მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > შეშლილი მსოფლიო (ნაწილი 2)
შეშლილი მსოფლიო (ნაწილი 2)31-12-2017, 09:09 |
„საზოგადოებრივი ქველმოქმდება" ბევრისათვის მარტოოდენ თავისი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებაა, პოპულარულობის მოსაპოვებელი, ხან კი უბრალოდ ხელის მოსათბობიც. ასევე „პოლიტიკაც" - მხოლოდ დაწინაურების საშუალებაა, რათა ცნობილი გახდე, „მოიწყო კარიერა". „სამშობლოს მსახურება", „მოყვასზე ზრუნვა" და „მსხვერპლის გაღება" ახლა მხოლოდ პროპაგანდისათვის საჭირო ლამაზი სიტყვებია, რომლებიც რეალურად არაფრისმთქმელნი არიან. მაღალი თანამდებობები ბევრისათვის მხოლოდ გამდიდრების საშუალებაა. მართალია, საბედნიეროდ არიან გამონაკლისებიც, მაგრამ მათ სულ უფრო და უფრო იშვიათად ვხვდებით. რუსული სახელმწიფოებრიობა ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო ღვთის რწმენასთან, ქრისტეს ეკლესიასთან, ჩვენს ძირძველ ტრადიციულ მართლმადიდებლობასთან. აქედან ხომ აღარაფერი დარჩა არათუ იქ, სამშობლოში, სადაც ძალაუფლება უღმერთოთა ხელშია, არამედ ემიგრაციაშიც, სადაც ქადაგებანი მართლმადიდებლობაზე (თუკი ისინი ჯერ კიდევ ითქმებიან), მხოლოდ ლამაზ სიტყვებად შემორჩა, რომლებსაც ყურადაც კი აღარავინ იღებს. ერთნი ცდილობენ რუსეთი ინტერკონფესიალურ ქვეყანად აქციონ, სრულიად გამოყონ ეკლესია სახელმწიფოსაგან, მეორენი კი იმგვარ აბსურდამდეც კი მიდიან, რომ „ეკლესია უნდა ჩადგეს მონარქიის სამსახურში", და თუმცა ჩვენს ძველ ჰიმნში კვლავაც იმღერება სიტყვები - „მეფე მართლმადიდებელი", მაგრამ მომავალი მეფე რაღაც ზეკონფესიალურ არსებად წარმოუდგენიათ, რომლისთვისაც სულ ერთია მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, პროტესტანტობა, იუდაიზმი, მუსულმანობა, წარმართობა თუ ათეიზმი. განა ეს ჭეშმარიტად სიგიჟე არ არის? განა შეშლილები არ ჰქვიათ იმ ჩვენს „ვაი პოლიტიკოსებს", რომელთაც მოსურვებიათ ჩვენი ბედკრული ქვეყნის ერთი უბედურებიდან მეორეში ჩაგდება? ნუთუ არ ესმით, რომ თუკი ქრისტიანები ვართ, და თანაც მართლმადიდებლები, ჩვენს პოლიტიკაშიც პირველ ადგილზე, ყველაფერზე აღმატებულად უნდა იდგეს ქრისტიანული, მართლმადიდებლური მორალი, და რომ უამისოდ პოლიტიკა სხვა აღარაფერი იქნება, თუ არა უწესო თამაში ვისიმე ეგოისტურ ვნებათა დასაკმაყოფილებლად". თუკი წავიკითხავთ თანამედროვე ეგრეთწოდებული „თავისუფალი რუსული პრესის" წერილებს პოლიტიკურ თემებზე, ეს იგივე იქნება, რომ წამიერად ჭკუიდან შემცდართა გარემოში აღმოვჩნდეთ. სრული უგუნურებაა! აქ ყოველგვარი მორალი გამორიცხულია. სიცრუე, ინსინუაციები და ყველაზე ბილწი ცილისწამებები უხეშად იწოდებიან სიმართლედ და რუსი ხალხიც თავს იჭყიპავს ამ სისაძაგლით, ამ მომაკვდინებელი შხამით იწამლავს სულს და უფრო და უფრო უგუნური ხდება. როგორც სჩანს, ვიღაცისათვის უმთავრესი ამოცანაა ამ შხამის მომზადება და ეშმაკის ხლართებში გაბმული უბედური ხალხის მოწამვლა. შემაძრწუნებელია მომავალზე ფიქრი, თუ ყველაფერი კვლავ და კვლავ ასე გაგრძელდება, მაშინ იგი, რაღა თქმა უნდა, უიმედოა. მაგრამ უფრო საშინელი ისაა, რაც თანამედროვე ადამიანთა რელიგიურ და ეკლესიურ ცხოვრებაში ხდება. უპირველესად ვხედავთ საყოველთაო განდგომილებას - ქრისტესაგან სტიქიურ უკუქცევას და იმავდროულად ბოროტგანზრახულ ლაშქრობას ქრისტიანობის წინააღმდეგ, არა მარტო ჩვენთან, სამშობლოში, სადაც შეიქმნა „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი" და აღმოცენდა ეგრეთწოდებული „ღვთისმბრძოლთა ფრონტი", არამედ ყველგან, მთელს დანარჩენ მსოფლიოში. ჩვენს ქვეყანაში თითქოსდა დაბრუნდნენ ქრისტიანობის პირველი საუკუნეები და უხვ ნაკადებად წარმოდინდა ქრისტესთვის წამებულთა სისხლი, ინგრეოდა და იბილწებოდა ტაძრები, მონასტრები, უხეშად იქელებოდა ისტორიული სიწმინდეები, ხალხის სულიდან ყოველნაირი საშუალებებით იძირკვებოდა რწმენა ღმრთისა და მაცხოვრისა. მაგრამ ამასვე ვხედავთ ჩვენ ვითომცდა „თავისუფალ" დასავლეთში, სადაც ერთი შეხედვით შედარებით მსუბუქად გამოიყურება ყველაფერი, სადაც ასე აშკარად არ იღვრება სისხლი და რაც ფიზიკური ტანჯვა-წამებაა, არსებითად კი ყველაფერი იგივეა. იგივე მტრული შეურიგებლობა ქრისტეს მიმართ და დევნა მათი, ვინც შეუპოვრად იმარხავს მის ერთგულებას, ვისაც ჭეშმარიტად სწამს და ისწრაფვის ამ რწმენითვე იცხოვროს. ამგვარ ადამიანთათვის უკვე აღარ არის ადგილი დედამიწაზე. უკეთეს შემთხვევაში მათ მხოლოდ ითმენენ, აძლევენ რა უკიდურესად შემჭიდროებული არსებობის შესაძლებლობას შეზღუდვებითა და უუფლებობით. სამაგიეროდ, დიდ აღმავლობას განიცდის აშკარა თუ ფარული თაყვანისცემა სატანისადმი. საქმე იქამდე მიდის, რომ „ძლიერნი ამა სოფლისა" ოფიციალურად სცნობენ სატანის მსახურებს, რომლებიც დაუფარავად აღასრულებენ სატანის კულტს და პროპაგანდას უწევენ მას პრესისა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით. ინტენსიური მზადება მიმდინარეობს ყველა რელიგიის, ყველა ნაციისა და სახელმწიფოთა გაერთიანებისათვის. ამ მსოფლიო გაერთიანებას განსაზღვრული მიზნით რაღა თქმა უნდა, ხელმძღვანელობს წინააღმდგომი ქრისტესი - ანტიქრისტე, ვიზეც არაერთხელ უწინასწარმეტყველებიათ ეკლესიის უძველეს მამებს. მთელ დღევანდელ პოლიტიკას სწორედ ამისკენ მივყავართ, რასაც ვერ ამჩნევენ მარტოოდენ სულიერად ბრმანი, ხოლო უარყოფენ ისინი, ვინც ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, თანამონაწილენი არიან ამ საქმისა, ცხოვრობენ რა დღევანდელი დღით და თვალს ხუჭავენ იმ შედეგზე, რაც ამ სატანურ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს. ყველაზე სავალალო კი რაღა თქმა უნდა ისაა, რომ არც თანამედროვე ქრისტიანთა ეკლესიური ცხოვრება ჩამორჩება ამ საყოველთაო შეშლილობას, - ანტიქრისტესაკენ სწრაფვას, თუმცა, თავის თავად, რასაკვირველია ეს შენიღბულია ყოველგვარი კეთილსახიერი ვითომდა ქრისტიანული ლოზუნგებით. შემზარავი სურათია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან, მხოლოდ მაცდური სანახაობაა - შინაარსის გარეშე. აქ პირველ ადგილზეა პირადი გამორჩენა, ანგარება, პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა და მაამებლობა არა ღმრთისა მიმართ, არამედ საკუთარ ცოდვილ ვნებათა მიმართ, რაც თვალთმაქცურადაა შენიღბული რელიგიურობითა და ეკლესიურობით. ლაპარაკიც აღარ ღირს კაცობრიობის ისტორიაში იმგვარ გაუგონარ მოვლენაზე, როგორიცაა ეკლესიის უმაღლეს იერარქთა მონური მორჩილება უღმერთო ხელისუფლებისადმი, რაც არსებითად სხვა არაფერია, თუ არა უგონო მცდელობა ეკლესიის თვითლიკვიდაციისა. არც იმ საკმაოდ ანტიქრისტიანული ორგანიზაციის წევრია, რომლებიც მიზნად ისახავენ ქრისტიანობის განადგურებასა და კაცობრიობაზე ქრისტეს წინააღმდგომის - ანტიქრისტეს გამეფებას. შესაძლოა ყოვლივე ეს ზედმიწევნით ასე არაა, მაგრამ ფაქტია, რომ არ არის ყველაზე მთავარი და აუცილებელი - მტკიცე დადგრომა ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებასა და აღმსარებლობაში, რომელიც აგრერიგად მნიშვნელოვანია ჩვენს დროში. სულ უფრო მზარდი ღვთისაგან განდგომილების ფონზე აღარსადაა სიწრფელე, პატიოსნება, მკაცრი იდეურობა თუ პრინციპულობა, მზადყოფნა საკუთრივ მსხვერპლად შეწირვისა, არამედ მათ ნაცვლად მხოლოდ კარიერის ძებნას, განდიდებას, მატერიალურ გამორჩენას, მზაკვრობას, იეზუიტობასა და ფარისევლობას აქვს ადგილი, რომლებიც ერთადერთ მიზანს ასხამენ ფრთებს - მიიღონ რაც შეიძლება მეტი ამქვეყნიური სიკეთე. კეთილდღეობასა და სიამოვნებას ესწრაფვიან აქ, მიწაზე, ხოლო სიკვდილისშემდგომი ხვედრი, რომელიც საუკუნო ცხოვრებას გვპირდება, სრულად მივიწყებულია. თანამედროვე ეკლესიის სულიერი კრიზისის ამ სამწუხარო სურათს ჯერ კიდევ საუკუნის წინ გვიხატავდა წმიდა მღვდელმთავარი ეგნატე, რომელიც მიუთითებდა, რომ უკვე მაშინ ეკლესიის უმაღლეს იერარქებს ქრისტიანობის შესახებ ზერელე და არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ. ეს კი კლავდა სულიერ ცხოვრებას ქრისტიანულ საზოგადოებაში. თუკი ეს ჯერ კიდევ მაშინ შეიმჩნეოდა, რამდენად უარესია ახლა! და მართლაც! სულიერ ცხოვრებაზე თითქმის აღარავინ ფიქრობს, შემორჩა მარტოოდენ გარეგნული დეკორაციები, გარეგნულად კეთილშობილური ნიღბები, ხშირად კი აღარც ეს არსებობს, რამეთუ სრული უპრინციპობა და უმოქმედობა საკუთარ ვნებათა აშკარა მსახურებასთან ერთად გარეთაც ჟონავს და საჩინო (ადვილად შესამჩნევი) ხდება მხოლოდ მათთვის, ვისაც სინდისი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს და ვისთვისაც ყველაფერი ეს ძალზე მტკივნეულია. რაღა გასაკვირია, რომ მრავალი ჩვენს დროში, მოკლებულნი რეალურ სულიერ ხელმძღვანელობას, გარშემო მხოლოდ საცთურებსა და უზნეო მაგალითებს ხედავს, სრულებით სწყდება ეკლესიას და თვით ღვთის რწმენასაც კარგავს. განა ყველაფერი ეს შეშლილობა არაა? ერთი გაბედე მტკიცედ და დაუფარავად ილაპარაკო ამაზე, რომ მყისვე მრისხანედ შემოგიტევენ და ზემოთხსენებული ძველთაძველი წინასწარმტყველებისამებრ გეტყვიან: „შენ შეშლილი ხარ, რამეთუ არ გვგავხარ ჩვენ". აი, ჭეშმარიტად როგორ საშინელ დრომდე მოვაღწიეთ! მსოფლიო მართლაც შეშლილია და ამას ვეღარც კი ამჩნევს, ან არ უნდა რომ შეამჩნიოს! რა უნდა ვქნათ ჩვენ? ერთადერთი, რაც ამ გარემოცვაში დაგვრჩენია ისაა, რომ მთელი გულით ვილოცოთ ღმრთისა მიმართ, რათა განგვამტკიცოს რწმენაში როგორც ჩვენ, ასვე ჩვენი ახლობლებიც. მოთმინება მოგვანიჭოს ამ საყოველთაო შეშლილობის ჟამს, რომელიც აგრერიგად მძვინვარებს და რომლის მომსწრეთაც გვაგონდება საუკუნეთა სიღრმიდან გამოძახილი: „გადაირჩინე თავი შენი".
Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |