მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა მოწამე ელისაბედი
წმიდა მოწამე ელისაბედი26-03-2018, 00:00 |
წმიდა მოწამე ელისაბედი, წარსულში დიდი კნეინა ელისაბედ თეოდორეს ასული, ეროვნებით გერმანელი იყო. იგი გაიზარდა პროტესტანტულ ოჯახში, ხოლო, მას შემდეგ, რაც ცოლად გაჰყვა მოსკოვის მომავალ გენერალ-გუბერნატორს, დიდ თავადს სერგი ალექსანდრეს ძეს, ღრმა რწმენით მიიღო მართლმადიდებლობა და ის აღიარა ერთადერთ რელიგიად. (რუსეთის დედოფლისაგან განსხვავებით მისთვის აუცილებელი არ იყო სარწმუნოების შეცვლა). მას ძალიან უყვარდა რუსეთი და თავისი მიწიერი ცხოვრება არ წარმოედგინა მის გარეშე. როდესაც გერმანიას და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, გერმანიის კონსულმა დახმარება შესთავაზა საზღვარგარეთ წასვლით, დიდმა კნეინამ მასთან შეხვედრამდე კი უარი განაცხადა. 1905 წლის 18 თებერვალს რევოლუციონერ-ტერორისტის ი. კალაევის მიერ ვერაგულად იქნა მოკლული თავადი სერგი ალექსანდრეს ძე. მეუღლის გარდაცვალება ელისაბედისთვის დიდი ტრავმა იყო, თუმცა მან ეს განსაცდელი ღირსეულად გადაიტანა. ამის შემდეგ უწინდელი ცხოვრება მას აღარ აკმაყოფილებდა. ელისაბედმა გადაწყვიტა თავისი შემდგომი ცხოვრება და მთელი სიმდიდრე გაჭირვებულთა დასახმარებლად შეეწირა. დიდი კნეინა დადიოდა მხოლოდ ეკლესიებსა და ჰოსპიტლებში. ნათესავების ან მეგობრების ჯვრისწერისა და ნათლობის შემთხვევაში ის მიდიოდა მხოლოდ ეკლესიაში. თავადურ წვეულებებს კი საერთოდ არ ესწრებოდა. წმ. ელისაბედმა შეაგროვა მთელი თავისი სიმდიდრე, მასთან ერთად ჯვრისწერის ბეჭედიც და დაჰყო სამ ნაწილად: ერთი ნაწილი - საჩუქრები იმპერატორის ოჯახიდან - მიიტანა ხაზინაში, მეორ ნაწილი აჩუქა თავის ნათესავებს, ხოლო მესამე, ყველაზე დიდი ნაწილი, სავანის მშენებლობისათვის გადადო. დიდ კნეინას დაუბრუნდა ძველებური ენერგია, თუმცა თავის განზრახვას ჯერ არავი უმხელდა. მოსკოვში ელისაბედმა იყიდა კარ-მიდამო - ოთხი სახლი და დიდი ბაღი, სადაც გადაწყვიტა დაეფუძნებინა მართა-მარიამის სახელობის სავანე. სავანეში უნდა დაწესებულიყო მონასტრის ტიპიკონი. ამასთანავე საქველმოქმედო და სამედიცინო საქმეც უნდა შესრულებულიყო. 1910 წლის აპრილში ეპისკოპოსმა ტრიფონმა მოწყალების დის ღვაწლზე აკურთხა სავანის 17 წევრი დიდი კნეინას მეთაურობით. იმ ღირსშესანიშნავ დღეს ელისაბედმა ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „მე ვტოვებ ბრწყინვალე სამყაროს, სადაც მქონდა დიდი პატივი, მაგრამ თქვენთან ერთად მე შევდივარ უფრო დიდ, ღატაკებისა და გაჭირვებულთა სამყაროში". ტიპიკონი მართა-მარიამის სავანეში ამგვარი იყო: დილის 6 საათზე ცისკრის ლოცვა. ლოცვის შემდეგ წმ. ელისაბედი იძლეოდა განკარგულებებს ვის რა დავალება უნდა შეერულებინა მიმდინარე დღეს. ვისაც დავალება არ უწევდა, ის რჩებოდა ტაძარში და ესწრებოდა საღმრთო ლიტურგიას. შუადღის ტრაპეზი წმინდანთა ცხოვრების კითხვით მიმდინარეობდა. საღამოს 5 საათზე იწყებოდა მწუხრის ლოცვა. 9 საათზე კი საერთო საღამოს ლოცვა იყო, რომლის შემდეგ ყველანი იღებდნენ კურთხევას წინამძღვრისაგან და მიდიოდნენ თავთავიანთ კელიებში. კვირაში ორჯერ სულიერი მოძღვარი განმარტავდა სახარებას და პასუხობდა შეკითხვებს. დროის გარკვულ მონაკვეთში რჩევა-დარიგებისათვის მიმართავდნენ სავანის წინამძღვარს. მართა-მარიამის სავანის ყოველ დას უნდა გაევლო სამედიცინო კურსები, რაც აუცილებელი იყო გაჭირვებულთა ბინაში მონახულების დროს. სავანესთან არსებული საავადმყოფო სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. მედიკამენტებით მომსახურება გაჭირვებულთათვის უფასო იყო. დანარჩენისათვის კი ფასდაკლებით. წმ. ელისაბედმა სავანესთან დააარსა საკვირაო სკოლა, სადაც ქარხნებში მომუშავე გაუნათლებელი ქალიშვილები სწავლობდნენ. სკოლასთან არსებობდა ბიბლიოთეკა 2000 წიგნით, რომელთა მოხმარებაც აგრეთვე უსასყიდლო იყო. სავანესთან არსებობდა სასადილო გაჭირვებულთათვის. ქ. მოსკოვის მკვიდრნი დიდ კნეინას სიყვარულით „მოსკოვის იღუმენიას" უწოდებდნენ. რომ არა ოქტომბრის გადატრიალება, წმ. ელისაბედის დაწყებული საქმე არასდროს შეჩერდებოდა. მის მაგალითს მრავალი მიმბაძველი გამოუჩნდებოდა. 1918 წელს ბრწყინვალე შვიდეულში დიდი კნეინა ელისაბედი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები დაპატიმრებულ იქნენ ჩეკისტების მიერ. ისინი გადააგზავნეს ურალზე ალაპაევსკში, სადაც 18 ივლისს მოხდა საშინელი ბოროტება: პატიმრები გააღვიძეს ღამით და წაიყვანეს ქვედა სელეშის მაღაროში, რომლის სიღრმე 60 მეტრს აღწევდა. ჯალათები დაუნობლად, კონდახების ხემით ყრიდნენ უდანაშაულო ადამიანებს მაღაროში. ეს სურათი იმდენად საშინელი იყო, რომ ზოგი ჯალათიც კი ვერ უძლებდა. ორი ადგილობრივი ბოლშევიკი ჭკუიდნ შეიშალა. პირველად მაღაროში ჩააგდეს წმ. ელისაბედი - ის პირჯვარს იწერდა და ხმამაღლა ლოცულობდა: „ღმერთო შეუნდე, რამეთუ არა უწყიან რასა იქმან!" მის შემდეგ ჩაყარეს დანარჩენები ყველანი ცოცხლად, გარდა დიდი თავადის სერგის მიხეილის ძისა. ბოლო მომენტში მან დაუწყო ბრძოლა ჯალათებს და მოკლულ იქნა რევოლვერით. როდესაც ყველანი ჩაყარეს, ჩეკისტებმა დანაშაულის დასაფარავად დამატებით ხელყუმბარები დააყარეს, მხოლოდ ერთი, თეოდორე რემეზი გარდაიცვალა ხელყუმბარით, დანარჩენი მოწამენი წყურვილით, შიმშილითა და დაცემით მიღებული ჭრილობებით საშინელ ტანჯვაში აღესრულნენ. წმ. ელისაბედი დაეცა 15 მეტრის სიღრმეზე ამაღლებულ ადგილზე. მის გვერდით იპოვეს თავშეხვეული თავადი იოანე. დიდმა კნეინამ სიბნელეში შეუხვია მას თავი. ამ ამბავის მომსწრე გლეხის მოწმობით მაღაროდან ისმოდა ქერუბიმთა გალობა. ეს წმინდა ელისაბედი ლოცულობდა და ამხნევებდა დანარჩენებს, ვიდრე არ განუტევა სული. მოწამეთა სხეულები ამოიყვანეს მხოლოდ 1918 წლის ოქტომბერში. წმ. ელისაბედის გვამი იპოვეს უხრწნელი. ეს მოხდა იმ პერიოდში, როდესაც თეთრგვარდიელები ადმირალ კოლჩაკის მეთაურობით მოადგნენ ალაპაევსკს. ცოტა ხნის შემდეგ წითელგვარდიელები წამოვიდნენ შეტევაზე და უკან დამხევ თეთრგვარდიელებთან ერთად მოწამეთა სხეულები ევაკუირებულ იქნა ჩინეთის ქალაქ ხარბინში. იღუმენი სერაფიმე, რომელიც თან ახლდა წმინდა ნეშტს, ამბობდა, რომ ხუთი გვამიდან, რომელიც ვაგონში იყო, გადმოდიოდა მყრალი სითხე, წმ. ელისაბედის ნეშტიდან გადმოსულ სითხეს კი აგროვებდნენ, რამეთუ იყო კეთილსურნელოვანი. ანდერძის თანახმად, წმ. ელისაბედის სხეული, მის ერთგულ მონაზონ ბარბარესთან ერთად, ჩაბრძანებულ იქნა იერუსალიმში. დიდი კნეინა ელისაბედი და მონაზონი ბარბარე მართლმადიდებელმა ეკლესიამ შერაცხა წმინდანად. მათი ნეშტი იმყოფება წმიდა მიწაზე, გეთსემანიაში, წმ. მარიამ მაგდალინელის ტაძარში.
თარგმნა დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |