მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > სიტყვა მეორე ლოცვის შესახებ (ნაწილი 1)

სიტყვა მეორე ლოცვის შესახებ (ნაწილი 1)


15-11-2017, 00:03

სიტყვა მეორე ლოცვის შესახებ (ნაწილი 1)

 

   ლოცვა მონაზვნის განუყრელ თანამგზავრად უნდა იქცეს. დროის იმ მონაკვეთში, რომელიც იმისთვის გვაქვს გამოყოფილი, რომ უფრო დაკვირვებითა და გულისყურით ვილოცოთ, გვმართებს, გარკვეულწილად ვაიძულოთ თავი და შევეცადოთ, რომ გონება გულს მივამსჭვალოთ და, რა თქმა უნდა, ოცნება არ დავუშვათ.

   ნელა ჩავისუნთქოთ და ვილოცოთ სიტყვებით: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".

   გონება გუშაგად და ზედამხედველად დავაყენოთ, რათა თვალყური ადევნოს ლოცვის დროს წარმოთქმულ სიტყვებს, არ გამოეპაროს ოცნებები და არ მიიღოს გონებაში წარმოსახული სურათები.

   სიყვარულით განვეწყოთ, რათა განვმატკიცოთ ლოცვა, მივანიჭოთ მას სრულყოფილება, კეთილი გრძნობა, რომ კარგი შედეგი მივიღოთ. ეს შედეგი შეიძლება იყოს თავისუფლად ლოცვა, სულიერი სითბო, სიხარული, ცრემლი და მრავალი სხვა.

   მაგრამ, სანამ ლოცვას დავიწყებდეთ, სასარგებლოა, ორი-სამი წუთით გადავხედოთ პირად ცოდვებსა და ვნებებს, ვიფიქროთ ჩვენს ცოდვილობაზე, რომ ძლეული ვართ ვნებებისაგან, დაცემულნი ვართ სულიერად და მასზეც, რომ არ ძალგვიძს, რაიმე მოვიმოქმედოთ თვინიერ ღვთისა.

   ადამიანს ასევე შეუძლია ღვთის სამსჯავრო ან საიქიო ტანჯვა გაიხსენოს. გრძნობა, რომელიც ამ დროს სულში გაჩნდება, აღძრავს მას, რომ ლოცვა სუნთქვას შეუერთოს.

   ასე უნდა მოვემზადოთ, რათა რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენგან დაწყებულ ლოცვას სულიერების იმპულსი და ელფერი ჰქონდეს.

   ასე თუ მოვიქცევით, გონებას უფრო მეტად მოვიკრებთ და დაკვირვებულს გავხდით. საკუთარ ცოდვათა ამგვარი ჭვრეტა გონებას ჩვენს შიგნით მოაქცევს, ლოცვისთვის განაწყობს და ისიც ჯეროვნად ლოცვას იწყებს.

   როდესაც ადამიანი ამას მიეჩვევა, გარკვეული დროის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობა მლოცველის მოშურნეობასა და, რა თქმა უნდა, ღვთის მადლის შეწევნაზეა დამოკიდებული, იგი ლოცვაში წარმატებას აღწევს. მე მჯერა, რომ ლოცვა მთლიანად საღმრთო მადლზეა დამოკიდებული.

   ადამიანი ლოცვის სხვადასხვა სახეთა მეშვეობით ხდება თანაშემწე მადლისა, რომელიც მას ღვთის სახელის მოხსენიებაში ეხმარება. ამის დადასტურებაა ის, რომ ადამიანს შეუძლია იოლად მოიფიქროს ნებისმიერი აზრი, ღვთის სახელის მოსახსენიებლად კი უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება.

   რაღაც მსგავსი მოსდით მიწიერ ყვავილებს: ველური ყვავილებიც და ეკალბარდებიც თავისთავად, ადამიანის მხრიდან ყოვლგვარი ძალისხმევის გარეშე იზრდება; ბაღის ყვავილები კი, რომლებზეც ადამიანი ზრუნავს და დიდ შრომასაც ხარჯავს, ვერ აღმოცენდება, ვერ გაიზრდება და ვერც აყვავდება, თუ ღმერთი არ შეეწევა და მზის სასწაულთმოქმედ სხივებს არ გამოუგზავნის.

   იგივე ხდება სულიერ შრომაშიც: ლოცვის სხვადასხვაგვარი ხერხით ადამიანი ცდილობს, ღმერთთან ერთობას მიაღწიოს. მაგრამ თუ უფალი არ აკურთხებს, არ დაეხმარება, ლოცვის ყველა ეს ხერხი თუ მცდელობა სულიერად უნაყოფო დარჩება.

   ამიტომ ლოცვის წინ აუცილებლია ჭვრეტა, სულიერი ჭვრეტა საკუთარი დაცემულობისა, თავის ბრალობა (თავის დადანაშაულება), სიკვდილზე ფიქრი და მრავალი სხვა რამ, რათა ლოცვის დროს მოზიდულ იქნეს საღმრთო შეწევნა.

   თუ ადამიანი ლოცვის დროსაც კი პატივმოყვარულ გულისსიტყვებს შემოუშვებს, ლოცვა წყდება, ანუ საღმრთო მადლს მაშინვე დაბრკოლება ექნება და აღარ იმოქმედებს.

   მაშინ ადამიანი ამ გულისსიტყვებზე დრტვინავს და ფიქრობს: „დაიწყო თუ არა ლოცვამ მოქმედება და შევიგრძენი ღვთის მადლი, მაშინვე ჩემში სოლივით შემოიჭრა გულისსიტყვები და მადლიც უკუიქცა".

   გულისსიტყვების მოახლოებისთანავე ხშირად ლოცვა წყდება, რაც ადამიანში კითხვას ბადებს: „მე ხომ არ მიმიღია უკეთური გულისსიტყვები, რატომ აღმოვჩნდი ლოცვასა და მის მადლს მოკლებული?"

   რა თქმა უნდა, ეს საღმრთო განგებულებით ხდება, რათა როგორღაც ადამიანს შემდეგი გააგებინოს: „ნუ გგონია, რომ ლოცვის მადლი მხოლოდ მაშინ მოგაკლდება, როდესაც ამპარტავნულ გულისსიტყვებს უღებ კარს. როცა მე ვინებებ, ამაყი გულისსიტყვების გარეშეც გიკარგავ თავდაჯერებულობას, რომ შენ შენი მომზადებითა და მცდელობით შეგიძლია მიაღწიო ქმედით ლოცვას".

   საკუთარი გამოცდილებით შევიცანი, რომ ლოცვა მადლის მოქმედებით ხდება, და ეს იმდენად ღრმად გავიგე, რომ ვერავინ შეძლებს, საწინააღმდეგოში დამარწმუნოს. რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს ქმედითი ლოცვა, რომელსაც მადლის შეგრძნება ახლავს, რამეთუ ამ უკანასკნელის გარეშეც ლოცვის ნებისმიერ სახეს აგრეთვე ლოცვა ეწოდება.

   ამრიგად, ზოგჯერ ადამიანისთვის სასარგებლოც არის, მოაკლდეს ლოცვა, რათა კარგად შეითვიოს თავმდაბლობის ეს გაკვეთილი.

   მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც ადამიანს გულისსიტყვათა გამო არაერთგზის მოაკლდება ლოცვა, ბუნებრივია, იგი შეიგნებს, რომ ლოცვის მოპოვება მხოლოდ ღვთის შეწევნითაა შესაძლებელი.

   ამბა ისააკ ასური ამბობს: „ღვთის მადლს მიიღებ არა მაშინ, როდსაც ლოცვის ყოველგვარი შესაძლო საშუალებითა და ხერხით მოემზადები, არამედ მაშინ, როცა ამას ღმერთი მოისურვებს. ხდება, რომ მადლს მაშინ იღებ, როცა არ მომზადებულხარ და ხდება ისეც, რომ მოემზადე, მაგრამ ლოცვა არ მოგეცა და ვერც პოულობ".

   ეს უდიდესი ჭეშმარტებაა! არცთუ იშვიათად მე მდაბალიც ყველა ზომას მივმართავდი, რათა ლოცვა ღამით შემძლებოდა და უფრო ხშირად ამას ვერ ვახერხებდი. ვდგებოდი თავის დროზე, სიჩუმეში, ყველაფერს წესისამებრ და გულისყურით ვაკეთებდი, მაგრამ უფალს ჩემი სრულებით არ ესმოდა. საათობით ვიბრძოდი, მაგრამ ლოცვა მაინც არ მეძლეოდა.

   შემდეგ, როცა დიდხანს დაკვირვებით ვილოცებდი, გადავერთვებოდი ხოლმე რომელიმე სხვა საქმეზე და ღვთის უდიდეს მადლს მივემთხვეოდი. მიკვირდა: „ამდენი შრომა, ტანჯვა, გულისყური უშედგო გამოდგა და უცებ ასეთი მადლი მომეცა?" ღმერთმა გამაგებინა, რომ ჩემი მცდელობა არ უნდა მიმეტოვებინა, მაგრამ მის იმედად არ უნდა ვყოფილიყავი, არ უნდა მგონებოდა, რომ მისი მეშვეობით შევძლებდი და ვპოვებდი ლოცვას.

   ლოცვის მონიჭება ღმერთის ხელთაა, ეს მისი ძალაუფლება და კომპეტენციაა, რომ ადამიანს მცდელობის გარეშეც კი მიანიჭოს ლოცვის განცდა.

   ყოველ შემთხვევაში, მლოცველმა ლოცვისთვის ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს და იმავდროულად თავი არ უნდა დაარწმუნო, რომ ამ შრომით ის ლოცვას აუცილებლად ჰპოვებს. პირიქით, მას უნდა სჯეროდეს, რომ ლოცვა მიეცემა, თუ ამას ღმერთი მოისურვებს. სხვაგვარად იგი ვერაფერს მიაღწევს.

   მიწათმოქმედი მონდორს კეთილსინდისიერად ამუშავებს, ყურადღებას აქცევს, რომ გუთნის სახნისი მიწაში ღრმად ჩავიდეს და ბელტები ამოაბრუნოს. თესვას მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს. შემდეგ წვიმასა და კარგ ამინდს ელის. თუ დარს წვიმა მოჰყვება და ხელსაყრელი კლიმატური პირობები იქნება, თესლი აღმოცენდება, გაიზრდება და ნაყოფს გამოიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. და თუ მაინც ამოვა რამე, იგი იმდენად უმნიშვნელო იქნება, რომ მიწათმოქმედი იმაზე ნაკლებს მოიმკის, რაც დათესა.

   მიწათმოქმედიც ღმერთს სასოებს და ამბობს: „თუ ღმერთი ინებებს, მოსავალს მოვიმკი". გვალვის დროს კი საცოდავი მთესველი ლოცულობს და წყლის კურთხევის შესრულებას ითხოვს, რადგანაც სჯერა, რომ თუ ღმერთი მოისურვებს, წვიმაც წამოვა, მზეც გამოანათებს - ერთი სიტყვით, უფალი გამოუგზავნის ყველაფერს, რაც საჭიროა და მისი შრომაც ნაყოფს გამოიღებს. სხვანაირად, მიუხედავდ მიღებული ყველა ზომისა, მთესველი მოსავალს ვერ მოიმკის.

   ასე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც. ადამიანის ნებისმიერი მოქმედება ნაყოფს მაშინ გამოიღებს, თუ ამას ღმერთი მოისურვებს.

   ამისთვის კი აუცილებელია, რომ ყოველ სულიერ მისწრაფებას წინ თავმდაბლობა უძღოდეს. (გაგრძელება...)

  

 

 

 

 

არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება