მთავარი > შეიცანი ჟამი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მსოფლიო და ჩვენ - მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ნაწილი 1)

მსოფლიო და ჩვენ - მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ნაწილი 1)


12-02-2018, 00:03

 

„სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმან იგი ვერ იცნა" (იოანე 1, 10). „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომლისათვის სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცმულ არს და მე - სოფლისა" (გალატ. 6, 14). 

 

   ორი მოახლოებული უდიდესი დღესასწაულის წინ - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობისა, რომელიც სოფელსა შინა ცხოვრობდა, მაგრამ არ იყო „ამა სოფლისაგანი", რის გამო ღირს-იქმნა კიდეც თვით უფლის დედად შექმნილიყო, და უფლის პატიოსანი ჯვარის ამაღლებისა - უპრიანია ასეთი კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს: რა მიმართება გვაქვს თვით ჩვენ ამა სოფლისადმი - იმ მსოფლიოსადმი, რომელიც დღეს ისე ცხადად, როგორც არასდროს, ამჟღავნებს თავის თავის ანტიქრისტიანულ ნიშან-თვისებებს?

   გარკვეული დათმობა ამა ქვეყნისადმი, უფრო სწორად, შეგუება-მისადაგება მისადმი, ანუ ის, რაც, მაგალითად, სამწყო ღვთისმეტყველებაში „სამოძღვრო გამოყენებად" იწოდება, რა თქმა უნდა, გარდაუვალია, ზოგჯერ კი სასარგებლოც: მაგრამ რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ყოველგვარ საზღვარს სცილდება და ნამდვილი განდგომაა ჭეშმარიტი ქრისტიანობისაგან, რომელიც არა არს ამა სოფლისაგანი.

   ქრისტე - მაცხოვარი ხომ ცხადად უპირისპირებს საკუთარ თავსაც და თავის მიმდევრებსაც ამა ქვეყანას, როცა ამბობს: „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულხართ თქუენ სოფელსა" (იოანე 15, 19).

   და ამ სიტყვებით ანუგეშებდა თავის მოწაფეებს: „უკუეთუ სოფელი გძულობს თქვენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა" (იქვე, მუხლი 18), და „სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოანე 16, 33).

   ასევე წმიდა მოციქულებიც ამგვარად ახასიათებენ ამა ქვეყანას: „ნუ გიყვარნ სოფლი ესე, ნუცაღა რაი არს სოფლისაი ამის! უკუეთუ ვისმე უყვარდეს სოფელი ესე, არა არს სიყვარული მამისაი მის თანა" (1 იოანე 2, 15), რადგანაც „ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" (იქვე, 5, 19).

   საგულისხმოა, რომ ამას სწორედ „სიყვარულის მოციქული" ამბობს - ქრისტეს საყვარელი მოწაფე წმიდა იოანე ღვთისმეტყველი, და არა - სხვა ვინმე.

   წმიდა მოციქული იაკობი კი, ხორციელად უფლის ძმა, კიდევ უფრო მძაფრად და გადაჭრით იტყვის ამის შესახებ: „მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყვარული სოფლისაი ამის მტერობა არს ღმრთისა? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების" (იაკობი 4, 4).

   ასე უყურებდნენ ამა ქვეყანას ყველა დროის ჭეშმარიტი ქრისტიანებიც - ქრისტიანული კეთილმსახურების მოღვაწენიც: რაკი გრძნობდნენ, რომ სოფლად, ერისკაცობაში ვერ შესძლებდნენ ყოფილიყვნენ ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები, ამიტომ ისინი გაექცნენ ამა ქვეყანას, საერო ცხოვრებას, რათა ღმერთს სათნო-ყოფოდნენ ისინი გაურბოდნენ ამა ქვეყანას მაშინაც კი, როცა იგი უკვე წარმართული კი არ იყო, როგორც თავდაპირველად, არამედ - ქრისტიანული.

   ამიტომ ცხადია, რომ ქვეყნიურ ცხოვრებასთან ჭეშმარიტი ქრისტიანობის ამგვარ დაპირისპირებას, რომლისთვისაც ქრისტე-მაცხოვარი და წმიდა მოციქულები გვეუბნებიან, ყველა ვითარებასა და დროში აქვს თავისი ძალა თუ მნიშვნელობა. ამ, ზემოთმოყვანილ სიტყვებს ხომ ვერ ამოიღებენ საღმრთო წერილიდან, როგორც არ უნდა სურდეთ ეს თანამედროვე „ნეო-ქრისტიანებსა" თუ ე.წ. „პოსტქრისტიანული ეპოქის" - წარმომადგენლებს - „ეკუმენისტებსა" და სხვადასხვა მიმართულების „მოდერნისტებს!"...

   ქრისტესა და მისი მოციქულების ზემოთ მოყვანილი სიტყვების პირდაპირ საწინააღმდეგოდ ეს თანამედროვე „მოღვაწენი ქრისტიანობისა" ან ღიად ქადაგებენ ამა ბოროტსა ზედა მდგომ ქვეყანასთან შერწყმას, ან და პრაქტიკულად, საქმით ახორციელებენ ამგვარ შერწყმას, ამასთან თვალთმაქცურად ინიღბებიან სხვადასხვა კეთილხმოვანი, ხმამაღალი ფრაზებით, ზოგჯერ საღმრთო წერილიდან ნასესხებითაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, დამახინჯებულად განმარტებულით (ჯერ-ჯერობით ისინი ვერ ბედავენ ქრისტიანობის სავსებით უარყოფას). მათ სამსახურშია, მოცემულ შემთხვევაში, საუკუნეთა მანძილზე დამუშავებულ-დახვეწილი მთელი იეზუიტური კაზუისტიკა, რომლის მოშველიებითაც ყველაფრის „გამართლება" შეიძლება.

   და აი, სწორედ ეს შერწყმა ამა ქვეყანასთან, ესოდენ გაძლიერებულად პროპაგანდირებული დღეს, არის კიდეც ჩვენს დროში ყველაზე აშკარა ნიშანი ღვთისაგან განდგომილებისა!

   ნეტარ არს, ვისაც ესმის ეს, - ვისაც გულისხმა-უყვია დროის მრისხანე სიმპტომბი, დროისა, რომელსაც ანტიქრისტესაკენ მივყავართ.

   რამეთუ სწორედ ანტიქრისტე - ღმრთივსაძაგელი სატანის სულიერი წარმონაშობი - იქნება კიდეც „მთავარი იგი ამის სოფლისაი" (იოანე 12, 31), რომელიც „ბოროტსა ზედა დგას: იგი გაბატონდება ამა ქვეყანაზე იმ მიზნით, რომ ეცადოს მთლიანად დაუბრუნოს იგი სატანის ხელმწიფებას.

   ჩვენ კარგად ვიცით საღმრთო წერილიდან, თუ რით დამთავრდება ეს სამწუხარო მცდელობა (II თესალონიკ. 2, 8; ანტიქრისტე „უფლმან აღხოცოს სულითა პირისა მისისაითა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსვლისა მისისაითა"), მაგრამ ვაი, მათ, რომელნიც, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ცთუნებულნი მის მიერ, ამ წარსაწყმედლის ძეს შეუდგებიან!

   დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაგება-არგაგების ნიშნით, ყველა ადამიანი ორ ჯგუფად შეიძლება გავყოთ, რამეთუ ხდება აშკარა „გაცხრილვა":

   ნაწილს ესმის ყოველივე ის, რაც ამჟამად მსოფლიოში ხდება და, შეძრწუნებული, სიფრთხილის ყველა ზომას იღებს, რათა არ გაატაცებინოს თავის ღვთისგან განდგომილები ამ დამღუპველ ნაკადს, რომელიც უკანასკნელ წლებში მეტად გამალებული მიექანება და ყოველივეს წალეკვით ემუქრება;

   სხვანი კი ... დაბრმავებულან მაგრამ ეს სიბრმავეც ორგვარია: ერთი - უბრალოა, რამეთუ ქვეცნობიერია, აღმოცენებული აღსრულებად მოვლენათა შეუგნებლობისა და ჯეროვნად შეუფასებლობისაგან, მეორე კი - შეგნებულია: ასეთი სიბრმავით მოწყლულ ადამიანებს რაღაც ესმით, ისინი რაღაცას გრძნობენ, მაგრამ შეგნებულად ხუჭავენ თვალებს ყველაფერზე, რადგან ამა თუ იმ ხორციელ ვნებებს არიან დამონებულნი, ხორციელი ვნებები კი, როგორც ცნობილია, აბნელებენ სულიერ ხედვას.

   და რა ბევრი რამ უწყობს დღეს ხელს ამ სულიერ სიბრმავეს!

   სატანა და მისი მსახურები ხომ იშვიათად ეცხადებიან ადამიანებს საცთუნებლად თავისი ბუნებრივი - ბოროტი სახით: „რამეთუ თვით იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა" და „მსახურნიცა... მისნი გარდაიცვალნენ ვითარცა მსახურნი სიმართლისანი" (II კორინთ. 11, 14-15). ამიტომაც ყოველივე ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, ძალზე ბევრს მიმზიდველად, ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღმოცენებადაც კი ეჩვენება. ავიწყდებათ ამ ადამიანებს, რომ სატანა დასაბამიდანვე მტყუვარი, ცილისმწამებელი და კაცისმკვლელია (იოანე 8, 44), და მისი ყველა მსახურიც ასეთია, ოღონდ გარეგანი სახე აქვთ მიღებული სიმართლის მსახურებისა.

   ჩვენი დროისათვის მეტად სიმპტომატურია მოწოდება საყოველთაო გაერთიანებისაკენ: ამჟამად ყველანი, ვითომცდა, მზად არიან გაერთიანებისათვის და დავიწყებას აძლევენ თავიანთ უწინდელ გაყოფას - ყოველივე იმას, რაც განყოფდა მათ.

   და ბევრ ადამიანს ეს ძალზე აცთუნებს.

   მართლაცდა, თითქოს, მშვენიერი რამ არის - დავივიწყოთ ყველა დაყოფა-განხეთქილება, უკუვაგდოთ ყოველგვარი უთანხმოება და ურთიერთმტრობა და სიმშვიდით, სიყვარულით ვიცხოვროთ ერთურთთან?!

   განა ასეთი ერთიანობისაკენ არ მოუწოდებდა ადამიანებს თვით იესო ქრისტეც, როცა ასე ილოცვიდა მამა-ღმერთის წინაშე: „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარც შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩვენ შორის ერთ იყვნენ"... (იოანე 17, 21)?

   განა ყველას თანაზიარი მშვიდობისა და ძმური სიყვარულისაკენ არ მოგვიწოდებდა იგი?

   დიახ, ყოველივე ეს სწორია, მაგრამ იმგვარი გაერთიანებისაკენ, ისეთი მშვიდობისა და ძმური სიყვარულისაკენ როდი მოუწოდებდა იესო ქრისტე ადამიანებს, როგორთა მიმართაც თანამედროვე „გამაერთიანებლები" მოგვიწოდებენ - „ეკუმენისტები", „მოდერნისტები", „ნეო-ქრისტიანები" თუ სხვანი, სულ ერთია, რა სახელითაც არ უნდა ხმობდნენ ისინი საკუთარ თავს!

   ქრისტე-მაცხოვარი ყველა ადამიანს მოუწოდებს გაერთიანდნენ იმ საღმრთო ჭეშმარიტებაში, რომელიც თვითონ დაამკვიდრა ამქვეყნად ადამიანთა ხსნისათვის.

   „მე ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი, - უთხრა მან პილატეს. - ყოველი, რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისაი" (იოანე 18, 37).

   ჭეშმარიტება, ქრისტეს ღვთაებრივი მოძღვრები წმიდა და შეურყვნელი ჭეშმრიტება - აი, ერთადერთი საზომი და ერთადერთი მიზეზი ადამიანთა ნამდვილი, მაცხოვნებელი, ღვთის სათნო ერთიანობისათვის.

   ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანება არაბუნებრივი იქნება - ნაძალადევი, ხელოვნური, არაგულწრფელი, რადგან მასში სიცრუე და სიყალბე იმძლავრეს.

   წმიდა პავლე მოციოქულიც ხომ, როცა ქრისტიანებს ერთიანობისაკენ მოუწოდებს, ცხადად ამბობს, თუ რას გულისხმობს ამ ერთიანობაში და როგორი უნდა იყოს იგი: „ხოლო გლოცავ თქვენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რაითა მასვე (ანუ ერთსა და იმავეს) იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქვენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა" (რათა შეერთებულნი იყოთ ერთი სულითა და ერთი აზრითო - I კორინთ. 1, 10); და კიდევ: „აღავსეთ სიხარული ჩემი, რაითა მასვე ჰზრახვიდეთ და იგივე სიყვარული გაქუნდეს; ერთ-სულ და ერთ-ზრახვა იყვენით", ანუ ერთი აზრები გქონდეთ, ერთი სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთი აზრის მქონენიო (ფილიპ. 2, 2). (გაგრძელება...)

  

 

წიგნიდან „თანამედროვე მსოფლიო და მართლმადიდებელი ეკლესია" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება