მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სამი სიტყვა მორჩილების შესახებ (ნაწილი 3)

სამი სიტყვა მორჩილების შესახებ (ნაწილი 3)


10-12-2017, 00:03

 

სიტყვა მეორე

  

   ჩვენმა მაცხოვარმა, რომელმაც ასე დაიმდაბლა თავი, თავისი მაგალითით გვასწავლა, თუ რა სიდიადე იმალება მორჩილებაში, რომელიც არა მარტო მოძღვრისადმი, არამედ ღვთის ყოველი მცნებისადმი მორჩილებაა. აქ მოძღვარი გვიბრძანებს, მაგრამ უწინარეს გვიბრძანებს ღმერთი თავისი მცნებებით: „ჰქმენ ესე!". თუ ადამიანი მორჩილებას აღასრულებს, მისგან მიღებული ნყოფითაც ისარგებლებს.

   ქრისტემ დაიმდაბლა თავი, დაემორჩილა ზეციურ მამას, როგორც კაცი, რათა ჩვენთვის ესწავლებინა უმაღლესი სათნოება - სიმდაბლე, რის გარეშეც ღმერთთან მიახლოვებას ვერავინ შეძლებს.

   ჩვენ ვხედავთ, რომ როცა ადამი და ევა სამოთხეში მორჩილებას აღასრულებდნენ და იცავდნენ ღვთის მცნებას - არ ეჭამათ აკრძალული ნაყოფი - ბედნიერები იყვნენ, ყველა მიწიერ ქმნილებაზე მეფობდნენ, ყოველივეზე ხელმწიფებდნენ, შეიგრძნობდნენ და ხედავდნენ ღმერთს; და იდგა უნეტარესი ჟამი მათ ცხოვრებაში. მათ ღვთის საფარველი იფარავდა, არავინ აწუხებდა და არავინ კიცხავდა. დაუბრკოლებლად, უშიშრად და სინდისის ქენჯნის გარეშე მიმოდიოდნენ სამოთხეში. რატომ? იმიტომ, რომ ღვთის წინაშე ჯერ კიდევ არ იყვნენ ცოდვით დაცემულნი.

   გავიდა დრო და მათ თავიანთი თავისუფლება ბოროტად გამოიყენეს. მცნების დარღვევა მოისურვეს, დაარღვიეს და ღვთის წინაშე შესცოდეს.

   ჩაიდინეს დანაშაული და უმალ ხმა აღიმაღლა სინდისმა. დაცემისთანავე ჩვენს სულებს იგი დამთრგუნველ წუხილად დააწვა. ცხადია, ეს სინდისის ქენჯნა დანაშაულის და ცოდვის შედეგი იყო.

   პირველქმნილი ადამიანები დანაშაულმა ჩიხში მოაქცია. „ესმათ ხმაი უფლისა ღმრთისაი, მავალისა სამოთხესა შინა მიმწუხრი, და დაიმალნეს ადამცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა" (შესაქ. 3, 8) - მოგვითხრობს წმიდა წერილი. რატომ არ ეშინოდათ ღმერთისა მაშინ, როცა ჯერ კიდევ უცოდველნი იყვნენ უფლის წინაშე? იქნებ მხოლოდ მათი დაცემის დროს გამოჩნდა ღმერთი სამოთხეში? შესაძლოა მხოლოდ მაშინ მიუახლოვდა, როდესაც დააშავეს?! ნუთუ ღმერთი სამოთხეში არ დადიოდა, არ ნახულობდა მათ, როგორც თავის ჭეშმარიტ შვილებს?! მაგრამ მაშინ ადამს და ევას უფლის არ ეშინოდათ, იმიტომ, რომ სინდისი სუფთა ჰქონდათ, და უშფოთველად ცხოვრობდნენ.

   ამრიგად, „ესმათ ხმაი უფლისა ღმრთისაი, მავალისაი სამოთხესა შინა მიმწუხრი, და დაიმალნეს ადამცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა". უფალმა მათ მოუხმო:

   - ადამ და ევა, სად ხართ? სად დაიმალეთ?

   და რა უნდა უპასუხონ ახლა ღმერთს?!

   - ადამ, სად დაიმალე?

   - შემეშინდა, - უთხრა ადამმა, - გავიგონე, როგორ დადიხარ სამოთხეში და შემეშინდა.

   - მაგრამ რატომ გეშინია საკუთარი მამისა, შემოქმედისა, შენი კეთილისმყოფელისა; ჩემი, რომელმაც უკიდეგანო საღმრთო სიყვარულის გამო მთელი სამოთხე ჩაგაბარე?! ჩემი მოსვლისა გეშინია? შენ გიახლოვდება ბედნიერება, წყარო ცხოვრებისა, სიხარულისა, სიმშვიდისა და შენ ამის გეშინია?!

   - დიახ, - უპასუხა ადამმა, - მეშინია, რამეთუ ვცოდე, მაგრამ უდანაშაულო ვარ. ევამ, შენ მიერ ნაჩუქარმა ცოლმა მიბიძგა, წამაქეზა, მეც შენს მცნებას გადავედი და აკრძალული ნაყოფი შევჭამე.

   - ევა, - ჰკითხა ღმერთმა, - რატომ აცდუნე ქმარი შენი, რატომ შეჭამე?

   - მე უდანაშაულო ვარ, - მიუგო ევამ, - გველი, რომელიც, რა თქმა უნდა, შენ შეჰქმენ, აქ, ჩვენთან იყო სამოთხეში და მან მითხრა, რომ შემეჭამა; და თუ ამ ნაყოფს ვიგემებდი, ღმერთის თანასწორი გავხდებოდი და ბოროტსა და კეთილს შევიცნობდი.1

   ცხადად ჩანს, რომ ეგიოზმმა და ყვედრებამ იჩინა თავი. ეგოიზმს გონებასა და გულში შემოაქვს თავისი ნაყოფი - ყვედრება, რომელიც ადამიანს ღმერთის წინააღმდეგ ამხედრებს და პასუხისმგებლობას შეფარულად უფალს აკისრებს.

   რადგანაც ღმერთმა სინანული ვერ დაინახა და ვერც პატიების თხოვნა მოისმინა, მაშინვე მათი სამოთხიდან განდევნა ბრძანა.

   ღმერთსა და პირველქმნილ ადამიანებს შორის არსებული ეს დიალოგი უძვირფასეს რჩევას გვაძლევს და გვასწავლის: როდესაც ადამიანი არღვევს უფლის მცნებას, ღმერთი მას არ ტოვებს, მაშინვე არ სჯის, არამედ უახლოვდება. მაგრამ როგორ უახლოვდება? ადამისგან განსხვავებით ადამიანს არ ესმის, თუ როგორ დადის ღმერთი! მაგრამ მე პირადად უფლის ხმა ძალიან კარგად მესმის, როდესაც მამხელს და მეუბნება: „აქ დააშავე, იქ ცუდად მოიქეცი. რატომ ჩაიდინე ეს?" მე ღმერთი სინდისის საშუალებით მომიწოდებს: „შეინანე, რამეთუ ადამიანი ხარ".

   ადამიანი იოლად მიიდრიკება, მისი დარწმუნება ადვილია - მსწრაფლ გავლენის ქვეშ ექცევა, მერყევია და არასაიმედო. ღმერთმა ეს უწყის, რამეთუ მან შეგქმნა შენ ადამიანად. მაგრამ მანვე მოგანიჭა სინანულის მადლიც, დაცემულს ადგომის ძალას გაძლევს. რატომ არ წამოდგები?! ხოლო, როცა ღმერთი სინდისის მიერ გამხელს, წმიდა წერილის საშუალებით სინანულად აღგძრავს და მაინც არ შეინანებ, მაშინ იწყება შენი გაკიცხვა და დასჯა.

   ახლა ჩვენს ცხოვრებაზე გადავიდეთ. აქაც დავინახავთ, რომ მორჩილი ადამიანი ბედნიერად ცხოვრობს. სინდისი მას არ ამხელს, თავს არ აბეზრებს და საერთოდ არ აწუხებს.

   როდესაც ადამიანი ურჩობს, მას სინდისი ამტყუნებს და ეუბნება: „აქ ცუდად მოიქეცი". ეგოიზმი ყვირის: „არა!", სინდისი კი არ ეშვება: „შენ უნდა შეინანო!" ასე იჩენს თავს შფოთი, ბრძოლა და იწყება შინაგანი მხილება.

   ხოლო კეთილი ადამიანი მშვიდად და უშფოთველად ცხოვრობს, მას მხილება არ აწუხებს და არ დრტვინავს და აქვს სასოება ღმრთისმიერი მომავალი საუკუნო აღდგომისა.

   ახლა ჩვენ კინოვიაში ვართ, სადაც ყოველივე გარკვეული წესით, ანუ დადგენილი კანონით, განაწესით, დისციპლინით, დარიგებითა და მორჩილებით სრულდება. თუ მორჩილი, როგორც ღმერთის, ისე ბერის განაწესს, დარიგებებს და მცნებებს, ცუდად ასრულებს, მას სინდისი შინაგანად ამხელს.

   მამები მორჩილებას იმდენად ზედმიწევნით იცავდნენ, რომ იმასაც კი კითხულობდნენ: „კარგად ვიქცევი თუ არა, ათ ყლუპ წყალს რომ ვსვამო?" რისი თქმა სურდა ამით? მათ უნდოდათ, ჩვენთვის ესწავლებინათ, თუ როგორი სიზუსტით გვმართებს ბერის სწავლებებისა და მითითებების მორჩილება.

   ისევ და ისევ გვაფრთხილებენ მამები, რომ ღვთის, ანგელოზები, ადამიანებისა და დემონების წინაშე თავს სასაცილოდ გავიხდით, თუ ჩვენ - მშობლების, სოფლის და თავისუფლების უარმყოფელნი, ნემსის, ძაფისა თუ სხვა რამ წვრილმანისთვის დავიწყებთ კინკლაობას.

   ჩვენ ღმერთს აღვუთქვით თავის უარყოფა. ეს რას ნიშნავს? თავის უარყოფა ვნებების და სხვა პირადი სურვილებისგან განდგომაა. მაგრამ, როდესაც ჩვენს ნებას ვყვებით და კურთევის გარეშე სიმყუდროვესა და კეთილმოწყობილ ცხოვრებას ვიქმნით, ვასრულებთ კი მაშინ მორჩილებას?!

   თუ ღვთის წინაშე მრავლისმეტყველებისთვის ვაგებთ პასუხს, განა იგივე არ გველის ჩვენი ნების აღსრულებისთვის?

   მონაზვნად შედგომისას ჩვენ თავის უარყოფის და სიკვდილამდე მორჩილების აღთქმა დავდეთ. მაგრამ როგორ განვმართლდებით, როცა წარვდგებით თავმდაბალი, უაღრესად მორჩილი იესოს წინაშე და იგი სამსჭვალთაგან და ჯვარცმისაგან დატოვებულ წყლულებს გვიჩვენებს?! როდესაც გვეტყვის: „აი, რაოდენ მორჩილი ვიყავი ზეციური მამისა და მოვიკვეთე ნება. მე ნემსისას და ძაფის სურვილი კი არ უარვყავი, რაიმე უმნიშვნელო ბრძანების შეუსრულებლობის სურვილი კი არ მოვიკვეთე, არამედ, „ვიდრე სიკუდიდმდე", „ვიდრე ჯვარცუმამდე" უარვყავი ჩემი ნება!"

   როგორც კი თვითნებობაში გვამხელენ, უცებ შევშფოთდებით და შინაგანი ბრძოლა გვეწყება. როდესაც ჩვენი ნების შესრულებას წინ რაღაც ეღობება, ჩვენში „მსოფლიო" გადატრიალება ხდება.

   ჩვენ ვიცით, თუ როგორ მიმართა ქრისტემ მამა ღმერთს მისგან ბრძანების მიღების შემდეგ: „უკუეთუ შესაძლებელ არს, მიხსენ მე ჟამისა ამისგან. თანა-წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე"; დაე, სხვაგვარად აღსრულდეს კაცთა გადარჩენა". მამის პასუხი იყო: „არა, იარე ჯერ ჯვრისა და გოლგოთის გზით". – „იყავნ ნებაი შენი!" - მიუგო ქრისტემ (შდრ. ლუკ. 2, 42).

   ამიტომ ყური დავუგდოთ ჩვენს სინდისს და ჩვენი ბერის გარეშე ნურაფერს მოვიმოქმედებთ. რამეთუ მართალია ამჟამად თავს ვიმშვიდებთ, ჩვენს ნებაზე დავდივართ და ამით ვტკბებით, იმას ვაკეთებთ, რაც ჩვენს გულს სწადია, მაგრამ მოვა ჟამი, დადგება წუთი, როცა მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, მაშინ წარული ცხოვრება გაგვახსენდება და ხვეწნა-მუდარას დავიწყებთ, რათა სინანულისა და გამოსწორების დრო მოგვეცეს, მაგრამ ძლიერ გვიან იქნება! გამოვსწორდეთ ახლა, სანამ ეს შესაძლებელია, ნურაფერს მოვიმოქმედებთ კურთხევის გარეშე.

   პატერიკში (მამათა ცხოვრებაში) მოთხრობილია ერთი მონაზვნის შესახებ, რომელმაც ბაღში კურთხევის გარეშე სალათის ფოთოლი შეჭამა. ამ დაში მყისვე ეშმაკი შევიდა და მან ბორგვა იწყო. დაუძახეს იღუმენს, რათა ეს ბორგნეული განეკურნა. ბერმა შერისხა დემონი და ჰკითხა: „რატომ შეხვედი ამ დაში?" – „ეს ჩემი ბრალი არ არის, - უთხრა დემონმა, - მე სალათის ფოთოლზე ვიჯექი, მან კი შემჭამა!".

   დემონი ამ მონაზონში პიროვნულად (ჰიპოსტასურდ) შევიდა, ჩვენში კი, როცა მსგავს საქმეებს ჩავდივართ და სურვილებს ვისრულებთ, იგი სხვაგვარად, დანაშაულის საშუალებით აღწევს. ეს უკანასკნელი გაცილებით უარესია, რამეთუ პირველ შემთხვევაში დემონი გამოაშკარავდა, ბერის გამოსარჩლებას დაემორჩილა და მონაზონი განიკურნა. მაგრამ, როდესაც ჩვენ რაიმეს ვარღვევთ, მაშინ დემონი ჩვენში რჩება და ეს უარესია.

   მამები ამბობენ: „დიდი არაფერია, თუ დემონი ადამიანისგან გამოვა. უფრო დიდი საქმეა, თუ ჩვენგან ვნების დემონის განდევნას შევძლებთ". წმინდანს ხელეწიფება განდევნოს დემონი, მაგრამ ვნების აღმოსაფხვრელად პირადი ღვაწლია საჭირო.

   ამიტომ, ამაოდ ნუ ვიშრომებთ, ნუ მოვტყუვდებით და ნურც დროს დავკარგავთ. არ მოხდეს ისე, რომ ვთვლიდეთ, თითქო მონაზვნურ გზას ვადგავართ და მორჩილებაში ვიმყოფებით, სინამდვილეში კი ვიყოთ დამნაშავენი და თვითკმაყოფილნი თავს ვიმშვიდებდეთ. შესაძლოა, გულისსიტყვა, უფრო სწორად, მზვაობრობა გვატყუებს და გვგონია, რომ ეს არაფერია, არც სხვა საშიში - რა დაშავდება, თუ ამასაც გავაკეთებ. მაგრამ სინამდვილეში ეს საღმრთო სჯულისაგან გადახვევაა. ჩვენ საღმრთო სჯულის გათანამედროვებასაც ვცდილობთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სჯული ურყევი და შეუცვლელია... მოიწევა ჟამი და როცა სამსჯავროზე წარვდგებით, იგი აღსრულდება! (გაგრძელება...)

 

 

 

 

1 ეს ფრიად საინტერესო კომენტარებია შესაქმის მე-3 თავის შესახებ.

 

 

 

არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება