მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 13 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა (+ 1227)
13 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა (+ 1227)12-11-2024, 17:24 |
წმინდა მეფის თამარის გარდაცვალების შემდეგ
საქართველოს ძნელბედობის ჟამი დაუდგა. ჩვენს საზღვრებს მონღოლთა
უზარმაზარი ურდო მოადგა ჯალალ-ედ-დინის მეთაურობით. ქართველებმა ვერ
მოასწრეს ჯარის შეკრება და მოულოდნელად გამოჩენილ მტერს მხოლოდ
მცირერიცხოვანი ძალებით შეეგებნენ იმ იმედით, რომ მთავარსარდალი იოანე
მხარგრძელი დამხმარე ჯარს შეაშველებდა. მაგრამ იოანე (ეროვნებით სომეხი)
მთავარსარდალს შური ჰქონდა გულში შალვა და ივანე ახალციხელებისა, რომლებიც
მოწინავე ჯარს მეთაურობდნენ და შურით აღვსილმა მათ დამხმარე ჯარი არ
მიაშველა. მიუხედავად სიმცირისა, ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ,
მაგრამ ღალატმა და მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა. ქართველები
დამარცხდნენ. ივანე ახალციხელი ბრძოლის ველზე დაეცა, შალვა კი ტყვედ
ჩავარდა. იგი სულთანს მიჰგვარეს. ქართველი დიდებულის ახოვანებითა და
სიმამაცით აღფრთოვანებული სულთანი მის გადმობირებას ეცადა, მაგრამ ვერც
ლიქნით და ვერც მუქარით შალვა ახალციხელი რჯულის შეცვლაზე ვერ დაითანხმა.
მაშინ მისი წამებით მოკვდინება ბრძანა. ასე აღესრულა სამშობლოსა და
ქრისტეს სარწმუნოებისათვის თავდადებული მამულიშვილი. ხალხმა მას უძღვნა
ლექსი „შავლეგო", რომელიც შემდეგ სიმღერადაც აჟღერდა. ჯალალ-ედ-დინი გარნისის გამარჯვებით არ დაკმაყოფილებულა. იგი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია და ქალაქში სისხლის ტბები დააყენა. მაგრამ არც ეს იკმარა. სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, შემდეგ ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა. მაგრამ არცერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს, არცერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები. იმ დღეს მონღოლებმა ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს. ურჯულოებმა არ დაინდეს არც მოხუცები და არც ბავშვები. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამოდენიმე დღის განმავლობაში სისხლით შეღებილი მოდიოდა. 100 000 მოწამე შეუერთდა იმ დღეს წმინდანთა დასს, ზეციურ საქართველოს. წმიდა 100 000 მოწამეთა მეოხებით უფალმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ!
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |