მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, შეიცანი ჟამი, მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მოდერნიზმის შხამი
მოდერნიზმის შხამი18-01-2021, 15:33 |
„და აჰა მე უწყი, რამეთუ შემოვიდეს თქუენდა შემდგომად განსვლისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა და თვით თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილისა, რაითა განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა. ამისთვის იღვიძებდით!" (მოციქ. საქმე. 20, 29-31).
წარმართთა დიდი მოციქულის (რომელმაც სახარების ქადაგებით მოიარა მთელი სამყარო) გამაფრთხილებელი სიტყვები მაშინვე შესრულდა და სრულდება დღემდე. თითქმის ორი ათასწლეულის მანძილზე გამოჩენილი სხვადასხვაგვარი ცრუმოძღვრება როგორც მგელი, ისე იტაცებდა ქრისტეს სამწყსოს ცხვრებს: რამდენი ასეთი სწავლება აღიძრა თვით ქრისტეს ეკლესიის შიგნითაც, რომლებიც „იტყოდიან გულარძნილსა", ამახინჯებდნენ ქრისტეს სწავლებას და განადგენდნენ მოწაფეებს შემდგომად მათდა! ურიცხვი არიან ისინი! განსაკუთრებით ქრისტიანობის პირველი საუკუნეები აღიბეჭდა მთელი რიგი მავნე ერესების წარმოქმნით, რომლებიც ცდილობდნენ საფუძველშივე დაემახინჯებინათ ქრისტეს სწავლება, მაგრამ ისინი ამხილეს და გადაწყვეტით განსაჯეს მსოფლიო კრებებმა და ღმრთის სიტყვასა და საეკლესიო გარდამოცემასთან თანხმობით საუკუნოდ დაადგინეს ქრისტიანული სარწმუნოების ძირითადი ჭეშმარიტებები ანუ დოგმები. ამ ჭეშმარიტებების სწორ აღსარებად ითვლებოდა ის, „რაც წამდა ყველას, რაც წამდათ ყველგან, რაც წამდათ ყოველთვის". ქრისტიანული სარწმუნოების და ღმრთისმოსაობის ეს მართალი, ანუ მართლმადიდებლური სწავლება დადგენილია სრულად და საბოლოოდ და არ ექვემდებარება იმ დროიდან არავითარ ცვლილებას საუკუნო აღსასრულამდე, რაც საზეიმოდ გამოცხადდა კრებებზე და განმტკიცდა სამოციქულო ანათემით, რომელიც ჯერ კიდევ წმიდა პავლე მოციქულმა გამოთქვა ეპისტოლეში რწმენაშერყეული გალატელების მიმართ: „არამედ დაღაცთუ ჩუენ, გინა თუ ანგელოსი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ. უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ" (გლატ. 1. 8-9). ახლა კი, ჩვენს მზაკვრულ და მერყევ დროში ხშირად შეიძლება შევხვდეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს „ქრისტიანებს" კი უწოდებენ, მაგრამ თავს ნებას აძლევენ აღშფოთდნენ მოციქულის ამ ანათემაზე ან მკრეხლურად დასცინონ მას, - არ ცნობენ მის რაიმე ძალასა და მნიშვნელობას! ამასთან, თუმცა ჩვენს დროში თითქმის აღარ დარჩა ის ერესები, რომლებიც ოდესღაც ასე აღელვებდნენ ეკლესიას და განისაჯნენ მსოფლიო კრებების მიერ, ან დაკარგეს თავისი სიმძაფრე და ძველებური მონდომებით აღარ ეძებენ ადეპტებს, მაინც წარმოიქმნა სხვადასხვაგვარი სახესხვაობები. თვითონ ეკლესიის შიგნითაც აღიძვრება „მიმოქცევა" და „მოძრაობა", რომლებსაც ყოველთვის ვერ ვუწოდებთ ერესს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან პირდაპირ არ ილაშქრებენ ეკლესიის დოგმატური სწავლების წინააღმდეგ, მაგრამ რომლებიც თითქოს აუცილებელი „რეფორმის" საბაბით არ არღვევენ ქრისტიანული სწავლების საფუძველს სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის შესახებ, ცდილობენ აქციონ იგი „განქარვებულ მარილად", რომელიც ქრისტიანობისთვის უნაყოფოა. ესაა ეგრეთ წოდებული „მოდერნიზმი", ანუ თავისუფალი აზროვნება ქრისტიანული სარწმუნოებისა და ღმრთისმოსაობის - სარწმუნოებრივი ცხოვრების - ამა თუ იმ საკითხში. ეს ძალიან ცბიერი მოდერნიზმი, რომელსაც ბევრი ზედმეტად იოლად უყურებს, რადგან ვერ ხედავს მასში იმ დამღუპველ სულიერ საფრთხეს, რომელსაც ის წარმოადგენს, ჩვენს ცბიერ დროში წარმატებით ვრცელდება თანამედროვე ქრისტიანების „ნელთბილი" უმრავლესობის წყალობით. ამასთან, ეს ნამდვილი სულიერი შხამია, რომელიც წამლავს და კლავს ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას, ნელ-ნელა კლავს ქრისტიანთა სულებს. რა არის დღეს ასე მოდური მოდერნიზმის არსი? ის, რომ მოდერნიზმი ხელს უწყობს ყველა ადამიანურ ვნებას, აშორებს ადამიანებს შეგნებისგან, რომ ხსნისთვის უპირობოდაა აუცილებელი მუდმივი და გადმწყვეტი ბრძოლა ყველა ვნებასა და სურვილთან (იხ. მარკ. 8, 34-37, გალატ. 5, 24). მოდერნისტები საკმაოდ ცბიერნი არიან. ისინი პირდაპირ არ უარყოფენ ქრისტიანული სწავლების აშკარა და კატეგორიულ მოთხოვნებს: ისინი მხოლოდ ვერ ხედავენ რაიმე მყარს, შეურყეველს ქრისტეს სწავლებასა და საეკლესიო გარდამოცემაში, რომელიც ამ სწავლებაზეა დამყარებული. მათი აზრით, ყველაფერი შეიძლება როგორღაც „შერბილდეს", შეიცვალოს, მიესადაგოს ადამიანის ვნებებს, შეურიგდეს ბოროტებაში მყოფ ამ სოფელს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: მოდერნიზმი განუსაზღვრელი კომპრომისის რელიგიაა, რომლისთვისაც ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი ნებადართულია. ეს არ არის ქრისტეს ჭეშმარიტების სუფთა ღვინო, არამედ წყლით გაზავებული ღვინოა, როგორსაც არაპატიოსანი და ანგარებიანი მედუქნეები აკეთებენ, წმინდა წერილში გამოყენებული ნათელი მაგალითისამებრ. ეს „ნეოქრისტიანობა", როგორც ზოგიერთი მათგანი თავადვე უწოდებს მას, „ვარდისფერი" ქრისტიანობაა, მშვინვიერ-სენტიმენტალური, სუსტი, გაწყალებული, ღმრთის ძალა და მადლმოკლებული, განქარვებული მარილი, სახარების თქმით. მოდერნიზმს განსაკუთრებით ისინი ეტანებიან, ვისთვისაც უცხოა ნამდვილი ქრისტიანობა მისი მკაცრი ზნეობრივი მოთხოვნებით, მისი ასკეტური სულითა და ცხოვრების წესით, მისი შეურიგებლობით ბოროტებასთან. მძვინვარე ღმრთისმებრძოლების მიერ მიტაცებულ და შეურაცხყოფილ რუსეთში მოდერნიზმის შხამმა ისე მოწამლა იმ ღმრთისმსახურების სულები. ვინ იგემა იგი, რომ ისინი ყველაზე მძიმე მომაკვდინებლ ცოდვებამდე - გარყვნილებამდე და კაცის კვლამდე - მიიყვანა. საკმარისია გავიხსენოთ თავის დროზე იგავდაქცეული „ცოცხალი ეკლესიის" ცრუმიტროპოლიტი ალექსანდრე ვედენსკი, რომელსაც მორწმუნე რუსმა ხალხმა „სოდომისა და გომორის მიტროპოლიტი" დაარქვა და „ცოცხალი ეკლესიის" ის ცრუმწყემსები, რომლებმაც ბოლშევიკებს სასიკვდილოდ გადასცეს ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტი მსახურები დაწყებული წმიდა მოწამე ბენიამინით, პეტროგრადის მიტროპოლიტით და დამთავრებული რწმენის ბევრი სხვა ჭეშმარიტი აღმსარებლითა და ჭეშმარიტი ეკლესიის მოშურნეთ. მიუხედავად კეთილსახილველი მოტივებისა და მაღალი ლოზუნგებისა, მოდერნიზმი რწმენაში თანმიმდევრულად და აუცილებლად მიდის სრულ უპრინციპობამდე, თუმცა რწმენის დოგმატებს მოდერნისტები არ უარყოფენ, მაგრამ თავისუფლად და თვითნებურად განმარტავენ, ხოლო საეკლესიო კანონებს უკუაგდებენ როგორც „მოძველებულს", თითქოს ისინი არ პასუხობენ თანამედროვე ცხოვრების პირობებსა და სულს, ამიტომაც აუცილებელი არ არის მათი შესრულება, ამავე დროს მოდერნისტები მკაცრად იცავენ იმ კანონებს, რომლებიც სასარგებლოა მათთვის, პასუხობს მათ ინტერესებს, რომლებიც ასე თუ ისე შეძლებენ მათ მიერ დატრიალებული უკანონობის გამართლებას და მათ დაცვას ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანების სამართლიანი მხილებისგან. ასეთი კანონებით სარგებლობისას ისინი გულუხვად აფრქვევენ აკრძალვებს მარჯვნივ და მარცხნივ, იჩენენ სრულ დაუნდობლობას ქრისტიანული სინდისის მიხედვით მცხოვრებთა მიმართ და სრულ შემწყნარებლობას იმათ მიმართ, ვინც უხეშად არღვევს მათ მიერ „მოძველბულად" და „დროის სულისთვის შეუფერებლად" მიჩნეულ კანონებს. მოდერნისტებს მძვინვარედ სძულთ ის, რასაც ისინი, ჩვეულებრივ, „კონსერვატიზმს" ეძახიან, ანუ მტკიცე დგომა ჭეშმარიტად ქრისტიანულ რწმენასა და ჭეშმარიტ ქრისტიანულ ღმრთისმოსაობაში, - რწმენით ცხოვრება. ამ „კონსერვატიზმის" წინააღმდეგ განსაკუთრებული ბოროტების ამოხეთქვისას მისი დამცირების სურვილით, ისინი მას ზედმეტსახელად „შავრაზმელობას", „ბნელეთის მოციქულობასა" და „რეტროგრადობას" ეძახიან. გასაკვირია, რამდენადაც სიცოცხლისუნარიანია ეს ჭეშმარიტად სატანური ბოროტება! ამ ბოროტმა ზედმეტსახელებმა - „შავრაზმელობამ", „ბნელეთის მოციქულობამ" და „რეტროგრადობამ" - ჩვენს დრომდეც მოაღწია იმ სისხლიანი საშინელებების მიუხედავად, რომლებიც ჩვენს უბედურ სამშობლოს, მასთან ერთად კი ჩვენს წმიდა ეკლესიასაც დაატყდა და ამ „თავისუფლებისმოყვარეთა" შეუპოვარი პროგრესული მუშაობის შედეგად უხვი მოწამებრივი სისხლით მოირწყა! აი, უბედურება: პატიოსანი ადამიანები ძალიან ცოტა დარჩნენ! დღეს მსოფლიოს ბედს ნამდვილი გამოუსწორებელი ბოროტმოქმედები განაგებენ, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებით ცხოვრებას ცდილობენ და ისე შორს წავიდნენ თავის „პროგრესულობაში", რომ სულიერ სიბრმავეში ვერც კი ამჩნევენ, სხვა „რეტროგრადებთან" და „შავრაზმელებთან" ერთად სასიკვდილოდ განწირულები თვითონ რომ ითხრიან საშინელ სამარეს! ჭეშმარიტად არ არის მოდერნიზმზე უარესი ბოროტება ჩვენს დროში, რადგან ის ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ეკლესიის საფუძვლებს არყევს; ნელა, მაგრამ ზუსტად მოქმედი სასიკვდილო შხამით წამლავს ხალხის სულიერ ორგანიზმს.
წიგნიდან „თანამედროვე მსოფლიო და მართლმადიდებელი ეკლესია"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |