მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელმონაზონი დამასკინი - წამებული მართლმადიდებლობის წინასწარმეტყველი

მღვდელმონაზონი დამასკინი - წამებული მართლმადიდებლობის წინასწარმეტყველი


31-01-2018, 00:04

 

   მართლმადიდებლობის თემაზე მწერალ თანამედროვე ავტორთაგან მამა სერაფიმე როუზზე ყველაზე დიდი გავლენა მთავარეპისკოპოს ამბერკი ჯორდანვილელს მოუხდენია. მამა სერაფიმეს იგი სან-ფრანცისკოდან ახსოვდა, სადაც ის ნეტარი იოანე მაქსიმოვიჩის დაკრძალვაზე იყო ჩამოსული. მას შემდეგ ისინი ერთმანეთს აღარც შეხვედრიან, მაგრამ მამა სერაფიმე მუდამ აღტაცებით ლაპარაკობდა მეუფე ამბერკიზე. მისი სიტყვებით მთავარეპისკოპოსი ამბერკი ძმობისათვის დაუშრეტელი წყარო იყო მორალურ და საღვთისმეტყველო ასპექტში. საკმარისია მამა სერაფიმეს თხზულებებს გადავხედოთ, რომ მყისვე თვალში საცემი ხდება მათი მსგავსება წერის სტილსა თუ სულისკვეთებაში. მამა სერაფიმე ხშირად იხსენიებდა ნეტარი იოანე მაქსიმოვიჩის სიტყვებს, რომლებიც მან 1965 წელს უთხრა: „მართლმადიდებლობის ქადაგების საქმეში ერთადერთ სანდო მასწავლებლად და დამხმარედ მთავარეპისკოპოსი ამბერკი იგულეთო".

   მამა სერაფიმესთვის მეუფე ამბერკი ახლობელი იყო არა მხოლოდ როგორც მწერალი, არამედ როგორც პიროვნება. მასში მუდამ გამოსჭვიოდა მაღალი სულიერებისათვის დამახასიათებელი კეთილშობილება. მეუფე იყო მუდამ შემართული, მშვიდი და დინჯი. ის არასოდეს ცდილობდა ხალხზე შთაბეჭდილება მოეხდინა ანდა წყენა მიეყენებინა ვინმესთვის; არასოდეს სარგებლობდა მაღალი იერარქიული მდგომარეობით და არც იმით ინტერესდებოდა, თუ რას ფიქრობდნენ ან ლაპარაკობდნენ მასზე. ამასთანავე, ის არ „მოსწყვეტია" ამქვეყნიურ ცხოვრებას, კარგად იცნობდა მას და საღად აფასებდა, თუმცაღა მთელი სულით ზეცისაკენ მიილტვოდა, რამეთუ მა სოფლის ნატამალიც კი არ იყო მასში.

   ვისაც იგი წმიდა სამების მონასტრის წინამძღვრობისა და სემინარიის რექტორობის დროს ახსოვს, მეუფის შთამბეჭდავ გარეგნობაზე მიუთითებენ: მაღალი, ჭაღარა გრძელი წვერითა და თმით. მისი ხშირი წარბების ქვეშ დიდი თვალებიდან წამოსული მზერა თითქოს სულის სიღრმემდე აღწევდა და სხვათა სინდისის ქენჯნისკენ მოუწოდებდა. შემდგომ მრავალი აღნიშნავდა, რომ ამგვარივე მზერა ჰქონდა მამა სერაფიმესაც. მეუფე ამბერკის ყურთ ცუდად ესმოდა და ამიტომ სასმენ აპარატს ატარებდა. იგონებენ, რომ როდესაც მისი თანდასწრებით ამაო, ფუჭ საუბრებს იწყებდნენ, თურმენ სასმენ აპარატს მსწრაფლ გამორთავდა ხოლმე და ლოცვას იწყებდა. ეკლესიაშიც მხურვალედ ლოცულობდა. ყოველივე ამის შემყურე მრევლიც მას ბაძავდა, რამეთუ მჭევრმეტყველურ საუბრებზე მეტად პირადი ცხოვრების წესიდან გამომდინარე მაგალითი მუდამ უფრო შედეგიანია. მთავარეპისკოპოს ამბერკის სიჩუმე, მყუდროება და განმარტოება უყვარდა, თუმცა კი მისი ნაწერებიდან ამა ქვეყნის მშფოთვარე და ღვთისმბრძოლი ცხოვრების ცოდნა გამოსჭვივის, რასაც იგი ყოველთვის მამაცურად ამხელდა. მამა სერაფიმე წერდა: „მთავარეპისკოპოს ამბერკის შეხედულებანი ამქვეყნიურ ცხოვრებაზე სიზუსტით, სიფხიზლით გამოირჩევიან, და განმსჭვალულნი არიან საღმრთო წერილისა და გადმოცემის სულით. მან დაგვანახა, რომ დღევანდელი მსოფლიო განსაკუთრებით განუდგა ქრისტიანობას და „საიდუმლო უსჯულოებისა" საცაა შობს უდიდეს ცოდვილს - ანტიქრისტეს".

   მეუფე ამბერკი თავისი სულიერი მოძღვრებისა და წინამორბედების ხაზით XIX ს. რუსეთის წინასწარმეტყველის წმ. თეოფანე დაყუდებულის მემკვიდრეა (იგი ეპისკოპოს თეოფანე პოლტაველის მოწაფეა, თავად თეოფანე პოლტაველი კი წმ. თეოფანე დაყუდებულის მოწაფე და მორჩილი იყო). წმ. თეოფანე დაყუდებულმა იწინასწარმეტყველა მართლმადიდებლური სამეფოს დაცემა და საშინელი კატაკლიზმები. იგი ამბობდა, რომ ეს იქნებოდა რუსეთისათვის სასჯელი ურწმუნოებისა, უზნეობის, ღვთისმგმობელობისა და ე.წ. „თავისუფალი აზროვნების" გამო. „როდესაც მონარქია დაეცემა და ერები ყველგან თვითმართველობას (რესპუბლიკა, დემოკრატია) შემოიღებენ, მაშინ ანტიქრისტეს ხელ-ფეხი გაეხსნება. სატანა იოლად შესძლებს მსოფლიო ქრისტესაგან განდგომისათვის მოამზადოს. ეს ნათლად აჩვენა ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციამ. არავინ იქნება ამქვეყნად უფლებამოსილი რაიმეზე „ვეტოს" დადებისა. ამრიგად, როდესაც ყველგან ანტიქრისტესათვის ხელსაყრელ ახალ წესრიგს შემოიღებენ, მაშინ თავად ისიც გამოჩნდება" (წმ. თეოფანე დაყუდებული „თესალონიკელთა მიმართ, პავლე მოციქულის II ეპისტოლეს განმარტება". გვ. 504).

   სწორედ ამდაგვარ სურათს ადევნებდა თვალყურს მთავარეპისკოპოსი ამბერკი თანამედროვე მსოფლიოში. იგი წერდა: „ანტიქრისტეს წინამორბედთა მთავარი ამოცანა ძველი მოფლიო წესრიგის დანგრევაა, ყველა თავისი ტრადიციული ფასეულობებითა და „გადმონაშთებით", რათა მის ნანგრევებზე ააშენოს ახალი მსოფლიო, რომელიც მზად იქნება მიიღოს თავისი ახალი მეთაური და პატრონი. იგი ქრისტეს ადგილს დაიკავებს და ამქვეყნიურ ცხოვრებაში მსოფლიოს ყველა იმ „სიკეთეს" მისცემს, რომელსაც მაცხოვარი კაცობრიობას მარადისობაში ჰპირდება. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვებით „ანტიქრისტე კაცობრიობის მორალური და სულიერი გახრწნის ლოგიკური, სამართლიანი, ბუნებრივი შედეგი და დასასრული იქნება".

   ისევე როგორც  წმ. მართალი იოანე კრონშტანდტელი, მთავარეპისკოპოსი ამბერკიც თვლიდა, რომ მართლმადიდებელი მწყემსისათვის ყველაზე მტკივნეული მთელ მსოფლიოში გაბატონებული ბოროტების ხილვაა - როცა მის თვალწინ ქრისტიანები ცდილობენ „დროების ფეხდაფეხ იარონ", მომავალი ანტიქრისტეს მსახურთა უნებლიე მორჩილებას ამჟღავნებენ, ჰუმანიზმისა და ქილიაზმის იდეებს ქადაგებენ და ქრისტიანული სიყვარულის ნიღბით „კაცობრიობის პროგრესს" და „ამქვეყნიურ სამოთხეს ელტვიან".

   ყველაზე დიდი ტკივილი კი მეუფე ამბერკის იმ მართლმადიდებელ იერარქთა მოქმედებამ მიაყენა, რომელთაც მხარი დაუჭირეს „ეკუმენისტურ" მოძრაობას, რითაც ანტიქრისტეს „ახალი რელიგიის" დაფუძნებაში მიიღეს მონაწილეობა. 1975 წლის 10 სექტემბერს ძმობას ეპისკოპოსი ნექტარიუსი ეწვია. ლიტურგიის შემდეგ მამებთან საუბარში მან თავისი ღრმა მწუხარება გამოხატა მეუფე ამბერკის წინააღმდეგ გაჩაღებული ცილისმწამებლური კომპანიის გამო. მეუფე ნექტარიუსი მთავარეპისკოპოს ამბერკის დიდ პატივს სცემდა და მას ლამის წმიდანად თვლიდა. დევნა და მწუხარებანი, რომელიც მეუფე ამბერკის ხვდა წილად, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რაოდენ ვიწრო და მოწამეობრივი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის გზა. ეპისკოპოსის გამგზავრების შემდეგ მამა სერაფიმემ დაწერა: „ჩვენ ზედ მოწევნულ განსაცდელში არავინაა, ვისზე დაყრდნობაც შეიძლება, მაგრამ ჩვენს წინაშეა ცოცხალი მაგალითები „უკანასკნელ მოჰიკანთა" მართლმადიდებლობისა და ბერ-მონაზვნობისა. ესენი არიან მთავარეპისკოპოსნი ამბერკი, ანდრეა და ეპისკოპოსი ნექტარიუსი. დაე, დაგვიფაროს უფალმა მათი სულიერი წინამძღოლობით!"

   იმ დროს, როდესაც მთავარეპისკოპოს ამბერკის წინააღმდეგ მტრული კომპანია მიმდინარეობდა, მამა სერაფიმემ და მამა გერმანემ გადაწყვიტეს „მართლმადიდებლური სიტყვის" მორიგი ნომერი მთლიანად მეუფე ამბერკისათვის მიეძღვნათ. აქვე დაიბეჭდა მეუფეს ქადაგება „წმიდა მოშურნეობა", რომელიც უაღრესად დროული და აქტუალური აღმოჩნდა. ქადაგება მთავრდება სიტყვებით: „ერთია მხოლოდ წმიდა, ღვთივსათნო მოშურნეობა, იგი სუფთაა ყოველგვარი მინარევებისაგან, მზაკვრობისა თუ ორაზროვნებისაგან, ყოვლგვარი პოლიტიკისაგან; იგია ჩვენი წინამძღოლი ყველგან და ყველაფერში".

   წმიდა გრიგოლი ღმრთისმეტყველის გამოთქმა „წამებული მართლმადიდებლობა" არ სცილდებოდა მეუფე ამბერკის ბაგეებს. მისი მნიშვნელობა ორგვარია: ეს არის ჯვარი, რომელიც მართლმადიდებლებმა ქრისტეს შედგომით უნდა იტვირთონ სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე, და დევნულებანი, რომელნიც ჭეშმარიტებისათვის უნდა დაითმინონ ცოდვით დაცემულ ამა სოფელში. რატომ „წამებული?" იმიტომ რომ ყველა წმიდანი, რომელსაც ეკლესია იხსენებს, მეტნაკლებად წამებულნი იყვნენ ჭეშმარიტებისათვის, ხშირად თვით ეკლესიის მსახურთა მიერ. ერთხელ მეუფე ამბერკიმ ზუსტად შენიშნა: „ვინც სინდისისა და საღმრთო სჯულის ხმას მიჰყვება, უთუოდ ევნება და მრავალი მწუხარებაც შეხვდება. ასეა თანამედროვე ცხოვრების ყველა სფეროში, თვით რელიგიურ და ეკლესიურ გარემოშიც".

   „მრავალი ურვისა და სულიერი განცდის ნიადაგზე, (როგორც ექიმები ამბობენ), თავს დამატყდა რიგი უმძიმეს სნეულებათა, რომელთაც სიკვდილის პირას მიმიყვანეს. მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო, რამეთუ ვერ შევურიგდებოდი და ვერც გულგრილად გადავიტანდი ყოველივე იმას, რაც გარშემო ხდება" - წერდა მეუფე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

   1976 წლის 31 მარტს (ძვ. სტ.) მთავარეპისკოპოსი ამბერკი გარდაიცვალა. უკანასკნელ დღეებში ის თურმე ჩუმად იმეორებდა: „ლაზარე ავადაა", რითაც თითქოს წინასწარ გრძნობდა თავისი გარდაცვალების დღეს. იგი სწორედ მართალი ლაზარეს ხსენების დღეს აღესრულა. მესამე დღეს, ლაზარეს შაბათს მეუფე მიწას მიაბარეს, მამა სერაფიმემ კი მონატრის მატიანეში შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: „ძმობას აცნობეს, რომ გარდაიცვალა ჩვენი სულიერი მოძღვარი და ღვთისმეტყველების მასწავლებელი, მთავარეპისკოპოსი ამბერკი ჯორდანვილველი, ახლა კი ნამდვილად დავობლდით. დადგა დრო სულიერი „უხელისუფლობისა". გაურკვეველია, გამოჩნდება თუ არა ვინმე, ვინც შესძლებს ამ სულიერი მემკვიდრეობის გაგრძელებას. ჩვენი ძმობა დღეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს: ისე როგორც არასდროს, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭეშმარიტი სწავლებისა და წმ. მამათა სულისკვეთების ქადაგება და დამოწმება".

   რამოდენიმე დღის შემდეგ მამა სერაფიმე ასე გამოეხმაურა მეუფე ამბერკის სიკვდილს: „იგი უდიდესი, აუნაზღაურებელი დანაკლისია ყველა ჩვენთაგანისათვის. მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე მივხვდით, რომ ის იყო „ცოცხალი დამაკავშირებელი რგოლი წმიდა მამებთან". ჩვეულებრივ, ყოველივე ამას მხოლოდ მაშინღა ხვდებიან, როდესაც ადამიანი უკვე გვერდით აღარ არის".

   დაკრძალვის დღეს, რომელსაც მონასტრიდან მამა გერმანე ესწრებოდა, აღმოჩნდა, რომ მეუფე ამბერკის თვით გარდაცვალების შემდეგაც ებრძოდნენ წესის აგებაზე, რომელსაც მისი მეგობარი სამღვდელოება აღასრულებდა, „ზემართლმადიდებლური" დაჯგუფების მღვდელმსახურებმა თანამლოცველობაზე დემონსტრაციულად უარი განაცხადეს, რადგან იქ იმყოფებოდა მეუფისათვის პატივის მისაგებად მოსული მღვდელმთავარი, რომელიც სხვა მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციას ეკუთვნოდა. აღშფოთებული მრევლის წინაშე ეს „ეკლესიის მსახურნი" ღვთისმსახურებასაც კი თავის „პოლიტიკურ" შეხედულებათა დემონსტრირებისათვის იყენებდნენ. მთავარეპისკოპოსი ამბერკი კი გარდაცვალების შემდგომაც ამხილებდა მათ თავისი ნაწერებით: „ეკლესია სულის გადარჩენისათვის მოგვეცა და არა სხვა რაიმესათვის! არ შეიძლება ის რაიმე იარაღად ანდა საკუთარი ვნებების თამაშისა და პირადი ანგარიშების გასწორების პლაცდარმად გამოვიყენოთ!"

   სასიკვდილო სარეცელზე მეუფეს სასოწარკვეთილება არ გაკარებია, მას უფრო განუმტკიცდა რწმენა ჭეშმარიტებისა და სიყვარულისა, რომელნიც მუდამ ღვიოდნენ მის გულში. მან იცოდა, რომ ჭეშმარიტება და სიყვარული დაამხობს ანტიქრისტეს, მისი ხანმოკლე გამეფების შემდეგ (გამოცხ. 12;12). რამოდენიმე თვის შემდეგ მამა სერაფიმემ ძილში მთავარეპისკოპოსი ამბერკი იხილა, თვალისმომჭრელ თეთრ შესამოსელში იგი ღვთისმსახურებას აღასრულებდა რუსეთის გადარჩენისათვის. დილით მამა სერაფიმემ ამის შესახებ მამა გერმანეს აუწყა და დასძინა, არც კი ვიცი ყურადღება მივაქციო ამას თუ არაო. ნუთუ დაგავიწყდა რა დღეა დღეს? - შეახსენა მამა გერმანემ - წმიდა მოციქულთასწორისა ამბერკისა, მეუფეს მფარველი წმინდანისა, ე.ი. დღეს მისი პირველი დღეობაა იმქვეყნად. აგრეთვე, დღეს შვიდი ეფესელი ყრმისა (მათი ცხოვრება წინასახეა საყოველთაო აღდგომისა) და ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ხსენებაა, რომელსაც არაერთხელ გადაურჩენია რუსეთი. ასე, რომ შენი სიზმრისეული ხილვა სულაც არ არის ჩვეულებრივი - იგი ნიშანია მეუფე ამბერკის სულის ქრისტესთან და წმიდანთა დასთან ერთად სუფევისა.

   მამა სერაფიმეს არ შეეძლო იმის დაშვება, რომ მთავარეპისკოპოს ამბერკის მემკვიდრეობა დავიწყებას მისცემოდა. მოგვიანებით მან გამოაქვეყნა წერილი სათაურით „უკანასკნელ ჟამთა ოქროპირი", სადაც აღნიშნული იყო მეუფე ამბერკის მოღვაწეობის მნიშვნელობა მსოფლიო მართლმადიდებლობისათვის. იგი წერდა: „მთავარეპისკოპოსი ამბერკი იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ბურჯი მართლმადიდებლობისა XX საუკუნეში არა მხოლოდ ამერიკისა და რუსეთისათვის, არამედ მთელი მსოფლიო ეკლესიისთვის. ჩვენ ისე შევეჩვიეთ მის მხურვალე სიტყვებს, მიმართულს ბოლო დროის განდგომილბის წინააღმდეგ, ვეღარც კი შევამჩნიეთ, რომ იგი იყო თითქმის ერთადერთი მართლმადიდებლური იერარქი, ვინაც ამგვარი სიმამაცითა და სიმართლით იცავდა წმიდა მართლმადიდებლურ ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტად „მოაკლდა წმიდაი" ჩვენს საცოდავ საუკუნეს. მაგრამ თუნდაც რომ აღარ იყოს ჩვენში ასეთი მტკიცე პყრობა სიმართლისა, მისი სწავლება მუდამ ჩვენთან იქნება. დღეს, მათთვის, ვისაც ჭეშმარიტად სწყურია მართლმადიდებლობის ერთგული დარჩეს, არ არსებობს უფრო მაღალი ხმა, ვიდრე ხმა ბოლო დროის ოქროპირისა - მთავარეპისკოპოს ამბერკისა".

 

 

წიგნიდან: „НЕ ОТ МИРА СЕГО" жизнь и учения о. Серафима роуза. Иеромонах дамаскин христенсен. 1995 калифорния. Стр. 689-700. 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება