მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დაცემული თეოდორესადმი

დაცემული თეოდორესადმი


23-03-2018, 00:06

 

   წინამდებარე შეგონება, დაწერილი ქრისტეს შობიდან დაახლოებით 369 წელს, ეძღვნება იოანე ოქროპირის თანამედროვეთა და მეგობარს თეოდორეს. სიჭაბუკეში ისინი ერთად იყვნენ განდეგილნი, შემდეგ კი თეოდორემ დაუტევა ამგვარი ცხოვრება სოფლურ სიამეთათვის. თავის შეგონებებში წმ. იოანე ოქროპირი მოუწოდებს დაცემულს მონაზვნებისაკენ ცოდვილთა დამღუპველი ყოფის, სოფლური კეთილდღეობის წარმავალობისა და ამაოების, ქრისტიანული სარწმუნოების მკაცრი და მანუგეშებელი ჭეშმარიტების შეცნობის შედეგად, თეოდორე დაუბრუნდა განდეგილობას, რის შემდეგაც აყვანილ იქნა მოპსუეტის ეპისკოპოსის ხარისხში.

 

 

შეგონება I

 

   „ოჰ, ნეტავ თავი წყლად მექცეს და თვალები ცრემლის წყაროდ" (იერ. 7, 23). კეთილდროულია ამ სიტყვების წარმოთქმა უფრორე ჩემს მიერ, ვიდრე წინასწარმეტყველისაგან. რადგანაც განვიზრახე დავიტირო არა მრავალი ქალაქი და ურიცხვი ერი, არამედ სული, რომლიც აღმატებულია თვით მრავალრიცხოვან ერზეც კი. თუკი ღვთის სიტყვის ერთი მეაბჯრე ათასობით უღმერთოზე უმჯობესია, შენ ხომ აქამდე ათას იუდეველსაც კი აღემატებოდი. ამიტომაც ვერავინ გამკიცხავს დიდ წინასწარმეტყველზე მომეტებული ჭმუნვისა და ჩივილისათვის; ვგოდებ არა დანგრეული ქალაქებისა და უკანონოდ დატყვევებული ადამიანების გამო, არამედ დაცარიელებული სულის, ქრისტიანული ტაძრის დამხობისა და მოსვრის მიზეზით. ვინ არ იგლოვდა წინასწარმეტყველივით შენს მშვენიერ გონებას, უწინ ესოდენ მოელვარეს, დღეს კი ეშმაკისაგან ასე დათრგუნულს. ჭეშმარიტად, სატირალია ეს უბედურება იმდენად, რამდენადაც ძვირფასია ის სიმბოლოები, შენს სულში რომ იყო ნალოლიავები. ეს ტაძარი უფრო წმინდაა, რამეთუ ბრწყინავდა არა ოქროთი და ვერცხლით, არამედ წმიდა სამების მადლით. ახლა კი დაცარიელებულია, განუძარცვავს უწინდლი მშვენება და სათნოება, ღვთაებრივი და ენით უთქმელი ხიბლი და სულ მთლად დაუცველი გამხდარა. აღარც კარი შერჩენია და აღარც საყრდენი. ურცხვად დაპარპაშებს მასში სულის წარმწყმედელი და სამარცხვინო აზრები: ამპარტავნების, სიძვის, ვერცხლისმოყვარეობისა და კიდევ უფრო ავი ზრახვანი ისწრაფიან მისკენ. მათ ხომ ვეღარავინ შეაჩერებს. წინათ კი, უბიწო და მიუკარებელი იყო შენი წმიდა გონება მათთვის. იქნებ ვერც ირწმუნონ ეს სიტყვები მათ, ვინც მხილველია შენი ახლანდელი შერყვნილებისა და ამპარტავნებისა, ამიტომაც ვტირი და ვგლოვობ, და ვეღარაფერი გამახარებს, ვიდრე არ გიხილავ კვლავაც მოელვარეს. ძნელად თუ დაიჯერებს ამას მოკვდავი, მაგრამ ღმერთი ხომ ყოვლის შემძლებლ არს. რამეთუ იგია, ვისაც ძალუძს „წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი" (ფს. 12, 7-9). ნუ დაკარგავ სასოებას და მოელოდე უკეთესს. თუკი ეშმაკმა შეძლო შენი კეთილმსახურების მწვერვალიდან მანკიერების უფსკრულში დანარცხება, მით უფრო შემძლეა ღმერთი. მას ძალუძს დაგაბრუნოს თავისუფლებაში და უფრო მეტად ნეტარგყოს შენ. ოღონდაც, ნუ გაიტეხ გულს, ნუ განიძარცვავ იმედებს, ნუ ჩაეფლობი ბიწიერ ვნებებში. მხოლოდ გულგატეხილებს შებოჭავს ეს ვნება, იგი არ გვანუგეშებს და უკან არ გვახედებს; უღელივით ამძიმებს სულს და აიძულებს ქვევით იცქიროს, აღარ აღმართოს მზერა უფლისადმი. მტკიცე და მამაცი კი იშორებს უღელს.

   ჭეშმარიტად ღვთიურია ამგვარი სწავლებანი და შეგონებანი კეთილსიბრძნისანი. სამარცხვინო საქმეთა მქნელნი ურიცხვ უბედურებაში შთავარდით, - ამბობს იგი. ამიტომაც მივმართოთ მზერა ღვთისადმი და შევთხოვოთ მას, ვიდრე არ შეისმენს ჩვენს ვედრებას. მამაცი სული არ დაკარგავს სასოებას ათასი გასაჭირის წინაშეც კი. ის მრავალი და უშედეგო ლოცვის შემდეგაც ნეტარი დავითივით დაელოდება ღმრთის მოწყალებას.

 

 

შეგონება II

 

   ეშმაკი ჩაგვინერგავს უიმედობას, რათა მოგვაკლდეს სასოება ღვთისა - საიმედო ღუზა ჩვენი ცხოვრებისა, ზეცისაკენ რომ გვიჩვენებს გზას და გვიხსნის სულიერი სიკვდილისაგან. მოციქულის სიტყვით „ჩვენ ხსნილნი ვართ სასოებით" (რომ. 8, 24). სასოება მტკიცე ჯაჭვივით იჭერს ზეციდან ჩვენს სულებს და უფრო ზევით აიტაცებს მათ, ვინც მეტად ჩასჭიდებია. სასოება გაგვარიდებს სოფლური ცხოვრების გრიგალებს. ვინც არ ჩასჭიდებს ხელებს ამ წმიდა ღუზას, მაშინვე დაინთქმება და დაიღუპება მანკიერების ჭუჭყიან მორევში. მზაკვარი კი, თუკი შენიშნავს ბოროტის შეცნობისაკენ ჩვენს მისწრაფებას, უმალ სასოწარკვეთას შემოგვაგებებს. ეს კი ტყვიაზე უმძიმესია. და თუკი მივენდობით მას, ჯაჭვს მოწყვეტილნი, უკანმოუხედავად გადავეშვებით ბოროტების იმგვარ უფსკრულში, შენ რომ იმყოფები, შენ რომ დაუტევე თვინიერი სწავლებანი და გაუყევი ჩვენი დაუნდობლი, ვერაგი მტრის საშიშ ბილიკებს. დაგიტევებია კეთილი უღელი და სანაცვლოდ რკინის ჯაჭვით შებოჭილხარ. როდის შეწყვეტ შენი საბრალო სულის გათელვას? რად აიძულებ თავს შეუჩერებლივ მიექანებოდე ქვევით? ჰპოვა რა დრაჰმა დედაკაცმა, მეზობლებს უხმო და უთხრა: „ხარობდეთ ჩემთან ერთად" (ლკ. 15, 9), ხოლო მე ვუხმობ ყველა ჩვენს მეგობარს და ვეტყვი: „იგლოვდით ჩემთანა მწარე ხმით, რამეთუ უბედურება გვეწვია ჩვენ, თუმც არ დამიკარგავს ოქრო და ვერცხლი, არამედ იგი, ვინც მათზე მეტად ძვირფასია, ვინც ჩვენთან ერთად მიაპობდა დიადი და უკიდეგანო ზღვის ტალღებს. ახლა კი ვერაფრით გამიგია, როგორ გადაეშვა დამღუპველ მორევში".

 

 

შეგონება III

 

   ვინაც ჩემი ნუგეში განიზრახა, წინასწარმეტყველის სიტყვებით ვეტყვი: „დამეხსენით, ტირილით გავმწარდები" (ისაია 22, 4). ჩემი მწუხარების წყარო არაა სასოწარკვეთილება, პირიქით, ჩემი წრფელი ცრემლები თვით პეტრესა და პავლესაც აატირებდა. ამხილეთ სულმოკლენი, ვინც ხორციელ სიკვდილს იგლოვს. მაგრამ თუკი სიკვდილის სარეცელზე მრავალი ჭრილობით განგმირული განისვენებს, ვინ იქნება იმგვარად გულქვა და ულმობელი, ცრემლისა და ვიშის სანაცვლოდ ნუგეშის სიტყვები შეგვაწიოს მხოლოდ? ამგვარი ცრემლი ხომ კეთილბრძნულია. მან, ვინც წვდებოდა ზეცის სანახებს, დასცინოდა ყოფით ამაოებას, ვისთვისაც ოქრო მტვერი იყო მხოლოდ, ხოლო ყოველგვარი სიამე - ჭუჭყივით შემაწუხებელი - მოულოდნელად უწმინდური ავხორცობის ალში გაეხვია. სიამოვნების, ტკბობის ტყვედ იქცა. როგორ არ უნდა დავიტიროთ და ვიდარდოთ იგი ჩვენთან დაბრუნებამდე? ხორციელი სიკვდილისაგან თავის დაღწევა კი ამ სოფლადვე ძალგვიძს. ვინღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება-დიდებას? (ფს. 6, 6). ნუთუ არაა უგუნურება ხორციელი სიკვდილის უსაზღვრო გლოვა, როცა ცრემლი ვერაფერს უშველის, თუკი არ ვიგლოვთ სულიერ სიკვდილს, რომლის ხსნა ამ სოფელშიც ძალგვიძს? ამგვარი გზით მრავალი გამრუდებული სული გვირგვინოსანი გამხდარა და წმინდანთა დასს შერწყმია სამარადისოდ. ვიდრე ადამიანი არ განერიდება სიტკბოების ალს, ვერაფრით იხსნის საკუთარ სულს.

   თუ მიეცემით სასოწარკვეთას და უარს იტყვით უკან დაბრუნებაზე, ვეღარ დაგეხმარებათ უწინდელი ძალა და მოშურნეობა. იგი, ვინც გაიხურა სინანულის კარი, როგორღა შესძლებს სიკეთის ქმნას? ეშმაკი მუდამდღე ჩაგვაგონებს უსასოობას, საბოლოოდ დაცემული კი ვეღარ მოიგერიებს მას. ვინც გაექცევა ამ ბორკილებს, მრავალი დაცემის მიუხედავად, კვლავაც აღდგება და შებოჭავს მაცდურს. სასომიხდილი კი საკუთარ თავს განაიარაღებს და უიარაღო როგორღა გაიმარჯვებს მტერზე.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება