მთავარი > შეიცანი ჟამი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მსოფლიო და ჩვენ - მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ნაწილი 2)
მსოფლიო და ჩვენ - მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ნაწილი 2)13-02-2018, 00:03 |
სრული ერთსულოვნება და ერთ აზრზე დგომა - აი, რა მოგვეთხოვება ღვთის სიტყვის სწავლებით ჩვენი - ყოველთა მართლმადიდებლ ქრისტიანთა მიზანშეწონილი, ნაყოფიერი და მაცხოვნებელი ერთიანობისათვის. ჭეშმარიტებაში გაერთიანების გარეშე მიუღწეველია ადამიანთა ნამდვილი ერთიანობა თანაზიარი მშვიდობითა და სიყვარულით, რომელიც ერთმანეთთანაც გააერთიანებს მათ და ღმერთთანაც შეაერთებს. ჰოდა, აბა, რა სიყვარულზე შეიძლება ლაპარაკი ჭეშმარიტებაში გაერთიანების გარეშე, როცა წმიდა პავლე მოციქული ცხადად გვეუბნება, რომ სიყვარულს „არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარის ჭეშმარიტებასა ზედა" (I კორინთ. 13, 6)! განა შეიძლება ერთსულოვნება და ერთი აზრი ჰქონდეთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს რომის კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან?! განა შესაძლებელია მათთან „გაერთიანება ჭეშმარიტებაში"? რა ჭეშმარიტი „ერთიანობა" შეიძლება ჰქონდეთ ქრისტიანებს იუდეველებთან, მაჰმადიანებთან თუ წარმართებთან? თანამედროვე „განმაერთიანებლები" კი მზად არიან თვით უღმერთოებსაც „გაუერთიანდნენ"! განა ეს აბსურდული არ არის?! მათ სურთ სრულიად სხვადასხვა სულისა და აზრების მქონე ადამიანები გააერთიანოს საპირისპიროდ წმიდა მოციქულის ზემოთ მოხმობილი ცხადი შეგონებისა, ამასთან ისე, რომ თითოეული თავისსავე შეცთომილებაში დარჩეს და კვლავაც განდგომილი იყოს ქრისტეს ერთიანი ჭეშმარიტებისაგან. ყოველგვარი პროზელიტიზმი (სხვათა მოქცევა თავის სარწმუნოებაზე - რედ.) მათ მიერ არასასურველადაც კია აღიარებული, დასაგმობ, უკანონო ქმედებად, და ამის გამო იკრძალება კიდეც. მათი ჭეშმარიტება კი არ არის მნიშვნელოვანი - ერთადერთი ღირებული და მხსნელი რამ, არამედ გაერთიანება ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი საშუალებებით როგორც თვითკმარი მიზანი. მაგრამ განა შეიძლება გაერთიანება თვითკმარი მიზანი იყოს? - გაერთიანებანი ხომ მრავალგვარი შეიძლება არსებობდეს, მათ შორის აშკარად დასაგმობიც, უარსაყოფიც თავისი დანაშაულებრივი მიზნების გმო, როგორიცაა, მაგალითად, ავაზაკთა გუნდი, ხშირად რომ ძალზე მტკიცე ურთიერთთავდებობითაა შეკრული და გარეგნულად საკმაოდ კეთილმეგობრული გრძნობებით შედუღაბებული მოჩანს! მაშ რა ვქნათ? ნუთუ უნდა შევხაროდეთ ასეთ „გაერთიანებას" და ვიწონებდეთ, მივესალმოთ მას როგორც ქრისტიანული სიყვარულის იდეალურ განხორციელებას?! და განა შეიძლება დადებითი მოვლენა იყოს ადამიანთა გაერთიანება სრული უგულებლყოფით და გათელვითაც კი იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ამქვეყნად მოიტანა და დაამკვიდრა ჩვენი ხსნისათვის ხორციელქმნილმა, ღმერთის მხოლოდშობილმა ძემ - უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ? აი, სწორედ ამგვარად დავსვამთ ჩვენ ამ კითხვას, რაკი განუწყვეტლივ გვესმის თანამედროვე „გამაერთიანებელთა" მზაკვრული, ზოგჯერ კი რაღაც ისტერიული მოწოდებანიც კი საყოველთაო გაერთიანებისაკენ! მართლაც ქრისტესთან ერთობისაკენ მოგვიწოდებენ ისინი, თუ... ბოროტსა ზედა მდგომ ამა ქვეყანასთან, რომელსაც ქრისტე საკუთარ თავსაც უპირისპირებდა და თავის ჭეშმარიტ მიმდევართაც?! და როცა ჩვენ ცხადად ვხედავთ, თუ როგორ ცდილობენ ეს „გამაერთიანებლები" ფეხდაფეხ მიჰყვნენ დროს, სათნო ყვნენ მის სულიკვეთებას, „ჩამორჩენილნი" კი არ იყვნენ, არამედ - ყველაფრით „თანამედროვენი"; თუ როგორი ქედმაღლური ზიზღით ეპყრობიან ყოვლივე იმას, რაც უწინ იყო ამ ქვეყნად ნამდვილი ქრისტიანული კეთილმსახურების აყვავების ჟამს, მაშინ ჩვენ უნებლიეთ ვრწმუნდებით, რომ ეს „გამაერთიანებლები" ქრისტესთან ერთობისთვის კი არ გვეძახიან, არამედ განგვაშორებენ მისგან! ისინი მოგვიწოდებენ მივატოვოთ ქრისტე და ბოროტსა ზედა მდგომ ამ ქვეყანას შევერთოთ, რომლის მთავარიც, მათივე განცხადებისაებრ, მალე უნდა მოვიდეს და მთელს მსოფლიოზე გაბატონდეს (ამჟამად მათ ხშირად წამოსცდებათ ხოლმე ასეთი არაორაზროვანი სიტყვები!). ეს მთავარი - სწორედ ის არის, რომლისთვისაც თვით ქრისტე წინასწარ უთხრობდა ურწმუნო იუდეველებს: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაითა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაი მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ" (იოანე 5, 43). და ისინიც უკვე მოელიან მას და ჩქარობენ ყველანი სასწრაფოდ გააერთიანონ მისი ხელმწიფების ქვეშ. ეს ხელოვნური, ბუნების საწინააღმდეგო გაერთიანება ყველასი და ყველაფრისა იმისთვის არის საჭირო, რომ გაუადვილონ მას (ანტიქრისტეს) ამქვეყნად უსწრაფესი გაბატონება და უზრუნველყონ მისთვის მტკიცე ძალაუფლება მთელს მსოფლიოზე. აი, სწორედ ესაა ნამდვილი მიზეზი მთელი ამ თანამედროვე „მოდერნიზმისა" და საყოველთაო-გამაერთიანებელი აურზაურისა! ანტიქრისტეს ამ მსახურთ ესაჭიროებათ უმტკივნეულოდ მოსპონ ქრისტიანობა, „განქარვებულ მარილად" აქციონ იგი, და იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ სურს მთლიანად განეშოროს ქრისტიანობას, დაუტოვონ მისი მხოლოდ გარეგანი სახე, მოჩვენებითობა, ისეთი რამ, რაც არაფრით არ დაავალედბულებს ადამიანებს - არც მტრებისთვის იქნება სახიფათო, და არც მოყვარეთათვის - მაცხოვნებელ-მხსნელი. აი, რას იქმან ისინი - ჭეშმარიტებას ხელოვნურად ცვლიან სიცრუით! ეს კი სწორედ ისაა, რაშიც უკვე დიდი ხანია დახელოვნებულია კაცთა ხსნის მტერი - ეშმაკი, და რაშიც მას ხალისით ეხმარებიან ღვთისგან განდგომილი ადამიანები, ისინი, ვისაც ქვეყნიურ სიკეთეთა მოსაპოვებლად ბოროტი სულისთვის მიუყიდია თავისი სული, რამეთუ ისინი ნამდვილად შვილნი არიან ამა ქვეყნისა, რომელიც ბოროტსა ზედა დგას. ქვეყანა ესე აშკარად კატასტროფისაკენ მიექანება და მისი დაღუპვაც უკვე შორს აღარაა. სად ვიქნებით ჩვენ? ვის მხარეს? ნუთუ ჩვენ დავივიწყებთ, რომ ქრისტიანები ვართ, არა ამის სოფლისაგანნი, როგორიც თვით ქრისტე იყო ამქვეყნად (იოანე 17, 16)?! და ნუთუ ეს ქვეყანა შეძლებს ჩვენს დამონებას იმ ზომამდე, რომ მისი გულისთვის, მის მომატყუებელ და წარმავალ სიკეთეთათვის ჩვენ მზად ვიქნებით მივატოვოთ ჭეშმარიტი ქრისტე დ მის ნაცვლად ცრუ-ქრისტე მივიღოთ, ანუ ანტიქრისტე ვაღიაროთ?! ნუ იყოფინ! მაგრამ თუ ეს არ გვინდა, თუკი ნამდვილად გვსურს არ ვუღალატოთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს და ბოლომდე დავიცვათ ერთგულება მისი ჭეშმარიტებისადმი, მაშინ ჩვენ უდიდესი და უცილობელი მოვალეობა გვეკისრება - გადაჭრით განვეშოროთ ყოველივე იმას, რაც ღვთისაგან განდგომილების ბეჭედს ატარებს, და უშიშრად განვკერძოვდეთ ყველა იმათგან, ვინც უკვე დასდგომია ღმერთისაგან განდგომის წარწმყმედ გზას. ამისთვის ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის ღირსშესანიშნავი გაფრთხილება, რომელიც ჯერ კიდევ ასი წლის წინათ მოგვცა დიდმა რუსმა მანათობელმა კანდელმა ეგნატე ბრიანჩანინოვმა, წინასწარ რომ განჭვრიტა მაშინ ჩვენი აწინდელი დრო: „განდგომილება დაშვებულია ღმერთის მიერ: ნუ ცდები შეაჩერო იგი შენი უძლური ხელით. განერიდე მას, შემოიზღუდე თავი მისგან შენ თვითონვე, და ეს საკმარისი იქნება შენთვის! გაეცანი დროის სულს, შეისწავლე იგი, რათა შეძლებისდაგვარად აიცილო თავიდან მისი ზეგავლენა!" „და სოფელი ესე წარხდეს და გულის თქუმაი მისი, ხოლო რომელმან ყოს ნებაი ღმრთისაი, იგი ეგოს უკუნისამდე" (1 იოანე 2, 17). მაშ, ვიყოთ ღმერთთან, ქრისტესთან, და არა - ამა ქვეყანასთან! ვერიდოთ ყოველგვარ ცთუნებას ლამაზი და შემპარავი სიტყვებით „მეტნობისაითა" (კოლას. 2, 4)! და შევიცნობთ რა დროის სულს, მტკიცე გადაწყვეტილებით აღვივსოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, გავერიდოთ მას, გავწყვიტოთ ყოველივე ის, რაც კი მასთან გვაკავშირებს! აი, ასეთია, და მხოლოდდამხოლოდ ასეთი, ჭეშმარიტი გზა თანამედროვე მსოფლიოსაგან თითოეული ჩვენგანისა და მთელი ჩვენი ეკლესიის განკერძოებისა, თუკი ნამდვილად გვსურს ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიად დავრჩეთ!
წიგნიდან „თანამედროვე მსოფლიო და მართლმადიდებელი ეკლესია" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |