მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სამი სიტყვა მორჩილების შესახებ (ნაწილი 1)

სამი სიტყვა მორჩილების შესახებ (ნაწილი 1)


8-12-2017, 00:03

 

სიტყვა პირველი

   

   ამის შესახებ მე უკვე გიამბეთ, მაგრამ ჩვენი ახალი ძმებისთვის, რომელთაც ჯერ არ მოუსმენიათ, მოვისურვე, ამ ისტორიას მივბრუნებოდი და შემეგონებინა თქვენთვის, თუ რა არის მორჩილება.

   კატუნაში1 ერთი ბერი ცხოვრობდა, სახელად კირილე, რომელსაც მორჩილი ჰყავდა. ეს უკანასკნელი ხშირად აბრაზებდა ბერს და ურჩობით გულს სტკენდა. ამ მორჩილმა თანდათან თავი ცუდად იგრძნო - უცნაურად იქცეოდა, თუმცა ეშმაკეულობის საბოლოო საფეხურამდე ჯერ არ მიეღწია. იგი ჩვენს მამებთან ათანასესა და იოსებთან ერთად თხილის შესაგროვებლად დადიოდა, მაგრამ მისთვის ეს შრომაც მეტისმეტად მძიმე გამოდგა. ამ ადამიანს გოგირდის სუნი ასდიოდა, ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცი. თავის თავში არანორმალურ გულისსიტყვებს ატარებდა და ეს მთელს მის გარეგნობაზეც აისახებოდა. ზოგჯერ ჩვენს ბერ იოსებთან მოდიოდა და თავის გულისსიტყვებზე ესაუბრებოდა, რჩევას ეკითხებოდა, მაგრამ მორჩილებას საერთოდ არ ასრულებდა.

   მამა კირილემ გარდაცვალების წინ უთხრა მას: „შვილო ჩემო, როდესაც მოვკვდები, აქ დამასაფლავე". მაგრამ მორჩილმა მიცვალებული ბერი სხვა ადგილას დაკრძალა. მამები ურჩევდნენ, ახლა მაინც არ გამოეხატა ურჩობა და თავისი ბერის უკანასკნელი ნება შეესრულებინა, მაგრამ იგი პასუხობდა: „არა, მინდა აქ დავასაფლავო!".

   როდესაც ბერი დაკრძალა, მას ეშმაკი გამოეცხადა და უთხრა: „ეს ყველაფერი მე მოგიწყვე; მე გიბიძგებდი, შენი ურჩობით ბერი გაგენაწყენებინა". როგორც კი მორჩილმა პირი გააღო საპასუხოდ, ეშმაკი მასში შევიდა. აქედან დაწყებული მორჩილი შეშლილივით იქცეოდა... ქერუბიმთა საგალობელის დროს იცინოდა, მგელივით ყმუოდა, მხეცივით ღრიალებდა. ერთხელ ცული აიღო და წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ხატი გაჩეხა. ცხოვრობდა, სადაც მოხვდებოდა, გონებაზე იშვიათად მოდიოდა.

   ერთხელ, შუადღისას, მელიის წკმუტუნი მოგვესმა და მამა იოსებ კვიპროსელმა მითხრა:

   - შეხედე, რა თავხედი მელაა! დღისით, მზისით არ ეშინია, აქ მოსულა და წკმუტუნებს.

   - ეს მლია არ არის, ეს ეშმაკეული მამა იოანეა, - მოვუგე მე.

   - არ მჯერა... - მიპასუხა მან.

   - მაშ მოიცადე და თავად დაინახავ, - ვუთხარი მე.

   და, მართლაც, მალე ჩვენი სახლის წინ მამა იოანემ ჩაიარა!

   ამ ყველაფერს მაგალითისთვის მოგითხრობთ, რათა შეიგნოთ, თუ რა არის მორჩილება, და იმიტომაც, რომ ეს ნაამბობი სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ.

   სხვა დროს, უკვე გონებაზე მყოფი მამა იოანე ჩემი ბერის - იოსების სანახავად მოვიდა. ჩვენი განაწესის და ბერის მცნების თანახმად, მე ისინი უნდა დამეტოვებინა და წავსულიყავი, უცხო ადამიანის დანახვისთანავე დავმალულიყავი. ასეც მოვიქეცი; როგორც კი მოვიდა, მეზობელ სენაკში შევედი და ჩამოვჯექი.

   ბერი იოსები დაბალ სკამზე იჯდა, მამა იოანეც გვერდით მოუჯდა. ჩემი ბერისაგან ვიცოდი, რომ სტუმარი ეშმაკეული იყო; სწავლისა და გამოცდილების მისაღებად ბერი მის შესახებ ხშირად მესაუბრებოდა ხოლმე.

   მეზობელ სენაკში ვიჯექი და ცნობისმოყვარეობით და სარგებლის მოგების სურვილით ძალიან მინდოდა მომესმინა, რას ეტყოდა მამა იოანე და რას ურჩევდა მას ბერი.

   „მამაო, - დაიწყო მამა იოანემ, - როდესაც დემონი შემიპყრობს, მიწას მომწყვეტს, მირტყამს, მე კი რაღაც გაუგებარს ვბოდავ, უაზროდ ვიქცევი და თავად ვხედავ, თუ რას აკეთებს ჩემი სხეული და რას წარმოთქვამს ჩემი პირი! მე მაყურებელი ვარ და ვერაფერს ვხვდები - ჩემი სხეულის ყველა ასო ეშმაკს ემორჩილება!"

   როდესაც ახალ სკიტში ვცხოვრობდით, სენაკის მშენებლობის გამო ბევრი სამუშაო და საზრუნავი გვქონდა. მაცდურმა მამა N-ს უბიძგა, ჩემთვის წყენა მოეყენებინა. ვეუბნებოდი: „ასე ნუ იქცევი, ეს კარგ არაფერს მოგიტანს-მეთქი". ბოლოს, ღმერთმა ინება, პირადი გამოცდილებით გაეგო და დაენახა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება: დიდი სერობის დროს (დიდმარხვა იდგა), როდესაც იგი ანალოგიასთან იდგა და კითხულობდა, მე კი ბერის სტასიდაში2 ვიჯექი, ღმერთის დაშვებით ამ ძმამ წუთით კითხვა შეწყვიტა, ჩემთან მოვიდა და დამფრთხალმა მითხრა:

   - მამაო, ეშმაკეული ვხდები!

   - რატომ?!

   - აი, - მიპასუხა მან, - ყოვლი ჩემი თითი ხელის სისქე ხდება, ეშმაკის მანქანებით კი ხელი სამ-ოთხჯერ გადიდდა. ვიღუპები, მამაო, გადამსახე ჯვარი, რომ ეშმაკეული არ გავხდე.

   მე ჯვარი გადავსახე და ვუთხარი:

   - ახლა წადი, წაიკითხე სერობა და სხვა დროს ყურადღებით იყავი. ნუ შეეპასუხები მოძღვარს და ნუ გექნება მისგან განსხვავებული შეხედულებანი - ეს შენთვის სასარგებლო არ არის.

   როდესაც ჯვარი გადავსახე, განსაცდელმაც გაიარა - იგი გონს მოეგო და სერობის წასაკითხად ძრწოლით გაბრუნდა.

   კარგი მორჩილი უდიდეს წარმატებას აღწევს. ვინც ემორჩილება და თავის ბერს არ აწუხებს, ანგელოზთა გვირგვინს მოიგებს. მორჩილი მორჩილებით უდიდეს მადლს ჰპოვებს.

   პავლე მოციქული, მიუხედავად მისა, რომ უბრალო, რიგით ქრისტიანებს მოძღვრავდა, აქცენტს მაინც ყველა სათნოების საძირკველზე - მორჩილებაზე აკეთებდა და ამბობდა: გმართებთ, თქვენი სულიერი წარმატებებით სულიერი მამები გაახაროთ, „რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქუენთათვის"3, რადგან საზიანოა, თქვენს სულებზე მზრუნველ ადამიანებს აწყენინოთ და უსიამოვნებები შეამთხვიოთ.

   თუ მორჩილებაში სარგებელსა და განსვენებას ვერ ვპოულობთ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც წესისამებრ არ არის, რაღაც ხელიდან გვისხლტება.

   მორჩილი, რომელიც ამა თუ იმ საკითხზე მოძღვრის დარიგებებს იღებს, ნუ იფიქრებს, რომ ეს უბრალო რჩევებია. არსობრივად ისინი მცნებებია, მერე რა, რომ აშკარად მცნებების სახით არ ითქმება. მაგალითად, ბერი არიგებს: „შვილო ჩემო, იყავი მორჩილი, ილოცე და უკეთური გულისსიტყვები მოსვლისთანავე განაგდე, რადგანაც, რაც უფრო დიდხანს რჩებიან ისინი, თავიანთ სამყოფელს მით მეტად ბილწავენ. კიდეც რომ წავიდნენ, დიდი ხნით მაინც დატოვებენ ნაჭდევებსა და ნაიარევებს!" აი, სხვა დარიგებაც: „თუ შემოჰკრავენ კანკურას4, მაშინვე ქვემოთ ჩამოდი!" ან კიდევ: „ეკლესიაში აქეთ-იქით ნუ დადიხარ, მოთმინებით იჯექი შენს სტასიდაში და ადგილი მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიცვალე".

   თუ მონაზონი მოძღვრის რჩევებსა და შეგონებებს არ იჯერებს, მაშინ ურჩობაშია და მონაზონის შესაშინებლად და დასამორჩილებლად განა არ მართებს ბერს, მას პირდაპირ განსაკუთრებულ შემთხვევაში აძლევენ.

   როდესაც ვინმე მოდის, რათა მორჩილი გახდეს, სრულიად ნათელია, რომ მას იღუმენის გულისთვის ან მონასტერში ცხოვრებისთვის კი არ აკეთებს, არამედ ქრისტეს სიყვარულის გამო და სულის გადასარჩენად. მაგრამ ქრისტეს ვერ ხედავს, რათა მისდამი მორჩილება აღასრულოს, სამაგიეროდ, მონასტერში უფალი თავის წარმომადგენელს - იღუმენს ადგენს; ახალმოსულმა სწორედ მისდამი უნდა გამოიჩინოს ის მორჩილება, რისი მიგებაც ქრისტესადმი სურდა.

   ყოველი სულიერი მამა თავის თავში ქრისტეს ხატს ატარებს. რამდენადაც ემორჩილება ადამიანი სულიერ მამას, იმდენადვე ემორჩილება ქრისტეს. (გაგრძელება...)

   



კატუნაკი - (ბერძნ. ქოხი) - ათონის ერთ-ერთი სკიტის სახელწოდება.

სტასიდა - ხის მოხერხებული ფორმა, რომელშიც შეიძლება იდგე, მასვე დაეყრდნო იდაყვებით, ან იჯდე განაწესით გათვალისწინებული ხანგრძლივი მსახურების დროს.

შდრ. ებრ. 13, 17.

კანკურა - ხის ან რკინის ოთხკუთხა ძელი, მასზე კაკუნით მონაზვნებს ლოცვისთვის მოუხმობენ.




არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება