მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > სულიერი სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ (ნაწილი 1)

სულიერი სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ (ნაწილი 1)


25-10-2017, 00:03

 

სიფხიზლის შესახებ1

 

   დრო ცოტა გვაქვს და არ ვიცით, თუ როდის განილევა იგი. ამიტომ ვიღვაწოთ, თავს ჩავუკვირდეთ და გულისწყრომითა და ძლიერი ლოცვით განვაგდოთ ყოველგვარი უკეთური გულისსიტყვა. დიდ სარგებელს შეგვძენს ცრემლთა დენაც - ის განწმენდს და „უფროის თოვლისა" განასპეტაკებს სულს. მხნედ ვიდგეთ, რამეთუ ჩვენი ბრძოლა მიმართულია ბნელეთის ძალთა წინააღმდეგ, რომლებიც არასდროს გადმოვლენ ჩვენს მხარეს და არც თავიანთ შემოტევებს შეასუსტებენ. ამიტომაც განვეწყოთ ბრძოლისთვის და ნუ მივეცემით თვლემას, რამეთუ ჩვენს წინაშეა საფრთხე, რომელიც მარადიული ცხოვრების ფასად დაგვიჯდება. თუ დავიძლევით, დავკარგავთ სულს, მოვაკლდებით ღმერთთან მარადიულ ნეტარებასა და სიხარულს და სასჯელად მეორე სიკვდილი - ღვთისგან მარადიული განშორება მოგვეგება. ნუ იყოფინ!

   ვიფხიზლოთ და ვუდარაჯოთ გულისსიტყვებს, რამეთუ დაცემა მათგან იწყება; საწყისშივე მხნედ შევებრძოლოთ და ნუ მივცემთ ნებას, რომ ჩვენი უდებების გამო ჩვენში დამკვიდრდნენ. ოცნებები გამოჩენისთანავე განვაგდოთ, შევრისხოთ ისინი, ხელთ ვიპყრათ სულიერი მახვილი - სახელი ღვთისა: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე".და იესო ტკბილიც, მოხმობისთანავე ჩვენს შემწედ მოდის და დემონებიც მაშინვე უკუიქცევიან. ვილოცოთ არა უდებებით, არამედ მხურვალედ და სულის სიღრმიდან შევღაღადოთ: „მოძღუარ! (მიშველე) წარვწყმდები" (ლუკ. 8, 24). თუ ღვაწლს თავიდანვე შევუდგებით, დიდი შრომა არ დაგვჭირდება. მაგრამ თუ გულისსიტყვებს უყურადღებოდ მივატოვებთ და ისინი განმტკიცდებიან, მაშინ ღვაწლიც დიდი დაგვჭირდება - ხშირად დავიძლევით და ნაიარები დაგვაჩნდება. მაგრამ ოდეს ისევ აღვსდგებით და მოვუხმობთ, კვლავ გვეწვევა კეთილი მენავე - იესო და ჩვენს ხომალდს წყნარი და უღრუბლო ნავსაყუდელისკენ წარუძღვება.

   მწიკვლი გულისსიტყვათა გამო გვეცხება და უკეთესნიც გულისსიტყვათა წყალობით ვხდებით, წარვემატებით. ამიტომ, დავაყენოთ ჩვენს გულში უშიშარი გუშაგი - გონება, ანუ მხნეობით, ლოცვით, მდუმარებითა და თავის ბრალობით (თავის დადანაშაულებით) აღჭურვილი გულისყური. თუ ამგვარად ვიღვაწებთ, შედეგად მივიღებთ ტკბილ სიმშვიდეს, სიხარულს, სიწმინდეს, სულიერ სიბრძნეს, ლოცვის სურნელს, რომელიც ადამიანს შინაგანად მოეფინება, როგორც საკმევლის კეთილსურნელი ღვთის ტაძარს. „არა უწყითა, - გვეუბნება პავლე მოციქული, - რამეთ ტაძარნი ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქუენს შორის?" (1 კორ. 3, 16). ამას ვწერ, რათა განვაწყო თქვენი სული სულიერი სიფხიზლისათვის, რათა თქვენდავე სასიხარულოდ შინაგანად ჰპოვოთ მშვიდობა ღვთისა. ამინ, იყავნ!

 

 

   ხორციელი მარხვისათვის შეძლებისამებრ ვიღვაწოთ, ხოლო გრძნობების, გონებისა და გულის მარხვისთვის კი მთელი ძალით შევებრძოლოთ ჩვენი სულის მტერს. შვილო ჩემო, დაიცავი საკუთარი გრძნობები, განსაკუთრებით უფრთხილდი თვალებს - ისინი რვაფეხას საცეცებივით მიიტაცებენ ყოველივეს, რაც მათ წინ მოძრაობს, ყველაზე იოლად კი ცოდვით ნადავლს ჩააფრინდებიან ხოლმე. თვალების მიზეზით დაეცნენ და დაიღუპნენ „სვეტნი სულიერნი". დავითმა, როცა არ დაიცვა თვალი, მკვლელობა ჩაიდინა და მრუშობას მისცა თავი, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის დიდი წინასწარმეტყველი იყო, ჰქონდა მადლი და ნიჭი წინათმცნობელობისა.

   შვილო ჩემო, რადგანაც გარს ცოდვით დაცემის მრავალი მიზეზი გახვევია, გაუფრთხილდი გრძნობებს, განსაკუთრებით კი გონებას - ამ მესაჭეს, ამბა ისააკის თქმით - „ფრინველს ფრიად ურცხვს". გონება იჭრება მოყვასის ფარულ საქმეებში, იქცევა საძაგელ მხატვრად, როცა სამარცხვინოს გამოსახავს. ამიტომ ყოველგვარი ღონე იხმარე, რათა დაიცვა იგი სუფთად, ძლიერი ლოცვითა და გულისწყრომით განაგდე ყოველი გულისსიტყვა და ცოდვითი ოცნება: „გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ" (ეფ. 4, 26).

 

 

   მარად იღვიძებდით, რათა გონება დაიცვათ, რამეთუ უკვდავი სულის სიცოცხლე და სიკვდილიც გულმოდგინებასა და უდებებაზეა დამოკიდებული.

   ყველაფერი გონების წარმოსახვითი ნაწილიდან იწყება. არ არსებობს ისეთ ცოდვა ან სათნოება, რომ მისი ამოსავალი არ იყოს გონების წარმოსახვითი ნაწილი. მაშასადამე, გადარჩენის წმიდა მიზანი ამ გონიერი საწყისის კეთილად დაცვით მიიღწევა.

   სულიერი სიფხიზლის მთავარი მნიშვნელობა ვნებიანი წარმოსახვებისგან გონების სუფთად დაცვასა და ეშმაკის ყოველი თავდასხმისას იესოს სახელითა და სიტყვისგებით შებრძოლებაში მდგომარეობს.

   სიფხიზლის გარეშე სულისა და ხორცის განწმენდა ვერ მიიღწევა, უამისოდ კი გონებითა და გულისმიერი გრძნობით ღმერთის ხილვა შეუძლებელია.

   თუ ადამინის სულს უფალი არ მოხედავს, იგი ისევ ცოდვის წყვდიადში დარჩება. ჩვენ კი, მონაზვნებმა და მათ, ვინც ქრისტეს შეუდგა და თავი მიუძღვნა შინაგანი განწმენდის წმიდა მიზანს - ვნებათაგან გათავისუფლებას, სიფხიზლის უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი კარგად უნდა შევითვისოთ, რომლის წყალობითაც გულით შევიგრძნობთ ღმერთთან მიახლოებას.

   ამ მაცხონებელ სწავლებას, ანუ ადამიანის განმწმედ სიფხიზლეს, ძალუმად ეწინააღმდეგება ეშმაკი და მის დასაბრკოლებლად ყოველ საშუალებას იყენებენ - იგონებს საცდურებს, აღძრავს ნაირგვარ გულისსიტყვას.

   მაგრამ თავად ჩვენც გვმართებს, რადაც უნდა დაგვიჯდეს, უკუვაგდოთ ეს თავდასხმები, რათა შინაგანი განწმენდით მოვიგოთ სასყიდელი და გვირგვინოსან-გვყოს ღვაწლის დამდებელმა და ღმერთმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ნუ შეგეშინდებათ ჩვენი საერთო მტრის სატანური თავდასხმებისა, იღვაწეთ მხნედ და სასოებდით უფალს, რომელიც არ დაუშვებს ისეთ განსაცდელს, რომელთან გამკლავებაც ჩვენს ძალებს აღემატება.

   მაშ, ჰპოვეთ კადნიერება, შვილნო ჩემნო, და იარეთ ქრისტესა და დედა ღვთისას ყოვლისშემძლე საფარველისადმი ტკბილი სასოებით. და მეც მტკიცედ მჯერა, რომ ყველა კეთილ მოსაგრესთან ერთად მარადიული ცხოვრების ღირსნი გავხდებით და ზეციურ, მოზეიმე ეკლესიაში გვირგვინებით შეგვამკობენ. ამინ, იყავნ! (გაგრძელება...)

 

 

 

1 ტერმინი „სიფხიზლე" ახალი აღთქმისა და წმიდა მამათა ტრადიციით დამკვიდრდა. ჯერ კიდევ პეტრე მოციქული აუწყებდა ქრისტიანებს: „განიფრთხვეთ, მღვიძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი, ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (1 პეტ. 5, 8). წმიდა მამები ამ ტერმინში ყოველთვის გულისსიტყვებისადმი სიფხიზლეს, გონების მღვიძარებას, ლოცვის დროს დემონური და საერთოდ ნებისმიერი გულისსიტყვის განგდებას გულისხმობდნენ. ხშირად სიფხიზლედ თავად დაყუდება (ისიხია), ანუ იესოს ლოცვის მუდმივი აღსრულება იწოდებოდა.

2 აღმოსავლეთში იესოს ლოცვა ჩვეულებრივ ხუთი სიტყვისაგან შედგება: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". საამისო დასაბუთებას ვპოულობთ ღირსი გრიგოლ სინელის შრომებში: „ფიქრით ან სულით გამუდმებით იღაღადე: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე"’ (იხ. Преподобный Гриторий Синаит. Творения обе змолвии и двух образах молитвы. М. 1999. С. 95).

 

 

არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება