მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სამი სიტყვა მორჩილების შესახებ (ნაწილი 2)

სამი სიტყვა მორჩილების შესახებ (ნაწილი 2)


9-12-2017, 00:03

 

სიტყვა პირველი

   

   საშინელი ცოდვაა - პატივს არ სცემდე ქრისტეს, ღვთისმშობლისა და წმიდანთა ხატებს. ვფიქრობთ, უარესი ცოდვა არც არსებობს. ხატზე ღვთაებრივი სახეა გამოხატული, ჩვენ მას ვეთაყვანებით და ვემთხვევით და ეს მოწიწება თავად ხატზე გამოსახულ პიროვნებას ეკუთვნის.

   ქრისტეს ცოცხალ ხატს მცნებად ეძლევა მარტოოდენ ქრისტესადმი და არა ბერის პიროვნებისადმი სიყვარულის გამო, რადგანაც ბერი შეიძლება ცოდვილიც და ჩემსავით გეენის ღირსიც იყოს; მორჩილებას სხვა მნიშვნელობა აქვს: იგი უშულოდ ქრისტეს ეკუთვნის. რადგანაც ქრისტეს სიყვარულმა აქ სამოღვაწეოდ და სულის გადასარჩენად მოგვიხმო, გვმართებს, ყოველნაირად შევიძინოთ ძირითადი სათნოება - მორჩილება, რომელიც, მრავალმხრივია, რამეთუ კარგ მორჩილს, გარდა მორჩილებისა, რა თქმა უნდა, ზღუდედ მრავალი სხვა სათნოება და ღვაწლი აკრავს.

   ჩემმა წმიდა მოძღვარმა, მისი პიროვნებისადმი მორჩილებაში, რწმენასა და სიყვარულში რომ განვემტკიცებინეთ, სხვა მრავალი შემთხვევის გარდა, შემდეგი ამბავიც გვიამბო, რომელიც კატუნაკში მოხდა:

   „ერთ მორჩილს თავისი ბერი ძალიან უყვარდა და მისდამი მეტისმეტ მორჩილებას იჩენდა. ერთხელ ისინი კარეასში5 წავიდნენ, იქ ბერი მძიმედ დაავადდა და თავის სენაკში დაბრუნება მოისურვა. მორჩილმა იგი ზურგზე შეისვა, რამდენიმე საათი ატარა, მთაგრეხილი გადაიარა და ასე მიიყვანა კატუნაკში, სადაც ცხოვრობდნენ.

   ეს მონაზონ-მორჩილი შემდგომ მონაზონთა ერთ საძმოს დაუკავშირდა, ეს საძმო ზემოთ6, წმიდა ბასილის სკიტში, ცხოვრობდა და რადგან იქ ძმები ზიარებას წინმსწრები მარხვის დაცვის გარეშე იღებდნენ, ამ მონაზონმა თავისი ბერის მიტოვება და მონაზვნური ცხოვრების მათთან გაგრძელება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ სქემოსანი იყო, მაინც მოინდომა, რომ ასე მოქცეულიყო.

   - შენ არ წახვალ, - ეუბნებოდა მას ბერი.

   - არა, წავალ! - პასუხობდა ის.

   - შვილო ჩემო, - განაგრძობდა ბერი, - ნუ წახვალ. პასექი ახლოვდება, დარჩი აქ და აღდგომა ერთად ვიზეიმოთ...

   - არა, წავალ! - იმეორებდა მონაზონი.

   ერთხელაც ბერმა ვეღარ მოითმინა და უთხრა: „დაე, თან გდევდეს მაცდური ანგელოზი". მეორე დღეს მორჩილს ცხვირი გაუსივდა, რადგანაც ზედ უზარმაზარი მუწუკი ამოუვიდა. ბოლოს იგი მამა არტემთან, თვითნასწავლ ექიმთან, მივიდა, რომელმაც ბერი იოსები და მე განგვკურნა, აჩვენა მას წყლული, მაგრამ მამა არტემმა მისი მორჩენა ვერ შეძლო...

   სამი-ოთხი დღის შემდეგ შესიება გაიზარდა, წყლული გასკდა, ჩირქი წამოვიდა... მონაზონი სიკვდილის პირას მივიდა. მამები ურჩევდნენ:

   - შეურიგდი შენს ბერს ქრისტესამი სიყვარულის გამო, გამოითხოვე მისი დალოცვა, რათა მოგიტევოს.

   - არა! - იმეორებდა უკვე ეშმაკეულივით გაკერპებული! მაგრამ ბოლოს, სულის ამოსვლის ჟამს, მან მკერდში მჯიღის ცემა დაიწყო და ამბობდა: „წავაგე, წავაგე, ჩემი გადარჩენისთვის თამაში წავაგე!!!"

   მამა იოსები ძალზე ხშირად გვესაუბრებოდა, რადგან ბევრ მხცოვან მონაზონს იცნობდა.

   მამათა ცხოვრებაში ერთი კეთილი მორჩილის ამბავია აღწერილი, ამ მორჩილს ბერი ყოველდღე, სერობის შემდეგ არიგებდა და აძლევდა რჩევებს მორჩილებაზე და იმაზეც, თუ სულის საცხონებლად რა უნდა მოემოქმედა.

   ერთხელ საუბრისას ბერს ჩაეძინა. მაშინ ეშმაკი გულისსიტყვებით შეუჩნდა მორჩილს და ეუბნებოდა: „წადი, ბერს ხომ ჩაეძინა; ახლა რაღას ზიხარ? წადი და შენც დაისვენე, ხომ დაიღალე..." „როგორ წავიდე, - ფიქრობდა მორჩილი, - მე ხომ ბერმა უნდა მაკურთხოს". „მაგრამ ახლა მას სძინავს", - ამბობდა თავისთვის მორჩილი. გულისსიტყვა მას შვიდჯერ შეებრძოლა, რათა წასულიყო, მაგრამ ფეხი არ მოიცვალა.

   რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ცისკრის აღსრულების ჟამი მოიწია, ბერმა გამოიღვიძა და მორჩილს მიმართა:

   - არ წასულხარ დასაძინებლად?

   - მამაო, თქვენი კურთხევის გარეშე არ შემეძლო.

   - რატომ არ გამაღვიძე?

   - არაფერია, მამაო. მორჩილება მოთმინებით აღვასრულე.

   - კარგი, ახლა ცისკრის მსახურება ჩავატაროთ, შემდეგ კი წადი და კარგად გამოიძინე.

   ასეც მოხდა.

   როდესაც უკვე ცისკრის მსახურების შემდგომ ბერს ისევ ჩაეძინა, მან თავისი თავი ნათლით გაკაშკაშებულ ოთახში იხილა, სადაც მბრწყინავი ტახტი იდგა, რომელზეც შვიდი უმშვენიერესი გვირგვინი იდო. ბერმა გაოცებით წარმოთქვა: „ნეტავ რომელ უღირსეულეს და უწმიდეს ადამიანს ეკუთვნის ეს ტახტი?! როგორ უნდა ეღვაწა, რომ ეს გვირგვინები დაემსახურებინა?!" ამ დროს მასთან ერთი ნათლითმოსილი კაცი მივიდა და ჰკითხა:

   - რამ გაგაოცა, მამაო?

   - გამაოცა ტახტის ნათებამ. ვფიქრობ, იგი რომელიღაც უდიდეს წმიდანს უნდა ეკუთვნოდეს.

   - არა, - მიუგო მან, - იგი უდიდესი წმიდანის კი არაა, შენი მორჩილისაა.

   - ეს ხომ შეუძლებელია, - მიუგო ბერმა, - ის ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდაა, სულ ცოტა ხნის წინ მოვიდა. ნუთუ მას მიეცა ეს ტახტიც და ეს გვირგვინებიც?

   - რა თქმა უნდა, ტახტი მას იმ წუთიდან მიეცა, როდესაც მორჩილების აღთქმა დადო, შვიდი გვირგვინი კი გუშინ საღამოს მოიგო, როდესაც წინ აღუდგა გულისსიტყვებს.

   როდესაც ბერმა გამოიღვიძა და გამოფხიზლდა, თავის მორჩილს დაუძახა და ჰკითხა:

   - შვილო ჩემო, მითხარი, როგორი გულისსიტყვები გქონდა გუშინ?

   - არაფერი მომხდარა, მამაო. არ მახსოვს, რომ საერთოდ რაიმე ცუდი გულისსიტყვა მქონოდა.

   - აბა, კარგად დაფიქრდი, ყველაფერი თანმიმდევრობით გაიხსენე.

   მორჩილი ცოტა ხანს დაყოვნდა, თავისი თავი შეამოწმა და შემდეგ უპასუხა:

   - დიახ, დიახ, მამაო! გუშინ საღამოს, როდესაც სერობის შემდეგ ჩაგეძინათ, მე შვიდჯერ შევებრძოლე გულისსიტყვას, რომელიც მაქეზებდა, მიმეტოვებინეთ და დასაძინებლად წავსულიყავი, მაგრამ მე მას წინ აღვუდექი და, როგორც ნახეთ, დაგელოდეთ.

   - კარგი, შვილო ჩემო, წადი.

   და ბერი მიხვდა, რომ ეს შვიდი გვირგვინი მისმა მორჩილმა გუშინ საღამოს მოიგო, როდესაც გულისსიტყვებს შეებრძოლა. (გაგრძელება...)




5 კარეა - ათონის ადმინისტრაციული ცენტრი, მონაზონთა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - პროტატონის ადგილსამყოფელი.

6 იგრძნობა სასაუბრო სტილი: ღირსი ფილოთეუს ათონელის მონასტერი, რომლის წინამძღვარიც დიდი ხნის განმავლობაში ბერ ეფრემი იყო, გოგრაფიულად ნამდვილად წმ. ბასილი სკიტზე გაცილებით დაბლა მდებარეობს. ამიტომ ამბობს ბერი ეფრემი „იქ, ზემოთ".




არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება