მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > სიტყვა მესამე გონებით ლოცვის პრაქტიკის შესახებ (ნაწილი 1)

სიტყვა მესამე გონებით ლოცვის პრაქტიკის შესახებ (ნაწილი 1)


19-11-2017, 00:03

სიტყვა მესამე გონებით ლოცვის პრაქტიკის შესახებ (ნაწილი 1)

 

   როდესაც უდაბნოში ვიყავით, მღვიძარება მზის ჩავლისთანავე ვიწყებდი და გარიჟრაჟამდე ვაგრძელებდით.

  ჩვენი ნეტარი ბერი იოსები მონაზვნური ცხოვრების მოვალობებს გვასწავლიდა და გონებით ლოცვის პრაქტიკაზე დაჟინებით მიგვითითებდა. ლოცვისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე იგი გამუდმებით აიძულებდა თავს და ჩვენგანაც მოითხოვდა, რომ შეძლებისამებრ ძალდატანებით გველოცა, რათა გონებისა და გულის სიღრმეებში უფლის სახელი დამკვიდრებულიყო, როგორც ადამიანის მთელი სულიერი ნაგებობის ქვაკუთხედი.

   ბერი გვუბნებოდა, რომ ძილის შემდეგ ადამიანის გონება ნათელი და სუფთაა. ზუსტად მაშინ გვმართებს, პირველი სულიერი საზრდოს სახით მივაწოდოთ მას სახელი უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

   მაგრამ ეშმაკმა ამის შესახებ იცის და ჩვენი გაღვიძებისთანავე ელვასავით ისწრაფვის, გონებაში თავისი მაცდური გულისსიტყვების ღვარძლი ჩაგვიტენოს, რათა მეხსიერების დოლაბამ მათი ფქვა დაიწყოს და მისი ტრიალის ხმა ერთგვარად ეშმაკეულ ლოცვად გვექცეს.

   მეწისქვილენი თავიანთ ენაზე იმ ადგილს, სადაც ხორბალს, ჭვავს, სიმინდს და ყოველგვარ მარცვლეულს ყრიან, „პოფოსს" (სურვილს) უწოდებენ. პირფართო „პოფოსი" ძირში იმდენად ვიწროვდება, რომ დოლაბზე ნელ-ნელა მხოლოდ რამდენიმე მარცვალი თუ ეცემა.

   ასე რომ ყველაფერი, რაც „პოფოსში" ხვდება, თანდათან დოლაბზე ცვივა და იფქვება. მაგრამ ის, რაც გულში შედის, სადაც ყველა ადამიანური სურვილია (პოფოსებია) თავმოყრილი, სრულიად არ არის აუცილებელი ზემოთ ამოვიდეს და გონების დოლაბში გაიაროს. „გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი", - ბრძანებს უფალი (მათ. 15, 19) - ისინი თითო-თითოდ ზემოთ მიემართებიან, გონებაში გადიან და მის მიერ იფქვებიან. რაც უფრო უწმინდურია გული და მიწიერებას მიჯაჭვული, მით სამარცხვინო და მდაბალ გულისსიტყვებს იტევს.

   გონებას გულისსიტყვების მღვრიე ნაკადი რომ არ მიაწყდეს და გულიც განიწმინდოს, როგორც ეს შემოქმედს სურს, შინაგანი ლოცვის საშუალებით გონება გულში ჩაგვყავს და იმ ადგილას, სადაც ვნებათა საშუალებით სატანისადმი თაყვანისცემა აღესრულებოდა, ღმრთის წმიდა ტაძრად, წმიდა სამების სავანედ გარდავქმნით.

   ჩვენს მიერ მოხაზული სქემა სათქმელად მარტივია, მაგრამ მისი საქმით აღსრულებას მთელი ადამიანური ძალების შემოკრება და საღმრთო მადლის უაზღვრო თანადგომა სჭირდება. რადგან ღმერთი ყოველთვის თავს სწირავს და გვთხოვთ: „მომეც მე, შვილო ჩემო, გული შენი" (იგავ. 23, 26), ჩვენც გვმართებს, დავმორჩილდეთ და სრულად გავწიროთ თავი ჩვენი წმიდა მამების სამოღვაწეო წესების აღსრულებისთვის.

   ამისთვის ძილის შემდეგ მოსულ პირველსავე გულისსიტყვებს ყურადღებით მოვეკიდოთ. კარგი და ცუდი სიზმრებიც და ოცნებებიც - ყველაფერი, რასაც ღამის მოსვენება ტოვებს, იქვე გავანადგუროთ; ამისთვის უმალ წარმოვთქვათ სახელი ქრისტესი, რომელიც ჩვენი სულის სუნთქვაა.

   შემდეგ სახეზე წყალი შევისხათ, რათა საბოლოოდ გამოვფხიზლდეთ, ხალისის შესანარჩუნებლად ჭიქა ყავა ან რაიმე სხვა სასმლი დავლიოთ - ჩვენი მღვიძარება ხომ შუაღამამდე დიდი ხნით ადრე იწყება; წავიკითხოთ სამწმინდაო, სარწმუნოების სიმბოლო, „ღირს არსი". შემდეგ ჩვენს სალოცავ ადგილას დავსხდეთ, ხელთ კი ეშმაკისგან თავდასაცავი იარაღი - სკვნილი გვეჭიროს.

   ბერი ამბობდა: „შენს სკამზე დაჯექი? ნუ დაიწყებ ლოცვას დაუდევრად, ჯერ გონება მოიკრიბე და ცოტა სიკვდილზე იფიქრე, იმაზეც, რაც მას მოჰყვება". იფიქრე, რომ ეს შენს ცხოვრებაში ბოლო ღამეა. დრონი წავიდნენ და აი, შენი ცხოვრების ზღვარზე დგახარ. მაგრამ ამ ღამით დარწმუნებული არ ხარ: მოესწრები კი დამდეგ დღეს, თუ სიკვდილს შეეყრები? რამდენი ადამიანი აღესრულება ამაღამ! საიდან იცი, რომ მათ შორის შენც არ იქნები?!

   იფიქრე, რომ სიკვდილ-სიცოცხლის გასყარზე შენი სულის საძებნელად შენი საქმეების შესაბმისად მოვლენ ანგელოზები ან დემონები. დემონები შენს სულს მწარედ განიკითხავენ, აღსასრულის ჟამს პირად ცხოვრებაში გადადგმულ ყველა ნაბიჯს გაგახსენებენ და სასოწარკვეთილებისკენ გიბიძგებენ. ანგელოზები ამას შენს მიერ ღვთისთვის ნაღვაწს დაუპირისპირებენ. და ამ წინასწარ სამსჯავროზეა დამოკიდებული სულის სვლა - ჰაერის საზვერეების გავლა, შემდეგ მსაჯულის ტახტი და განაჩენი.

   თუ ყოვლივე ამის შედეგად სატანჯველს მიიღებ, მაშინ რაღას იქმ, წყეულო სულო? რას გაიღებდი, განკითხვის ჟამს რომ გადარჩენილიყავი? გონს მოეგე, როგორც უძღები შვილი, რომელმაც შეინანა და ყოვლადმოწყალე ღმერთს პატიება სთხოვა. რასაც მაშინ მოიმოქმედებდი, ახლა ჰქმენ. შესცოდე? შეინანე, ახლა გიდგას ხელსაყრელი ჟამი.

   თუ ადამიანი ოცნებებისა და წარმოსახვების გარეშე თუნდაც ცოტა ხნით ამ ფიქრებს გაესაუბრება, მგლოვარება დაეუფლება, გული ცვილივით მოულბება, ხოლო გონება აღარ გაეფანტება. სიკვდილის ხსოვნას ის უპირატესობა აქვს, რომ ყოფით სიცრუეს ამარცხებს და გულში ღვთისადმი მგლოვარებას ბადებს. სინანულის ასეთი განწყობით მოკლე და განუწყვეტელი გონებითი ლოცვის დაწყება უკვე შეიძლება.

   როდესაც შენი გონება მოკრებილია, სული კი შემუსვრილი და დამდაბლებული, მაშინ მოიდრიკე თავი და ყურადღება გულს მიაპყრ. ამ დროს გულიც - შემუსვრილი და დამდაბლებული - ელის გონების ჩამოსვლას, რათა მასთან ერთად მრავლმოწყალე უფლისადმი ლოცვა აღავლინოს და სასოება აქვს, რომ მას ღმერთი არ შეურცხყოფს (ფსალ. 50, 17).

   სუნთქვის პროცესი ნესტოებიდან იწყება - სუნთქვას იქვე ლოცვა მიაჯაჭვე. შესუნთქვისას ერთხელ წარმოთქვი, გულამდე ჩააცილე და ამოსუნთქვისას კიდევ ერთხელ გაიმეორე. იქ, საგულეში, სადაც ლოცვა დაივანებს, გონებაც დაამკვიდრე და გაფანტულობის გარეშე ადევნე თვალ-ყური შესუნთქვა-ამოსუნთქვის თანამდევ სიტყვებს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".

   მოიკრიბე მთელი შენი სიყვარული და ამ განწყობილებით, ოცნებებისა და წარმოსახვების გარეშე, გულში მოიხსენე სახელი უფალ იესოსი.

   მოიშორე ნებისმიერი აზრი, თუნდაც ყველაზე ლამაზი, სუფთა და გადამრჩენი. ეს ბოროტი ძალისგან წამოსული, ერთი შეხედვით „წესიერი" საცდურია, რათა ლოცვა შეაჩეროს. მოიძაგე ყველა მაცდური გულისსიტყვა. რაოდენ სამარცხვინო, საძულველი და მკრეხელური არ უნდა იყოს ეს აზრები - ნუ ღელავ, მათზე შენ პასუხს აგებ. ღმერთმა იცის, საიდან მოდიან ისინი. მხოლოდ ნუ იზარმაცებ, ნუ აჰყვები და ნუ შეეთვისები მათ.

   როგორც კი მიხვდები, რომ გონება რამდენადმე გაგეფანტა და ლოცვის სახეს და სალოცავ ადგილს განეშორე, უკან დაბრუნდი. თუ ისევ გაგიტაცებს რაიმე, კვლავ მობრუნდი. ასე გაიმეორე იმდენჯერ, რამდენჯერაც მსგავსი რამ შეგემთხვევა. ღმერთი შენს შრომას და წადილს დაინახავს და ნელ-ნელა შენს გონებას გააძლიერებს.

   რამენადაც გონებას აქეთ-იქით ხეტიალი სჩვევია, ასევე ახასიათებს შეჩერება იქ, სადაც ტკივილია. სცადე და შეიკავე სუნთქვა - მაშინვე ნუ ამოისუნთქავ - ეს მუბუქ ტკივილს გამოიწვევს გულში, სადაც გვსურს, დავიმკვიდროთ ჩვენი გონება. ეს მცირედი ტკივილი გონებას ანდამტივით მიიზიდავს, თავის სიახლოვეს შეაკავებს და მას მოახლესავით მოემსახურება.

   და მართლაც, ტკბილი სახლი უფლისა, ტკივილითა და შემუსვრილებით მოხსენებული უწინარეს ყოველთა სახელთა, თანდათან და დროთა განმავლობაში შეგვეწევა, რათა იქ, სადაც ადრე ცოდვა მკვიდრობდა, მოხდეს „განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი" (ფსალ. 76, 10).

   ლოცვა საგულეში მიმოიქცევა და გულის საზღვრებს იმდენად აფართოებს, რომ იგი ემსგავსება ზეცას, რომელსაც ხელეწიფება დაიტიოს დაუტევნელი უფალი.

   გულზე გასამეფებლდ ბრძოლა და სასტიკი შერკინება გაჩაღდება. დასაწყისში ეშმაკი იმოქმედებს თავისი ვნებებითა და მყრალი ორთქლით, ანუ ლოცვის საწინააღმდეგო სხვადასხვა გულისიტყვებით და რაც უფრო მეტად გამოაცლის მას ფეხქვეშ მიწას მარხვის, მღვიძარების, ლოცვისა და სხვა ასკეტური ვარჯიშების საშუალებით, მით მეტად გამძვინვარდება, ღვთის დაშვებით, მით მეტად შეეცდება, გამოავლინოს თავისი ბოროტება და მუხანათობა ნაირგვარი ზემოქმდების, საცდურისა და განსაცდელის სახით. მაგრამ მის გავლენას ყოველთვის ზღვარს დაუდებს ზეციური მამის მზრუნვლობა და ადამიანის შესაძლებლობის შესბამისად მოწინააღმდეგის შემოტევებს უკუაგდებს.

   ღვაწლის დამდებლი ქრისტე განსაცდელის წინაშე მდგომ მოსაგრეს ყოველთვის უხილავად ანიჭებს მადლს, რათა მისი საშუალებით ეშმაკის სიცოფე შეიმუსროს და ძლეული და შერცხვნილი მტერი უკუიქცეს. განსაცდელების დათმენით ჩვენ უფალს იმდენი სიხარული უნდა მივანიჭოთ, რამდენი მწუხარებაც მივაყენეთ, როცა ცოდვით შევიბღალეთ. მაშინ ეშმაკი ხარობდა და ღმერთი ნაღვლობდა, ახლა უფლის ჯერია, რომ იხარო, ხოლო ეშმაკმა, დაე, იდარდოს და ბოღმით გასკდეს!.. (გაგრძელება...)






არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება