მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა ირინეოს ლიონელი (მე-2 საუკუნე)
წმიდა ირინეოს ლიონელი (მე-2 საუკუნე)11-11-2012, 20:41 |
ვისაც სურს ჭეშმარიტების გაგება, ის ყველა ეკლესიაში დაინახავს მოციქულთა სწავლებას, რომელიც ნაქადაგებია მთელს მსოფლიოში; ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ მოციქულთა მიერ დადგენილი ეპისკოპოსები და მათი მემკვიდრენი ჩვენამდეც კი, რომლებიც ისეთს არაფერს ასწავლიდნენ და ისეთი არაფერი იცოდნენ, რასაც მწვალებლები ფიქრობენ [34, გვ. 451].
* * * სხვაგან არ უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისაგან, რადგან მოციქულებმა როგორც სალაროში, ისე შეინახეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხება; ისე რომ ყოველი მსურველი იღებს მისგან საცხოვნებელ სასმელს. სწორედ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია. ამიტომაც უნდა განვერიდოთ მათ; უდიდესი მოსწრაფებით ავირჩიოთ ის, რაც ეკლესიას ეკუთვნის და მივიღოთ ჭეშმარიტი მოძღვრება (წვალებათა წინააღმდეგ, წიგნი მე-3, თავვი მე-4 [13, გვ. 278]).
* * * არიან ადამიანები, რომელთაც პოლიკარპე სმირნელისაგან მოუსმენიათ: ერთხელ იოანე, უფლის მოწაფე, აბანოში მივიდა ეფესოში. როდესაც იქ კერინთოსი დაინახა, დაუბანელი გამოიქცა და თქვა: გავიქცეთ, ვაითუ დაიქცეს აბანო, რადგან იქ ჭეშმარიტების მტერი, კერინთოსი იმყოფება. თვითონ პოლიკარპემ მარკიონთან შეხვედრისას კითხვაზე: „მიცნობ მე?" უპასუხა: „გიცნობ, როგორც სატანის პირმშოს". ასეთ სიფრთხილეს იჩენდნენ მოციქულები და მათი მოწაფეები, სიტყვითაც არ ჰქონდათ ურთიერთობა ჭეშმარიტების მტრებთან, როგორც პავლემაც ბრძანა: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ (ტიტე. 3.10,11). (წვალებათა წინააღმდეგ წიგნი მე-3. თავი მე-3 [13, გვ. 278]). უკან დაბრუნება |