მთავარი > თანამედროვე მამები, ახალი ადამიანი, მთავარი გვედის ფოტო > „ახალი ადამიანის“ ფორმირება - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

„ახალი ადამიანის“ ფორმირება - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


15-03-2018, 00:03

 

   ძველი წესრიგის დანგრევა და შენება „ახალი ქვეყნიერებისა", სულაც არ არის ნიჰილისტური პროგრამის ერთადერთი და ყველაზე მთავარი ამოცანა. ისინი მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს უმთავრესი ბოროტების აღსრულების საქმეში. ეს საქმე კი „ადამიანის გარდაქმნაა". ფსევდო ნიცშეანელები ჰიტლერი და მუსოლინი ოცნებობდნენ „შემოქმედებითი" ძალადობის საშუალებით „უფრო მაღალი წესრიგის" მქონე კაცობრიობა გამოეძერწათ. ჰიტლერის მთავარი პროპაგანდისტი როზენბერგი ამბობდა: „ჩვენი საუკუნის მისიაა ახალი ცხოვრების მითიდან შევქმნათ ადამიანის ახალი ტიპი". ნაცისტურმა პრაქტიკამ ნათლად აჩვენა თუ რას წარმოადგენს ეს ახალი „ადამიანის ტიპი". და თითქოს კაცობრიობამ უარყო კიდეც იგი, როგორც დაუნდობელი და არაადამიანური, მაგრამ „ადამიანური ბუნების მასიურმა სახესხვაობამ", რომლისაკენაც ისწრაფვოდა მარქსიზმი, უფრო უარესი შედეგები მოიტანა. მარქსი და ენგელსი პირდაპირ წერდნენ: „ისევე როგორც კომუნისტური მსოფლმხედველობის დასამკვიდრებლად მასიურ მასშტაბში, ასევე თავად უმთავრესი მიზნის მისაღწევად აუცილებელია ადამიანთა მასობრივი გარდაქმნა. ეს გარდაქმნა მიიღწევა რევოლუციის საშუალებით. რევოლუცია კი აუცილებელია არა მხოლოდ მმართველი კლასის დასამხობად, არამედ იმიტომაც, რომ მეამბოხეთა კლასი განთავისუფლდეს საუკუნეთა მიერ დაგროვებული ნაგავისაგან და მომზადდეს ახალი საზოგადოების დასაფუძნებლად".

   ამრიგად ნათელია, რომ „ახალი ადამიანის" ფორმირებისათვის ისევე აუცილებელია ძალადობა, როგორც „ახალი მსოფლიოს" შესაქმნელად. ორივე ეს ამოცანა მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკვშირებული მარქსის დეტერმინისტულ ფილოსოფიაში, რამეთუ რევოლუციურ მოღვაწეობაში „მე"-ს გარდაქმნა დამოკიდებულია გარემოებათა გარდაქმნაზე. ანუ გარემოებათა შეცვლა რევოლუციური ძალადობის გზით გარდაქმნის თავად რევოლუციონერს.

   ხედავდნენ რა მარქსი და ენგელსი, ისევე როგორც ნიცშე, მათს შემდეგ კი ლენინი და ჰიტლერი მრისხანების, სიძულვილის, ძალაუფლებისაკენ სწრაფვას და სხვა ვნებების მაგიურ მოქმედებას ადამიანის ბუნებაზე, ძალადობა „მისტიკის" რანგში აჰყავდათ. ამ მხრივ გავიხსენოთ ორი მსოფლიო ომი, რომელთა დროს გამოვლენილმა მანამდე არნახულმა ძალადობამ ძველი წესრიგისა და ძველი ადამიანის სრულ განადგურებამდე მიიყვანა კაცობრიობა, რომელიც თავისი წარსულით მყარი, ტრადიციული საზოგადოებიდან საზრდოობდა. სწორედ ამ ძალადობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ახალი უძირო, უფესვო კაცობრიობის შექმნის საქმეში, რომელსაც აგრერიგად აიდეალებდა მარქსიზმი. 1914-1945 წლების ოცდაათწლიანმა ნიჰილისტურმა ომებმა და რევოლუციებმა შექმნეს იდეალური პირობები „ახალი ადამიანი ტიპის" გამოსაყვანად.

   თანამედროვე ფილოსოფოსებისა და ფსიქოლოგებისათვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ძალადობის საუკუნეში (იგულისხმება XX საუკუნე) ადამიანი იცვლება არა მხოლოდ ომისა და რევოლუციის გავლენით, არამედ ყოველივე „მოდურისა" თუ „პროგრესულის" ზეგავლენითაც. სახეზეა რადიკალური ცვლილება ადამიანური ბუნებისა. ამის შესახებ ნიშანდობლივია ერიკ კეხლერის აზრი: „ადამიანის პიროვნულობისა და ინდივიდუალურობის მოსპობისა და გუფასურებისაკენ მიზანმიმართული დაუოკებელი სწრაფვა, რომელიც თვალნათლივ შეიმჩნევა თანამედროვე ცხოვრების სფეროში: ეკონომიკაში, პოლიტიკაში, ტექნოლოგიაში, მეცნიერებაში, განათლებაში, ფსიქოლოგიაში, ხელოვნებაში - იმდენად ყოვლისმომცველია, რომ იძულებულნი ვართ ვაღიაროთ მთლიანად ადამიანური ბუნების სახეცვლილება, ანუ მუტაცია". მაგრამ ისინიც კი, ვინც ამას თვალყურს ადევნებენ, ძნელად თუ ხვდებიან ამ პროცესის სიღრმისეულ მნიშვნელობას და ქვეტექსტს, რამეთუ იგი ღვთისმეტყველების სფეროს მიეკუთვნება და უბრლო ემპირიული ანალიზის საზღვრებს მიღმაა. ასევე უცნობია წამალი, რომლითაც შესაძლებელია განკურნება ამ სნეულებისაგან, რამეთუ იგი მხოლოდ სულიერ მკურნალობას შეიძლება დაემორჩილოს. მაგალითად, ზემოთ მოყვანილი ავტორი (ე. კეხლერი) იმედოვნებს „რაღაც სუპერინდივიდუალურ არსებობაზე" გადასვლას, რითიც ამტკიცებს, რომ მისი სიბრძნე არ სცილდება „ამა სოფლის სიბრძნეს", ოცნებობს რა ე.წ. „სუპერადამიანზე".

   რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს „მუტანი", ანუ „ახალი ადამიანი"? ჩვენს წინაშეა საკუთარ წარსულს, ტრადიციას მოწყვეტილი უფესვო ადამიანი, რომელიც ნიჰილიზმმა გაანადგურა, მასალა ყველა ჯურის დემაგოგის ოცნებისათვის, „თავისუფლად მოაზროვნე" და სკეპტიკოსი, რომელიც დახშულია ჭეშმარიტების მისაღებად. თუმცა კი მას ფართოდ გაუღია კარი ნებისმიერი ინტელექტუალური მოდისათვის, რადგანაც თავად არ გააჩნია არანაირი ინტელექტუალური საფუძველი. იგი მუდამ ეძიებს რაღაც „ახალ გამოცხადებას", მზადაა დაუჯეროს ყოველივე ახალს, რამეთუ ჭეშმარიტი რწმენა მკვდარია მასში. იგი დიდი მოყვარულია ექსპერიმენტებისა და დაგეგმარებისა, მშიშარა მონაა ფაქტების, რადგანაც უარი თქვა ჭეშმარიტებაზე, და ქვეყანა მხოლოდ ვრცელ ლაბორატორიად ეჩვენება, სადაც თვითონ წყვეტს რა „შეიძლება" და რა არა. ეს გახლავთ ავტონომიური ადამიანი, რომელიც მოჩვენებითი წესიერებით ითხოვს თითქოს მხოლოდ იმას, რაც მას ეკუთვნის. სინამდვილეში კი უზომო ამპარტავნებით აღსავსე, მუდამ მზადაა მიიტაცოს ყოველივე, რაც აკრძალული არ არის. სახეზეა „ერთი წუთის ადამიანი", სინდისისა და ფასეულობების გარეშე, მეამბოხე, რომელსაც სძულს ყოველგვარი შეზღუდვა, რამეთუ თვითონაა საკუთარი თავის ღმერთი, ადამიანი ბრბოდან, ახალი ბარბაროსი, გამარტივებული და დაპატარავებული, მხოლოდ ელემენტარული იდეების ამყოლი. მას სასტიკად სძულს ყველა, ვინც კი რაიმე ამაღლებულზე დაიწყებს ლაპარაკს, ანდა ცხოვრებისეულ მწუხარებებს შეეხება.

   ყველა ამგვარი „ახალი ადამიანი" რაღაცნაირად შეადგენს ერთ ადამიანს, ადამიანს, რომლის ფორმირებაც წარმოადგენდა ნიჰილიზმის მიზანს, თუმცა ამგვარი უბრალო აღწერა არ იძლევა საშუალებას სრული წარმოდგენა გვქონდეს მასზე, აუცილებელია ვხედავდეთ მის სახეს. ეს სახე კი არსებობს, მისი ნახვა შეიძლება თანამედროვე მოდერნისტულ მხატვრობაში, ქანდაკებაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოცენდა. თანამედროვე ხელოვნებამ რეალური ფორმა შესძინა ნიჰილისტური ეპოქის კულმინაციურ ქმნილებას „ახალ ადამიანს".

   მაგრამ ნიჰილიზმი, ანუ ჯანყი ღმერთისა და ჭეშმარიტების წინააღმდეგ, მუდამ დამარცხებულია, როდესაც მართლმადიდებლური სარწმუნოება თუნდაც ერთ ადამიანშია დაუნჯებული, რამეთუ ეს ადამიანი იქნება ცოცხალი მაგალითი და ჭურჭელი ჭეშმარიტებისა.

 

 

 

წიგნიდან: „ЧЕЛОВЕК ПРОТИВ БОГА" 

О. СЕРАФИМ РОУЗ 1995 КАЛИФОРНИЯ 

 

Xareba.net - ის რედაქცია  


უკან დაბრუნება