მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტეს განკაცების ისტორიული მნიშვნელობა
ქრისტეს განკაცების ისტორიული მნიშვნელობა24-03-2018, 00:06 |
ჩვენი დროის მოაზროვნე ჩესტერტონი თვლიდა, რომ „პესიმიზმი არა ამქვეყნიურ სიამეთა ნაკლებობით, არამედ გადაჭარბებულობით იბადება. ადამიანის უმძიმესი სასოწარკვეთილება არა ტანჯვისაგან, არამედ მეტისმეტი სიამოვნებისაგან ჩნდება. თუ საზოგადოებაში სათნოებას არ გამოაქვს სასურველი ნაყოფი, ის საზოგადოება თანდათანობით ეცემა. ამ შემთხვევაში საკვები არ ანაყრებს, ჭრილობები არ იკურნება, და კურთხევითაც არ დაილოცება ადამიანი". ჩესტერტონი ისტორიისა და კაცობრიობის ცხოვრების ჭეშმარიტი არსის ხედვისაკენ მოგვიწოდებს. ორი ათასი წლის წინათ, ქრისტეს განკაცების პერიოდში, კართაგენის სიმდიდრისა და რომის დიდების აპოგეას მიღწეულმა კაცობრიობამ გახრწნა დაიწყო. რომის დღეები დაუსრულებელი ზეიმივით მიედინებოდა. სხვადასხვა რელიგიური სწავლებისა და მითოლოგიის „თანაარსებობის" მოხერხებადი პრინციპი მოპოვებული იყო. ერთი მცირე ოფიციალური ჟესტის შესრულების გარდა რომის მოქალაქეებს, თავის ნებისამებრ, ღვთის თაყვანისცემა არ ეკრძალებოდათ. კერძოდ: იმპერატორის ძეგლისათვის მსხვერპლი უნდა შეეწირათ, რადგან ის „ღვთაებრივ" ტიტულს ატარებდა. რომაელებისათვის ამ ჟესტის შესრულება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. შემდეგში აღმოჩნდა, რომ ზოგიერთებისათვის ამ რიტუალის შესრულება მიუღებელი იყო. აღმოსავლური ერთი მცირე ჯგუფის წევრები ამ ჟესტის შესრულების კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ: თუ რატომ იქცეოდნენ ამგვარად, რომისთვის გაუგებარი იყო. იმპერატორის ძეგლისადმი რელიგიურ თაყვანისცემაზე უარის გახშირებული შემთხვევები აღიზიანებდა რომს. ამ რელიგიური ჯგუფის ადამიანები, რომლებმაც დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს მთელ რომის იმპერიას, მათთვის ჭკუაშეშლილების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ეს უცნაური ჯგუფი უბრალო ხალხისა და მონებისაგან შედგებოდა. ისინი საკუთარ თავს „ქრისტიანებს" უწოდებდნენ. მათ რიგებში, როგორც ჯარში, შეკრულობა, ერთსულოვნება, ადამიანური სირბილე და ამასთანავე, მოუდრეკელი ნება შეინიშნებოდა. ძალდატანების მიუხედავად ქრისტიანები მტკიცედ იდგნენ თავიანთ სარწმუნოებაზე. მათში სხვა ადამიანებისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული არსი იდო. ჩესტერტონი შემდეგში ამგვარად გვიხატავს ქრისტიანების ისტორიულ გზას: „ქრისტიანების გამოჩენით მსოფლიოს კანონზომიერებები საოცარი სისწრაფით იცვლებოდა. ხოლო სანამ მსოფლიომ გააანალიზა ეს ცვლილებები, ქრისტიანები საზოგადოებაში შესამჩნევნი და მნიშვნელოვანნი გახდნენ. მსოფლიომ შენიშნა ისინი და შენიშვნისთანავე, ვითარცა კეთროვანი, განეშორა მათ. მიუხედავად ამისა, მათი რიცხვი საგრძნობლად იზრდებოდა... შემდეგ ქრისტიანთა დევნის პერიოდი იწყება. ქრისტეს განკაცების მაუწყებლების მიმართ წამების სულ უფრო და უფრო ვერაგულ ხერხებს იგონებდნენ, მაგრამ ქრისტე - ნათელი სოფლისა, ქადაგებული ქრისტიანთა მიერ, დღესაც ანათებს მთელ მსოფლიოში. ქრისტიანთა დევნამ განადიდა მათი სახელი". შემდეგ ჩესტერტონი შენიშნავს, თუ რამდენად მიუღებელია გამონათქვამი: „ყველა რელიგია თანასწორია". თითქოსდა სხვადასხვა რელიგიებს ერთი და იგივე მიზანი გააჩნდეთ... მაგრამ არც მუჰამედს, არც კონფუცის, არც პლატონს, არც ავრელიუსს მსოფლიოს მხსნელის პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ბუდაც არადროს ამბობდა, რომ ღმერთი ვარო, ღმერთად ყოფნას არც ზოროასტრი იბრალებდა. მთელი ისტორიის განმავლობაში ღმერთად მხოლოდ იესო ქრისტემ განაცხადა თავი. საერთოდ, რაც უფრო აღმატებულია ადამიანი სულიერად, მით უფრო თავმდაბალი ხდება. ჩვენს დროში თავზე აღმატებული პრეტენზიის მქონე ადამიანები ხშირ შემთხვევაში, საგიჟეთში ასრულებენ თავიანთ ცხოვრებას. ასეთები რეალურ გრძნობებსა და ფასეულობებს მოკლებული, ვიწრო გაგებისა და ამასთანავე, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენების მქონე ადამიანები არიან. განა მსგავსი რამის გაფიქრებაც კი შეიძლება იესო ნაზარეველზე? არა! მისი სიყვარული და სიბრძნე ყოველ ადამიანს უნათებდა, უნათებს და შემდეგშიც გაუნათებს გზას. ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც უნდა იქნას განხილული. თუ ჩავთვლით, რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთკაცი, არამედ უბრალო ადამიანი, მაშინ მასში ამოუხსნელ წინააღმდეგობებს ვეჯახებით. იესო ქრისტე საოცარი აზროვნებით, განსაკუთრებული სიბრძნითა და უსაზღვრო სიყვარულით არის აღჭურვილი. შეუძლებელია ამგვარი სათნოება უბრალო მოკვდავს ჰქონდეს. სულიერებისა და ზნეობის აღმავლობის დროს, ადამიანი სულ უფრო და უფრო გრძნობს ღვთისაგან დაშორებას. ყოველმა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ თვითონ არ არის ღმერთი. რაც უფრო იზრდება სულიერად, მით უფრო რწმუნდება ამაში. მაგრამ ქრისტესთან მიმართებაში საოცარი პარადოქსი შეინიშნება. კერძოდ, რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო გრძნობს, რომ შორს არის მისგან. ქრისტიანმა იცის, რომ თავმდაბლობის გარდა, სხვა გზა ღვთისკენ მიმავალი არ არსებობს. ქრისტეს ნათელი უფრო აშკარა, ხოლო ქრისტეს სიმართლე კი უფრო დამაჯერებლი ხდება თავმდაბალი ადამიანისთვის. კაცთა შორის ყველაზე ბრძენი სოკრატე საკუთარ თავზე ამბობდა: „მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი" - ამგვარია ადამიანური გონების უმაღლესი თვითშეგნება. იესო ქრისტეს ხედვა სხვგვარია - ქრისტემ იცის, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია იმის თქმა, რასაც თავის თავზე ქრისტე ამბობდა. ის იყო სიბრძნე ღვთისა, მოსული სოფლად, რათა აცხოვნოს ადამიანი.
ეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელი (შახოვსკოი) მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |