მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მირქმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დღესასწაულია - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მირქმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დღესასწაულია - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


15-02-2018, 00:06

მირქმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დღესასწაულია - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   მირქმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დღესასწაულია. ყოვლადწმიდა, უმწიკვლო მარიამი ყველა წმინდანზე მაღლა დგას, მაგრამ სრულყოფილი ცოდნა მხოლოდ უფალს აქვს, ამიტომ ღვთისმშობელს საიდუმლოებები თანდათანობით უცხადდებოდა. მან წმინდა წერილიდან, წინასწარმეტყველთა ნაწერებიდან იცოდა, რომ იშვებოდა მესია, რომელსაც მძიმე ჯვარი უნდა ეტარებინა. ქალწული მარიამი თავისი სულიერი მზერით ჭვრეტდა მას და იხსენებდა ანგელოზის საუბარს იერუსალიმის ტაძარში. მაგრამ მირქმის დღეს სვიმონ ღვთისმიმრქმელის სიტყვები რომ მოისმინა - „და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი", ქალწული მარიამი ცხადად მიხვდა, რაც ელოდა მის ძეს. ამ წინასწარმეტყველების მოსმენისას ქალწულ მარიამს საშინლად ეტკინა გული, თითქოს მახვილით განუგმირესო.

   ერთ-ერთ ხატზე გამოსახულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რომელსაც მკერდში შვიდი მახვილი აქვს გაყრილი. ქალწულ მარიამის პირველი ისარი, პირველი ტკივილი, იყო სვიმეონ ღვთისმიმრქმელის სიტყვების მოსმენა, როცა მან შეიტყო, რომ მისი შვილი იყო ის კრავი ღმრთისა, რომელიც კაცობრიობის გამო უნდა ეწამებინათ და მოეკლათ. მეორე ისარი, მეორე ტკივილი ქალწულმა მარიამმა დაითმინა ეგვიპტეში გაქცევის დროს. წმიდა ოჯახი უდაბნოში რომ მიდიოდა, ქვიშა გავარვარებულ რკინასავით იყო გახურებული, საშინლად ცხელოდა, თითქოს ციდან მწველი, მომაკვდინებელი ჰაერი აწვებოდა მიწას.

   მესამე ჭრილობა ქალწულმა მარიამმა მაშინ მიიღო, როცა თორმეტი წლის იესო დაეკარგა იერუსალიმის ტაძრიდან შინ დაბრუნებისას. იგი სამი დღის განმავლობაში ეძებდა თავის ძეს და მწუხარებისაგან თითქოს გული ეფლითებოდა.

   მეოთხე ისარი, მეოთხე ტკივილი ნაზარეთის მცხოვრებთა მიერ მისი ძის მოკვლის მცდელობა იყო. ნაზარეველებმა იესო სინაგოგიდან გამოიყვანეს და ხრამის პირას მიიყვანეს. ხალხის მეხსიერებას დღემდე შემორჩა ეს ადგილი, რომლის ქვევითაც საშინელი უფსკრული წევს.

   მეხუთე მახვილი, რომელმაც ქალწულ მარიამის გული განგმირა, იყო ცნობა იმის შესახებ, რომ მისი ძე შეიპყრეს და განსასჯელად პონტოელ პილატეს მიჰგვარეს. ქალწული მარიამი სასწრაფოდ მივიდა ამ უსამართლო მმართველისა და მოსამართლის რეზიდენციაში და იხილა თავის ძე - თავზე ეკლის გვირგვინით, სულ მთლად სისხლში ამოსვრილი.

   სულ მალე მეექვსე მახვილმაც გააპო ქალწულ მარიამის გული - მან იხილა თავისი ძე გოლგოთისკენ მიმავალი - ზურგით თავისი ჯვარი მიჰქონდა და დროდადრო მიწაზე ეცემოდა მისი სიმძიმით ღონემიხდილი. ქალწულმა მარიამმა იხილა აგრეთვე უფლის ჯვარცმა, გულშესაზარი წამება და სიკვდილი ჯვარზე.

   მეშვიდედ ქალწულ მარიამის გული მახვილმა განგმირა, როცა მისი ძის, უფლის ცხებულის უსულო სხეულს საფლავში ასვენებდნენ. ქალწულ მარიამის ტანჯვა ჯოჯოხეთურ წამებაზე საშინელი იყო.

   ერთი წმიდა მღვდელმთავარი ამბობს: „ყველა წმინდანისა და ანგელოზთა ღმრთისადმი სიყვარული ერთ ნაკადად რომ შეერთდეს, ეს ნაკადი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სიყვარულთან შედარებით ისე მცირე იქნებოდა, როგორც ნაკადული - ზღვასთან შედარებით".

   მაცხოვრის საფლავში დადების დროს ქალწულ მარიამის უფლისამი სიყვარული გამოუთქმელ, ჩვენი სულისათვის გაუგებარ სატანჯველად იქცა, ამიტომ იგი მეორე მოწამეა თავის ძის შემდეგ. ქალწულ მარიამის საშინელი ტანჯვით გაფართოებულ გულში თითქოს მთელი კაცობრიობა შევიდა.

   მძიმეა ყოველი ჩვენგანის ჯვარი, მაგრამ ღმრთისმშობლის ჯვარი ყველაზე მძიმეა. რაც უფრო გვიჭირს აქ, დედამიწაზე, მით უფრო ახლოსაა ჩვენთან ზეციური დედოფალი.

   ერთხელ ქრისტესათვის სულელს, ღირს ანდრიას ანგელოზმა სამოთხის სავანეები უჩვენა, მაგრამ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი ანდრიას არსად უნახავს. მან სთხოვა ანგელოზებს, მიეყვანა ღმრთისმშობელთან, თუნდაც ერთი წამით ეჩვენებინა მისი სახე, რათა თაყვანი ეცა ქალწულისათვის, მაგრამ ანგელოზმა უთხრა - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი აქ არ არის, ის დედამიწაზეა, ღმრთისმშობელი იქ არის, სადაც ტანჯვა და მწუხარებააო.

   რაც არ უნდა დაეცეს ადამიანი, როგორი დამნაშავე, მთელი ქვეყნის მიერ მოძულებული და გაკიცხულიც არ უნდა იყოს, ღმრთისმშობლის თვალში ის მხოლოდ შესაბრალისი, უბედური ბავშვია.

   მირქმის დღესასწაულის ტროპარში ნათქვამია: „გიხაროდენ მიმადლებულო, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორცილდა მხნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი..." დიდი სიხარულია ჩვენთვის, ზეციური დედა რომ გვყავს - ქალწული მარიამი, რომელიც არცერთ სულის ლოცვას არ უგულებელყოფს.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება