მთავარი > საცდურები, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სიმამაცე და შიში
სიმამაცე და შიში29-10-2017, 00:03 |
წმინდა მამები სულიერ ცხოვრებაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიმამაცის სათნოებას. მათი აზრით, სწორედ იმ ადამიანებს შეუძლიათ დაითმინონ მძიმე განსაცდელები, დევნა, შეურაცხყოფა, რომლებსაც აქვთ სიმამაცის სათნოება. მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველი ჩვენგანისაგან ითხოვს არა მარტო ღვთისა და მისი სწავლების რწმენას, არამედ, თუკი საჭირო იქნება, იმის სახალხო აღიარებასაც, რომ გვწამს იესო ქრისტე, ვით ერთადერთი მხსნელი სოფლისა, რომელმაც ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება მოგვმადლა. ძველი ქრისტიანები სარწმუნოებას მტკიცედ იცავდნენ და საქვეყნოდ აცხადებდნენ: „მე ვარ ქრისტიანი!" თუმცა იცოდნენ, რომ ამისათვის სასტიკი ტანჯვა და მოწამეობრივი სიკვდილი ელოდათ. ამჟამად ქრისტეს სარწმუნოების მიმართ ძველებური ერთგულება შიშმა, კრთომამ შეცვალა. მოტივი ყოველთვის ერთია: იმის გამართლების სურვილი, რაც გაუმართლებელია და ამით თავის დამშვიდება. წმ. პაისი ათონელი სწორედ ამის გამო ამბობდა: „თუ სანერვიულოს იმიტომ გაურბიხარ, რომ შენი მყუდროება არ დაირღვეს და ურთიერთობაში დამყოლი იყო, მაშინ შენ მშვიდი კი არა, გულგრილი ადამიანი ხარ! სულიერი სიმშვიდე ერთია, გულგრილობითა და შიშით გამოწვეული დათმობა კი - სხვა. ზოგი ამბობს: მე ქრისტიანი ვარ და ამიტომ მშვიდი და მხიარული უნდა ვიყო. მაგრამ ეს არ არის ქრისტიანობა! ეს გულგრილობაა. სულიერი ადამიანი თავიდან ბოლომდე ტკივილია, ანუ: მას სტკივა იმის გამო, რაც ირგვლივ ხდება, მას სტკივა ადამიანების სატკივარი, მაგრამ ამ ტკივილის გამო მას ღვთაებრივი ნუგეში ეუფლება, იმიტომ რომ, ღმერთი სულიერ სიხარულს ანიჭებს ასეთ ადამიანს".1 ბოლო დროის გამოჩენილმა მოღვაწეებმა შიშს, სიმხდალეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სულიერი სენი უწოდეს. სწორედ შიშის, კომფორტული პირობების დაკარგვის გამო დუმს თანამედროვე ქრისტიანი (მათ შორის სასულიერო პირები) მაშინ, როდესაც უშიშრად უნდა ამხელდეს უსჯულოებას. ამ თვალსაზრისით ყურადსაღები რჩევა-დარიგებაა არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) მოგონებებში. ფსკოვო - პეჩორის გამოჩენილ მოძღვართან, სქიმიღუმენ საბასთან (ოსტაპენკო) შეხვერისას მამა რაფაელმა ჰკითხა მას, თუ თანამედროვე ქრისტიანისთვის რომელ ვნებას მიიჩნევდა ყველაზე დამღუპველად. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მამა საბამ არ დაასახელა არც მრუშობა, არც ამპარტავნობა ან სხვა რამ. „მან მიპასუხა: შიში და კრთომა. ამ ვნებით შეპყრობილი ადამიანი ყოველთვის ორპირი, ყალბი ცხოვრებით ცხოვრობს. მას არ შეუძლია კეთილი საქმის ბოლომდე მიყვანა, ადამიანებთან ურთიერთობაში ყოველთვის ლავირებას მიმართავს. მშიშარას მახინჯი სული აქვს. თუ ის ვერ დაძლევს საკუთარ თავში ამ ვნებას, მაშინ შიშის ზემოქმედების შედეგად უეცრად შეიძლება განდგომილი და მოღალატე გახდეს. როდესაც ვკითხე: როგორ დავამარცხოთ ეს ვნება? მან მიპასუხა: დასძლიე ის მცირეში, არ მიენდო ადამიანებს, მათ შორის არც საკუთარ თავს, არამედ ღვთის იმედით იცხოვრე. შემდეგ დაამატა: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეევედრე, ის არის ჩვენი გამორჩეული მხედართმთავარი".2 გამოცხადების წიგნში მშიშრებისა და სხვა ცოდვილების შესახებ ვკითხულობთ: „ხოლო მოშიშთა და ურწმუნოთა და ცოდვილთა და საძაგელთა და კაცისმკვლელთა და მეძავთა და მწამვლელთა და კერპთმსახურთა და ყოველთა მტყუვართა ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუბითა მოტყინარესა, რომელ არს სიკვდილი იგი მეორე" (გამოცხ. 21. 8). როგორც ვხედავთ, მშიშრები პირველნი არიან ცოდვილთა ჩამონათვალში, მათ შემდეგ იხსენიებიან მკვლელები, მისნები, მრუშები და სხვა. მხდალთა ხვედრი მეტად მძიმეა. იბადება კითხვა: რატომ ერგოთ ცოდვილთა სიაში პირველი ადგილი - ასეთი საშინელი ხვედრი მშიშრებს, ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო ცოდვის რა გამო? ალბათ იმიტომ, რომ შიში - სიმხდალე უკიდურესი თავმოყვარეობის, საკუთარი სიბრალულის მანიშნებელია. ეს ვნება სიმამაცის საპირისპირო მდგომარეობაა. მშიშარა ყოველთვის ამართლებს თავის ქმედებას, დაცემას... ხან მორჩილებით მაშინ, როდესაც სარწმუნოებას შეურაცხყოფენ, ხან მშვიდობისმყოფელობით მაშინ, როდესაც ეს არაა ღვთისმიერი მშვიდობა და მისთ. მშიშარას ეშინია სიძნელეების, განსაცდელების, არაფერს ვამბობთ დევნაზე. სწორედ ამიტომ მშიშარა ყოველთვის სულმოკლეა, სანდო არ არის და პოტენციური მოღალატეა. მაშ, როგორ განვთავისუფლდეთ ამ ვნებისაგან? ნავპაქტის მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) სულიერი სიმამაცის შესახებ წერს: „სულიერი სიმამაცე არის ღვთის ძღვენი. მაგრამ ადამიანი თავად ზრდის მას. სხვა სათნოებათა მსგავსად სიმამაცეც ღმერთისა და ადამიანის სინერგიაა, ერთობლივი ქმედებაა. ისიხიოს პრესვიტერის თანახმად, არსებობს ადამიანის ოთხი სათნოება: გონიერება, სიბრძნე, სამართლიანობა და სიმამაცე. გონიერების საქმეა ყოველთვის იფიქროს იმაზე, რომ „ბრძოლასა და თვითკრიტიკაში" ჩაერთოს. სიბრძნის საქმეა, ჰქონდეს სწორი სულიერი ხედვა. სამართლიანობის საქმეა სულის სურვილისმიერი ნაწილი წარმართოს სათნოებისკენ და ღმერთისკენ და სიმამაცის საქმეა - მოიცვას და მართოს ხუთი გრძნობა, რომ არ შეიბილწოს ჩვენში, ჩვენს შიგნით და გარეთ ადამიანი ანუ გული და სხეული. თუ ცოდვის ჩადენის შემდეგ ადამიანს არ ეყო სიმამაცე და ცოდვამ მოიცვა, საჭიროა კვლავ სულიერი გამბედაობა... მამაცი სული ცოდვის შემდეგ კვლავ ღმერთს მიუბრუნდება და ითხოვს კურნებას. ამბა პიმენმა ერთ ძმას უთხრა: „თუ არ ვიქნებით მამაცნი, არ გვექნება წყალობა".3 დავასკვნით: თუ გვსურს მოვიპოვოთ სულიერი სიმამაცე და დავძლიოთ შიშის ვნება ჩვენში, უნდა განვთავისუფლდეთ თავმოყვარეობისა და თვითკმაყოფილებისაგან, რაც მუდმივად გვამყოფებს სნეულ მდგომარეობაში და რასაც მოჰყვება სულიერი სიკვდილი.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინემ (ჯინჭარაძე) Xareba.net - ის რედაქცია
1 წმ. პაისი ათონელი. წიგნ. Духовное пробужение. М. 1998. Стр. 18. 2 Арх. Рафаил (Карелин). Тайна Спасения. М. 2002. Стр. 124. 3 იეროთეოს ვლახოსი. სულიერი მედიცინის მეცნიერება. თბ. 2017. გვ. 91. უკან დაბრუნება |