მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > სიტყვა მესამე გონებით ლოცვის პრაქტიკის შესახებ (ნაწილი 2)

სიტყვა მესამე გონებით ლოცვის პრაქტიკის შესახებ (ნაწილი 2)


20-11-2017, 00:03

 

   „მაგრამ ეს ერთი-ორი დღის საქმე არ არის, ამას დიდი დრო სჭირდება, - შენიშნავს ღვთაებრივი ოქროპირი, - აუცილებელია ძლიერი ღვაწლი და დიდი დრო, რათა განიდევნოს ეშმაკი და ჩასახლდეს ქრისტე... იშრომეთ და მოელოდეთ „უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ვიდრემდის შეგვიწყალენ ჩუენ". და სხვა არაფერი შესთხოვოთ დიდების მეუფეს, თვინიერ წყალობისა - ეს გამოითხოვეთ მდაბალი და მოწყალე გულით. აიძულეთ გონება, უკიდურეს გადაღლამდე - დილიდან საღამომდე, და თუ შესაძლებელია, მთელ ღამეს მოუხმობდეს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".

   მსგავს რჩევებს ყველა წმიდა მამა გვთავაზობს, თითოეული მათგანი თავისებურად და საკუთარი სიტყვებით მსჯელობს, მაგრამ მათ უკან ეშმაკთან შერკინების და მისი ძლევის გამოცდილება დგას; გონებით მუდმივი ლოცვა სატანას აღიზიანებს და პირდაპირ ქანცს აცლის.

   „ძმანო, მარადის ისუნთქეთ ქრისტეთი!" - აღგვძრავს უდაბნოს მასწავლებელი ანტონი დიდი.

   „მარადის მოიხსენე ღმერთი დ გონება შენი ზეცად გექცევა!" - მოგვიწოდებს ღირსი ნილოს ბრძენი.

   რამდენადაც შეუპოვრად ლოცულობს პიროვნება, მით უფრო ეწმინდება გული, უნათდება გონება და კეთილი ხდება მისი ნება, მით მეტ სიხარულს მოუტანს ღვთის სასუფეველი ასეთ ადამიანს, რომელიც ხატია ღვთისა და რომლისთვისაც ღმერთკაცმა იესო ქრისტემ ცა და ქვეყანა თავისი სათნოებით, ჯვარცმითა და აღდგომით შემოსა.

   ღვთის სასუფევლის სიკეთეს სააქაოდანვე იგემებს ის, ვინც საკუთარ გემოვნებას დაშრეტს, თავის გრძნობებს ამსოფლიურ მშვენიერებისგან განაშორებს და სოფლის მპყრობელის - ეშმაკი შემოტევეების პირისპირ დადგება მხნედ, სასიკვილოდაც კი. გულისსიტყვების დადუმება, გულის მშვიდობა, ტკბილი ცრემლი, საღმრთო ჭვრეტა, სრულყოფილება - „რაც კი ძალუძს ადამიანურ ბუნებას", - ეს ყოვლივ მიიღწევა განუწყვეტელი, მუდმივი, ბეჯითი, შეუდრეკლი ღვაწლითა და გონებრივი ლოცვით.

   მაგრამ, სანამ ეს მოუკლებელი გონებითი საუბარი იქნება შესმენილი, მლოცველს ევალება შეასრულოს სულიერი ცხოვრებისთვის აუცილებელი მონაზვნური და ქრისტიანული ვალდებულებები.

   მონაზონ - მორჩილს მოეთხოვება ურყევი მორჩილება ბერისადმი, რომელიც ქრისტე მაცხოვრის ცხოვრების წესს ხილულად განასახიერებს. ხოლო ყველა ქრისტიანის ვალდებულებაა, საკუთარი ცხოვრება სულიერ მამათა მითითებებს მიუსადაგონ და ერთი წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის კანონებს დაემორჩილოს, რათა არავინ იწყოს ხეტიალი საკუთარი ვნებებისა და სურვილების გზებზე, რაზედაც წმიდა წერილი გვაფთხილებს.

   „მამათა ცხოვრებაში" მოყვანილია ერთობ შინარსიანი და მარტივი გამონათქვამი ამბა მინა: „მორჩილება მორჩილების წილ. ვინც ღვთისას შეისმენს, მას ღმერთი მოუსმენს". ხოლო ამბა ესაია აზუსტებს: „შეუძლებელია, ღმერთმა არ ისმინოს კაცისა, რომელიც მას უჯერებს. ღმერთი ადამიანებისგან შორს არ არის, მაგრამ მას ჩვენი სურვილები არ აძლევს საშუალებას, რომ მოგვისმინოს".

   ამ სურვილების გამო ჩვენი ლოცვა ვერ შეისმინება.

   თუ ლოცულობ, მაგრამ შენი ლოცვა არ იქნა შესმენილი, იფიქრე, იქნებ თავად ხარ ურჩი.

   თუ ღამით ლოცულობ, დღისით კი დროს დაუდევრად ატარებ, ეს იგივეა, რომ აშენო და აშენებული ანგრიო.

   იცოდე, თუ წვრილმანებს უყურადღებოდ ეკიდები, მაშინ აუცილებლად დაიშვება, რომ დიდად შესცოდო. თავს დააკვირდი.

   შეუძლებლია, ღმერთმა მარად უგზავნოს მადლი ისეთ გულს, რომელიც საკუთარ სურვილებს ზღვარს არ უდებს და ისეთ გონებას, რომელიც უმიზნო ხეტიალს არ იშლის. თავდპირველად უფლის მადლს იმისთვის გვიწყალობებს, რომ დაგვეხმაროს, აღგვადგინოს, დაატკბოს ჩვენი სულის გრძნობები და თავისკნ მიგვიზიდოს. მაგრამ თუ თავად ჩვენც არ ვიშრომებთ, მადლი ვერ ამოქმედდება. მადა ჭამაში მოდის, ხოლო ლოცვა ლოცვის დროს იბადება.

   მორჩილების სამუშაოს ასრულებ? გაიხსენე წმიდა მამები, რომლებიც შრომობდნენ და თავის თავს ეუბნებოდნენ:

   „სხეულო იშრომე, რომ ისაზრდოო,

   სულო, იფხიზლე, რათა გადარჩე!"

   გონება გეფანტება? ჩურჩულით იმეორე ლოცვა, უარი თქვი უქმმეტყველებაზე; სხვგვარად, საკუთარი თავის გარდა, ზიანს სხვებსაც მოუტან.

   ამბა ფილომონის სიტყვებია: „მრავალი წმიდა მამა ანგელოზთა ჭვრეტის დროსაც კი იცავდა თავს დუმილით და არავისთან აბამდა საუბარს".

   დროის დაკარგვის ნაცვლად, ლოცვა წარმოთქვი. როდესაც მცონარება და უდებება გძლევს, გეშინოდეს უფლის მუქარისა ცბიერი და ზარმაცი მონისადმი.

   თუ დაუშვებ, რომ დღე უქმად და ღამე უფრო მეტი დუდევრობით გაათენო, სწრაფად მიხვალ სრულ უდებებამდე.

   ნუთუ შენი დაუდევრობა სატრაბახო გექნება, როცა სხვები შრომისთვის დიდგამენ გვირგვინს?!

   ძმაო, ცოტა გაისარჯე ლოცვასა და სიფხიზლეში და დაინახავ, წყაროდ როგორ ამოხეთქს სიხარული შენს გულში, როგორ განეფინება ნათელი შენი გონების სამყაროს. ეს მსწრაფლწარმავალი სიხარული არ არის. ეს არის ანგელოზთა სიტკბოება, საიქიო ნათელი მიუაჩრდილებელი, რომელსაც იესო ქრისტე - ნათელი სოფლისა, რომელიც ლოცვით მოგეახლება, ამ ქვეყნიდან განვლამდე მოგმადლებს. განა ჩვენ მამებს ეს არ განუცდიათ? იქნებ, შეუძლებლია, რომ ეს ჩვენ განვიცადოთ? არა ეს შესაძლებლია, თუ მცირედმორწმუნეობა და მცონარება არ შეგვიშლის ხელს.

   ჩემი ბერიც ამბობდა: „ცოტა გაისარჯე, რათა ღმერთი მოვალედ გაიხადო და მან თავის დროზე იმაზე გაცილებით მეტი მოგმადლოს, რაც დაიმსახურე და რასაც ითხოვდი".

   არც წმიდა ისააკ ასურის სიტყვები დაივიწყო: „ეშმაკი ჯერ შეეცდება, გულის მოუკლებელი ლოცვა შეაჩეროს, შემდეგ მონაზონი დაარწმუნოს, უგულებელყოს ლოცვისთვის გამოყოფილი დრო და კანონი, რომელიც თაყვანისცემისა მუხლმოდრეკისაგან შედგება".

   ამიტომ ნუ მოუსმენ უდებების ჩურჩულს და თუ გსურს, ღმერთმა დაფაროს შენი შეცდომები, შენც შენი ძმის შეცდომებს ნუ გამოააშკარავებ და მოუთმინე მაშინ, როდესაც მას ტკივილი და განსაცდელი შეემთხვევა.

   ნუ შეედავები შენს სულიერ მამას და ნურც გულისსიტყვებს დაუმალავ, თორემ მთელი ცხოვრება ამაოდ დაშვრები და შენი ლოცვაც უნაყოფოდ დარჩება.

   როგორ შეძლებ ქრისტეს ყოვლადწმიდა და ცხოველსმყოფელ საიდუმლოსთან ზიარებას, თუ გულახდილი აღსარებით არ განიწმინდებით? განა არ გსმენია, ზიარების ღირსეულად მიმღებთათვის იგი სიცოცხლეა, უღირსთათვის კი სიკვდილი?

   ნუ იტყვი: „მეც ისევე მოვიქცევი, როგორც სხვები იქცევიან"; ეს შეშლილის ნათქვმია - მსაჯული კი უგუნური არ არის.

   ყოველი გულისსიტყვა, რომელსაც სასოწარკვეთილება და ნაღველი მოაქვს, ეშმაკისგან არის, ამიტომ დაუყოვნებლივ განაგდე, თორემ ის ლოცვის ძაფს გაგიწყვეტს. ყოველი გულისიტყვა, რომელიც, სიხარულთან და ცრემლთან შეერთებულ ზომიერ დარდს ბადებს, ღმრთიმიერია. საღმრთო მადლი არასდროს ჰგვრის ადამიანს სასოწარკვეთლებას, მხოლოდ სინანულიკენ მიჰყავს იგი.

  



არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება