მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > გონებითა და გულით ლოცვის შესახებ (ნაწილი 2)

გონებითა და გულით ლოცვის შესახებ (ნაწილი 2)


3-11-2017, 00:03

გონებითა და გულით ლოცვის შესახებ (ნაწილი 2)

 

   ილოცე ტკივილითა და სულის შემუსვრილებით და სხვანაირი შეგრძნება დაგეუფლება. მხოლოდ საკუთარ თავს დააკვირდი! მაშინ დაინახავ, ვინ ხარ და ამ ხილვით შეიგრძნობ ტკივილს, რომლითაც მოიზიდავ შენდამი ღვთის მოწყალებას.

   ლოცვის დროს არ მიაქციო ყურადღება გულისცემას, შეიცნე გაუფანტავი გონება - ესაა შუაგული და მიზანი ლოცვისა.

   გამუდმებით უსმინე ლოცვას - ის ყველაფერს გამოასწორებს: ბეჯით მლოცველს განანათლებს, ჩემსავით უდებს კი გონებას უბნელებს. ლოცვა ზეციური ნათელია და ვინც შინაგანად ან ბაგეებით ლოცულობს, მის გულში ლოცვის ნათელი იფრქვევა - იგი ასწავლის ადამიანს, რა იფიქროს და როგორ დაიცვას თავი ეშმაკის ხაფანგისგან.

 

 

● ● ●

   თავი აიძულეთ, ილოცოს იესოს ლოცვით და იგი თქვენთვის იქნება საზრდო და სასმელი, სამოსი და ნათელი, ნუგეში და სულიერი ცხოვრება, ანუ ყოველივე. ვისაც ხელეწიფება ლოცვა, მას ყველაფერი მიეცემა. ლოცვის გარეშე სულიერ სიცარიელეს ვერაფერი შევსებს. გინდა შეიყვაროთ ქრისტე? გწყუროდეთ ლოცვა და დაიმდაბლეთ თავი, მაშინ შეიცნობთ, რომ „სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს" (ლუკ. 17, 21).

   არ მიცეთ ნება უკეთურ აზრებს, რომ თქვენზე იბატონონ - მაშინვე განაგდეთ ისინი ლოცვით. რა სასწაულებს აღარ ახდენს ლოცვა? აღმოთქვამთ მას და მფარველი ანგელოზი სულიერ კეთილსურნელებას მოგივლენთ! ანგელოზები უდიდესი სიხარულით აღივსებიან, როცა მონაზონი იესო უტკბილესის ლოცვას წარმოთქვამს. დაე, იესო ქრისტე იყოს საზრდო თქვენი სულისა!..

 

 

● ● ●

   გამუდმებით აღმოთქვით ლოცვა - „ეს კურთხეული დასაწყისია!". დაე, ნურასდროს განგეშორებათ იგი, მით უფრო თავად თქვენ ნუ შეწყვეტთ მას - იგია სიცოცხლე სულისა, სუნთქვა გულისა, ჰაერი კეთილსურნელოვანი, რომელსაც ბეჯითად მლოცველი სულისთვის სულიერი გაზფხული მოაქვს.

   შვილნო ჩემნო, ლოცვა და სიმდაბლე ყოვლისშემძლე საჭურველია, რომელიც დაუძინებელი ყურადღებით მუდამ ხელთ უნდა გვეპყრას, რადგან ლოცვაც და სიმდაბლეც, ღვთის შეწევნით, დემონებზე გაგვამარჯვებინებს.

 

 

● ● ●

   დაითმინეთ, შვილნო ჩემნო, და ნუ დაკარგავთ სიმხნვეს. ძალისხმევით წარმოთქვით ლოცვა და ნუ განაბნევთ გონებას, მრავალი საზრუნავიც რომ გქონდეთ - ისინი თქვენთვის წარმავალი უნდა იყოს. თვალწინ მხოლოდ ლოცვა და სიკვდილის ხსოვნა გქონდეთ: „წინაისწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის... რაითა არა შევიძრა" (ფსალმ. 15, 8).

   თუ მოუკლებლად და ძალისხმევით ილოცებთ, აღარ დაეცემით. თუ ლოცვას უგულებელყოფთ, იცოდეთ, თქვენი დაცემა საშინელი იქნება.

 

 

● ● ●

   ვლოცულობ, შვილო ჩემო, რომ სულიერ ცხოვრებაში კეთილად გევლოს. იქნება სიძნელე, განსაცდელი და ბევრი სხვა რამ. ყველაფერს ლოცვითა და ღვთისმოშიშებით უკუაგდებ. „ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (1 პეტ. 5, 8). ამიტომაც გვმართებს, მოუკლებელად და დიდი გულისყურით ვილოცოთ ქრისტესა და ღვთისმშობლისადმი, სანამ ძალი ღვთისა არ განაქარვებს ეშმაკს და არ აღკვეთს მის ბოროტებას.

   შენ, შვილო ჩემო, მხნეობას ნუ დაკარგავ, მთელი შენი სულიერი ძალებით შეებრძოლე მტერს და მადლი ღვთისა აგაშორებს ყოველგვარ უბედურებას.

 

 

● ● ●

   გულმოდგინეთ ილოცეთ. ნუ გგონიათ, რომ ასე იოლია უდიდეს სიკეთეთა მიღწევა. თქვენ იშრომეთ, ღვარეთ ოფლი - ღმერთი დაინახავს თქვენს გარჯას, სიმდაბლეს და იოლად ლოცვას შეგაძლებინებთ.

   რაც მეტად ილოცებთ, მით უფრო გამახარებთ, ჩემზე მეტად კი გაახარებთ ღმერთს და სულიერ შვებას იგრძნობთ. ერთი ადამიანი მეორეს უნდა ეხმარებოდეს: როდესაც შენ ხმამაღლა ლოცულობ, სხვა კი ჩუმად არის და მისი გონება სხვაგან ქრის, წარმოთქმული ლოცვის გაგონებისას იგი გაფანტულობისაგან გამოფხიზლდება - მას საკუთარი სინდისი ამხელს: რატომ არის უქნარა, გონებაგაფანტული და არ ლოცულობს. ის მაშინვე დაიწყებს ლოცვას და აღსრულდება გამონათქვამი: „ძმაი ძმისაი შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი..." (იგავ. 18, 19) და „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ" (გალ. 6, 2).

 

 

● ● ●

   მონაზვნებისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ღმერთთან ერთობის მიღწევაა, ეს არის ჩვენი სურვილების საზღვარი. როდესაც ადამიანი ღმერთს შეუერთდება და მის გულში უფალი დაივანებს, მაშინ მას აღარაფერი სჭირდება - სულში საერთოდ ქრება სიცარიელე. ამასთან მას არც ცხოვრებისათვის აუცილებელი რაიმე ნივთიერი აკლია. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ უყვარს ღმერთს თავისი მორჩილი.

   ღმერთთან ასეთი მჭიდრო ერთობის საშუალება არის ლოცვა. აქ ჩვენ მხოლოდ ხატების წინ ლოცვას არ ვგულისხმობთ, რაც აგრეთვე უნდა სრულდებოდეს. მაგრამ მასთან ერთად ლოცვისთვის მონაზონი ხუთ სიტყვას იყენებს და მათ წარმოთქვამს შეუსვენებლივ, როდესაც შრომობს, ჭამს, ზის ან სხვა რამეს აკეთებს! ეს სიტყვებია: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე". მათ ვამბობთ ბაგეებით, გონებით ან გულით.

   ამ სიტყვების გამუდმებით გამეორება ჩვენ არ გვქანცავს. თავდაპირველად ცოტა სიბეჯითეა საჭირო, მაგრამ შემდეგ ეჩვევი, ლოცვას იოლად წარმოთქვამ და აღარ გსურს შეჩერება. ამ დროს ისეთ სულიერ აღმაფრენას შეიგრძნობ, რომ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ შეშფოთდები, არც დაღონდები, არამედ მოთმინებით მიმართავ ქრისტეს, შესთხოვ შეწყალებას... ქრისტეც განუგეშებს და სიხარულს მოგანიჭებს. რა მშვენიერია, ყოველჟამს ღმერთს ევედრებოდე და მის წმიდა სახელს შენი მიწიერი ბაგეებით წარმოთქვამდე! განა არსებობს ამაზე დიდი პატივი?!

   ლოცვის ეს სიტყვები მთელს ჩვენს სარწმუნოებას იტევს. როდესაც ვამბობთ „უფალო", გვწამს, რომ ჩვენ მონანი ვართ ღვთისა, და ის არის ჩვენი ბატონი. ამით პატივს მივაგებთ ქრისტეს, რომელსაც ჩვენს ბატონად ვაღიარებთ. პატივი მოგვეგება ჩვენც, რამეთუ ვემსახურებით ბატონს, რომელიც თავად ღმერთია.

   როდესაც ვამბობთ „იესო" - სახელს განკაცებული ღმერთისას, გონებაში ქრისტეს მთელი მიწიერი ცხოვრება წარმოჩინდება, დაწყებული შობით და დასრულებული ამაღლებით.

   როდესაც წარმოვთქვამთ „ქრისტე", რაც ნიშნავს „ღვთისგან ცხებულს", „ცისა და ქვეყნის მეუფეს", ანუ, სხვა სიტყვებით, „ღმერთს", ჩვენ ვაღიარებთ და გვწამს, რომ ქრისტე ჩვენი ღმერთია, რომელმაც შექმნა ყოველივე, სუფევს ზეცაში და კვალად მოვალს სამყაროს განსასჯელად.

   სიტყვებით „შემიწყალე მე" ჩვენ ღმერთს ვთხოვთ, მოგვივლინოს თავისი შემწეობა და წყალობა, რადგან ვაღიარებთ, რომ საღმრთო თანადგომის გარეშე ვერაფერს შევძლებთ. აი, მოკლე განმარტება ამ წმიდა სიტყვებისა. ვინც მათ წარმოთქვამს, ამას გამოცდილებით შეიგრძნობს.

   მე მთელი გულით ვინატრებდი, რომ ჩვენმა უტკბილესმა იესუმ შინაგანი ლოცვის ეს უნარი მიანიჭოს სულს, განამტკიცოს იგი და აგემოს სულიერი სიტკბოება.

 

 

● ● ●

   შეძლებისამებრ ხშირად ილოცე; ეცადე, განიცადო სულის შემუსვრილება, დაღვარო ცრემლი, მაშინ დაინახავ, როგორ გათავისუფლდები გულისსიტყვებისა და მწუხარებისაგან.

   ლოცვა ადამიანის ღმერთთან საუბარია. სიმდაბლითა და სულის შემუსვრილებით მლოცველი აღივსება საღმრთო ნიჭებითა და კურთხევით, ნუ შეიგრძნობს სიმშვიდეს, სიხარულს, შვებას, ნათელს, ნუგეშს და თავად ხდება ნეტარი. ლოცვა სასოწარკვეთილების, ხიფათის, მწუხარებისა და სხვა რამ მსგავსის გადამკვეთი ორლესული მახვილია. ლოცვა სულისა და ხორცის ყველა სენის სამკურნალო, მათი შხამებისგან დამცავი წამალია.

   აგრეთვე, ევედრე დედას ნათლისას - უბიწო ღვთისმშობელს, რომ განუგეშოს, რამეთუ იგია უდიდესი ნუგეშინისმცემელი შემდგომად ღვთისა. მოუხმობს თუ არა ადამიანი მის წმიდა სახელს, მეყვსეულად გრძნობს მის მეოხებას. ღვთისმშობელი დედა, მიწიერი ცხოვრების დროს ისიც ჩვენსავით იტანჯებოდა. ამიტომ თანაუგრძნობს ვნებულ სულებს და დასახმარებლად მოსვლას ისწრაფვის. (გაგრძელება...)

 

 

 

არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება