მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > გონებითა და გულით ლოცვის შესახებ (ნაწილი 1)
გონებითა და გულით ლოცვის შესახებ (ნაწილი 1)2-11-2017, 00:03 |
გთხოვთ, ილოცეთ პავლე მოციქულის ანდერძისამებრ: „მოუკლებელად ილოცევდით" (1 თეს. 5, 17). წმ. მამები ამბობენ: „თუ ღვთისმეტყველი ხარ, კარგად ლოცულობ, და თუ კარგად ლოცულობ, ღვთისმეტყველი ხარ". და, მართლაც, უდაბნოს წმიდა მამები გვასწავლიან, რომ სხვადასხვა ხორციელი ღვაწლი, სულიერი შრომა და ჭვრეტა, ზნეობრივი და სულიერი სიბრძნე, სიფხიზლე და ლოცვა ადამიანის გონებას განწმენდს, განანათლებს, სრულყოფს, შედეგად კი მას მიეცემა ღვთისმეტყველების ნიჭი, ნიჭი არა განსჯითი მეცნიერებისა, რომელსაც მისდევენ უნივერსიტეტის სწავლულნი, არამედ იმ ღვთისმეტყველებისა, რომელიც იბადება და მოედინება ღვთიური წყაროდან, საიდანაც მართლაც იბადება და მოედინება ღვთიური წყაროდან, საიდანაც მართლაც მარადიულად მოემართებიან საღმრთო ღვთისმეტყველების მდინარეები. წმიდა მამების აზრით, ღვთისგან განდგომილი გონება ემსგავსება პირუტყვის ან მხეცის ჭკუას. შინაგანი ლოცვით კი გონება, პირიქით, ღვთისმეტყველი და საღმრთო ბრწყინვალებით გაცისკროვნებული ხდება. ლოცვაზეა დამოკიდებული ადამიანის გადარჩენა, რადგან ის აახლოვებს კაცს ღმერთთან, ქმნის მათ ერთობას. ღმერთთან მყოფი ადამიანი არ ასცდება ზნეობრივ გზას, ვინაიდან თავის თითოეულ ნაბიჯს თვალყურს ადევნებს. ჩვენი სიფრთხილის მიუხედავად, ეშმაკი განუწყვეტლივ გვითვალთვალებს, რათა უძლურების ჟამს თავს დაგვაცხრეს და წარგვიტაცოს თავისი გზით, რომელიც ყოველთვის ციცაბოა და დაღმა მიექანება. ამიტომ, ჩემო საყვარელო შვილებო, უპირველესი და აუცილებელი პირობაა, მარადის აღჭურვილნი ვიყოთ უტკბილესი იესოსადმი მოუკლებელი ლოცვით. მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რომ გონებით ლოცვას დემონები უმხედრდებიან და წინ ეღობებიან. ისინი ცდილობენ, ადამიანს გონება გაუფანტონ, რომ ამაოდ ილოცონ; საბრალო ადამიანი გონებას მრავალ სხვადასხვა აზრს ახვევენ, რათა წარიტაცონ ნაყოფი ლოცვისა და მლოცველს მხოლოდ ფოთლები - ხორციელი შრომა და ძალისხმევა მიუგდონ. ამიტომ კეთილად ლოცვის მსურველს მართებს, ლოცვის აღვლენამდე განაგდოს ყოველი საზრუნავი და გულისსიტყვა. დაე, გონება ზედამხედველად დააყენოს, რომ მან თვალი ადევნოს წარმოთქმულ სიტყვებს, რათა ლოცვა საღმრთო შემწეობისა და მადლი ნაყოფისმომცემელ წყაროდ ექცეს. როგორც მამები ამბობენ, წმიდა ლოცვას ყოველთვის წინ აღუდგება სატანა, როგორც ქარი და კლდე, რადგან ლოცვა მას ამწარებს და ბუგავს. ამრიგად, შვილნო ჩემნო, თავი აიძულეთ ილოცოთ. ამასთან მომიხსენეთ მეც, თქვენი ბერი, რათა უფალმა შემიწყალოს.
● ● ● აუცილებელია გულმოდგინედ ლოცვა, რათა დაიმარხო სიყვარული - სათნოებათა გვირგვინი. იღვაწეთ ლოცვით, თუ გსურთ, რომ ქრისტემ დაივანოს თქვენში. და ეს უდიდესი გამოცდილების მხედართმთავარიც თქვენთან ერთად იღვაწებს, თავად სძლევს მტერს და გამარჯვებას თქვენ გიბოძებთ. ჩვენ მბრდღვინავ ლომებს ვემსგავსებით, როდესაც გულგრილად და დაუდევრად კი არ ვიწყებთ ლოცვას, არამედ მხნედ, მთელი სულიერი ძალით! განიმტკიცეთ აზრი, რომ ლოცვა ყველაფერია. მის გარეშე ყველა ძალა სუსტდება, დაცემას დაცემა მოსდევს. თუ განსაცდელის ჟამს მთელი მონდომებით შევუდგებით ლოცვას, უცილობლად ვძლევთ ეშმაკს და გამარჯვებას მივუძღვნით ქრისტეს ყოვლადწმიდა სახელს.
● ● ● შენ, შვილო ჩემო, იპყარ ხელთ ლოცვის საჭურველი და დაიცავი საღმრთო ციხესიმაგრე, რამეთუ მოღვაწეს ზეციურ იერუსალიმში ზეთისხილის რტოთი კი არა, მარადიული დიდების უჭკნობი გვირგვინით შეამკობენ. ასეთი ღვაწლი ღირს, რადგან მისი წყალობით მოგებული დიდება უჭკნობია და მარადიული, ხოლო წარმავლისთვის მებრძოლი ათლეტების დიდება დროებითია და ამაო! ამიტომ რაღაც გავიღოთ მსხვერპლად, რაღაცით გავიჭირვოთ, ვიღვაწოთ, რათა ჩვენც, უბადრუკებმა, განვადიდოთ ღვთის წმიდა სახელი.
● ● ● შვილნო ჩემნო, ღვთისადმი სიყვარულის გამო გთხოვთ, წამითაც არ შეწყვიტოთ ლოცვა. დაე, ბაგენი თქვენნი გამუდმებით ჩურჩულებდნენ იესოს სახელს - იგია ეშმაკის დამთრგუნველი და მისი ყველა ხრიკის დამარღვეველი. მოუკლებლად უხმობდეთ შემწეობისთვის ქრისტეს და ისიც მეყვსეულად, მთელი გულმოგინებით გამოეშურება თქვენს დასახმარებლად. როგორც გავარვარებულ რკინას ვერ მიუახლოვდები და შეეხები, ასევე ვერ გაეკარებიან დემონები სულს, რომელიც იესო ქრისტეს ლოცვით არის გამთბარი. მასთან მიახლოებისას მათ დაწვავს ღვთაებრივი ცეცხლი - სახელი ღვთისა. მლოცველი ნათელს ეზიარება, ვინც არ ლოცულობს - გონება ებინდება. ლოცვა მომწოდებელია საღმრთო ნათლისა. ამიტომ ყოველ კეთილად მლოცველ ადამიანს ღმერთი განანათლებს და მასში სულიწმიდა დაიმკვიდრებს. თუ სასოწარკვეთილება, გულგრილობა, მცონარება და მსგავსი რამ მოგვიახლოვდება, ვილოცოთ მოშიშებით, ტკივილით და გონების სიფხიზლით და საღმრთო მადლის წყალობით სასწაულებრივად მოგვეცემა სასოება და სიხარული. შეუძლებელია, მლოცველმა ადამიანმა ვინმეს მიმართ ბოროტი ჩაიდოს გულში, არ მიუტეოს რაიმე შეცდომა. ეს ყველაფერი ერთიანად იბუგება, როდესაც ადამიანი იესოს ლოცვის ცეცხლს მიეახლება. ასე რომ, შვილნო ჩემნო, იღვაწეთ იესო ქრისტეს წმიდა და მაცხოვნებელი ლოცვით, რათა ღმერთმა განგანათლოთ და განიწმინდოთ. ილოცეთ ჩემთვის - უდებისა და ცოდვილისთვის, რათა ღმერთმა შემიწყალოს, შემინდოს ჩემი მრავალრიცხოვანი შეცოდებები და ლმობიერ-მეყოს ჩემზე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობისთვის.
● ● ● შვილო ჩემო, მარადის მოიხსენე იესო, რათა ყველა უძლურების სამკურნალო წამალი ჰპოვო. გტკივა? იესოს მოხმობით ჰპოვებ შვებასა და განათლდები. გეწვია მწუხარება? მოუხმე იესოს და ნუგეში შენს გულში დაიწყებს აღმოცენებას. სასოწარკვეთილება გეძალება? ნუ დააყოვნებ, სასოებით მიენდე იესოს და სული შენი სიმხნევითა და ძალით აღივსება. ხორციელი გულისსიტყვები ალყაში გაქცევს და გრძნობადი ტკბობისკენ მიგათრევს? იესოს სახელით წაუკიდე დამბუგავი ცეცხლი სარეველას და გადაწვი. გაწუხებს ყოფითი საზრუნავი? წარმოთქვი: „განმანათლე, იესო ჩემო, როგორ მოვიქცე, წარმართე ეს საქმე ნებისაებრ შენისა". და აი, დაგეუფლება სიმშვიდე და სასოებით განგრძობ ცხოვრებას. ყველას და ყველაფერს იესოს სახელი დაუდე საძირკვლად, ბალავრად, სამკაულად, გადააფარე საფარველად და ნუ შეგეშინდება მტრებისა. გეშინოდეს მაშინ, როცა იესოს გარეშე აქეთ-იქით აწყდები. თუ წამალს არ მიიღებ, გახრწნას უნდა ელოდო და არა კურნებას. იშრომე ლოცვით, შვილო ჩემო, მაშინ შეიცნობ დიდ სარგებელს - განსვენებასა და სულიერ სიმშვიდეს.
● ● ● უხმობდეთ სახელს ღვთისას. იგი მზად არის, თითოეული მთხოვნელის საშველად მოვიდეს. ნუ დაივიწყებთ ლოცვას - მის მიერ განიწმინდება ადამიანის მთელი ყოფა. ეს არის ის ერთადერთი, რაც არ შეუძლიათ მათ, ვინც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე არ იღვწის. რა მშვენიერია ლოცვა! მლოცველს განანათლებს და ღვთის ნებას შეაცნობინებს. როდის შეაცნობინებს? რა თქმა უნდა, მაშინ, როცა ჯეროვნად ლოცულობს. როდის ლოცულობს ჯეროვნად? როდესაც ღვთისადმი აღავლენს ისეთ ლოცვას, რომელსაც ყველა მისი თანამდევი ერთვის. რა თანამდევნი ხდიან ლოცვას განსაკუთრებულს? ესენია: სიმდაბლე, ცრემლი, თავის ბრალობა (თავის დადანაშაულება), უბრალოება, განსაკუთრებით კი სიყვარულით მორჩილება. ლოცვა ნათელს ჰფენს და ეს სინათლე საღმრთო ნებასთან შეთანხმებულ მართალ გზას გვიჩვენებს. დაე, არასდროს განელდეს ლოცვა!.. მოუკლებელი ლოცვით თქვენ თავს ყოველმხრივ უვნებლად დაიცავთ. როდესაც ვნებათა გულისსიტყვები შეგიპყრობთ, თავგამოდებით იწყეთ დაძაბული ლოცვა და სარგებელს მაშინვე შეიცნობთ - ჰპოვებთ შვებას. მტკიცედ ჩაეჭიდეთ იესოს ლოცვას!.. (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |