მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > სახლის ეკლესია
სახლის ეკლესია26-03-2018, 00:06 |
„მოგიკითხავენ გულითადად აკვილა და პრისკილა მათი სახლის ეკლესიითურთ" (1 კორ. 16-19). ეს სიტყვები პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლის ერთ-ერთ მისალმებას შეადგენს. მოციქულის მოკითხვა უბრალოდ ცხოვრებისეული მხოლოდ ზრდილობის გამომხატველი, ხშირად პირფერული როდი გახლავთ. ფიზიკურ კეთილდღეობასთან ერთად ღვთაებრივი პავლე სულიერ წარმატებებს უსურვებს მათ. სიტყვას „მოგიკითხავენ" მოციქული უმატებს „გულითადად", რითაც მოყვასისადმი ქრისტიანულ სიყვარულს გამოხატავს. აკვილა და პრისკილა ცოლ-ქმარი გახლავთ. ორივენი იუდეური წარმოშობის იყვნენ. ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ისინი პავლე მოციქულის მიერ იყვნენ მოციქულნი და შემდეგში არა მხოლოდ მოწაფენი, არამედ სახარების გამავრცელებელი თანაშემწენიც გახდნენ. აკვილასა და პრისკილასთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოება მთელმა სახლეულობამ აღიარა. ამ ქრისტიანულ ოჯახს არა მხოლოდ ნათესაურ-ახლობლური, არამედ ქრისტეში ერთიანი სარწმუნოება აკავშირებდათ. ამიტომ მოციქული მათ სახლს „სახლის ეკლესიას" უწოდებს. აკვილას და პრისკილას ოჯახის მსგავსად ყოველი ქრიტიანული ოჯახი სახლის ეკლესია უნდა გახდეს. ქრისტიანული ოჯახის ყველა წევრს ეკლესიური სულიკვეთებით ცხოვრება ევალება, რათა ყოველმა იცოდეს, რომ ქრისტიანულ ოჯახში მცხოვრები ქრისტეს ეკლესიის ცოცხალ წევრს წარმოადგენს. ამ მნიშვნელობით ქრისტიანის სახლი ეკლესიას უნდა ჰგავდეს. ტაძარში წმინდა საკითხავების კითხვა და გალობა სრულდება. ქრისტიანულ ოჯახშიც იგივე უნდა სრულდებოდეს. მაგალითად, კარგია თუ ოჯახის წევრები დილის ლოცვებთან ერთად სახარებასა და სამოციქულოს წაიკითხავენ, დასვენების ჟამს კი გალობით ისაზრდოებენ და ინუგეშებენ თავს. ეკლესიაში მოძღვრები ღვთის სიტყვას ქადაგებენ. ოჯახის თავს, მამასაც შვილების კეთილსინდისიერი და ღვთის მოშიშებით აღზრდა ევალება. სავალალოა მამის მდგომარეობა, რომელიც შვილების სულიერი ცოდნის მიღებისა და გაღრმავებისათვის არ ზრუნავს. საუბედუროდ, უმეტესად სწორედ ამგვარად ხდება. კარგია, თუ მამები სათნო ცხოვრების პირად მაგალითს უჩვენებენ შვილებს. დღეს კი, სამწუხაროდ, მრავალ ოჯახს სულის სასარგებლო სიტყვა საერთოდ არ სმენიათ ოჯახის თავისაგან. ქების ღირსია ის მშობელი, რომელიც თვითონაც გაიწაფება და შვილებსაც აჩვევს სულისათვის სათნო წიგნების კითხვას. მკაცრად მოჰკითხავს მაცხოვარი იმ მშობლებს, რომლებიც არ ზრუნავენ საკუთარი სულის ცხონებაზე და შვილებსაც ამგვარ მდგომარეობაში ტოვებენ. ტაძრები ფრესკებითა და ხატებით არის მორთული. ქრისტიანული სახლის საუკეთესო სილამაზესაც ხატები წარმოადგენს. ტაძარში ხატები ზეცისაკენ აღაპყრობენ მლოცველის გონებას. არანაკლებ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანის სულზე ხატებით მორთული სახლი. სიწმინდის სისტემატური ხედვის გამო სახლის მკვიდრნი, ნებსით თუ უნებლიეთ, ამაოდმეტყველების, ბილწსიტყვაობის, ღვთისგმობისა და სხვა უმსგავსო საქციელისაგან თავშეკავებას ეჩვევიან. სამწუხაროდ, ამა სოფლის შვილებს ჩვენს დროში საკუთარი სახლების ხატებით მორთვა არ სურთ. უკეთეს შემთხვევაში, ისინი სადღაც კუთხეში ძლივს შესამჩნევ, უყურადღებოდ დატოვებულ, პატარა ხატს ჰკიდებენ, რითაც სიწმინდისადმი უპატივცემულობას გამოხატავენ. ზოგიერთ კეთილმოწრმუნე ოჯახს ლოცვისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახი გააჩნია, რომელიც მხოლოდ საეკლესიო წიგნებით, ხატებითა და ნივთებით არის მორთული. ამგვარი ოთახი, ლოცვისადმი ყურადღების მიპყრობას ძლიერ უწყობს ხელს. განმარტოებით მოწყობილი სალოცავი ოთახი ჭეშმარიტად სახლის ეკლესიაა. სახლის ეკლესიას ქრისტემ აღუთქვა: „რამეთუ სადაც იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებილ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათ. 18. 20). ეს სიტყვები არ ეკუთვნის თვითნება ქრისტიანებს, რომლებიც თავის სამლოცველოში იკრიბებიან, მაგრამ გაწყვიტეს კავშირი მართლმადიდებელ ეკლესიასთან. მართლმადიდებლობისაგან განდგომილი ამგვარი საზოგადოებების შეკრებები ქრისტეს რისხვას იწვევს, რადგან, ვინც არ ემორჩილება მართლმადიდებელ ეკლესიას, ის არ ემორჩილება თვით ეკლესიის თავს - ქრისტეს. მათი შეკრების ადგილს ვერაფრით ვერ ვუწოდებთ სახლის ეკლესიას. ამ წოდების ღირსი ის ოჯახია, რომლის წევრები მართლმადიდებლობის ერთგულნი არიან, არა მხოლოდ საკუთარ სახლში, არამედ მეტწილად ღვთის ტაძარში და გულმხურვალედ მსახურობენ ღმერთს.
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის გურიის ფილიალი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |