მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > მოუსვენარი დრო და მშვიდობა ქრისტესი
მოუსვენარი დრო და მშვიდობა ქრისტესი10-05-2018, 00:06 |
„დღეს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის სამეუფო გზა არის გზა საშუალო ორ უკიდურესობას შორის: ერთი მხრივ - ეკუმენიზმსა და რეფორმაციას, მეორე მხრივ - „შურსა საღმრთოსა არა მეცნიერებით" (რომ. 10, 2). ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა არც დრო-ჟამისამებრ იცვლება და არც იმას ცდილობს, რომ „სიფრთხილე", „სიმართლე" და „კანონიერება" (თავისთავად მშვენიერი თვისებები) გამოიყენოს ფარისევლური თვითკმაყოფილების, უნდობლობისა და განკერძოების შესანიღბად. გარნა ნუ გავრევთ ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ ზომიერებას ნელთბილობასთან, განურჩევლობასთან ან პოლიტიკურ უკიდურესობათა მიმართ რაიმე სახის კომპრომისთან. „რეფორმისტული" სული ისე მოედო დღეს ქვეყანას, რომ ყოველი კაცი, „თანადროული სულისკვეთებით" ჩამოყალიბებული, ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას ფანატიზმისდაგვარ რადმე მიიჩნევს. მაგრამ ვინც უფრო ჩაუღრმავდება და წმიდა მამათა საზომით მიუდგება ამ საკითხს, დარწმუნდება, რომ სამეუფო გზა შორს არის ყოველგვარი ექსტრემიზმისგან.
მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)
დღეს ეკლესია მოუსვენარსა და მშფოთვარე დროში ცხოვრობს. წმ. მამები გვასწავლიან შევიცნოთ დროის სული. როგორია თანამედროვე ცხოვრების სულისკვეთება? მისთვის დამახასიათებელია მღვიძარების და განსჯის უნარის არქონა. სიფხიზლედაკარგული ადამიანის აზრი ხან მარჯვნივ იდრიკება, ხან კი - მარცხნივ; ხან ერთ უკიდურესობაში ვარდება, ხან კი მეორეში. იგი ყოველ ჭორს ენდობა, მცირე მიზეზით ეჭვიანობს, ღიზიანდება. ამის გამო კი მისი სული უზომოდ იტანჯება. სიმართლის ნიღბით შემოსილი ტყუილი აღწევს ასეთი ადამიანის გულსა და გონებაში და წამლავს მას. დაზიანებული, მშვიდობადაკარგული გული და გონება უუნარო ხდება ლოცვისა და ღვთისმეტყველებისათვის. მაგრამ ადამიანი ამით როდი კმაყოფილდება. დემონები აღარ აძლევენ გაჩერების საშუალებას. ისინი მარჯვედ ხლართავენ მის გონებაში ბადეს. სულ ახალ-ახალ მიზეზებს წარმოუჩენენ განკითხვისათვის. აგებინებენ განსაცვიფრებენ ფაქტებს. აიძულებენ ვინმეს მისწეროს, დაურეკოს, ეკამათოს. სულ უფრო და უფრო გაავრცელოს თავისი სულიერი მოუსვენრობა. დატყვევებული ადამიანი პირველ ხანებში ცდილობს აზრით შეწინააღმდეგებას: „იქნებ ვილოცო უფლის წინაშე? დაველოდო და არ გავაკეთო ნაჩქარევი დასკვნები"?! მაგრამ ეშმაკნი მრისხანედ პასუხობენ: „რას ამბობ? რა დროს ლოცვაა, როცა საქმე შეეხება ეკლესიის გადაუდებელ საკითხებს. იმოქმედე, ამხილე მტრები, მაგრამ ეცადე არ დაინდო ისინი, ნუ გამოავლენ უსუსურობას!" და საცოდავი სული, დამარცხებული დემონური აზრებით, სულ უფრო და უფრო ეხვევა ამაოებაში, რომელსაც მოსდევს უნუგეშო სასოწარკვეთილება და მოწყენილობა. ისინი კი დაუყოვნებლივ საშინელ ნაყოფს გამოიღებენ, რომელსაც ადამიანი მიჰყავს სულიერი თვითმკვლელობისაკენ, ურწმუნოებისა და მაღალი იდეალებისადმი იმედგაცრუებისაკენ. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ადამიანი კარგავს ქრისტეს. ვინმემ რომ გვკითხოს, გვსურს თუ არა ქრისტეს დაკარგვა, ყველანი ერთხმად ვუპასუხებთ: არა, არ გვინდა! მაგრამ მოჩვენებითი სიმართლისმაძიებლობისა და ცხოვრების კეთილმოწყობის გამო ვერ ვამჩნევთ, თუ სულ უფრო და უფრო როგორ განვეშორებით მას. ქრისტესთან ყოფნა ნაყოფით იცნობა. თუკი ადამიანი თავმდაბალი, მშვიდი, მოწყალე, მომთმენი, ალერსიანი, მოსიყვარულეა, მაშინ ქრისტე არის მასში. თუ პირიქით - ადამიანი მოუთმენელი, მრისხანე, გაბოროტებული, ეჭვიანი, გულქვაა, ქრისტე არაა მასში. მაშინაც კი, როცა ადამიანი გარეგნულად მართლად გამოიყურება, ასეთი სიმართლე - ფარისეველთა სიმართლეა და არა მართლმადიდებელ ქრისტიანთა. გვკითხავენ, ნუთუ არ ვიბრძოლოთ სიმართლისათვის? უდავოდ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ქრისტეს სიმართლე - ნათელი, მშვიდობიანი, მდაბალი, ღრმა და, რაც მთავარია, დაუმარცხებელია. მისთვის ბრძოლა, უპირველესად, საკუთარ ვნებებთან, ჩვენთვის ცნობილია რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა სიტყვებით. რომ ეკლესიის გადარჩენა, ადამიანურ ძალებზე დაყრდნობით, არის უგუნური იდეა. ეკლესიის თავი ქრისტეა, ეკლესია კი მისი სხეულია. საჭიროა გადავარჩინოთ ქრისტე! ჩვენ კი სიმართლეს ამქვეყნად ვეძებთ. გვავიწყდება, რომ იგი უპირველესად ჩვენს გულში უნდა ვეძებოთ. თუკი ჩვენ გვაღელვებს ეკლესიაში განვითარებული მოვლენები, და როგორც ჩვენ ვფიქრობთ, გადაუჭრელი პრობლემის წინაშე ვდგევართ, ნუ მივიღებთ ნაჩქარევ, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. შევაჩეროთ აზრთა შემოტევა, ყურადღება მოვიკრიბოთ, ყველას შევუნდოთ და ლოცვას მივმართოთ. ვთხოვოთ ყოვლადწმიდა სამებას, წარმართოს ჩვენი ცხოვრება ცხონებისაკენ. ჩვენ ხომ ასეთი სუსტები ვართ, ასე ცვალებადნი, აღვსილნი წინააღმდეგობებითა და ვნებებით. ჩვენ კი არ უნდა გადავარჩინოთ ეკლესია, არამედ მასში ვეძებოთ გადარჩენა ამ საიდუმლოთა მეშვეობით. სიმდაბლე, მხოლოდ სიმდაბლე ანიჭებს ადამიანს სანატრელ თავისუფლებას, ნეტარებასა და სულიერ სიმშვიდეს. სიმდაბლე ღირსეული მიზანია ქრისტიანული ბრძოლისა. თუკი ჩვენთვის სხვა მიზნების გადაწყვეტაც მნიშვნელოვანია ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ, შევიძენთ რა სიმდაბლეს, ჩვენ აუცილებლად გადავჭრით მათაც. და პირიქით, თუკი ჩვენ შევეცდებით გადავწყვიტოთ უმნიშვნელოვანესი საკითხები და სიმდაბლეს კი დავივიწყებთ, ან საერთოდ ვერ გადავწყვეტთ მათ, ან მათი გადაწყვეტა არ მოგვიტანს სასურველ შედეგს.
ბერი ვსევოლოდი (ფილიპიევი) გაზეთიდან: „Православная Русь" მოამზადა დეკანოზმა ზაქარია მარგალიტაძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |