მთავარი > საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > „ესე არს ჟამი სინანულისა! განვაგდოთ ჩვენგან ბნელი საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი!“ (ფრაგმენტი) (ნაწილი 2)
„ესე არს ჟამი სინანულისა! განვაგდოთ ჩვენგან ბნელი საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი!“ (ფრაგმენტი) (ნაწილი 2)15-12-2019, 00:02 |
ეკლესიისადმი მორჩილება ნიშნავს ეკლესიის საღმრთო სწავლებისადმი მორჩილებას, ანუ იმ ღვთაებრივი გამოცხადებისადმი, რომელსაც შეადგენენ საღმრთო წერილი და წმიდა საეკლესიო გადმოცემა, აღბეჭდილი წმიდა მოციქულებისა და მათი მემკვიდრე წმიდა მამების ავტორიტეტით, და მიღებულ-აღიარებული საერთო-საეკლესიო შეგნებით როგორც ყოვლად უეჭველი ჭეშმარიტება. ეს სწავლება - წმიდაა, უცთომელია, უცვლელია და ყველასათვის აუცილებლად სავალდებულოა. წმიდა და უცვალებლად დაცული მართლმადიდებელი სწავლება - უმთავრესი პირობაა საუკუნო ხსნისათვის; ამიტომ ნებისმიერი შეცოდება მის წინააღმდეგ ყველაზე მეტად არის დამღუპველი. შეგცოდე უფალო, მაგრამ არ უარგყავი, არ განგიდექი შენ! - ასე ვლოცულობთ ჩვენ ცოდვათა მონანიებისას. და ეს იმდენად მნიშვნელოვანი და არსებითია, რომ ეკლესია ასე ილოცავს მიცვალებულთათვის: უკეთუ შეგცოდა, მაგრამ შენგან არ განდგომილა, და უეჭველად სწამდა მამა და ძე და სული წმიდა, შენ - ღმერთი, სამობით განდიდებული და სამობით ერთი, მართლმადიდებლურად აღიარებული სულის უკანასკნელ აღმოხდომამდე. ამიტომაც მოწყალე იყავ მისადმი და რწმენა შენი საქმეთა ნაცვლად შეურაცხე და შენთა წმიდათა თანა, ვითარცა გულუხვი ხარ, განუსვენეო!... აი, რა დიდია სწორი - მართლმადიდებელი რწმენის მნიშვნელობა! იგი უმთავრესი საფუძველია ჩვენი საუკუნო ხსნისა, და ამიტომ - სინანულის ღვაწლისაც. აი, რატომაა ღრმა აზრი იმაში, რომ დიდმარხვის პირველ კვირას ეკლესია აღასრულებს მართლმადიდებლობის ზეიმს და ამ დღესასწაულზე, წმიდა პავლე მოციქულის ბრძანებისამებრ (I კორინთ. 16, 22 გალატ. 1, 8, 9), მრისხანე ანათემას უცხადებს - შეაჩვენებს წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოების ყველა მტერსა და მგმობს, ხოლო მის ყველა შესვენებულ დამცველსა და აღმსარებელს - საუკუნო ხსენებას მიაგებს, ისევე, როგორც - მრავალსა წელსა ცხოვრებას - აწ მცხოვრებ ერთგულ მორწმუნეებს. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ერთი საკმაოდ დამახასიათებელი ფაქტი: იმათაც კი, ვინც თავს ჯერ კიდევ „ქრისტიანად" თვლის, მაგრამ განდრეკია მართლმადიდებელ-ქრისტიანული სარწმუნოების სიწმიდეს, თანდათანობით მარხვის ღვაწლიც დაუკარგავთ: არც რომის-კათოლიკეებს (პაპისტებს) და არც პროტესტანტებს თითქმის არაფერი არ დარჩენიათ მარხვისაგან. იგივე შეიძლება ითქვას იმათ შესახებაც, რომელნიც მხოლოდ სახელადღა დარჩენილან „მართლმადიდებლებად": ნამდვილად მარხულობენ მხოლოდ ის მორწმუნენი, რომლებიც ჯერ კიდევ შეიგრძნობენ საკუთარ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებად, რომელთაც შეგნებული აქვთ თავი მართლმადიდებლებად და არ სიბრძნისმეტყველებენ მზაკვრულად, როგორც ამას მრავალნი იქმანს დღეს, როცა საკუთარ, აკვიატებულ აზრებს და გამოგონილ, ნაძალადევ შეხედულებებს წმიდა ეკლესიის სწავლებას უპირისპირებენ. სადაც მარხვა არ არის, იქ არც მართლმადიდებელი სარწმუნოებაა, დაე, თუნდაც მისი გარეგანი სახე დაცული იყოს! რამეთუ ოდენ გარეგნული, მოსაჩვენებელი კუთვნილება წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ვერავის ვერ აცხოვნებს! განკითხვის დღეს საუკუნო საღმრთო სასჯელისაგან ვერავის იხსნის ვერც მაღალი სასულიერო წოდება, ვერც ხმამაღალი ტიტული, ვერც სიმდიდრე და ვერც მნიშვნელოვანი მდგომარეობა საზოგადოებაში, ანუ - ვერანაირი ქვეყნიური უპირატესობა! უფრო პირიქით, ყოველივე ეს უფრო მეტ სასჯელს მოაწევს ადამიანის თავს, რადგან ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება! დღეს ძალზე მოდურია ლაპარაკი „სიყვარულზე", სხვათა „არგანკითხვაზე", „ყოვლის მიმტევებლობაზე". მაგრამ განა შეიძლება ქრისტიანი ეშმაკის, ანტიქრისტეს, მათი ბოროტი მსახურების „სიყვარულს" ქადაგებდეს - ამ მძვინვარე ღვთისმგმობთა, სარწმუნოებისა და ეკლესიის მდევნელთა, ჭეშმარიტების შემრყვნელ-დამმახინჯებელთა სიყვარულს?! სამწუხაროდ, ჩვენი დრო იქამდე იმივიდა, რომ მთლიანად შეურიგდა ბოროტებას, და - სათქმელადაც კი საშინელია! - ეს შერიგება ეშმაკისმიერ სიცრუესთან რაღაც ფსიქოპათოლოგიური სიყვარულითაა აღსავსე. ამჟამად ყოველ ნაბიჯზე გვხვდებიან ისეთი ადამიანები, რომელნიც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის სიტყვით, „იტყვიან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ" (ესაია 5, 20). მაგრამ, „ვაი, რომელნი ბრძენ არიან თავით თვისით და წინაშე მათსა ზედმიწევნულება!" - თვით უფალი გვეუბნება ამას ესაია წინასწარმეტყველის პირით. – „რომელნი განამართლებენ უთნოსა (ანუ დამნაშავეს) ქრთამისათვის და სამართალსა მართლისასა აღიღებენ" (იქვე, 5. 21. 32). სიყვარული, სხვათა არაგნკითხვა, ყოვლისმომტევებლობა - ამას ყოველივეს წმიდა სახარება ქადაგებს სწორედ ჩვენი პირადი ურთიერთობების გამო სხვა ადამიანებთან, ჩვენს მოყვასებთან, რაც სწორედ ჩვენს დროში გახდა უკიდურესად ღარიბი, და არა იმ აზრით, თითქოს, აუცილებელი იყოს შერიგება ეშმაკისმიერ ბოროტებასთან. ამჟამად ძნელად თუ მიუტევებს ვინმე თავის პირად მტრებს, მაგრამ სამაგიეროდ მეტად იოლად და ხალისით შუნდობენ ამქვეყნად სატანური ბოროტების მთესველებს და თვითონაც ურიგდებიან ამ ბოროტებას ქრისტიანული სიყვარულისა და ყოვლისმიმტევებლობის მზაკვრული საბაბით. სად არის წყარო ასეთ დამღუპველი მზაკვრობისა, ასეთ წარმწყმედელი სიყალბისა? - ეს სავსებით ცხადია ჯანსაღი ზნეობრივი გრძნობისათვის; ამჟამად ხომ პირდაპირ და ძალზე დაძაბულად ემზადებიან ანტიქრისტეს გაბატონებისათვის! აი, სწორედ ამისთვისაა საჭირო შეამზადონ ადამიანები. იმგვარად განაწყონ ისინი, რომ ადვილად და ხალისით, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე და დაუბრკოლებლად მიიღონ იგი! ამის მისაღწევად კი აუცილებელია მოხდეს ბოროტისა და კეთილის ცნებების აღრევა ადამიანთა შემეცნებაში, რათა აიძულონ ისინი უარი თქვან მათს გარშემო აღსრულებული ყველა მოვლენის მკაცრ კრიტიკულ შეფასებაზე, შეურიგდნენ ყოველივეს, რაც კი ხდება ან მოხდება - ყველანი გიყვარდეთ და არავინ არ განიკითხოთ არაფრის გულისთვისო. ტყუილად როდი ამბობდნენ ძველად ჩვენი კეთილმსახური წინაპრები, რომ ანტიქრისტე დიდი დახელოვნებით გამოიყენებს თავისი ბოროტი მიზნებისათვის სახარებისმიერ მცნებებსაც კი, საეკლესიო ცხოვრებაში კი - კანონიკურ წესებსაც მოიხმარს თავის სასარგებლოდ!... რაღაც ამის მსგავსი უკვე ხდება, თუმცა ანტიქრისტე ჯერ არ გამოჩენილა: მისი ტაქტიკა უკვე გაითავისეს ანტიქრისტეს ბოროტმა მსახურებმა, რომლებიც მის მოსვლას განამზადებენ. აი, სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი განუხრელად და მტკიცედ ვდგეთ, უპირველესად, სამოციქულო, წმიდა მამათა მიერ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, რომელსაც საზეიმოდ აღიარებს ჩვენი წმიდა ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმზე, დიდმარხვის პირველ კვირას, როცა შეაჩვენებს ყველა განდგომილს მისგან და ადიდებს მის ყველა ჭეშმარიტ დამცველს...
წიგნიდან „თანამედროვე მსოფლიო და მართლმადიდებელი ეკლესია"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |