მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობის არსი და თანამედროვე ბრძოლა მის წინააღმდეგ

მართლმადიდებლობის არსი და თანამედროვე ბრძოლა მის წინააღმდეგ


16-12-2019, 00:02

 

მართლმადიდებლობის არსი და თანამედროვე ბრძოლა მის წინააღმდეგ

 

 

   ...მთელი დიდმარხვა, რომელიც დასრულდება უფლის ვნებათა მოხსენიებით, ჩვენთვის - კაცთათვის და ჩვენი ცხოვნებისათვის რომ იტვირთა იესო ქრისტემ, და რომელსაც აგვირგვინებს წმიდა აღდგომის ძლევაშემოსილი ზეიმი - წარმოადგენს ყოველი ქრისტიანისათვის აუცილებელი მოსაგრე ცხოვრების სრულყოფილ სახეს; ამ გზას უნდა ადგეს ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე, თუკი ნამდვილად სურს თვით ღმერთის მიერ ადამიანისათვის განსაზღვრულ საბოლოო მიზანს მიაღწიოს - ღმერთთან თანაზიარობის დაუსრულებელ სიხარულს ეწიოს.

   სწორედ ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტი ქრისტიანობის, ანუ მართლმადიდებლობის არსი.

   კაცთა მოდგმის მტერმა კი, რაკი ხანგრძლივი და წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ დაინახა, რომ არ ძალუძს ჭეშმარიტი ქრისტიანობის სრული მოპობა, ჩვენს დღეებში მოიგონა ახალი ხერხი მის „გასაუვნებელყოფად" - სცადა ექცია იგი „განქარვებულ მარილად". ამისთვის ბოროტმა სულმა გამოიყენა თავის მორჩილ იარაღად ქცეული ცოდვილი ადამიანები, მათ შორის წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები და იერარქებიც კი, რომელთაც უღალატეს თავიანთი სამღვდელმთავრო ფიცს. ამ ადამიანთა მეშვეობით აამოქმედა ეშმაკმა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალება და აწ უდიდესი მზაკვრობით შემოაქვს ჩვენი ეკლესიის წიაღში ეგრეთ წოდებული „ნეო-ქრისტიანობა", რომლითაც ცდილობს შეცვალოს ჭეშმარიტი ქრისტიანობა, ამასთან რაღაც „ახალი ეპოქის" დადგომასაც კი აცხადებს ქრისტიანობაში, როცა ყოვლივე ის, რაც წარსულიდან მიგვიღია, უნდა დავიწყებას მიეცეს და უარყოფილ იქნას როგორც ვითომცდა „მოძველებული" და „საწინააღმდეგო თანამედროვე ცხოვრებისა", ანუ ისეთი რამ, რაც „ამუხრუჭებს კაცობრიობის პროგრესს"! დღითი დღე სულ უფრო ხმამაღლა გაისმის მოთხოვნა „განწმიდონ" ქრისტიანობა, სხვანაირი გახადონ იგი, ისეთი, რომელიც უპასუხებს „დროის სულს" და აღარ იქნება ისეთი, როგორიც ოდითგანვე იყო, ანუ აღარ იქნება ჭეშმარიტად მართლმადიდებელი.

   ამ „ახალი ქრისტიანობის" არსი, რომელსაც ზოგნი სახელსდებენ „ვარდისფერ" ქრისტიანობად, მდგომარეობს უარის თქმაში ქრისტიანულ ღვაწლსა და მოსაგრეობაზე, ყოველგვარ ბრძოლაზე ბოროტებასთან საღმრთო სიმართლის დამკვიდრებისათვის, ძალისხმევაზე ადამიანთა ხსნისათვის. ეს არის მოჩვენებითი, გარეგნული ქრისტიანობა, მოკლებული მძლე ნებელობას, პასიური, უმოქმედო, ხელებჩამოყრილი ბოროტების წინაშე, ისეთი, მოქმედების თავისუფლებას რომ ანიჭებს ყოველივე ბოროტს თითოეული ადამიანის სულშიც და მთელს ქვეყნიერებაზეც.

   ამჟამად უკვე დაწყებულია მოწოდებანი მერვე მსოფლიო საეკლესიო კრების სასწრაფოდ და უსათუოდ მოწვევისათვის, რომელიც წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ამ ცვლილებას „დააკანონებდა" და ყველასთვის აუცილებელს გახდიდა, გამოაცხადებდა რა ასეთი „რეფორმების" მოწინააღმდეგეებს, ანუ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი კეთილმსახურების დამცველებს, საუკუნეთა სიღრმიდან რომ მომდინარეობს მისი უდიდესი დამფუძვნებლებისაგან, „შფოთისთავებად" და „განხეთქილების შემომღებებად:", რომლნიც გაკიცხვასა და მკაცრ „საეკლესიო სასჯელს" იმსახურებენ.

   განსაკუთრებით მწვავე ბრძოლა ამ მიმართულებით - ბრძოლა წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოების თვით არსის წინააღმდეგ - დაიწყო ჩვენი მართლმადიდებელი რუსეთის დანგრევის დროიდან.

   რუსეთში, რომელიც ღვთისმბრძოლ ბოლშევიკებს ჩაუვარდათ ხელში, ჭეშმარიტ ეკლესიას საშინელი სისხლიანი დევნულების ჟამი დაუდგა; იმავდროულად აღმოცენდნენ „ცრუ-ეკლესიებიც" - ე.წ. „ცოცხალი ეკლესია" და „განახლებადი ეკლესია", რომელთაც მიზნად დაისახეს ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნეო-ქრისტიანობით შენაცვლების ზემოხსენებული იდეების განხორციელება.

   მაგრამ სარწმუნოების დევნულება - არახელსაყრელი ნიადაგია ამგვარი იდეების განხორციელებისათვის, ამიტომაც ამ ცრუ-ეკლესიებს წარმატება არ ჰქონიათ რუსეთში, მაგრამ სამაგიეროდ ეს იდეები თავისუფალ ქვეყნებს გადაედო და იქ საკმაოდ ფართოდ გავრცელდა, თუმცა მაშინვე კი არა, არამედ - თანდათანობით.

   მართლმადიდებლობაში ასეთი რეფორმების გატარების პირველი სერიოზული მცდელობა იყო 1923 წელს კონსტანტინოპოლში მსოფლიო პატრიარქ მელეტი IV-ის მიერ მოწვეული ე.წ. „სრულიად მართლმადიდებლური კონგრესი", რომლის დღის წესრიგშიც შემდეგი საკითხები იყო: 1. ეპისკოპოსებისთვის ქორწინების დაშვება; 2. სამღვდელოთათვის მეორედ ქორწინების დაშვება; 3. ახალი სტილის შემოღება; 4. ღვთისმსახურების შემოკლება; 5. მარხვების შემოკლება; 6. ბერ-მონაზვნობის გაუქმება; 7. მღვდელმსახურთა შესამოსელის გამარტივება და სხვა. მხოლოდ ამ არასრული ჩამონათვალიდანაც კარგად ჩანს, თუ რა სურდათ მართლმადიდებლობის რეფორმატორებს: მათი მიზანი იყო სრულიად მოესპოთ მართლმადიდებლობაში ასკეტიზმის ის სული, ანუ ის ჭეშმარიტი ქრისტიანული მოსაგრეობა, რომელიც სწორედ არის კიდეც მართლმადიდებლობის არსი.

   მაშინ ეს პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და მისი ინიციატორი - პატრიარქი მელეტი, თავისი მორწმუნე სამწყსოს აღშფოთების გამო, იძულებული იყო დაეტოვებინა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტი. მაგრამ ცხოვრება მას შემდეგ „ძალზე წინ წავიდა" და ამ მცდელობებმაც, ყოველთვის რომ შეუსუსტებელი ენერგიით გრძელდებოდა, ბოლოს მეტი გამოხმაურება და თანაგრძნობა მოიპოვა. და აი, „პროსინოდებისა" და „კრებისწინა თათბირების" იდეები უკვე ჩვენს თვალწინ, უკანასკნელ ხანს იწყებენ განხორციელებას, საბოლოოდ იმ ანგარიშით, რომ ადრე თუ გვიან მოწვეულ იქნას ვითომცდა ესოდენ აუცილებელი „მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება", რომელმაც უნდა განახორციელოს ყველა ეს „რეფორმა" და ახალ ყაიდაზე გადაიყვანოს წმიდა მართლმადიდებლობა.

   თავიანთი საქმიანობის მეტი წარმატებისა და ზემოხსენებული მიზნების უფრო სწრაფად მიღწევისათვის, ამ მოდერნისტმა-ლიბერალებმა - მართლმადიდებლობის დაუპატიჟებელმა რეფორმატორებმა, რომელნიც უკვე საგრძნობლად მომრავლებულან ყველა ადგილობრივ მართლმადიდებლ ეკლესიაში, შექმნეს ერთიანი ფრონტი: ყველანი ჩაებნენ ეგრეთ წოდებულ „ეკუმენურ მოძრობაში", მიზნად ყველა ქრისტიანის „ერთიან ეკლესიაში" გაერთიანება რომ დაუსახავს, რადგან ასეთი ეკლესია, ადამიანთა ცოდვიანობისა და სიყვარულის სულისაგან მოკლების გამო, მათი აზრით, თითქოს, უკვე აღარ არსებობს ამქვეყნად.

   ამ „ეკუმენურმა მოძრაობამ", თავდაპირველად რომ მხოლოდ პროტესტანტული იყო, წარმოქმნა მსოფლიო მასშტაბის მძლავრი ორგანიზაცია - უზარმაზარი მატერიალური სახსრებისა და შესაძლებლობების მქონე „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო", რომელშიც დღეისათვის თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიაა შესული.

   მაგრამ თუკი პროტესტანტებისა და სექტანტებისათვის ასეთი ორგანიზაცია გარკვეული აზრით ბუნებრივია, რადგან მათ დაუკარგავთ ერთიანი ჭეშმარიტი ეკლესია და ისინი ეძებენ (თუმცა კი არა იქ და არა იმ გზით, რომელიც ჯერ-არს!) ამ დაკარგულ ერთიანობას, - მართლმადიდებელთათვის, პირიქით, ამ ორგანიზაციაში შესვლა ბუნების საწინააღმდეგო ქმედებაა, მეტიც, ასეთი რამ მანკიერებაცაა და დანაშაულიც! მართლმადიდებელთა შესვლა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში საღი აზრით შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმ სურვილით - შეერწყან ეკლესიიდან მოკვეთილ პროტესტანტულ სამყაროს, რომელიც მიუღებელია მართლმადიდებლური ცნობიერებისათვის, რადგან ამგვარი შერწყმა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია აღსრულდეს მხოლოდ განდგომით ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაგან. თუკი ჩვენ უფრო ახლოს გავეცნობით იმ შეხედულებებს, რომლებსაც ღიად გამოთქვამენ ეს მართლმადიდებელი „ეკუმენისტები", ადვილად დავრწმუნდებით, რომ ნამდვილად ასეცაა.

   თავიანთ საზოგადოებრივ გამოსვლებში „მართლმადიდებელი ეკუმენიზმის" ეს ცნობილი ბელადები სინდისის ყოველგვარი ქენჯნის გარეშე აცხადებენ, რომ მათი საქმიანობის მთავარი ამოცანაა ნებისმიერ ფასად „ყველა ქრისტიანის გაერთიანება", იმისდა მიუხედავად, თუ რა რელიგიური და დოგმატური განსხვავებაა მათ შორის. „თუკი ყველა ქრისტიანულ ეკლესიას სწამს ქრისტე, მაშინ, აი, თვით ქრისტე აერთიანებს მათ ყველას!" - ეს სიტყვები გვესმის ჩვენ გამუდმებით, თუმცა ზოგჯერ მათ სხვადასხვა კილოზე წარმოთქვამენ, მაგრამ არსი ერთი და იგივე რჩება. სიტყვაც არ ითქმება მასზედ, რომ ნამდვილი ერთიანობა შესაძლებელია მხოლოდ ჭეშმარიტებაში გაერთიანებით, - სწორედ იმ ჭეშმარიტებაში, რომელიც იესო ქრისტემ დაამკვიდრა ქვეყნად და რომლის დაცვაც თავის ჭეშმარიტ ეკლესიაში გვიბრძანა, უძლეველში, ყოველთვის არსებულში ამქვეყნად და დღესაც ცოცხალსა და მოქმედში.

   ჩვენი დღეების მართლმადიდებელ ეკლესიებში სულიერი დაკნინების მეტად სამწუხარო სიმპტომია ისიც, რომ „ეკუმენიზმის" იდეები ხშირად არც თუ „იდეურად" და არც თუ „უანგაროდ" ვრცელდება მათი გავრცელების საქმეში დიდ როლს თამაშობენ კარიერასთან და მატერიალურ სარგებლობასთან დაკავშირებული ფაქტორები. ეკუმენისტობა სარფიანი საქმე შეიქმნა, რადგან იგი უზრუნველყოფს მისი მიმღებისათვის კარიერასაც - სწრაფ ზეაღსვლას იერარქიულ საფეხურებზე, - სრულ მატერიალურ კეთილდღეობასაც.

   აი, უმთავრესად, სწორედ ამით აიხსნება ეკუმენური მოძრობის წარმატება უკანასკნელ წლებში.

   მაგრამ რა უსასრულოდ შორსაა ეს ყოველივე ჭეშმარიტი ქრისტიანობისაგან, ნამდვილი სამოციქულო და წმიდა მამათამიერი მართლმადიდებლობისაგან!

   ჩვენ კი, ვისაც არ შეგვხებია ეს თანამედროვე სულიერი მომსვრელი ჟამი, კანონად უნდა დავიწესოთ ის, რომ ყოველმხრივ მოვიზღუდოთ თავი ღვთისაგან განდგომილი თანამედროვეობის ამ უმძიმესი სულიერი სნეულებისაგან და მტკიცედ გვახსოვდეს წმიდა პავლე მოციქულის გაფრთხილება: „ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარ-ძი განკრძალულად ხუალთ, ნუ ვითარცა უგუნურნი, არამედ ვითარცა ბრძენნი!" (ფეს. 5, 15).

   ქრისტეს ეკლესიის შვილებს, განსაკუთრებული მოვალეობა გვაკისრია - მუდამ გვახსოვდეს, რომ ყოვლად დაუშვებელია სიტყვის თქმაც კი ჭეშმარიტი ქრისტიანობის სულის შერიგებაზე თუ შეგუებაზე ამა ქვეყნის სულთან, რამეთუ ქვეყანა ესე ბოროტსა ზედა დგას; შეუძლებელია ჭეშმარიტების შერიგება ჩვენთვის ძალად თავსმოხვეულ ხორციელ სიბრძნესთან, რომელიც ეწინააღმდეგება საღმრთო სჯულს და მთლიანად უარყოფს ქრისტიანულ ცხოვრების მოღვაწებას.

   ჩვენს ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება მხოლოდ დოგმატების ერთობლიობა კი არ არის, რომელთაც ფორმალურად აღიარებენ, და არც ოდენ ბრძნულ აზრთა რაღაც განყენებული სისტემაა, არამედ - თვით ღვთის სათნო ცხოვრებაა, ქრისტესმიერი არსებობაა ამქვეყნად, ყოვლად წარმოუდგენელი და განუხორციელებელი იმ ასკეტური ღვაწლის გარეშე, რომელსაც პრაქტიკულად, გამოცდილებით გვასწავლის ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია ყოველი დიდმარხვის დროს, როცა თვალსაჩინო სიცხადით წარმოგვიდგენს, თუ რაში უნდა მდგომარეობდეს ეს ღვაწლი.

   ამგვარი ღვაწლის გარეშე კი არ არსებობს ჭეშმარიტი ქრისტიანობა, რამეთუ უამისოდ ცხოვნება შეუძლებელია!...

 


 

 

წიგნიდან „თანამედროვე მსოფლიო და მართლმადიდებელი ეკლესია" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება