მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > სიტყვა პირველი - სიფხიზლის, გონებითა და გულით ლოცვის შესახებ (ნაწილი 3)

სიტყვა პირველი - სიფხიზლის, გონებითა და გულით ლოცვის შესახებ (ნაწილი 3)


11-11-2017, 00:03

 

   მუშაობა რომ დავამთავრეთ, ორივე წავედით ბერთან; გზად მან მითხრა:

   - მამაო, იქნება უნდა ვილოცო მასზეც, ვინც ჩემს შიგნითაა, რათა ღმერთმა ისიც შეიწყალოს?

   რატომ თქვა ეს ამ საცოდავმა! მას მაშინვე დაეუფლა დემონი, მიწას მოსწყვიტა და დაანარცხა. ირგვლივ ყველაფერი შეზანზარდა. დემონმა ხმა შეიცვალა და დაიწყო:

   - ხმა ჩაიგდე, ბინძურო! გითხარი - გაჩუმდი-მეთქი! ამას რას ამბობ? შეწყალებაო? მე არ მჭირდება შეწყალება, არ მჭირდება, არა!.. რა დამიშავებია, რომ შეწყალება ვითხოვო? ეს ღმერთია უსამართლო! ერთი პატარა ცოდვისთვის - სიამყისთვის წამართვა დიდება. ჩვენ უნდა უდანაშაულონი ვართ, ეს ის არის დამნაშავე; ჩვენ კი არა, დაე, თავად შეინანოს! წყალობა არ მჭირდება!

   დემონმა იგი სასტიკად ტანჯა, ბოლო ქანცგაწყვეტილს თავი გაანება. მე მისმა სიტყვებმა შემაძრწუნა. რამდენიმე წუთში საკუთარი გამოცდილებით შევიტყვე ის, რისი გაგებაც ეშმაკების შესახებ ათასობით წიგნის წაკითხვისას ვერ შევძელი.

   ჩვენ განვაგრძეთ გზა ბერისკენ, რომელიც ამ ეშმაკეულს ყოველთვის იღებდა და დიდი სიყვარულით ესაუბრებოდა, ისიც მის გვერდით ყოველთვის მშვიდად იყო. ეშმაკეულებისთვის ბერი ბევრს ლოცულობდა, იცოდა, თუ რა ტანჯვას იტანდნენ ისინი დემონებისგან, და გვეუბნებოდა:

   - თუ ჩვენ გულისსიტყვებისა და ვნებებისგან ვიტანჯებით, რადგან დემონები გარედან გვეხვევიან, რა წამებას უნდა განიცდიდნენ ეს საცოდავები, რომლებშიც დემონი დღედაღამ მკვიდრობს! - ბერი თავს სევდიანად გააქნევდა ხოლმე და დაურთავდა, - ალბათ, თავინთ სატანჯველს ისინი სააქაოს განიცდიან; მაგრამ ვაი მათ, ვინც არ შეინანებს; ვის მიმართაც ღმერთი მოწყალებას არ გამოიჩენს და ამ ცხოვრებაშივე რაიმე სასჯელს არ მიაგებს!

   და ის ერთი წმიდანის სიტყვებს იმოწმებდა: „თუ დაინახავ ადამიანს, რომელიც აშკარად სცოდავს და არ ნანობს, ამასთან აღსასრულის ჟამამდე მას რაიმე უბედურება არ შეემთხვევა, იცოდე, სამსჯავროზე ამ ადამიანს უმოწყალოდ ამხელენ".

   ბერი ამ სიტყვების შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო თანავუგრძნობდით განსაცდელში მყოფ ძმას.

   მსახურების დროს იგი მამებთან ერთად ეკლესიაში არ შემოდიოდა, სკვნილით ხელში კლდეებზე დადიოდა და გამუდმებით ხმამაღლა წარმოთქვამდა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე! უფლო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" მის ამ ლოცვას კლდეებს შორის ექო ეხმიანებოდა.

   მან პირადად გამოსცადა, თუ როგორ წვავს ლოცვა დემონს. მას შემდეგ, რაც ის კლდოვან ადგილებს მოივლიდა დ ლოცვას შეუჩერებლივ იმეორებდა, ხმა მოულოდნელად ეცვლებოდა და ლაპარაკს დემონი იწყებდა:

   - ხმა გაიკმინდე, გაიგე თუ არა, დამუნჯდი-მეთქი! გული გამიწყალე! რას დაეხეტები ეკლესიის გარეთ კლდეებს შორის და ბუტბუტებ? შედი შიგნით სხვებთან ერთად და მორჩი ამ ზუზუნს? რატომ იმეორებ დღედაღამ ერთსა და იმავეს და წუთითაც არ მასვენებ? ნუ მიბნევ თავ-გზას, ნუ მთუთქავ! არ გესმის, რომ ვიწვი?

   როდესაც განსაცდელი გადაივლიდა, ეს ძმა სკვნილზე ლოცვას ისევ იწყებდა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". მან ძალიან კარგად გაიგო, თუ რას ფიქრობდა დემონი და რა ვერ გაეგო. ტკივილითა და სასოებით შევყურებდით, თუ როგორ უძლებდა, იღვწოდა და ითმენდა ეს ადამიანი ყოველივე ამას. იგი დიდხანს ცხოვრობდა ჩვენთან და როდესაც უკეთ გახდა, წავიდა, ჩვენ ის გავაცილეთ. მეტად აღარც გვინახავს; ღმერთმა უწყის, რით დასრულდა ეს ყოველივე.

   ხედავთ ლოცვის ძალას და დემონთა შეუნანებლობას? ისინი იბუგებიან, მაგრამ ყვირიან: „არ მინდა შეწყალება!" და მუდამ ღმერთს განიკითხავენ. ეჰ, მთიების ეს სიამაყე! რითი განსხვავდება დემონისაგან ეგოისტი და ბოლომდე შეუნანებელი ადამიანი - ის, ვისაც არ სურს, ქრისტე ღმერთად და კაცად აღიაროს და მისგან შენდობა და შეწყალება გამოითხოვოს?

   ახლა გემით ლოცვის უღრმესი მნიშვნლობა? როგორ ცხადყოფს იგი, თუ რომელი ადამიანია ახლოს ქრისტესთან და რომელი განშორებული მისგან.

   ჩვენ ნებას ვრთავთ გულისსიტყვებს, იბატონონ ჩვენზე, ტყვედ გვაქციონ და გვავიწყდება, რომ გვაქვს ყოვლადნათელი საჭურველი ლოცვისა. ამ იარაღს ცეცხლი და ალი ჰქვია. ლოცვა მათრახია, რომლითაც ნებისმიერი დემონური გულისსიტყვა იგვემება.

   მაგრამ ჩვენ, უპირველესად კი მე, უღირსნი ვართ ვილოცოთ. განა იმიტომ, რომ არ ძალგვიძს, ან საამისოდ არ ვართ მოწოდებულნი, არამედ იმიტომ, რომ მცონარენი და უდებნი ვართ: ეშმაკი გვატყუებს, ჩვენ კი მას ვემორჩილებით და ჯეროვნად არ ვლოცულობთ. სათანადოდ რომ ვლოცულობდეთ, ჩვენზე ამდენი ვნება და უძლურება ვერ იმძლავრებდა.

   ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ განიწმინდნენ ერისკაცები, რომლებიც ლოცვას მისდევდნენ. წმ. გრიგოლ პალამას მამა ბიზანტიის იმპერატორის, ანდრონიკე პალეოლოგის მმართველობის დროს სამეფო კარზე მსახურობდა. მიუხედავად მთელი თავისი საქმეებისა, საზრუნავისა და ფუსფუსისა, იგი ლოცვას არ განშორებია - სარგებელიც მიიღო და ლოცვაში წარმატებასაც მიაღწია. ამით მან ცხადყო, რომ ადამიანი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს, ამ სასწაულთმოქმედი ლოცვის წყალობით საღმრთო მადლის ღირსი ხდება.

   ჩვენ ვიცით, თუ როგორ დადიოდა წმიდა მაქსიმე კავსოკალიველი ათონის უდაბურ და უკაცრიელ ადგილებში, რათა ბევრი ელოცა. როდესაც მამები ეკითხებოდნენ: „მამაო, რატომ დადიხარ უდაბურ ადგილებში, გაურბიხარ ადამიანებს და არ უახლოვდები მათ?" - იგი პასუხობდა: „ამ უდაბურ ადგილებში იმისთვის დავეხეტები, რომ გავამრავლო ლოცვა". გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჯეროვანი სიჩუმის გარეშე ღირსი ვერ გახდები იმ დიდი და უიდესი ნიჭებისა, რომლებიც ლოცვით მიიღება.

   ამა სოფლადაც და მთების სიჩუმეშიც ლოცვის წყალობით ბევრის მიღწევა შეიძლება.

   ჩვენ, კინოვიაში7 მყოფთ, გვმართებს, ვილოცოთ და ვიღვაწოთ ქმედითი სათნოებებით, აღვასრულოთ მორჩილება, მოვიკვეთოთ საკუთარი ნება, გვიყვარდეს ერთმანეთი, ერთმანეთს მოვუთმინოთ, წრფელად ვაღიაროთ გულისსიტყვები, შინაგანად დავემორჩილოთ ჩვენს წინამძღვრებს, გამუდმებით ვილოცოთ მუშაობის დროს... როდესაც ამ ყოველივეს აღვასრულებთ, მაშინ ჩვენი თავისუფალი ნებისა და რწმენის, უფროსებისადმი ნდობისა და მორჩილების, ჩვენი ქმედითი სათნოებების შესაბამისად გვეწვევა საღმრთო მადლი.

   და ჩენც, ერთ ჭერქვეშ, ერთი მწყემსის წინამძღვრობის ქვეშ მყოფთ, შეგვიძლია მოვიგოთ საკმაო მადლი, რამეთუ „არა არს თუალთ-ღებაი ღმრთისა თანა" (საქმ. 10, 34). მისი მცნებები წრფელი გულითა და სუფთა სინდისით აღმსრულებლებს უფალი აჯილდოებს, ანუგეშებს და გადარჩენის სასობას აძლევს.

   სხვა არაფერი გვრჩება, გარდა იმისა, რომ გამუდმებით თავს ძალა დავატანოთ, მუდმივად ვაიძულოთ თავი. უმთავრესად ლოცვაში ვივარჯიშოთ, როგორც ეს დღევანდელმა გაკვეთილმა გვასწავლა. გამუდმებით ვილოცოთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". დილით, გაღვიძებისთანავე დავიწყოთ ლოცვა; ვიშრომოთ და თან ქრისტეს სახელი ვიმეოროთ. ამ გზით მოვიკვეთთ უქმმეტყველებას, მრავლისმეტყველებას, განკითხვას, მრისხანებასა და უკმაყოფილებას - თითოეული ჩვენგანი მდუმარებას საკუთარ თავში დაიცავს.

   ვაი ჩვენ, თუ ვსწავლობთ და ნასწავლს არად ვაგდებთ, თავს არ ვაიძულებთ, არ ვიყენებთ შემოთავაზებულ საშუალებებს. რაღა გვრჩება, თუ არა ჩვენივე, როგორც უღირსთა, უდებთა და გლახაკთა, გამუდმებით გაკიცხვა?! იმისათვის, რომ თავი ვაიძულოთ და ვილოცოთ, თავის დადანაშაულებას და სიმდაბლეს უნდა მივმართოთ - მათ მოაქვთ საღმრთო მადლი, ხოლო ეს უკანასკნელი ხელახლა მოგვანიჭებს მოშურნეობას და იოლად ლოცვას შეგვაძლებინებს.

   როგორც ამ სიტყვის დასაწყისში მოგახსენეთ, ჩვენ გვმართებს, გამუდმებით ვმადლობდეთ წმიდა მამებს, მოწიწებას ვგრძნობდეთ მათ წინაშე, გვიყვარდეს და განვადიდოთ ისინი, ვთხოვოთ, ილოცონ ჩვენთვის და იყვნენ ჩვენი მეოხნი წინაშე ღვთისა. აგრეთვე, ვევედროთ, ჩვენც მოგვმადლონ უმცირესი ნიჭი და კურთხევა ლოცვისა.

 

 

 

 

7 კინოვია - საერთო საცხოვრისის ტიპის მონასტერი. არქიმანდრიტი ეფრემი დიდი ხნის განმავლობაში ათონზე მდებარე ღირსი ფილოთეუს მთაწმინდელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი იყო, სადაც თავისი ბერის სიკვდილის შემდეგ გადავიდა.

 

 

 

 

 

 

არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება