მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს

ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს


3-02-2018, 00:01

ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს

 

   იოანე მახარებელის გამოცხადებაში ფილადელფიის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ: „აჰა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ მცირე ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყუაჲ ჩემი და არა უარჰყავ სახელი ჩემი" (გამოცხ. 3. 8).

   ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზის წინაშე კარი ღიაა, მისი დახურვა არავის შეუძლია. კარი თავად ქრისტეა: „მე ვარ კარი" (ინ. 10. 9). დახშული კარის მაგალითს მათე მახარებელთან ვპოულობთ ხუთი ბრძენი და ხუთი სულელი ქალწულის იგავში (მათ. 25. 10-12). ხუთი ბრძენნი ქალწულნი ხარობენ სიძეს თანა, ამის შემდგომ მოვიდნენ სხვანი ხუთნი (სულელნი), რომლებსაც კარი დახშული დახვდათ. მაცხოვარმა მოუგო მათ: „არა გიცნი თქუენ".

   ფილადელფიელების შემთხვევაში კი კარი ღიაა. ეგზეგეტები ამბობენ, რომ ღია კარში სინანულის, ლოცვის, ცხონების, გამარჯვების, ზეიმისა და სიხარულის შესაძლებლობა უნდა ვიგულისხმოთ. სწორედ ამგვარი შემართების გამო უღებს მათ კარს მაცხოვარი. ამასთან დასძენს: „მცირე ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყვაჲ ჩემი და არა უარჰყავ სახელი ჩემი" (გამოცხ. 3, 8).

   ფილადელფიის ეკლესია ქებას იმსახურებს. მას მცირე ძალა აქვს. ე.ი. მაცხოვარმა უწყის ჩვენი უძლურების, არასრულყოფლების შესახებ, მაგრამ ის არ განუდგა უფალს. ღვთის სიტყვის ერთგულების გამო ღმერთი იცავს ფილადელფიის ეკლესიას.

   მიუხედავად „მცირე ძალისა", მას იუდეველთა ნაწილის შთაგონება-მოქცევა ეკისრება (გამოცხ. 3, 9). ე.ი. ფილადელფიის ეკლესიას საღმრთო მოშურნეობა ახასიათებს და მისიონერული მოღვაწეობისთვისაა მოწოდებული. იუდეველთა ჭეშმარიტებაზე მოქცევა ურთულესი ამოცანაა. წმინდა მამათა და ეგზეგეტთა აზრით ეს კაცობრიობის ისტორიული დასასრულის ჟამს მოხდება, როდესაც იუდეველთა ნაწილი ირწმუნებს ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებას. იმ დროისთვის ქრისტიანები არ იქნებიან ძლიერნი, მაგრამ, როგორც ჩანს, მცირედიც იკმარებს მათთვის, ვისაც სურს ცხონება. მამები ამბობენ: ზოგჯერ წარმართისა და ათეისტის მოქცევა უფრო იოლია, ვიდრე ნომინალური ქრისტიანისა, რომელიც ფიქრობს, რომ ერკვევა ქრისტიანობაში და კმაყოფილია თავისი სულიერი მდგომარეობით. ზოგიერთი მათგანი დიდი ენთუზიაზმით კითხულობს საერო ჟურნალ-გაზეთებსა თუ რომანებს, მაგრამ წმინდა წერილის კითხვისთვის არ რჩებათ დრო. თუ კითხულობენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ზოგადი საუბარი შეძლონ რელიგიურ თემებზე.

   მაცხოვარი ფილადელფიელ ქრისტიანებს დაცვას ჰპირდება: „რამეთუ დაიმარხე შენ სიტყვაჲ მოთმინებისა ჩემისა, და მეცა დაგიცვა შენ ჟამისა მისგან განსაცდელისა, რომელსა ეგულების მოსვლად ყოველსა ზედა სოფელსა გამოცდად მკვიდრთა მათ ქვეყანისათა" (გამოცხ. 3. 10).

   უნდა გვახსოვდეს ჩვენი უძლურება და არასრულყოფილება. ამავდროულად, ვევედროთ უფალს არ მიგვატოვოს უკანასკნელი, საყოველთაო განსაცდელის ჟამს. წმინდა წერილი ბრძანებს: „მცირესა ზედა სარწმუნო იყავ, მაღალთა ზედა დაგადგინო შენ". თუკი დღეს, შედარებით მშვიდ პირობებში, ღვთის სწავლების ერთგულნი ვიქნებით, ე.ი. არა საკუთარ ძალებს, არამედ ღვთის სასოებას დავეყრდნობით, მაშინ უფალი დაგვიცავს უკანასკნელი, ძლიერი და საყოველთაო განსაცდელის ჟამს. ის „მცირე ძალიც" იკმარებს, რომ დავიცვათ უფლის სიტყვა და არ განვუდგეთ მას.

   ფილადელფიის ეკლესია არ აკრიტიკებს ღვთის სიტყვას, მისთვის წმინდა წერილი ყველაზე ავტორიტეტულია. ისინი (ფილადელფიელები) არ მიდიან ფართო მასების მიერ არჩეული ზედაპირული რელიგიურობის გზით, არამედ უკომპრომისოდ ემორჩილებიან ეკლესიის სწავლებას. ფილადელფიელი ღვთის სიტყვის აღმსარებელია როგორც სიტყვით, ისე საქმით, გარეგნულადაც და შინაგანადაც. ის მზად არის ჭეშმარიტი სარწმუნოების გამო დევნისა და სიკვდილისათვის.

   ნიშანდობლივია, ფილადელფიის ეკლესიისთვის აღთქმული სიტყვები (ისევე როგორც სხვა ეკლესიებისათვის). ის ვერანაირად ვერ მიეკუთვნება მარტოოდენ ისტორიულ ფილადელფიის ეკლესიას.

   ცხადია, შვიდი ეკლესიისადმი მიმართული სიტყვა არ შემოიფარგლება იმ ისტორიული ეკლესიების პერიოდით. მას წინასწარმეტყველური მნიშვნელობა გააჩნია და შეიძლება მიესადაგოს ყველა პერიოდის ეკლესიას, ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.

   ქრისტეს მოსვლისათვის მზადყოფნა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბოლო ჟამის გამოცნობა! დღეს ანტიქრისტეს სული სულ უფრო შემაძრწუნებელი მასშტაბით ავლენს თავის თავს. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ფილადელფიის ეკლესიის მსგავსად დავიცვათ ჭეშმარიტი სარწმუნოება, რათა საყოველთაო განსაცდელს სულიერად მოუმზადებელი არ შევხვდეთ.

   მაცხოვარი თითქოს შეგვაგონებს: თუკი იცავ მართლმადიდებლობას, დაე, დაიცავი ის ბოლომდე. თუ არადა, მოიძებნება სხვა ხალხი, რომელიც იტვირთავს ამას, ხოლო შენ, შეიძლება დაკარგო ის. ამის თვალნათელი ნიმუშია ეკუმენისტურ და პანეკუმენისტურ მოძრაობაში „მართლმადიდებელი" სასულიერო თუ საერო პირების მონაწილეობა.

   დავასკვნით, რომ ფილადელფიის ეკლესია მეორედ მოსვლამდე იარსებებს დედამიწაზე. დღეს, როცა სამყაროს საბოლოო ხვედრის კონტურები სულ უფრო იკვეთება, გვაქვს საშუალება ვიცხოვროთ ფილადელფიის ეკლესიისათვის აღთქმულის კვალობაზე.

 

 

http:/philadelphiachurch,co.uk და pravoslavie.ru/74438.html წყაროების მიხედვით 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება