მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა კირილე იერუსალიმელი (მე-4 საუკუნე)

წმიდა კირილე იერუსალიმელი (მე-4 საუკუნე)


11-11-2012, 20:37
წმიდა კირილე იერუსალიმელი (მე-4 საუკუნე)
 
 

   ვინაიდან სიტყვა „ეკლესია" სხვადასხვა აზრით იხსენიება, როგორც მაგალითად, ეფესოში სანახაობაზე შეკრებილი ხალხის შესახებ წერია: „და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული (ეკლესია) იგი" (საქმე 19.40); რამდენადაც სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მაცდურთა ეკლესია მწვალებელთა თავყრილობებს: მარკიონელებს, მანიქეველებს და სხვებს, ამიტომაც სიმბოლო სარწმუნოებისა, მრწამსი, გასაფრთხილებლად ასე გვასწავლის: „ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია", რათა შეგინებულ თავყრილობებს გაექცე და იმყოფებოდე წმიდა, კათოლიკე ეკლესიაში, რომლის წიაღშიც შენ იშვი. . . ნუ იკითხავ უბრალოდ: „სად არის ეკლესია", არამედ იკითხე: „სად არის კათოლიკე ეკლესია", რამეთუ ესაა სახელი ჩვენი წმიდა და საყოველთაო დედა ეკლესიისა, რომელიც არის სძალი უფლისა ჩვენისა [34, გვ. 450].

 

* * *

   ეკლესიას ეწოდება კათოლიკე იმიტომ, რომ იგი არის მთელ მსოფლიოში, დედამიწის დასაწყისიდან დასასრულამდე; იმიტომ, რომ ყველგან და სისრულით გადმოსცემს იმ სწავლებას, რომელიც უნდა იცოდეს ხალხმა, სწავლებას ხილულ და უხილავ, ზეციურ და მიწიერ საგნებზე.

   იმიტომ, რომ ადამიანთა მთელი მოდგმა: მთავარნი და ქვეშევრდომნი, სწავლულნი და უბრალონი, მიჰყავს ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ და ყველგან განკურნავს ყოველგვარ ცოდვას, სულიერს და ხორციელს, გააჩნია ყველა სახე სრულყოფილებისა, განცხადებული საქმეებში, სიტყვებსა და ყოველგვარ სულიერ ნიჭებში [34, გვ. 451].


უკან დაბრუნება