მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > ხორციელის კვირა - საშინელი სამსჯავროს ხსენება
ხორციელის კვირა - საშინელი სამსჯავროს ხსენება9-03-2024, 13:19 |
მართლმადიდებელი ეკლესია ხორციელის კვირიაკეს, საშინელი სამსჯავროს ხსენებას აღნიშნავს. ამ დროს ტაძრებში ღვთისმსახურებისას სახარებიდან სწორედ ის ადგილი იკითხება, სადაც თავად უფალი საუბრობს საშინელი სამსჯავროს შესახებ. ამით ეკლესია მორწმუნეებს დიდი მარხვისათვის ამზადებს და ყველას სინანულისაკენ მოუწოდებს. საკვირაო წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამსჯავროს ახსენებს, იკითხება ნაწყვეტი მათეს სახარებიდან (მათ. 25, 31-46), რომელშიც უფალი გვამცნობს, თუ როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო; გარდა ამისა, ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმიდა ეფრემ ასურისა, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ითქმის ყოველ დილა-საღამოს, გარდა შაბათ-კვირისა. ეკლესიის სწავლებით, საშინელ სამსჯავროზე ადამიანები მათი საქმეების მიხედვით განიკითხებიან და ჯოჯოხეთში ან სამოთხეში საუკუნო განსასვენებელს პოვებენ. ხვალ ასევე ხორცის აკრეფა მოხდება, რომლის შემდეგაც მარხვის დაწყების მსურველებს ხორცის მიღება აღარ შეეძლებათ. ორშაბათიდან კი ყველიერის კვირა იწყება, როცა მორწმუნეებს ყველის მიღება შეეძლებათ.
* * * დიდი იქნება შიში და ძრწოლა და გაშმაგება, როდესაც უფალი შემოჰკრებს მიუკერძოებელ სამსჯავროს და განიხვნება საშინელი წიგნები, სადაც ჩვენი საქმეებია ჩამოწერილი, სიტყვები და ყველაფერი, რაც კი ჩაგვიდენია და რის დაფარვასაც ვფიქრობდით ღვთისგან, რომელიც გამომცდელია გულთა და თირკმელთა. მაშინ თითოეულ ჩვენთაგანს მოეთხოვება რწმენის აღმსარებლობა, მონათვლის მოვალეობა, სარწმუნოება, სუფთა ყოველგვარი მწვალებლობისგან, ბეჭედი შეუბღალავი და კვართი შეუმწიკვლებელი... იმა დღეს შეუძლებელია სხეული სულისაგან ცალკერძ დადგეს, არამედ ერთად წაწრსდგებიან წინაშე პირუთვნელი მსაჯულისა და უცვალებელი სამსჯვაროჲსა. დიდითა დიდებითა მოუხმობს იგი ყველას სახელდებით, და ჩვენც ყველანი წარვსდგებით განშიშვლებულნი. იქ არ იქნება ორატორული სიტყვა, სიმართლის მძლეველი; არც ენის მრავლისმეტყველება, არამედ საქმენი აიწონება; არაა იქ საჭირო ძღვენი, არც დაცვა, არამედ თითოეულს თავისი ტვირთი მიაქვს... იქ სიბერისა არ სჯერათ, სახელდიდებულება არაა, სხეულის ნაკვთების კეთილშობილებას არად დაგიდევენ, იქ პირისახის მშვენიერება არ აღელვებს მსაჯულს, არამედ ქალწულობის ღირსება და სხვა სათნოებანი მოწყალეს ქმნის მსაჯულსა მას, შობილს ქალწულისაგან. იქ დიდი და პატარა თანაბრად განიკითხება. ხშირად იმ სამსჯავროზე შვილები მშობლებს ამხელენ... იქ მონაც ბატონის წინაშე კადნიერად წარსდგება, და მხევალი წინაშე ქალბატონისა, და მოსწავლე მასწავლებლის წინაშე. ყველა ისინი განიკითხებიან საშინელ სამსჯავროზე... და საქმე თითოეულისა საცნაურ გახდება. რაჟამს განეხმოდიან წიგნნი იგი გულთანი, და გამოსჩნდებოდიან საქმენი ყოველთანი წინაშე შენსა, და ღელე გლოვისა საშინელად გრგვინვით ოხრვიდეს და ეტყინებოდეს, და ცოდვილთა დასნი საუკუნოდ დასჯად წარისხმოდიან, სამართლად განსჯითა შენითა, და უნაყოფოდ სცრემლეოდიან. მაშინ შეგვიწყალენ ჩვენ მადიდებელნი შენნი სახიერ; და გვიჴსენ სატანჯველთაგან, მხოლოო უცოდველო. ოხრვასა ნესტვისასა, დაცალიერდენ საფლავნი, აღსდგებოდიან მკვდარნი, და შეძრწუნდენ ყოველნი დაბადებულნი, ხოლო იხარებდენ მართალნი შვებითა, ელოდიან მისაგებელსა, რომელთა მიიხვნენ გვირგვინნი; ხოლო ცოდვილნი, მწარედ იგლოვდენ, წარსხმულნი სატანჯველსა მას საუკუნესა დაულევნელსა. მაშინ მეუფეო, ნუ მოიჴსენებ შეცოდებათა მათთა, არამედ ღირს-ჰყვენ ნაწილსა მოყვარეთა შენთასა. რაჟამს მოხვიდე ღმერთი დიდებით ქვეყანასა ზედა, მაშინ შეძრწუნდნენ ყოველნი დაბადებულნი; მდინარე ცეცხლისა სდიოდეს მსაჯულისა წინაშე, და საშინელად ოხვრიდეს, წიგნნი განეხვნენ, და დაფარულნი გამოსცხადნენ; მაშინ მიჴსენ მე ცეცხლისა მისგან უშრეტისა, და ღირს-მყავ მარჯვენით დადგომად შენდა, მსაჯულო სიმართლისაო.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |