მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > გონებითა და გულით ლოცვის შესახებ (ნაწილი 3)

გონებითა და გულით ლოცვის შესახებ (ნაწილი 3)


4-11-2017, 00:03

გონებითა და გულით ლოცვის შესახებ (ნაწილი 3)

 

   დაე, ხმის ჩახლეჩამდე მოვუხმობდეთ სანატრელ იესოს და ამ სახელს „სულიერი ყელი" - გული - შეიგრძნობს, როგორც თაფლზე უტკბილესს (ფსალმ. 118, 103).

   შეუძლებლია სძლიო ვნებებს სხვა რომელიმე სახელით, გარდა იესოსი. მის გარეშე ვერც გულიდნ წყვდიადის განდევნას მოახერხებ და ვერც ბრწყინვალე ცოდნით გინათლებს გონებას. აღვჭურვოთ მისი, როგორც მღვდელმთავრის, სახელით და მასვე მოვუხმოთ შემწეობისთვის ყოველ ბრძოლასა თუ შერკინებაში. უფალი პირველი მოხმობისთანავე მოვა და ჩვენს სულს მხნეობით აღავსებს; თანმიმდევრულად იესო გვეყოლება და უშიშრად ჩავებმებით ომში.

   ვიღვაწოთ გულისსიტყვათა გამოსასწორებლად და მარადის ვსასოებდეთ ღმერთს, მუდამ ლოცვითა და სიფხიზლით აღჭურვილნი ვიდგეთ. თვალყური მივადევნოთ ქურდებს - „უწესო" გულისსიტყვებს, ნურც „წესიერ" გულისსიტყვებს დავტოვებთ შეუმოწმებელს, რათა მათი უწყინარობის უკან ჩასაფრებულმა ბოროტებამ არ შემოაღწიოს ჩვენში.

 

 

● ● ●

   გონებით ლოცვაში დიდი გულმოდგინებით, მოთმინებით, სიმტკიცითა და თავმდაბლობით ივარჯიშეთ. თქვენ უნდა შეიგნოთ, რომ ლოცვის ეს სახე რაღაც შემთხვევაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ხანგრძლივი შრომისა და ხანგრძლივი დროის ნაყოფია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეშმაკს საშინლად სძულს გონებით ლოცვა და ამიტომაც ნაირგვარ და ძლიერ წინააღმდეგობებს მოგვივლენს. ამრიგად, ლოცვისას აუცილებლია ძალდატანება, სიმხნევე, სიბეჯითე, თავმდაბლობა და ქრისტესადმი უდიდესი სიყვარული.

   ნუ გაგიცრუვდებათ იმედი, თუ ღვაწლის დასაწყისშივე სირთულეებს წააწყდებით. სიკეთე გარჯითა და ტკივილით მიიღწევა. მაგრამ, როდესაც ნახავთ, თუ როგორი შედეგი მიიღეთ, მაშინ თავადვე იტყვით, რომ „ნამდვილად ღირდა შრომა ასეთი სულიერი ნაყოფისთვის".

 

 

● ● ●

   ილოცე, ილოცე, ახლა მხოლოდ მოუკლებელი ლოცვა გმართებს. შეუძლებელია გადმოსცე ან ახსნა მხურვალე ლოცვით აღსრულებული სასწაულები. ადამიანს აოცებს, თუ (ლოცვის ძალით) როგორ მშვიდდება ზღვა და წყნარდება მძვინვარე გრიგალი! როგორც საშინელი ღელვა აღდგება ზღვაზე უზარმაზარი ზვირთებითა და დაუნდობელი ქარიშხლით, ისე აბობოქრდებიან ხოლმე განსაცდელნი და ხშირად სრული განადგურებით გვემუქრებიან. მაგრამ თუ ღმერთს ლოცვით შევღაღადებთ: „მოძღუარ, (გვიშველე) წარვწყმდებით" (ლუკ. 8, 24), დაინახავთ, რა სასწაულებრივად დაწყნარდება ყველაფერი და გადავრჩებით. ამინ!

 

 

● ● ●

   მივიღე, შვილო ჩემო, შენი ორივე წერილი. ცდილობ, რომ შეძლო განუწყვეტელი ლოცვა და მოიპოვო სიყვარული ღვთისა. ეს ფასდაუდებლი ნიჭებია, მაგრამ მათ თან ახლავს განსაცდელი, მწუხარება, მათ მოგებას დრო სჭირდება და კიდევ ბევრი სხვა რამ; მაშასადამე, შვილო ჩემო, შენი განსაცდელები კანონზომიერია და მათი არსებობა შენში გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს.

   ასე რომ, იღვაწე და მიზნად დაისახე, რომ იესო ქრისტესადმი მოუკლებელი ლოცვის საშუალებით საღმრთო სიყვარულის მოხვეჭა შეძლო. ყოველ დაცემას უდებებით კი არა, კონტრშეტევით უპასუხე!

 

 

● ● ●

   ჩვენ ამაო საწუთროში ვცხოვრობთ და არ უნდა დავუშვათ, რომ მან მიიზიდოს და შთანთქას ჩვენი გული, ჩაკლას ჩვენში სულიერი ცხოვრება და შემოქმედსა და ღმერთს განგვაშოროს. ამიტომ გვმართებს, შვილო ჩემო, მოუკლებლად ვილოცოთ, რათა შევინარჩუნოთ გამუდმებული ერთობა ქრისტესთან, მისგან მივიღოთ სულიერი ძალა და ძლევამოსილებით დავუპირისპირდეთ ყოველ დემონურ ჩარევას. ილოცე იესოს ლოცვით და სასწაულთმოქმედი უფალი ჯერ მოგვიტევებს მრავალ ცოდვას, შემდეგ კი თავისი მადლმოსილებით შეგვეწევა ჩვენი სამი უდიდესი მტრის - ხორცის, ამა სოფლისა და ეშმაკის ძლევაში. ლოცვა, აგრეთვე, მომნიჭებელია მშვიდობისა და ღვთისმიერი სიხარულისა.

   იფიქრე, თუ რაოდენ აუცილებელია ჩვენთვის საზოგადოდ სიხარული და მით უფრო ღვთისმიერი. ამიტომ იზრუნე, ნებისმიერ ფასად შეძლო და ლოცვისთვის გამოიყენო ჩვენს განკარგულებაში არსებული დრო.

 

 

● ● ●

   გამუდმებით, დღედაღამ, შენზე ვევედრები ღმერთსა და ღვთისმშობელს - ყოველი ქრისტიანის, განსაკუთრებით კი მონაზვნების მოყვარულ დედას, „ზღუდეს ქლწულთა".1 ამიტომ, მიენდე უფალს - მებრძოლთა მხედართმთავარს, გონებით წარმოთქვი ჩვენი უტკბილესი იესოს ლოცვა და მხნედ იღვაწე დემონური გულისსიტყვებისა და ოცნებების წინააღმდეგ.

   მოიხსენე უწმინდესი სახელი უფლისა, რომელიც ძრწოლას ჰგვრის ბნელეთის ძალებს.

   გულის სიღრმიდან მოუხმე ღვთისმშობლის წმიდა სახელს, რათა მოგეცეს სულიერი ძალა ყოველი დემონური ჩარევის გარემისაქცევად.

 

 

● ● ●

   ილოცე, შვილო ჩემო, რამეთუ ლოცვაზეა დამოკიდებული ყველაფერი, განსაკუთრებით - ჩვენი სულის გადარჩენა. როდესაც ტკივილითა და სიმდაბლით ვლოცულობთ, ღმერთი ჩვენს ლოცვას შეისმენს და პასუხსაც ჩვენთვის სასარგებლოს მივიღებთ. ხშირად ხდება, რომ ლოცვის შემდეგ ნება ღვთისა ჩვენი ვედრების საპირისპიროდ ვლინდება, რაც გვამწუხრებს, რადგან ჩვენს სურვილს არ ეთანხმება. ვერ ვწვდებით საღმრთო სამართლის სიღრმეებს და მიუხედავად ჩვენი ნების საღმრთო ნებასთან შეუსაბამობისა, ყოვლისმცოდნე უფალი სხვადასხვა გზით მოქმედებს ჩვენ სასარგებლოდ.

   ამიტომ, შვილო ჩემო, მოვიკრიბოთ მთელი ჩვენი სულიერი ძალები გამძლეობისა და უდიდესი სათნოების - მოთმინების გამოსაჩენად.

 

 

● ● ●

   დიდება წმიდა სახელს ღვთისას, რამეთუ შეიცანით იგი, შეძლებისამებრ ვემსახურებით და ამა სოფლის შფოთსა და ამაოებას განვეშორებით. დიდება მას, „რომლმან შემიყუარნა ჩუენ და განგუბანნა ცოდვათა ჩუენთაგან სისხლითა თვისითა" (გამოცხ. 1, 5-6).

   იცოდე, შვილო ჩემო: როდესაც გული ამსოფლიურზე უარს იტყვის და საღმრთო წიგნების კითხვა გაგიტაცებს, მაშინ ამაო გულისსიტყვები უკუიქცევიან; გონება ღვთაებრივი აზრების გახსენებას სჯერდება და თანამედროვე ცხოვრება აღარ აინტერესებს, არამედ გამუდმებული კითხვით მიღებული უდიდესი სიტკბოებით ღმერთამდე მაღლდება. „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე" - ამ ლოცვის მოუკლებლად წარმოთქმით მუდმივად მოვუხმოთ სახელს ღვთისას, რითაც ადამიანს ეძლევა განცდა საიქიო ცხოვრებისა, მერმისა მის საუკუნისა და მართალთა სასოებისა. იგი წინასწარ გრძნობს საიქიო ცხოვრების სიდიადეს და განცვიფრებით ამბობს: „ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი" (რომ. 11, 23). მან რომ ასეთი საუცხოო საიქიო სამყარო განამზადა, რათა იქ შეეყვანა ყველა გონიერი ქმნილება და დაეცვა „დაუსრულებელ ცხოვრებასა შინა!"

 

 

● ● ●

   შვილნო ჩემნო, გამოიჩინეთ სიბეჯითე ლოცვაში - ამ სულიერ კეთილსურნელებაში, იესოსთან ამ წმიდა საუბარში და უფალი უხვად დაგასაჩუქრებთ თავისი კურთხევით. დიახ, შვილნო სულისანო, მთელი გულით შეიყვარეთ ეს საუბარი ღმერთთან, რათა ყოველი თქვენგანი მადლის კეთილსურნელებად იქცეს, რომ თქვენი კეთილსურნელება გადაეცეს მოყვასსაც და მათაც თქვან: „ჭეშმარიტად, მონაზვნობა სულიერი მადლის მიერ მონაზვნებს ანგელოზებრივ კეთილსურნელებას ანიჭებს".

   დაე, უკუიქცნენ ბინძური ვნებანი - მიზეზნი სიმყრალისა და სხვებზე ცუდი ზეგავლენისა.

 

 

● ● ●

   შვილებო, თავი ვაიძულოთ და ვოლოცოთ ჩვენი უტკბილესი იესოს ლოცვით, რათა გამოიჩინოს ჩვენდამი მოწყალება და შევუერთდეთ მის მადლმოსილებას, აღვასრულოთ მისი მცნებანი და შევიძინოთ მისი სიყვარული. ამ ნაბოძები სიყვარულის წყალობით, მადლის მიერ და ზიარებით მოხდება ჩვენი განღმრთობა. მაშინ ქრისტეს გზა ჩვენთვის იქნება არა ეკლიანი და ციცაბო, არამედ ტკბილი და სასიხარულო, მაშინ იოლად აღვასრულებთ მის მცნებებს.

 

 

 

1იხ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი. იკოსი 10.

 

 

 

 

 

 

 

არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება