მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > სულიერი სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ (ნაწილი 2)

სულიერი სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ (ნაწილი 2)


26-10-2017, 00:03

 

   ერთ წმინდანს, რომელიც დემონებს განდევნიდა და მათაც ეშინოდათ მისი, საკუთარმა მორჩილმა ჰკითხა:

   - მამაო, რატომ ეშინიათ შენი დემონებს?

   - აი, რას გეტყვი, შვილო, - მიუგო ბერმა, - მქონია ხორციელი ბრძოლა გონებით, გულისსიტყვებით, მაგრამ ერთხელაც არ დამირთავს საკუთარი თავისთვის ნება, მათ ავყოლოდი. ბრძოლას ყოველთვის ისე წარვმართავდი, რომ შერკინების ხაზს განსაცდელის „არეალში"3 დაევლო და არასოდეს მიმიცია საშუალება ეშმაკისთვის, ეს ზღვარი გადაელახა. რადგანაც ბრძოლა გამუდმებული იყო, ღმერთმა მიბოძა ეს კურთხევა, მომანიჭა მადლი, რომლის წყალობითაც, მიუხედავად ყველა ჩემი უღირსებისა, დემონებს ჩემი ეშინიათ და უკუიქცევიან.

   დაფიქრდით, ეს ბერი ჯერ კიდევ მაშინ მოკვეთდა საცდურს, როდესაც იგი კარის ზღურბლს მიადგებოდა და კაკუნს იწყებდა. რატომ არ უღებდა ბერი მას კარს? რა იყო ის შინაგანი, რაც საცდურს წინ ეღობებოდა? ბერის გონებას წმიდა ხსოვნა აღავსებდა. საცდური გარედან აკაკუნებდა, ცდილობდა შესვლას, მაგრამ შიგნით შესაღწევად ადგილი აღარ რჩებოდა - მას ღვთის ხსოვნა აჩერებდა. ამ გამუდმებულმა გამარჯვებამ წმიდანს ისეთი მადლი მიანიჭა, რომ დემონებს მისი ეშინოდთ და ადამიანებისგან განიდევნებოდნენ.

   საქებარია ის, ვინც საღმრთო მადლის წყალობით მიაღწია იმას, რომ ეშმაკი განსაცდელის მიჯნაზე შეეკავებინა.

   არ არსებობს თუნდაც ერთი მოკვდავი, თუნდაც ერთი სულიერი ადამიანი და მოსაგრე, რომელსაც ეშმაკისაგან განსაცდელის მოსვლა არ გამოეცადოს, ანუ ცდუნება ყოველ ადამიანს ემუქრება. თუ იმ ერისკაცთა მსგავსად, რომელთაც ღმერთი არ უწყიან, კარ-ფანჯარას გააღებ, მაშინ მტერი დაწინაურდება და გძლევს.

   სულიერად მოღვაწენი ცდილობენ, რათა მტერს არ გაუხსნან არც კარი, არც ფანჯარა, ჭუჭრუტანაც კი.

   საქმით შეცოდება, რომელიც ან მოქმედებით გამოიხატება, ან სიტყვით წარმოითქმის, ხშირად ძნელად შესასრულებელიც არის, რამეთუ მის განხორციელებას მრავალმა მხარემ უნდა შეუწყო ხელი. მაგრამ გონებით შეცოდება მეტად იოლია. ადამიანს მისი ჩადენა შეუძლია ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს და მის შესახებ ვერავინ შეიტყობს. გარეგნული ქმედება ხშირად ვერ ხერხდება, რადგან საამისოდ გარემოებათა თავმოყრაა საჭირო და თანაც, ჩადენას სირცხვილის გრძნობა აჩერებს. ხოლო შინაგნი ცოდვა, ფიქრით შეცოდება პირიქით მოქმედებს - შეუძლია დაარწმუნო ადამიანი, რომ შესცოდოს შინაგანად, რაც შეუმჩნეველი დარჩება.

   ეს შინაგანი ცოდვა შეუმჩნეველია. მას ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ხედავს ღმერთი. თუ არ გვეშინია და არ გვერიდება ადამიანებისა, რადგან მათთვის იგი (ცოდვა) უხილავია, უნდა გვეშინოდეს ღმერთისა, რამეთუ ეს აზრით გამოხატული ზნეობრივი დანაშაული მის წინაშე ხდება.

   საკუთარმა ეგოიზმმა ბევრი ადამიანი მოატყუა და ცოდვა ჩაადენინა.

   თავდაპირველად ადგილი აქვს შინაგან ღალატს, რაც შემდეგ უკვე სხეულის ასოთა საშუალებით ვლინდება.

   ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია გამძაფრებული და დაუცადებელი ყურადღება, განსაკუთრებული სიფხიზლე. ჩვენ შინაგანად უნდა დავაყენოთ გუშაგი და მეკარე, რომელიც თვალყურს მიადევნებს ჩვენში შემავალ და გამომავლ გულისსიტყვებს, ამოიცნობს მათ, რათა შიგნით არ შეიპარონ ჯაშუშები და სულის სამეფოში არ გააჩაღონ სამთავროთშორისი ომი.

   სულიერი თვალი აუცილებლად კამკამა უნდა იყოს და მახვილი მზერა ჰქონდეს, შორიდანვე შენიშნოს მტრები და შესაბამისი ზომები მიიღოს.

   რამდენი გულისსიტყვა გვესხმის თავს გამუდმებით! ძალიან ბევრი. თითოეულ ვნებას თავისი გულისსიტყვები აქვს, რომელთაც სული, თუ მას მახვილი მზერა აქვს, შორიდანვე შეუქმნის დაბრკოლებებს. ასეთი სული „ყნოსვით" ადგენს ვნებათა აღძვრას და მყისვე იწყებს სამზადისს: განალაგებს გუშაგებს, აღმართავს მიწაყრილებს და მზად არის ვნებათა შემოტევის მოსაგერიებლად.

   ადამიანები ტყვეობაში ექცევიან. ვნება შხამიან გველს ჰგავს. არიან დიდი გველები, რომლებიც გესლიანი სისინით ახლომახლო ყველაფერს წამლავენ, რის შემდეგაც ნადავლს ყლაპავენ. ასევე იქცევა ცოდვის გველიც. ტკბობის შხამს იგი შორიდანვე ანთხევს და გონებასა და ძალებს ადუნებს. ადამიანი ვნების მონა ხდება და ბოროტებისკენ უნებურად მიილტვის.

   ამის დასტურია ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანების ნათქვამი: „მე ამ დროს არ შემიძლია წინააღმდეგობის გაწევა, ვერაფერს ვხდები". ამაზე პასუხი ასეთი იქნება: საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა გონებისა და გული დატყვევებასა და მათ განიარაღებამდე საქმე არ მივიდეს. გამოცდილებით ვიცით, რომ როგორც კი ცბიერი გველი შხამის ნთხევას დაიწყებს, შორიდანვე უნდა ვცადოთ საფრთხის თავიდან აცილება, სანამ ის ჩვენამდე მოაღწევს და სულს მოგვიწამლავს, რამეთუ დაგესვლის შემდეგ უკვე ვეღარაფერს გავაწყობთ.

   როდესაც ადამიანი ცოდვის გულისსიტყვებით დაიძლევა და წარმოსახვას დანებდება, მთელი ბოროტებაც აქედან წამოვა! და როდესაც გონება მრავალ სულიერ შემუსვრას გადაიტანს და გემოთმოყვარების ოცნებებით არაერთგზის დაწყლულდება, მაშინ, როგორც კი სატანა კვლავ მოვა და გონებას მსგავს ზმანებებს მიაწვდის, ის მაშინვე მათ ტყვეობაში მოექცევა. ამიტომ მონაზონმა არ უნდა დაუშვას, რომ ოცნებები და ვნებები გაძლიერდეს და განმტკიცდეს.

 

 

● ● ●

   დაე, იფხიზლოს შენმა სულიერმა თვალმა და დაიცვას მიმოფანტვისაგან როგორ ხორციელი საგრძნობელი, უმთავრესად კი თვალი, ასევე სულიერიც, განსაკუთრებით კი გონება დაიცვას გაღიზიანებისგან. რადგანაც გრძნობების საშუალებით შემოდის ადამიანში სულიერ სნეულებათა შხამიანი მიკრობები, რის შედეგადაც დაუდევარი ქრისტიანი თანდათან მრვალი დაავადებით სნეულდება და თავისი უკვდავი სულის ფასდაუდებელ სიჯანსაღეს კარგავს.

 

 

●●●

   შვილო ჩემო, იღვაწე მარადიული ცხოვრების მომნიჭებელი კეთილი ღვაწლით. კეთილად დაიწყე, რათა საუკეთესო დასასრული მოიგო. გონებით მიემსჭვალე იესო ქრისტეს ხსოვნას და მაცხოვარი შენთვის ყველაფერი იქნება: სიხარულიც და სიმშვიდე, მწუხარებაც და ცხოველმყოფელ ცრემლთა სიუხვეც, რაც შენს სულს თოვლზე მეტად განასპეტაკებს და ღრუბლებზე უმსუბუქესს გახდის.

   შვილო ჩემო, როდესაც დადუმებული ხარ და გულისყურით ლოცულობ, ანუ როდესაც გონება ლოცვას მიჰყვება და მის გარდა სხვა არაფერზე მიიქცევა, მაშინ იგი იესოს ლოცვის სიტკბოებასთან მიახლოებას იწყებს. თუ ყოველთვის დაიმდაბლებ თავს, ეს უდიდეს სარგებელს მოგაგებინებს. მუდამ აძაგე და არასდროს გაიმართლო თავი. ეს ნიშნავს: ნებისმიერ განსაცდელსა თუ საქმეში მოძმე მიიჩნიო მართლად და ამბობდე, რომ ყოველთვის შენ ცდები. ამას ჰქვია სიმდაბლე.

 

 

● ● ●

   შვილო ჩემო, უფრთხილდი ოცნებებსა და ცოდვის გულისსიტყვებს - ყველაფერი გულისსიტყვებიდან მოდის. დაუყენე გუშაგი გონებას, რათა მის წარმოსახვით ნაწილში უზნეო სურათების შეღწევა არ დაუშვას. სხვაგვარად დაუყოვნებლივ იქმნება საფრთხე, რომ სული შესცოდავს და დაამწუხრებს უფალს, რომელიც ყველა ჩვენგანის გამო სამარცხვინო ძელზე გააკრეს, ახლა კი ეს ძელი პატიოსანი ჯვარია.

   სულიერი მრუშობა ძალიან იოლად ხდება მაშინ, როცა სამარცხვინო გულისსიტყვებს და მსგავს ოცნებებს ნებას ვაძლევთ ჩვენზე შინაგანად იბატონონ. ეს სხვა არაფერია, თუ არა სულიერი მრუშობა.

   შვილო ჩემო, თუ გსურს სიძვის დემონს სძლიო, უფრთხილდი თვალებს. არა ნაკლებ სახიფათოა შეუფერებელი გამოსახულებების, გაზეთების, ჟურნალებისა და სხვა რამ მსგავსის თვალიერება. (გაგრძელება...)

 

 

 

 

3 წმიდა მამათა თანახმად, ცოდვა განვითარების რამდენიმე სტადიას გადის, რომელთაგან პირველი არის „მოსვლა". თუ ეს ცოდვა ამ საფეხურზე იქნა შეჩერებული, იგი ადამიანს დანაშაულად არ ეთვლება და ცოდვის შემდგომი განვითარებაც აღარ მიმდინარეობს.

 

 

  

არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება