მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > სიტყვა პირველი - სიფხიზლის, გონებითა და გულით ლოცვის შესახებ (ნაწილი 1)
სიტყვა პირველი - სიფხიზლის, გონებითა და გულით ლოცვის შესახებ (ნაწილი 1)9-11-2017, 00:03 |
წმიდა მამები ბევრს შრომობდნენ, რათა ლოცვით შეეძინათ საღმრთო მადლი. ამიტომაც ჩვენ, შვილები, მუდამ მადლობელნი უნდა ვიყოთ მათი, რამეთუ გვიჩვენეს გზა, რომელსაც სული ღმერთთან შეერთებისაკენ მიჰყავს. გაკვირვება გიპყრობს და ამბობ: „როგორ შეუძლიათ ადამიანებს, განსაკუთრებით მონაზვნებსა და მღვდელმსახურებს, იცხოვრონ სულიერი ცხოვრებით, დაიკმაყოფილონ სულიერი მოთხოვნები და არ მიმართონ ლოცვას, რომელიც წმიდა მამებმა საკუთარი გამოცდილებით შეიძინეს და გადმოგვცეს?" წმიდა გრიგოლ პალამამ - ამ უდიდესმა ლამპარმა, დაწერა და სისტემატურად შეადგინა დიდი წიგნები მდუმარების, სიფხიზლისა და განსაკუთრებით კი მოუკლებელი ლოცვის შესახებ, რის გამოც მას სახელად ეწოდა: „წმიდა მამათა მესაძირკვლე და თავი". ერთხელ, როდესაც იგი თავის ძმობასთან ერთად დიდი ლავრის გარეთ მოღვაწეობდა, განჭვრეტით იხილა დოქის მსგავსი ჭურჭელი, რომელიც მის წინ იდგა. პირამდე სავსე დოქიდან სითხე იღვრებოდა და ამაოდ იკარგებოდა. ეს მშვენიერი სასმელი რძესავით თეთრი იყო. ერთმა ნათლითმოსილმა კაცმა უთხრა: „გრიგოლ, რატომ ღვრი ამდენ სულიერ ნივთიერებას ამაოდ და არ აძლევ მათ, ვისაც იგი სჭირდება?" წმიდანი, რა თქმა უნდა მიხვდა, რომ ეს სასმელი ანუ სულიერი ნივთიერება იყო მადლი ღვთისა, სიბრძნე, გამოცდილება, სიფხიზლე, სიტყვის ძალა. იმავე კაცმა კვლავ უთხრა წმ. გრიგოლს: „რატომ არ წახვალ და არ გადასცემ ამას უძლურთა და მშიერ-მწყურვალთ?" მართლაც, მრავალი წლის შემდეგ, ღვთის შეწევნითა და მისივე წინამძღვრობით, გრიგოლ პალამამ თავისი საუნჯე უამრავ ადამიანს დაურიგა, ნუგეში სცა სულიერი შემწეობის მთხოვნელთ. მაგრამ ერში ყოფნის დროსაც კი იგი განმარტოებით ლოცულობდა, იყო თავის სენაკში მდუმარედ დაყუდებული და ღვთისმსახურებას მხოლოდ შაბათ-კვირას ესწრებოდა. ყველა დანარჩენ ხუთ დღეს წმიდა გრიგოლი თავის სენაკში იკეტებოდა, არსად დადიოდა, არც ჭამდა და არც სვამდა. მდუმარებას მხოლოდ შაბათობით არღვევდა და ლიტურგიაზე მიდიოდა. შემდეგ ეზიარებოდა, სატრაპეზოდ ჯდებოდა, მამებსა და მოძმეებს ესაუბრებოდა და კვირა საღამოდან კი შემდგომ შაბათამდე ისევ მდუმარებდა. ასეთმა დიდმა მამებმა გვასწავლეს, რომ ადამიანის სული არაწმინდა, ამპარტავანი, ეგოისტური, მკრეხელური, ცოდვითი და სხვა მსგავსი გულისსიტყვებითაა გარშემორტყმული. მათ განსადევნად სულმა, სიტყვიერი დაპირისპირების გარდა, უნდა მიმართოს გულისწყრომას მათ წინააღმდეგ და გამძაფრებულ ლოცვას. უჯერო ოცნებებსა და გულისსიტყვებთან პირისპირ ბრძოლისთვის გულისწყრომის და სისასტიკის გამოჩენა საკმარისი არ არის. მათთან მებრძოლი ადამიანისთვის აუცილებლია ლოცვაც, რომლის დროსაც განუწყვეტლივ მოვუხმობთ სახელს ღვთისას: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". მამათა თანახმად, ქრისტეს სახელში არის ძალა, რომელიც ადამიანს წარმართავს. ქრისტესადმი ლოცვაში ისეთი ძალაა, რომელსაც შეუძლია, მძიმე ცოდვით დაცემული, უძლური, დაუდევარი სული გამოასწოროს. სულიერი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეში ისეთი დღეები და წუთები დგება, როდესაც შინაგანად გრძნობს სიცარიელეს, სულიერ უძლურებას - რაღაც აკლია, რაღაც განეშორა მას და ზუსტად არ იცის, როგორ მოვიდეს გონს, დაიბრუნოს უწინდელი ძალა და სულში დავანებული მადლი. არ უწყის, როგორ აღიდგინოს დაკარგული სისავსე სულისა. ამ შემთხვევში წმიდა მამები გვასწავლიან: „იმეორე ლოცვა, დაიწყე ხელახლა ან ბაგეებით, ან გონებით, ანდა გულით და სულიერი სისავსე დაგიბრუნდება". ადამიანი დაკარგულს ისევ შეიძენს, ოღონდ თავი აიძულოს და ილოცოს. მეტად მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი განუწყვეტლივ ლოცულობს. მაგრამ იბადება კითხვა: მუშაობის დროს მას ხომ გონება ეფანტება? მაგრამ მაშინაც შეუძლია ფრთხილად და ჩუმად ილოცოს ბაგეებით და სულს მადლის უწინდელი შეგრძნება დაუბრუნოს. ჩვენმა მამებმა უდიდესი და ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს. ესაა სიფხიზლის ხელოვნება. სიფხიზლის ხელოვნებაში იგულისხმება გულისსიტყვების, ოცნებებისა და გრძნობათა მოძრაობებისადმი ყურადღების მიპყრობა; ძალა სულისა, რომელიც ეწინააღმდეგება ბოროტებას; შორსმჭვრეტელობა, როდესაც გონება განსაცდელებს შორიდანვე ხედავს და თავს არიდებს მათ - იღებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს; მოუკლებელი ლოცვა და გონების მიერ გულში შემავალი და გამომავალი გულისსიტყვების მეთვალყურეობა. სანამ წმიდა მამები გონებით ლოცვის შესახებ სწავლებას სისტემაში მოიყვანდნენ, მონაზვნები ძირითადად ქმედით სათნოებებს აღასრულებდნენ, რაშიც ხორციელი ღვაწლი: მარხვა, თავშეკავება, მუხლმოდრეკა, მღვიძარება, დადგენილი ლოცვები, მორჩილება, სიმდაბლე და მსგავსი რამ იგულისხმება. ეს არის ქმედითი სათნოება, რომელიც „წუთ ერთ სარგებელ არს", ხოლო სიფხიზლე „ყოვლითავე სარგებელ არს".1 XIV საუკუნიდან წმიდა მამებმა სისტემაში მოიყვანეს სწავლება ლოცვის შესახებ. შექმნეს და დაგვიტოვეს შრომები ამ თემაზე და ყველას ხმამაღლა განუცხადეს, რომ ადამიანმა სრულყოფილებას რომ მიაღწიოს, სიფხიზლის ხელოვნება მისთვის აუცილებელია. როდესაც სიფხიზლის ხელოვნების შესახებ სწავლება სისტემაში არ იყო მოყვანილი, ბევრისთვის ის უცნობი იყო და ერთმანეთს ვერ გადასცემდნენ, მაშინ მამები და სულიერი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანები ქმედით სათნოებებს აღასრულებდნენ: ბევრს მარხულობდნენ, დიდხანს მღვიძარებნენ, თრგუნავდნენ ხორცს და ა.შ. როდესაც სიფხიზლის ხელოვნება ჩამოყალიბდა, როგორც სისტემა, და ცნობილი გახდა, ხორციელი ღვაწლიც შემცირდა, არა იმიტომ, რომ იგი უსარგებლოდ მიიჩნიეს, არამედ წმიდა მამებმა მასზე მეტად სულიერ მოღვაწეობას მიჰყვეს ხელი. კიდევ იმიტომ, რომ სიფხიზლის ხელოვნების წყალობით ისინი გულისსიტყვებისაგან თავისუფლდებოდნენ და ვნებები მცირდებოდა. სიფხიზლის ხელოვნებით გულის სისუფთავე მიიღწეოდა და ამიტომ, ხორციელი ღვაწლი სულის განსპეტაკებისთვის მაინცდამაინც აუცილებელი აღარ იყო. ამდენად ჩვენც, მონაზვნებმა, არ უნდა მივატოვოთ ეს ლოცვა, რამეთუ მას განუზომელი სარგებელი ახლავს; როდესაც სიფხიზლე განწმენდს გონებასა და გულს და გარეგნულ (ხორციელ) და შინაგან (სულიერ) გრძნობებს გონივრულ რეჟიმში მოაქცევს, მაშინ მონაზონს თავისი მიზნის მისაღწევად უკვე დიდი ღვაწლი აღარ სჭირდება. ქმედითი მოსაგრეობა სიფხიზლის დამხმარე საშუალებაა. მის ხელშესაწყობად ქმედით ღვაწლს შეძლებისამებრ მამებიც მიმართავდნენ, მაგრამ მათი ძირითადი ძალისხმევა თავად სიფხიზლის ხელოვნებაზე იხარჯებოდა, რამეთუ ლოცვითა და სიფხიზლით ისინი სრულყოფილ სულიერ და თეორიულ გაკვეთილებს იღებდნენ. სიფხიზლის ხელოვნებით დაკავებული ადამიანი მჭვრეტელობას აღწევს, მჭვრეტელობიდან - სიბრძნეს, სიბრძნიდან - სიყვარულს, სიყვარულიდან კი ღვთაებრივი ეროსი2 იშვება. სისპეტაკე ამ სიფხიზლის ხელოვნების ბუნებრივი შედეგი იყო და თავისთავად მოდიოდა. მაშინ, როდესაც ღვაწლი მამებისგან თვითგვემასა და აკრძალვებს ითხოვდა, სიფხიზლის ხელოვნებამ შრომისა და ოფლისღვრის დიდი ნაწილის საჭიროება უარყო. სიფხიზლის ხელოვნების წყალობით მამები უზრუნველობამდე მივიდნენ, რადგან დაინახეს, რომ სიფხიზლის მისაღწევად მრავალ საქმესა და ნივთზე წუხილი სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის, რამეთუ ბადებს გულისსიტყვებს; გულისსიტყვები კი გონებას ლოცვისა და მჭვრეტლობისგან წარიტაცებს. ამიტომაც, მამათა თანახმად, ისეთ საგნებზე ზრუნვა, რაც აუცილებელი არაა, სულიერ ჭლექად იწოდება. საერთო სამყოფელი ტიპის მონასტრის მონაზვნები3 მორჩილებით ცხოვრობენ, რასაც თავად მორჩილისთვის უზრუნველობა მოაქვს. თუ მე მორჩილებას ვასრულებ და ყველაფერზე სხვა ადამიანი ზრუნავს, ჩემი სამუშაოს შესრულებას სიმშვიდესა და მდუმარებაში შევძლებ. როდესაც ვშრომობ და ვფიქრობ, რომ ამის გარდა სხვა საზრუნავი არა მაქვს, შემიძლია შესანიშნავად ვიმუშაო და თან ვილოცო. თუ დაინახავ, რომ ხელსაქმის კეთებისას ლოცვა არ შემიძლია, რადგან გონებით სხვაგან ვარ, ვფიქრობ ისეთ საგნებზე, რაც სამუშაოს არ უკავშირდება, მაშინ საჭირობისამებრ ქრისტეს სახელს ბაგეებით ვუხმობ და ჩურჩულს ვიწყებ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როდესაც ბაგე ლოცულობს, ხოლო ხელები მუშაობენ, მაშინ შრომას ორმაგი მადლი აქვს - მორჩილებისა და ლოცვისა. მორჩილება შრომას აჯილდოებს, ლოცვა კი მას განწმენდს. ხელსაქმესაც და სხვაგვარ გარჯასაც, რომელსაც თან ახლავს ლოცვა, განსაკუთრებული მადლი აქვს. ტავენისიოტის მონასტერში ისეთი სიჩუმე სუფევდა, რომ მას ნეკროპოლისს - მკვდართა ქალაქს - ეძახდნენ. ამით ხალხს სურდა ეთქვა, რომ მამებს ისეთი მდუმარება ჰქონდათ, რომ აღარ ჰგავდნენ ცოცხალ ადამიანებს, რომლებიც საუბრისა და ხმაურის გარეშე ვერ ძლებენ. ასეთ სიჩუმეში, რასაკვირველია, მათ ლოცვისა და ღმერთის ჭვრეტისთვის დრო უხვად ექნებოდათ. მდუმარების მოყვარულს, ცხადია, დაყუდებისა და ლოცვის მნიშვნელობა გაცნობიერებული აქვს. ჩვენ კი გონების მოკრების სარგებელი და მდუმარების ფასი ჯერ ვერ შევიცანით. ჯერ კიდევ ვერ შევიგნეთ, თუ რამხელა სარგებლობა მოაქვს სენაკში დაყუდებას. (გაგრძელება...)
1 შდრ. 1 ტიმ. 4, 8. 2 წმიდა მამათა ტერმინოლოგიით, ეროსი არის სიყვარულის უმაღლესი საფეხური (იხ. Архиепископ Василии (Кривошеин). Преподобный Симеон Новый Богослов. М. , 1995. с. 313-321). 3 სიტყვასიტყვით - კინოვიატები.
არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |