მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > თავნი გონებით ლოცვის შესახებ (ნაწილი 3)

თავნი გონებით ლოცვის შესახებ (ნაწილი 3)


3-12-2017, 00:03

თავნი გონებით ლოცვის შესახებ (ნაწილი 3)

 

   ლოცვის დროს გონებამ გული უნდა დაიცვას, შიგნიდან აღემართოს ზღუდედ და გულის სიღრმიდან ზეაღავლინოს ღვთისადმი გამუდმებული ლოცვა: „უფლო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როდესაც იქ, გულში, გონება იგემებს და შეიცნობს, რომ „სახიერ არს უფალი" და ამით დატკბება, უკვე საგულედან გამოსვლას აღარ მოისურვებს და პეტრე მოციქულივით იტყვის: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი" (მათ. 17, 4), ზღუდედ შემოევლება გულს და იქიდან ყველა გულისსიტყვას გამოაძევებს, რომელიც შიგ ეშმაკმა დათესა; არც ერთ ამსოფლიურ გულისსიტყვას არ დატოვებს და იქნება სული გლახაკი, ყოველგვარ ამქვეყნიურ გულისსიტყვას მოკლებული.

 

 

● ● ●

   ვინც ამ ხელოვნების სიღრმეს ჯერაც ვერ ჩასწვდა, ძალიან ძნელი და მოსაბეზრებლი ეჩვენება. მაგრამ, როცა მის სიტკბოებას იგემებს და ნეტარებით განცხრება, გულის სიღრმიდან ყიჟინა აღმოხდება, როგორც პავლე მოციქული: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?" (რომ. 8, 35).

 

 

● ● ●

   ამრიგად, ჩვენმა წმიდა მამებმა ისმინეს უფლისა, რომელიც ბრძანებს, რომ გულიდან ადამიანის წამბილწველი გულისსიტყვები ამოდის (მათ. 15, 19) და გვმართებს, განვწმინდოთ ჭურჭელი შიგნიდან, რათა ის გარედანაც წმიდა იყოს (მათ. 23, 26). წმიდა მამებმა ყოველი სხვა სულიერი შრომა დაუტევეს და მთლიანად ამ ხელოვნებას მიეცნენ, ანუ გულის დაცვას, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამ გზით ნებისმიერ სხვა სათნოებასაც იოლად მოიპოვებდნენ.

 

 

● ● ●

   წმიდა და ღმერთშემოსილი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ბრძანებს: „განვიწმინდოთ გულები, რათა მათში ყველგანმყოფი უფალი ვპოვოთ. განვიწმინდოთ გულები მისი მადლის ცეცხლით, რათა ჩვენს თავშივე ვიხილოთ ნათელი და დიდება ღვთისა".

 

 

● ● ●

   ბედნიერნი არიან ისინი, ვინც მიეახლა საღმრთო ნათელს, შევიდა მასში, შეუერთდა მას და თავადაც სინათლედ იქცა, რადგან მათ სრულად შემოიძარცვეს ცოდვით შებილწული სამოსი და უკვე აღარ მოუწევთ ცხარე ცრემლებით ტირილი.

 

 

● ● ●

   ბედნიერნი არიან ისინი, ვინც ჯერ კიდევ აქ შეიცნო ნათელი უფლისა და თავად უფალი, იმიტომ, რომ სამომავლო ცხოვრებაში კადნიერად წარდგებიან მის წინაშე.

 

 

● ● ●

   ბედნიერნი არიან ისინი, ვინც მიიღო მათთან ნათლის სახით მისული ქრისტე. ადრე ისინი წყვდიადში იყვნენ, ახლა კი ნათლისა და დაუღამებელი დღის - უფლის შვილები გახდნენ.

 

 

● ● ●

   ჭეშმარიტად არაფერი შეედრება გამუდმებული გონებრივი ლოცვის სუნთქვას.

 

 

● ● ●

   წმიდა გრიგოლ პალამა ბრძანებს, რომ შესუნთქვა-ამოსუნთქვაზე დაყრდნობით წარმოთქმული ლოცვა გარკვეული დროის შემდეგ მლოცველის ნესტოებიდან გამოდის, როგორც მადლის ტკბილი კეთილსურნელებით შეზავებული სიო, სულიერი კეთილსურნელების არომატი „სულად ცხოვრებითი ცხორებად".1

 

 

● ● ●

   იცოდე: ლოცვა მადლს მარტო მლოცველს არ ანიჭებს - მისგან იგი გადმოდინდება, მიედინება და ქმნილებებს გადაეცემა. შეუნთქვისას თავად მლოცველი განიწმინდება, განცხოველდება და იკურთხება. ამოსუნთქვისას კი განიწმინდება, განცხოველდება და იკურთხება ქმნილება, ოღონდ არა მლოცველის, არამედ საღმრთო მადლის მიერ.

 

 

● ● ●

   ამ ბოლო დროს, როცა ანტიქრისტეს სუნთქვა დედამიწას, ზღვასა და მთელ სამყაროს ბილწავს, ღმერთი ეკლესიის მკერდსა და გულში აღვივებს გონებრივ ლოცვას, რომელიც მოქმედებს, როგორც მადლის გამაცოცხლებელი ნამი, როგორც ნიავის მობერვა ილია წინასწარმეტყველთან. გონებრივი ლოცვა აგრეთვე გვევლინება, როგორც შხამის უვნებელმყოფელი, რომელიც სულიერ და ხორციელ სიჯანსაღეს უზრუნველყოფს იმ დღეებში, სამომავლოდ რომ გველოდება.

 

 

● ● ●

   ვიცი, რომ ამქვეყნად, მთელს მსოფლიოში, ათასობით სულია, რომლებიც თავს აიძულებენ ილოცონ და ამისთვის ისინი საუცხოო ნაყოფს იღებენ. ლოცვა მათ სულიერ ღვაწლში განამტკიცებს, შინაგანად განსწავლის და ისინიც აღსარებას ბოლომდე, წრფელად ამბობენ. მათ აწუხებთ ლოცვის მიერ სული ფსკერიდან ამოტივტივებული თავიანთი გულისსიტყვები და განსაცდელები, სურვილით მიეახლებიან უწმიდეს საიდუმლოებებს. შემდეგ ისევ იწყება ბრძოლა გულისსიტყვებსა და ვნებებთან, რასაც ისევ საიდუმლოებთან ზიარება მოსდევს. ლოცვის გარეშე მათ უკვე სიცოცხლე აღარ შეუძლიათ.

 

 

● ● ●

   ლოცვა სუნთქვაა. თუ ადამიანი სუნთქავს, იგი ცოცხლობს, თავი ცხოვრებაზე ზრუნავს. ახალბედა მლოცველი მთელი თავისი ცხოვრების გამოსწორებას სულიერი მამის წინამძღვრობით იწყებს. როგორც ამომავალი მზე აღვიძებს, ანათებს და აცოცხლებს ქმნილებებს, ისე მზე ნათლისა - ქრისტე - ლოცვის საშუალებით ადამიანის გონებასა და გულში ამობრწყინდება, აღვიძებს მას ნათელი და დაუღამებელი დღის (უფლის) საქმეთა საკეთებლად.

 

 

● ● ●

   ძმანო, მოღვაწეთა მესაძირკვლე ანტონი დიდი ამბობდა: „მარადის ისუნთქეთ ქრისტეთი". წარმართთან მოციქულიც ყველგან მცხოვრებ და ყველა დროის ქრისტიანს არიგებს, სთხოვს და მცნებად უდებს: „მოუკლებლად ილოცევდით" (1 თეს. 5, 17). „მოუკლებელს არც ზღვარი აქვს და არც საზომი" - განმარტავენ ღვთაებრივი მამები.

   ამრიგად, მშვიდობის ჟამს დაუდევრობას ნუ მიეცემი, არამედ ილოცე, გამოსწორდი, ემზადე ბრძოლისთვის, მოიკრიბე მხნეობა. განსაცდლების ნუ შეგეშინდება. ყველას აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ შეიცვლოს, მაგრამ ღვაწლს ნიადაგ მოთმინება და სიბეჯითე სჭირდება. დღეში ათასჯერაც რომ დაეცეს მართალი, ისე აღდგება და მას ეს გამარჯვებად ეთვლება. ლოცვაც ამასვე ნიშნავს: გვქონდეს გამუდმებული სინანული და მოუკლებლად მოვუხმობდეთ საღმრთო მოწყალებას.

   ქრისტეს, ჩვენს ღმერთს, მლოცველისთვის ლოცვის მიმნიჭებელს, დიდება და მადლობა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

შდრ. 2 კორ. 2, 15-16.

 

 

არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება