მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > სიტყვა მეორე ლოცვის შესახებ (ნაწილი 2)
სიტყვა მეორე ლოცვის შესახებ (ნაწილი 2)16-11-2017, 00:03 |
ადამიანი იმ დასკვნამდე მიდის, რომ ღვთის გარეშე საერთოდ არაფერია შესაძლებელი და რწმენით ამბობს: „საკუთარი სისხლით მოვაწერ ხელს, რომ საერთოდ არ შემიძლია კეთილის ქმნა". მაგრამ საკუთარი არარაობის აღიარებაზე ხელმოწერა ჯერაც არა აქვს დამთავრებული, რომ უჩნდება ამპარტავნული გულისსიტყვები და კითხულობს: „მე ხომ მხოლოდ ახლახან, საკუთარი სისხლით მოვაწერე ხელი იმას, რომ არარაობა ვარ, როგორღა მძლია ამპარტავნულმა გულისსიტყვამ?!" ამ მაგლითიდან ჩანს, რომ ადამიანს თავმდაბლობაც ღმერთმა უნდა უბოძოს. ჩვენი უღირსების შესაცნობად გაწეული მთელი ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, უღირსების განცდა ღმერთმა უნდა გვიწყალობოს. ხოლო თუ ასეა საქმე, მაშინ რა ქნას ადამიანმა? ნუთუ კეთილი საქმის კეთება, ძალისხმევა, საერთოდ არ არის საჭირო; მხოლოდ უნდა ელოდო, თუ როდის გიწყალობებს ღმერთი თავმდაბლობის გრძნობასა და მადლს? არა!.. ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც მას ევალება, აკეთოს ყოველგვარი სათნოება და უნდა ელოდეს უიდესი თავმდაბლობით და იმ შეგნებით, რომ თუ ღვთის ნება იქნება, სათნოება ხორცს შეისხამს და ნაყოფსაც გამოიღებს. უამისოდ მხოლოდ შიშველი შრომა შეგვრჩება. ვუბრუნდები საუბარს ლოცვის შესახებ და ვიმეორებ - უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება: თავის დროზე ჩავიკეტოთ სენაკში, ვიფიქროთ იმაზე, რაც ლოცვას უკავშირდება, მაგალითად: საკუთარ ცოდვებზე, რომ დრო მსწრაფლწარმავალია, ჩვენ კი არაფერს ვაკეთებთ. უნდა ვიფიქროთ მოსალოდნელ სიკვდილსა და სამსჯავროზე. ასეთი მოკლე შეხსენების შემდეგ ლოცვითი განწყობა მაშინვე გვეუფლება. გონებით გულში ჩავდივართ, ნელ-ნელა ჩავისუნთქავთ და ლოცვას წარმოვთქვამთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". თუ დაღლილობას შევიგრძნობთ, ან ძილი მოგვერევა, სიბეჯითე უნდა გამოვიჩინოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერს ველით, მაგრამ შინაგანად ჩვენს შეუმჩნევლად რაღაც კეთილი იბადება. სხვა დროს, როდესაც სალოცავად ჩამოვსხდებით1, თავს უკეთ ვიგრძნობთ, რაც ხანი გავა - კიდევ უკეთ. ასე თანდათან ლოცვაში რაღაცას აღმოვაჩენთ და დროთა განმავლობაში უფრო მეტს ვიპოვით. რასაკვირველია, ამ მცდელობას წინ ეშმაკი აღუდგება. იგი ჩვენს გონებას აქეთ-იქით მიმოფანტავს, ნაირგვარ ოცნებებს მოგვგვრის. ჩვენი ძალიხმევა ისე უნდა იყოს მიმართული, რომ ეს ყოველივე აღვკვეთოთ და გულისყური ლოცვაზე გადავიტანოთ. ეს საქმე ისე იოლი არ გახლვთ, როგორც გეჩვენებათ: თავი დახარე, გონება მოიკრიბე და გულისყური ლოცვას მიაპყარ... მაგრამ სინამდვილეში ეს მეტისმეტად რთული პროცესია, რადგან მაცდურისთვის ეს ლოცვა მიუღებელია. გონებით ლოცვა სატანის შეურიგებელი მტერია! მაშასადამე, ეშამკი ასე იოლად არ დაუშვბს, რომ ლოცვამ იგი დაწვას და დაბუგოს; არ მისცემს ნებას, რომ ქრისტე ჩვენს გულში შემოუშვას, თავად ეშმაკი კი გამოაძევოს და იმ ადგილს ახლოსაც არ გააკაროს. როგორც უკვე ვთქვით, ლოცვის მიზანია, შემოუძღვეს ქრისტეს ჩვენ გულში, რაც სატანისთვის სრულიად მიუღებელია. ეს მარტივი და მოკლე ლოცვა იმდენად ძლიერია, რომ მისი დატევნა ადამიანის გონებას არ ძალუძს. ამიტომაც ებრძვის სატანა მას, ასე სასტიკად ერკინება და ჩვენ გვაბნევს, გვაშფოთებს, ნაღველით გვავსებს, სულს გვიხუთავს ერთადერთი მიზნით - ადამიანი ლოცვას განაშოროს. „ლოცვასა განკრძალულ იყვენით" (რომ. 12, 12) - ლოცვა მოთმინებას, სიბეჯითეს, სულგრძელობას ითხოვს. ნუ დავიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია! ასეთი დამოკიდებულებით ვერ დავეუფლებით ამ ლოცვას, რომელიც იმდენად განუზომელია, რომ ზეციურს იტევს! შევეცადოთ, ავხსნათ ლოცვის ეს სიდიადე. როდესაც ლოცვა მოქმედებს, გონება იმდენად სუფთა, ნათელი და დინამიკური ხდება, ისეა ფრთაშესხმული, რომ ძალზე მაღლა ადის, სადაც ღმერთს და მთელ მის მადლმოსილებას მიეახლება! ამ დროს გონება სულიერი ჭვრეტისთვის უკვე იმდენადაა მზად, რომ ამბობს: „ნეტავ როგორი ჭვრეტა ვირჩიო?". როდესაც გონება ლოცვით არ არის განათლებული, პირიქით ხდება, იგი მეტისმეტად მოდუნებულია, ძალა არ შესწევს, რომ ნაყოფის მომცემი ჭვრეტისთვის განეწყო. როდესაც ადამიანი ძალისხმევას არ იშურებს და ლოცვას მინც ვერ ჰპოვებს, მაშინ მაცდური მოდის და ეუბნება: „აი, შენ ასე ცდილობდი და ვერაფერი მოიგე. შეწყვიტე ეს ლოცვა". გამოცდილება კი გვასწავლის, რომ მოთმინება და სიბეჯითე აუცილებლია, რადგან გული ლოცვისთვის ასე იოლად არ იხსნება, მრავალჯერ ცდა და დიდი გულმოდგინებით ლოცვაა საჭირო. რა ემართება მარცვალს? იგი მიწაში გაღვივდება, თანდათანობით ზემოთ ამოიწევს, ნიადაგის ზედაპირს ამოხეთქს და სინათლეზე ამოვა; შემდეგ იზრდება, მომაგრდება, ყვავილობს და ნაყოფს იძლევა. ლოცვის დროსაც იგივე ხდება. ლოცვა თანდათანობით გულის უგრძნობელობას ამსხვრევს, მის ზედპირზე, სულიერი სამყაროს სინათლეზე გამოდის და იწყებს ზრდას, მომაგრებას, ყვავილობასა და ნაყოფის გამოღებას. თუ დასაწყისში ადამიანი გრძნობს, რომ ძალა არ შესწევს სიმდაბლე შეინარჩუნოს და ლოცვა იოლად ეკარგება, მრავალწლიანი შრომის შემდეგ სახიერი ღმერთი ღირ-ჰყოფს და ისიც დაინახავს, თუ როგორ განუმტკიცდება სიმდაბლე და მის ბუნებრივ სულიერ მდგომარეობად იქცევა, ამის შედეგად ძლიერდება ლოცვა. ყრმას სიარული ძალა არა აქვს, სუსტი მუხლები არ ემორჩილება, ხშირად ეცემა და შავდება: მაგრამ როცა გაიზრდება და ფეხის კოჭები გაუმაგრდება, იოლად დადის და აღარც ვარდება. ასეა ლოცვის დროსაც. ამრიგად, ღვთისადმი მთელი ეს შრომა აუცილებელია, რადგან იგი უფალს განაწყობს, თავისი მადლი მოგვფინოს. მოწყინება და სასოწარკვეთა სულიერი ღვაწლისთვის საზიანოა, სასოწარკვეთა არ უნდა დავუშვათ. ნებისმიერ სულიერ სფეროში იგი ყოველთვის დემონურია და ღმერთისგან არასოდეს მოდის. ამიტომ, როგორც კი უსასოება დაგვემუქრება, უნდა ვიცოდეთ, რომ იგი ეშმაკისგანაა. ბოროტი ნებისმიერ ლოცვას მტრულად ეკიდება, განსაკუთრებით იესოს ლოცვისადმია აგრესიული. ყველა ლოცვას ადამიანი იოლად და სულიერი იდუმალებით აღავლენს. მაგრამ როდესაც იგი იესოს ლოცვას იწყებს, მეყსეულად მის ირგვლივ დემონები იყრიან თავს. სატანის მხრიდან ბრძოლები და წინააღმდეგობები ცხადყოფს, რაოდენ კარგია, სულიერია და ნაყოფის მომცემია ლოცვა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევიგნეთ, რას შეგვძენს და რა სარგებელს მივიღებთ ამ ლოცვით, ამიტომ ვერც მის გემოს შევიგრძნობთ, რადგან საამისოდ მოთმინება არ გვყოფნის. ასე რომ, ვიღვაწოთ, ვიშრომოთ ლოცვით, სანამ ღმერთი არ მოგვივლენს თავის მადლს, რომელიც მოსვლისთანავე ყოველივეს ნათელს გახდის.
1 გონებით ლოცვის დროს გულში ყურადღების მოკრების გასაადვილებლად საბერძნეთში სალოცავად დაბალფეხებიან სკამებზე სხდებიან (იხ. Преподобный Григорий Синаит. Творения о безмолвии и двух образах молитвы. М., 1999. с. 95). ლოცვის დროს ისიხასტის სხეული ისეა მოხრილი, რომ თავი მკერდს უახლოვდბა. XIV საუკუნეში ვალაამი წმ. მღვდელმთავარ გრიგოლ პალამას მომხრეებს ასეთ მდგომარეობაში ლოცვის გამო დაცინვით „ომფლოფსიქებს" უწოდებდა (ბერძნ. ომფლოს - ჭიპი, ნუ მათ ვისაც სული ჭიპში აქვთ)).
არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |