასეთი გადახვევის ყოველ საფრთხესაც კი, რაიმე არასწორი ან ოდნავ არაზუსტი ფორმულირების მიღმა რომ იდგა. ჩვენ ვიცით, თუ რა დაწვრილებით სწავლობდნენ მამები ყველა იმ მასალას, რომელთა საფუძველზეც მსოფლიო კრებების კანონები დგებოდა, მეტადრე, როდესაც საქმე დოგმატურ ცნებებსა და დადგენილებებს ეხებოდა: კრების მონაწილენი ხშირად ერთი სიტყვის გამოც კი ვერ თანხმდებოდნენ, თუ ეს სიტყვა რაიმე ორაზროვნებას შეიცავდა. და თუ ჩვენ ფანატიზმის გამოვლინებად მივიჩნევთ იმ რწმენას, რომ ცხონება მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის კედლებშია შესაძლებელი, მაშინ მსოფლიო კრებების დადგენილებები იმ ადამიანების შეთხზულად უნდა მივიჩნიოთ, ვისაც არც საკმარისი განათლება ჰქონდა და არც ქრისტიანული სიყვარული, და საერთოდ აღარ ჩავთვალოთ ჩვენთვის სავალდებულოდ მსოფლიო ეკლესიის ეს უმთავრესი კანონები. მაგრამ მაშინ რაღა დარჩება ჩვენი მართლმადიდებლობისგან?

   ეკლესია არ იცნობს არავითარ „ლიბერალურ" მართლმადიდებლობას, ეკლესია იცნობს ერთადერთ მართლმადიდებლობას - იმას, რომელსაც ჩვენამდე მოციქულთაგან მომდინარე საეკლესიო გადმოცემის არსი და სული მოაქვს. არ არსებობს არც „ლიბერალური", არც „თეოსოფიური" მართლმადიდებლობა. რელიგიური გათანაბრების მეთოდი, რომლის მიხედვითაც ყველა ცხონდება - სულერთია, რას იწამებს, ოღონდ იწამოს - ცრუ და მიუღებელია. მართლმადიდებლობა გულისხმობს ჭეშმარიტების ერთადერთობას, უნიკალობასა და მარადიულობას. როდესაც ჭეშმარიტების მრავლობითობას ვუშვებთ, არც ერთი ე.წ. „ჭეშმარიტება" არა გვწამს. თუკი ჩვენ რწმენას ფანატიზმად მივიჩნევთ, ხოლო სარწმუნოებრივ ინდიფერენტიზმს - ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებად, მაშინ ვის მივათვალოთ ისეთი წმინდა მამები, როგორიც კვიპრიანე კართაგენელია, რომელიც ამბობს: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამაო", ვის მივათვალოთ? მათ, ვისი ბაგეებითაც სულიწმიდა მეტყველებდა, თუ გონებაშეზღუდულ და გაბოროტებულ ფანატიკოსებს? ვის მივათვალოთ წმ. ნიკოლოზი, მირონლუკიის მთავარეპიკოპოსი, რომელმაც არიანელებთან დავაში სიფიცხე გამოიჩინა? იმ ადამიანებს, ვისაც მოციქულთა დარად უყვარდათ ქრისტე, თუ ისევ და ისევ ვიწრო ფანატიკოსებს, ვისაც არ ძალუძს სხვისი აზრის გაგება და მიღება? ვერც ერთ წმინდანს, ეკლესიის ვერც ერთ მოძღვარს ვერ დავასახელებთ, ჭეშმარიტების პლურალიზმის რომ სწამდეს. და თუ ამ ღმერთშემოსილ მამებს ფანატიკოსებს ვუწოდებთ, მაშინ თვითონ სიტყვა „ფანატიზმი" რაღას ნიშნავს? (გაგრძელება...)

   

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება