მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > შეშლილი მსოფლიო (ნაწილი 1)
შეშლილი მსოფლიო (ნაწილი 1)31-12-2017, 09:08 |
„დადგება ჟამი, როდესაც ხალხი შეიშლება, ხოლო ვინც არ შეიშლება მას ეტყვიან: შენ შეშლილი ხარ, რამეთუ არ გვგავხარ ჩვენ". ამას გვაუწყებს ერთ-ერთი უძველესი წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდება დედამიწაზე ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე. უკვე მრავალი წინასწარმეტყველება ასრულდა და კვლავაც სრულდება ჩვენს თვალწინ. ხომ არ მართლდება ახლა ეს წინასწართქმულიც? რამეთუ, რაც ახლა დედამიწაზე ხდება, სხვა ვერაფრით შეიძლება აიხსნას, თუ არა საყოველთაო, მასიური შეშლილობით, რომლისგანაც მხოლოდ მცირედნი თუ არიან თავისუფალნი. და ეს იგრძნობა ყველგან - თანამედროვე ცხოვრების ყველა სფეროში, რომელმაც შორს ჩამოიტოვა ჯანსაღი აზრი და სრულად გაქელა ადამიანის გონება, ის გონება, პირუტყვთა და უგონო არსებათაგან განსხვავებით რომ გვიბოძა ღმერთმა. ასეა პირად ცხოვრებაში, ასეა ოჯახში, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ და ასე განსაჯეთ, თვით რელიგიურ, ეკლესიურ ცხოვრებაშიც. ყველაფერი დადგა თავდაყირა. შავს თეთრს არქმევენ, ხოლო თეთრს - შავს; სინათლეს სიბნელეს არქმევენ, ხოლო სიბნელეს - სინათლეს; ჭეშმარიტება სიცრუედ ირაცხება, სიცრუე - ჭეშმარიტებად; სიკეთეს ბოროტება ჰქვია, ბოროტებას კი სიკეთე... და ამას სჩადიან არა მხოლოდ აშკარა და დაუფარავი ათეისტი ღვთისმბრძოლნი, თავს კომუნისტებს რომ უწოდებენ, რომლებშიც ბევრი გულუბრყვილო ადამიანი თანამედროვე ცხოვრების უმთავრეს და თითქმის ერთადერთ ბოროტებას ხედავს, არა! ამ საყოველთაო შეშლილობას არც თითქოსდა მოპირდაპირე ბანაკში მყოფნი ჩამორჩებიან, საწინააღმდეგო სულიერი განწყობისა თუ იდეოლოგიისა. ხალხი, რომლებიც მარცხნივ თუ მარჯვნივ ყველას პათოსით უმტკიცებს - „ანტიკომუნისტები" ვართო და თითქოსდა კიდევ ებრძვიან „კომუნიზმს", რათა მისი შთანთქმისაგან იხსნან მსოფლიო. პირმოთნეობა, სიყალბე, სიცრუე და მზაკვრობა როგორღაც საყოველთაო ავადმყოფობად იქცა. მოიცვა უდიდესი მასა გონწართმეული ხალხისა და უმრავლეს შემთხვევაში მათი ნდობა შეუძლებელია, რადგან ამბობენ ერთს, ხოლო მოქმედებენ სრულიად სხვაგვარად, ხშირად პირდაპირ საწინააღმდეგოდ. ამის მტკიცებისას ჩვენ შეგნებულად არ ვეხებით ურიცხვ კონკრეტულ ფაქტებს, რამეთუ ეს ფაქტები ისედაც მეტ-ნაკლებად ყველასათვის ცნობილია, მაგრამ არცთუ იშვიათად იწვევენ წინააღმდეგობრივად განსხვავებულ შეფასებებს, სწორედ იმიტომ, რომ თანამედროვე ადამიანების უმრავლესობა შეშლილია, საღ აზრს მოკლებულია, რის გამოც ვეღარ ძალუძთ ყოველივე მომხდარის სწორედ შეფასება. ამასთანავე, მიკერძოებით მსჯელობენ ყველაფერზე, მხოლოდ საკუთარი თვალსაზრისით - შესაბამისად მათი არაჯანსაღი სულიერი მდგომარეობისა. ცხოვრება კი, დღითი-დღე უფრორე პირქუში და უღიმღამო, თავადვე მოწმობს ჩვენი მტკიცების სიმართლეზე, აგრეთვე მასზეც, რომ ყველა უძველესი წინასწარმეტყველება გასაოცრად ზუსტად მართლდება ჩვენს თვალწინ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ შესწევს უნარი ამის დანახვისა, ვინც ჯერ კიდევ ჭკუიდან არ შემცდარა და პირზე დუჟმორეული ერთგვარი გაშმაგებით და გააფთრებით არ ცდილობს ამტკიცოს, რომ ყველაფერი ნორმალურად და ბუნებრივად თავისი რიგით მიდის, უცილობელი პროგრესის გზით. არცთუ მცირედნი არიან ჭეშმარიტად დაბრმავებული უგუნურნი, რომლებიც ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ეს ჩვენა ვართ შეშლილები და არა ისინი! დავიწყოთ კაცობრიობის მომავლით - ახალგაზრდობით. აკი სადამდე დაეშვა თანამედროვე ახალგაზრდობა, რომელიც „ზემოდან" მითითებით მოკლებულია რელიგიურ ან თუნდაც უბრალო მორალურ აღზრდასა და განათლებას! შემაძრწუნებელია მათი დღემდე გაუგონარი ზნეობრივი თავგასულობა, უზრდელობა, კადნიერება, უნახაობა, უფროსთა ავტორიტეტის სრული უგულებელყოფა, ნარკომანია, უსირცხვილო გარყვნილება, ბოროტმოქმედება ადრეული ასაკიდანვე, ყოველგვარ შფოთში, ხულიგნურ გამოხდომებში, ძალმომრეობაში და თვით საკუთარ ახლობელთა მკვლელობაში მონაწილეობა. ამასთან, სინამდვილეში არავინ ცდილობს ამ უზნეობათა აღმოფხვრას, ალაგმვასა და დასჯას. თითქოსდა ყველაფერი ეს სავსებით ბუნებრივი და კანონიერია. იქამდეც კი მივიდნენ, რომ „ახალგაზრდობის შევიწროება არ არის მართებული", რომ „თავისუფლებისა" და „კონსტიტუციისათვის" ეს უნდა დავუშვათ და მოვითმინოთ. უფლებააყრილ მშობლებს აღარ ხელეწიფებად საკუთარი ჭირვეული და ურჩი შვილების დასჯა, რადგან შესაძლოა მათ მიერ გამოყენებული მშობლის უფლების გამო თავადვე აღმოჩნდნენ დასჯილნი. ნუთუ თანამედროვე ახალგაზრდობის ამგვარ სულიერ მდგომარეობას და მათდამი „ძლიერთა ამა ქვეყნისათა" მსგავსს დამოკიდებულებას ოდესმე ჰქონია ადგილი და შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს? განა სხვა რა არიან ისინი, თუ არა შეშლილები, გულგრილად რომ ეკიდებიან ამ ყოველივეს? რა მდგომარეობაშია თანამედროვე ოჯახი, რომელიც ფაქტიურად აღარ არსებობს, რადგან იგი შევიწროებულ და გარდაქმნილ იქნა ეგრეთწოდებული „თავისუფალი სიყვარულის" მიერ, რომელსაც მრავალი მეხოტბე და პროპაგანდისტი ჰყავს? იშვიათადღა თუკი არსებობენ იმის მოსურვენი, რომ შვილები იყოლიონ, და რაც მთავარია, აღზარდონ ისინი, თუკი არ მიიღებენ თითოულ ბავშვზე რეგულარულ სახელმწიფო დახმარებას. განქორწინებები ძალზე იოლად და სწრაფად ხდება. „ერთფეროვნების" მოძულენი არაერთხელ იცვლიან მეუღლებს, ან კი ოჯახის გვერდზე პოულობენ გატაცებას. ღვთისაგან და ეკლესიისგან კურთხეული ოჯახური ცხოვრება ჩვენს დროში სტიქიურად შესცვალა ხანმოკლე პირუტყვულმა თანაცხოვრებამ, ხოლო ოფიციალურად დაშვებულმა აბორტებმა ხელი შეუწყო იოლად იქნას თავიდან მოცილებული ბავშვებზე ზრუნვის აუცილებლობა. სად და როდის ყოფილა ეს ყველაფერი ესოდენ შემზარავი სიმრავლით, როგორც დღეს? და ყველაფერს ამას აშკარად მფარველობენ „ზემოდან" ძლიერნი ამა ქვეყნისანი!" რაოდენ ხშირად და იოლად ხდება ახლა, რომ ქმარი ჰკლავს თავის ცოლსა და შვილებს, ან ცოლი ჰკლავს ქმარსა და შვილებს, ანკი პირიქით, შვილები ხოცავენ საკუთარ მშობლებს! სინამდვილეში მხოლოდ მცირედთ თუ აშფოთებს და აძრწუნებთ ეს, რამეთუ ყველაფერი როგორღაც ჩვეულებრივ მოვლენადაა ახლა ქცეული. ხალხის საზოგადოებრივი, და მასთან პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრება თითქმის მოკლებულია იდეურობას, პრინციპულობასა და წესიერებას - თვისებებს, რომლებიც ცხოვრების ამ მხარეთათვის არცთუ დიდი ხნის წინათ უცხო არ იყო. პატიოსანი და იდეური ადამიანები თანამდებობებზე არ დაიშვებიან, რადგან ეს არ აწყობთ „ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის" მოსურნეთ. ძალაუფლება და მმართველობა ჩვენს დროში პატივმოყვარეთა, მთავრობისმოყვარეთა და ანგარებისმოყვარეთა ხვედრია, რომლებიც უკიდურესად უღირს საშუალებებსაც კი არ ერიდებიან მიზნის მისაღწევად, მიმართავენ რა ყალბ ლოზუნგებს, ცრუ დაპირებებს, მოქრთამვებს, აგრეთვე ორგანიზებულ მკვლელობებსაც იმ პირთა თავიდან მოსაცილებლად, ვინც გზაზე ეღობებათ. წმიდა მორალური პრინციპები საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ სახელმწიფო ცხოვრებაში თანამედროვე „მოღვაწეთა" უმრავლესობას სავსებით არ გააჩნია, რადგან მათ „მოძველებულად" თვლიან, თითქოს ისინი „არ პასუხობენ დროის გამოძახილს", იმიტომ „აფერხებენ საქმის წარმატებებს", „არაპრაქტიკულნი" არიან და „მავნებელნი". თქმა არ უნდა, უაღრესად მართებულია აზრი, რომ ჯერაც ასე მოდური „დემოკრატია" მოკლებულია ეთიკურ საფუძვლებს, რომ აღარაფერი ვთქვათ „სოციალიზმზე" და „კომუნიზმზე", უწმინდურად უარმყოფელზე ყოველგვარი მორალისა, ადამიანს რომ ცხოველთა ერთ-ერთ ნაირსახეობად განიხილავენ. (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |