მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილები ერისკაცთა მიმართ №28 - წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ნაწილი 1)

წერილები ერისკაცთა მიმართ №28 - წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ნაწილი 1)


15-12-2017, 00:03

 

წერილები ერისკაცთა მიმართ №28 - წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ნაწილი 1)

 

   რა მწარე და გულისატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტეანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა; იშვიათად თუ ნახავს ადამიანი ამის საპირისპირო, სანუგეშო მაგალითს! გამონაკლისად იქცა ერთდროულად სახელითა და საქმით ქრისტიანი, იმ ხალხს შორისაც კი, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს.

 

   თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას ახლა განუწყვეტლივ იმეორებენ: „რატომ არ უნდა სცხონდნენ წარმართები, მაჰმადიანები, და ეგრეთ წოდებული მწვალებლები? მათ შორის ბევრი კეთილშობილი ადამიანია, მათი წარწყმედა ღმერთის მოწყალე ბუნების საწინააღმდეგო იქნებოდა!.. დიახ, სწორედ რომ მიუღებელია ეს აზრი ადამიანის საღი აზროვნებისათვის! - ხოლო რაც შეეხება მწვალებლებს, ისინი ხომ იგივე ქრისტიანები არიან. ჩვენ, მართლმადიდებელნი, ვსცხონდებით, ხოლო სხვა სარწმუნოების მიმდევარნი წარწყმდებიან, - ამის თქმა უგუნურებაცაა და უკიდურესი ამპარტავნებაც".

   სათქმელის სიცხადეს მრავლისმეტყველებით რომ არ ვავნო, ამიტომ ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ:

   ქრისტიანებო! ცხონებამდე მსჯელობთ და იცით კი, რა არის ცხონება? ანდა რისთვის სჭირდება იგი ადამიანს? და ბოლოს, იცით კი ქრისტე - ცხონების ერთადერთი საშუალება?

   წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი გახლავთ: ხსნა სულისა (ცხონება) მდგომარეობს ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენაში. ეს კავშირი კაცობრიობამ ადამის პირველქმნილი ცოდვით დაკარგა. მთელი მოდგმა ადამისა დაღუპულ არსებათა წყებაა. წარწყმედა ყველა ადამიანის ხვედრია, კეთილისა თუ ბოროტისა.

   „უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" (ფს. 50. 7), წმ. მამათმთავარი იაკობი თავის მშვენიერ, უმანკო იოსებსა და თავის თავზე ასე ამბობს: „შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად" (დაბ. 37. 35). მიწიერი ცხოვრების შემდეგ ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ ძველი აღთქმის არა მარტო ცოდვილნი, არამედ მართალნიც. ასეთი ძალა აქვს ჩვენს ადამიანურ სიკეთეს. ასეთი ფასი აქვს ჩვენი ცოდვილი ბუნებიდან შობილ სათნოებებს! ცხონებისათვის აუცილებელი გახდა გამოხსნა, გამოსყიდვა ცოდვისა. კაცობრიობის ხსნა მოხდა არა ანგელოზის, ან მთავარანგელოზის, ან კიდევ რომელიმე სხვა, უმაღლესი მაგრამ სასრული და შექმნილი არსების მიერ, არამედ თვით უსაზღვრო ღმერთის მიერ. თავს იდვა კაცთა მოდგმის კუთვნილი სასჯელი. ჩვენი ღვაწლის ყველა ნაკლი მისმა უდიდესმა ღირსებამ დაფარა, შეავსო. ადამიანური, უმწეო კეთილი საქმეების ნაცვლად მოგვეცა ერთი, ყოვლის შემძლე კეთილი საქმე: რწმენა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიმართ. ჰკითხეს იუდეველებმა ქრისტეს: „რაი ვყოთ, რაითა ვიქმოდეთ საქმესა ღმრთისასა? მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ესე არს საქმე ღმრთისა, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა" (ინ. 6; 28. 29).

   ცხონებისათვის ერთი კეთილი საქმე გვესაჭიროება. სარწმუნოება, მაგრამ სარწმუნოება საქმეცაა. სარწმუნოებით, მხოლოდ სარწმუნოებით და უფლისაგან ბოძებული ეკლესიური საიდუმლოებების მეშვეობითაა შესაძლებელი ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენა. ამაოდ ფიქრობთ და ამბობთ, რომ კეთილი ხალხი, თუნდაც წარმართი ან მაჰმადიანი იყოს, მაინც ცხონდება, ანუ ღმერთთან იქნება ურთიერთობაში. ცდებით! ჭეშმარიტი ეკლესია, როგორც ძველი აღთქმისა, ისევე ახლისა, ყოველთვის აღიარებდა, რომ სულის ხსნის ერთადერთი საშუალება არის მაცხოვარი. ადამიანი თავისი დაცემული ბუნების გამო, უდიდესი სათნოებებითაც რომ იყოს დაჯილდოებული, მაინც ჯოჯოხეთისთვისაა განწირული.

   გაიხსენეთ, რომ ძველი აღთქმის მართალნი, მნათობნი, გაბრწყინებულნი სულითა წმიდითა, წინასწარმეტყველნი და საკვირველთმოქმედნი, რომელთაც სწამდათ მაცხოვრის მოსვლა, მის განკაცებამდე მაინც ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. მაშ როგორღა გინდათ რომ ცხონდნენ წარმართნი და მაჰმადიანები, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ისინი კეთილნი გეჩვენებიან, თუკი მათ არც შეიცნეს და არც იწამეს მაცხოვარი? ცხონება ხომ ერთადერთი, ვიმეორებთ ერთადერთი საშუალებითაა შესაძლებელი - იესო ქრისტეს რწმენით.

   ქრისტიანენო! შეიცანით ქრისტე! - გაიგეთ, რომ არ იცნობთ მას. აღიარეთ, რომ უარყოფდით მას, თუკი თვლიდით, რომ ცხონება მხსნელის გარეშე, რაღაც კაცობრივი სიკეთეების გამოც მიეცემა კაცს. ის, ვინც შესაძლებლად თვლის ცხონებას იესო ქრისტეს რწმენის გარეშე, იგი უარყოფს ქრისტეს და შესაძლოა უნებლიეთ, ღმრთის გმობის ცოდვაში ვარდება.

   „რამეთუ ვიტყვით განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თვინიერ საქმეთა შჯულისათა, სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რამეთუ არა არს განწვალება. ... ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესო ქრისტესითა" (რომ. 3; 22, 24). თქვენ მიპასუხებთ, რომ წმიდა მოციქული იაკობი მოითხოვს უსათუოდ კეთილ საქმეებს; იგი გვასწავლის, რომ სარწმუნოება საქმეების გარეშე მკვდარია: „ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ-არს" (იაკობ. 2, 26); მაგრამ აბა კარგად დააკვირდით, რას მოითხოვს წმიდა მოციქული იაკობი, და თქვენ ნახავთ, რომ იგი, როგორც ყველა ღვთივსულიერი მწერალი წმიდა წერილისა, მოითხოვს სარწმუნოებრივ საქმეებს, და არა კეთილ საქმეებს. ამის მაგალითად მას პატრიარქ აბრაამის რწმენის დამადასტურებელი საქმე მოჰყავს: აბრაამს ერთადერთი შვილი უნდა შეეწირა მსხვერპლად უფლისათვის. ეს იყო ამ ამბის შინაარსი. საკუთარი შვილის მსხვერპლად შეწირვა ადამიანური გონების მიხედვით სრულებითაც არაა კეთილი საქმე. ეს საქმე იმდენადაა კეთილი, რამდენადაც ღვთის ნების აღსრულებას, სარწმუნოების საქმეს წარმოადგენს. ჩაიხედეთ ახალ აღთქმაში, ან მთელ წმიდა წერილში და ნახავთ, რომ იგი ღმრთის მცნებების აღსრულებას მოითხოვს და მათ აღსრულებას ეწოდება საქმე. უფლის მცნებების დაცვით ხდება სარწმუნოება ცოცხალი. ამის გარეშე იგი მკვდარია. ნახავთ იმასაც, რომ ჩვენი დაცემული ბუნების ნამოქმედარი კეთილი საქმეები, გამომდინარე გრძნობებიდან, ვნებებიდან, გულის ნაზი განცდებიდან და აღტყინებიდან, აკრძალულია და დაგმობილი. თქვენ სწორედ ეს კეთილი საქმეები მოგწონთ წარმართებსა და მაჰმადიანებში და გსურთ, რომ ისინი ცხონდნენ ამ საქმეების წყალობით, თუნდ არც კი სწამდეთ ქრისტე. უცნაურია თქვენი მსჯელობა საღი აზროვნების შესახებ. საიდან, რატომ ფიქრობთ, რომ გაქვთ ეს საღი აზროვნება? თუ კი თქვენ ქრისტიანენი ხართ, მაშინ წარმოდგენაც ქრისტიანული უნდა გქონდეთ ამ საკითხის შესახებ და რაღაც ყურმოკრულ სწავლებებს არ უნდა გამოვედევნოთ. სახარება გვასწავლის, რომ დაცემით ადამიანმა ცრუ აზროვნება შეიძინა და ეს ყალბი აზროვნება, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ამსოფლიურ მეცნიერებებში მისი განსწავლულობისა, მაინც ინარჩუნებს დაცემული ბუნების ყველა თვისებებს. უნდა უარვყოთ იგი და სარწმუნოება გავიხადოთ წინამძღოლად. თავის დროზე ასეთებს ღმერთი მიანიჭებს ჭეშმარიტ ანუ სულიერ აზროვნებას. აი ასეთი აზროვნება შეიძლება და საჭიროცაა, რომ ვაღიაროთ საღ გონებად. იგია განცხადებული სარწმუნოება, ასე მშვენივრად აღწერილი წმ. მოციქულ პავლეს მიერ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-11 თავში. სულიერი აზროვნების საფუძველი ღმერთია, ამ მტკიცე ლოდზე დაშენებული, იგი არ ირყევა და არც ეცემა, ხოლო იმას, რასაც თქვენ საღ აზროვნებას უწოდებთ, ჩვენ, ქრისტიანენი ცდომილებად, სიბნელედ და ავადმყოფობად შევრაცხავთ. იგი კი მხოლოდ სარწმუნოების მახვილით, ჩვენი ცრუ აზროვნების მიერ დაგროვებული მთელი ცოდნის მოკვეთით განიკურნება. და თუკი მას მაინც საღ აზროვნებად მიიჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი რაღაც მერყევ, განუსაზღვრელ, გაუგებარ და მუდმივად ცვალებად საფუძველზე დგას, იცოდეთ, სწორედ ეგ აზროვნება იქნება, ქრისტეს უარყოფამდე რომ მიგიყვანთ. თქვენ კი რას გეუბნებათ თქვენი საღი აზრი? იმას, რომ კეთილი ხალხის წარწყმედა, რომლებსაც არა სწამთ ქრისტე, ეწინააღმდეგება თქვენს საღ აზროვნებას! უფრო მეტიც, თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი კეთილი ხალხის წარწყმედა ეწინააღმდეგება ღმრთის მოწყალებას! თქვენ უსათუოდ ზეციდან გექნებოდათ გამოცხადება იმის შესახებ, თუ რა ეთანხმება და რა არა ღმრთის მოწყალებას! - არა? - კი მაგრამ, თქვენი საღი აზრი რომ ამას გეუბნებათ? - ოჰ, ეს თქვენი საღი აზრი!... კი, მაგრამ თქვენი საღი აზროვნების იმედად როგორ ასკვნით, რა ეთვისება და რა არა ღმრთის მოწყალებას? საიდან მოიტანეთ, რომ ძალგიძთ საკუთარი, შეზღუდული, ადამიანური გონებით განსაჯოთ, თუ რა არის ღმრთისათვის სათნო? ნება მიბოძეთ, ჩვენი აზრი გითხრათ: სახარებამ, იგივე ქრისტეს სწავლებამ, იგივე წმიდა და კიდევ სხვაგვარად წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიამ, ღმრთის მოწყალებასთან დაკავშირებით, რისი დატევნაც კი შეეძლო კაცის გონებას, ყველაფერი გვაუწყა. რა ამაოა და ფუჭი ადამიანის ტვინის ჭყლეტა, როცა იგი განუსაზღვრელი ღმერთის განსაზღვრას ლამობს, როცა ცდილობს, აუხსნელი თავისი წარმოდგენის მიხედვით ახსნას. (გაგრძელება...)

 

 

 

 

 

ითარგმნა ბეთანიის მონასტერში 1988 წელს  

Xareba.net - ის რედაქცია  


უკან დაბრუნება