მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > სიტყვა მეოთხე ლოცვის შესახებ (ნაწილი 2)

სიტყვა მეოთხე ლოცვის შესახებ (ნაწილი 2)


25-11-2017, 00:03

 

   ლოცვითი საუბრით ადამიანი თანდათან შინაგანად სრულყოფილი ხდება. გული გამუდმებით იწმინდება და შემდეგ დაყუდება მიემადლება.

   წმიდა მამებმა მრავალწლიანი ლოცვით მიაღწიეს მაღალ მდგომარეობას. მათ ჭვრეტა ატყვევებდა, იყვნენ „განკვირვებასა შინა" (საქმ. 22, 17), საკუთარი სხეულიდან გამოდიოდნენ, როგორც პავლე მოციქული: „გინა თუ ხორცითა, არა ვიცი, გინა თუ თვინიერ ხორცთაისა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, აღიტაცა ესევითარი კაცი ვიდრე მესამედ ცადმდე" (2 კორ. 12, 2). იგივე ემართებოდა მრავალ სხვა წმიდანს.

   როდესაც წმიდა გრიგოლ სინელმა წმიდა მაქსიმე კავსოკალიველს ლოცვის შესახებ ჰკითხა, მან უპასუხა: „შემინდე, მამაო, ხიბლში ხარ". – „ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ, - მიუგო წმიდა გრიგოლმა, - მომიყევი, ღვთის გულისათვის, შენს სათნოებებზე. გთხოვ, მითხარი, გამოგდის გონებით ლოცვა?" მაშინ წმიდა მაქსიმემ უამბო, თუ როგორ ლოცულობდა დიდი ხნის განმავლობაში და შესთხოვდა ღვთისმშობელს, მიეცა მისთვის გონებით ლოცვის მადლი. ერთხელ ღვთისმშობლის ხატიდან სითბო გადმოვიდა და მის გულში ჩაიღვარა. გულმაც თავისი სიღრმიდან ლოცვა დაიწყო. წმიდა გრიგოლი დაჟინებული თხოვნით, წმიდა მაქსიმემ განაგრძო: გონებით ლოცვის ნაყოფი ღვთისადმი უდიდესი სიყვარული და ჭვრეტით გონების დატყვვებაა. ეს სულიწმიდის მოქმედებით ხდება, ზოგჯერ მას გონება საღმრთო ნათლის უნივთო ჰაერში მიჰყავს ან ღმერთთან საუბრის საშუალებას აძლევს, ანდა სხვა რომელიმე, გამოუთქმელი ჭვრეტის ღირსი ხდება.

   ეს ყოველივე გონებით ლოცვის შედეგი.

   ლოცვაში წარმატების მიღწევით ჩვენ ვნებათაგან ნელ-ნელა ვთავისუფლდებით, თანდათან დაფარული გულისსიტყვები განქარდება და ჩვენი გული ბავშვის წრფელ გულს დაემსგავსება.

   მაგრამ დასაწყისში, როგორც ითქვა, ძნელი იქნება, სანამ „საქმე არ წავა". ეს ხელის მანქანას ჰგავს, რომლის ასამუშავებლად ძალდატანება აუცილებელია. თუ ეს მექანიზმი ავტომატური გახდება, ეფექტურობა მრავალჯერ გაიზრდება და მუშაობისთვის ძალდატანება საჭირო საერთოდ აღარ იქნება. ასეა ლოცვაც - თანდათან იგი ჩვენი მონაპოვარი გახდება და ამის შემდეგ იოლად აღვავლენთ, ამასთან ის მრავალ ნაყოფსაც გამოიღებს.

   როდესაც ლოცვაში ვმეცადინეობთ, კადნიერებას, ამპარტავნებას უნდა ვერიდოთ, რადგან ეს ლოცვას დიდად აბრკოლებს. ამიტომ აუცილებელია ხშირად თავის ბრალობა, საკუთარი თავის მუდმივად დადანაშაულება.

   საკონდიტროში შესულნი ნამცხვარს, შოკოლადს, ნაირგვარ ტკბილეულს ვხედავთ; სულიერ საკონდიტროშიც შეიძლება მრავალი რამის პოვნა, ოღონდ ვილოცოთ და დანარჩენს ღმერთი გამოგვიგზავნის. ვაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებლია - ღმერთისთვის კი თავად ლოცვაა მნიშვნელოვანი. რაც მეტ სიმდაბლეს შევიძენთ, ჩვენს ლოცვას მით მეტი მადლმოსილება ექნება.

   ვიმეორებ, ყურადღებით უნდა ვიყოთ და ლოცვის დროს სხვა არაფერზე ვიფიქროთ. აქ არის ლოცვის ეპიცენტრი.

   წმიდა გრიგოლ პალამა ამბობს: „როცა ლოცვა ჩასუნთქვა - ამოსუნთქვაზე დაყრდნობით წარმოითქმის, გარკვეული დროის შემდეგ ნესტოებიდან კეთლსურნელება გამოდის". ეს ჭეშმარიტად ასეა! ლოცვა ჰაერს კეთილსურნელოვანს ხდის, რაც სხვა არაფერია, თუ არა ლოცვის ნაყოფი, რომელიც ქრისტეს სახელის წყალობით მწიფდება. რას აღარ ახდენს ქრისტეს სახელი! იკურთხება წმიდა ძღვენი, მისი სახელით მოგვევლინება სულიწმიდა, წმიდანები აღადგენენ მიცვალებულებს... ქრისტეს სახელისთვის ყველაფერი შესაძლებელია.

   ერთი წმიდა მამა ამბობდა: როდესაც ამგვარად მლოცველი სული სხეულს განეშორება, განა შეძლებენ დემონები, რომ მის გვერდით დადგნენ?! ამ სულს ლოცვის ჯავშანი ეცმევა და დემონები ვარ მიეკარებიან. ასეთი უდიდესი სარგებელია ამ ლოცვისგან.

   მგონი, უკვე გიამბეთ ერთ მომლოცველზე, რომელსაც გონებრივი ლოცვა ხელეწიფებოდა. ის, როგორც ოჯახის, სამუშაოსა და მრავალ სხვა ვალდებულებათაგან თავისუფალი ადამიანი, ბევრს კითხულობდა, უარყო საკუთარი თავი და ამსოფლიური საზრუნავი - გამუდმებით ლოცვას წარმოთქვამდა და ქრისტესადმი უდიდეს სიყვარულს განიცდიდა. მართლაც, მის სულში საღმრთო სიყვარული სუფევდა. ამ ადამიანს მხურვალედ ეწადა, წმიდა საფლავზე წასულიყო, რათა იქ სანატრელი ქრისტეს სიყვარულით დამტკბარიყო. გაემგზავრა კიდეც იერუსალიმს და კუვუკლიაში შევიდა, რათა ქრისტეს საფლავს მთხვოდა. მას უძლიერესი სიყვარული დაეუფლა, ფიქრობდა იმაზე, რომ იქ დაკრძალეს ის, ვისაც ეთაყვანება, რომ აქ არის იესო ქრისტეს ცარიელი საფლავი... მოხდა ისე, რომ წმიდა საფლავის თაყვანიცემისას მან სული განუტევა! ამის მხილველებმა თქვეს: „მოდით, ვნახოთ, რა იმალებოდა ამ ადამიანის გულში!" გაკვეთეს მისი სხეული, გაჭრეს გული და გაშეშდნენ - გულზე აღბეჭდილი იყო სიტყვები: „იესო, ტკბილო სიყვარულო ჩემო...".

   ხედავთ, რაოდენ გაამდიდრა იგი ლოცვამ, როგორ აღავსო საღმრთო სიყვარულით?! ახლა იფიქრეთ, სად მოხვდებოდა ეს მომლოცველი, თუკი ასეთი სიკვდილის ღირსი შეიქნა? მისი სული, რასაკვირველია, ანგელოზებმა მიიღეს და გვირგვინშემკული და ნათელშემოსილი ქრისტეს ტახტთან მიიყვანეს.

   წმიდა პახუმის დამმოძღვრავი ანგელოზი ამბობდა: „მრავალმა განსწავლულმა ადამიანმა მიატოვა სწავლაც, გაკვეთილებიც და ლოცვა დაიწყო". ადამიანი უვნებლობას მხოლოდ გონებრივი ლოცვის წყალობით აღწევს, რაც კითხვით, ან რაიმე სხვა საშუალებით შეუძლებელია.

   ვინც ასე ლოცულობს, სძულს ამაოდმეტყველებაც, კადნიერებაც და მრავალი სხვაც, რათა არ დაკარგოს ის მდგომარეობა, რაც ლოცვით ჰპოვა.

   ვლოცულობ, რათა ღმერთმა მოგმადლოთ ლოცვა და ოდეს მადლი გეწვევათ, საქმით შეიცნობთ ამ ყველაფერს - მიხვდებით, თუ რის შესახებ გესაუბრებით.

 

 

 

არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება