მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > „სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო“ - არქიმანდრიტი ლაზარე (ნაწილი 2)

„სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო“ - არქიმანდრიტი ლაზარე (ნაწილი 2)


27-12-2017, 00:03

 

   ბიბლიის სიტყვით: უხუცესნი „ყოველდღე გულმოდგინედ დარაჯობდნენ" სუსანას. წმ. იპოლიტე ამბობს: „ეს ნიშნავს, რომ დღემდე ყველაფერს, რაც ეკლესიაში ხდება, აკვირდებიან და თვალყურს ადევნებენ წარმართნი და იუდეველნი, იმ მიზნით რომ ჩვენს წინააღმდეგ ცრუ მოწმობა მოიყვანონ". შემდგომ დანიელის წიგნი ამბობს, რომ „ორივე (უხუცესი) მისადმი (სუსანასადმი) გულისთქმით იყვნენ შეპყრობილნი, მაგრამ ერთმანეთს არ უმხელდნენ თავიანთ ჭირს" რასაც წმ. იპოლიტე ასე განმარტავს: „ორივე ტომი სატანის მოქმედებით წაქეზებულნი, განუწყვეტელ დევნასა და შევიწროებას აღძრავს ეკლესიის წინააღმდეგ და მხოლოდ იმას ცდილობს, დაღუპოს იგი, თუმცა მათ ამავე დროს ურთიერთთანხმობა არა აქვთ" (იხ. წმ. იპოლიტე რომაელი. თხზულებანი. 1997 წ. ნაწ. 1. გვ. 18). სწორედ ასევე, დღესაც ვხედავთ, როგორ ატყდება თავს ეკლესიას ყოველი მხრიდან საყვედურები, მძიმე ბრალდება სხვადასხვაგვარ „ცოდვაში", „ნერწყვაი", „ყურიმლის-ცემაი", დარტყმა და დაცინვა, როგორ ოდესღაც უფალ იესოს. მაგრამ არცთუ რთულია მცირედმორწმუნე, თუნდაც ურწმუნო ადამიანმა შენიშნოს, თუ როგორ ამხელენ თვით ბრალმდებელნი თავიანთ სიცრუესა და უსამართლობას. ყურადღებას იქცევს სწორე ის, რომ ეკლესიის ბრალმდებელნი თითქოსდა ორ ტომად, კრიტიკის ორ მიმართულებად იყოფიან, ერთნი - მიეკუთვნებიან კანონმცოდნეთ, მეორენი „ლიბერალებს". ერთნი როგორღაც განსაკუთრებული სიმკაცრით, ზედმიწევნით ითხოვენ ყველა წესისა და კანონის აღსრულებას და მზად არიან მკაცრად დასაჯონ ეკლესია ამ კანონებიდან უმცირესი გადახვევისთვისაც კი, მეორენი უძველეს კანონთა მიმდევრობას ბნელეთის მოციქულობად და ქრისტიანული სულისაგან განდგომად მიიჩნევენ.

   ამგვარად გაჩნდა ეკლესიისაგან მრავალი განდგომილი ხალხი, რომელიც ოდესღაც ეკლესიაში იყო, მაგრამ მოწყდა მის სხეულს, თითქოსდა იმიტომ, რომ ეკლესიამ ფეხქვეშ გათელა წმ. მამათა წეს-კანონები, თავის ზეციურ საქმროს, ქრისტეს უღალატა და უკვე გაიწირა ღვთისგან. ეს ხალხი გამუდმებით დაეძებს ხან ერთ, ხან მეორე კანონს, ცდილობს ეკლესიის დარღვევებისა და დანაშაულის გრძელი სია გამოიყვანოს ძველი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, არადა მათი სიცრუე იქედანც ჩანს, რომ არსებობს დიდი უმრავლესობა იმგვარ დაჯგუფებათა, რომლებიც ეკლესიას სულ ერთსა და იმავე ცოდვებში სდებენ ბრალს, მაგრამ არა თუ ვერ ერთიანდებიან, არამედ სულ ახალ და ახალ ჯგუფებად იყოფიან. ეს ადასტურებს იმას, რომ ისინი ეკლესიის წინააღმდეგ ცალკეულ კანონთა დარღვევამ კი არ განაწყო, არამედ გარკვეულმა პირადმა პატივმოყვარეობამ, ეპისკოპოსთაგან ვინმესთან პირადმა ანგარიშმა, სხვადასხვა სახის წყენამ და დაუკმაყოფილებელმა ამბიციებმა, ეკლესიამ არ მისცა მათ რომელიღაც ვნების დაკმაყოფილების საშუალება და ისინიც კარს მიცვივდნენ, გარეთ გამოვარდნენ, ეკლესიის საზღვრებს გარეთ აღმოჩნდნენ და ახლა იქიდან აფრქვევენ ცილისწამებებს, მადლმოსილი ცხოვრებისაგან განძარცვულად აცხადებენ, სიკვდილს უსჯიან მას. ბრალმდებელთა მეორე ჯგუფი უკიდურესად თანაუგრძნობს სოფელს, მის უახლეს „მიღწევებს" კულტურის სფეროსა და ახალი საზოგადოების მშენებლობაში, და ეკლესიის უძველესი კანონები, წმინდა მოციქულთა დადგენილებები, ძველი დროის მამათა ქცევის წესი, მათი კატეგორიულობა რწმენის საკითხებში, დოგმატთა აღმსარებლობა, ამ ლიბერალებს რაღაც ძველისძველ უაზრობად და ბნელეთის მოციქულებად ეჩვენებათ. მართლმადიდებლური სწავლება ზნეობრივი სიწმინდის შესახებ, შრომა გულის განწმენდისათვის, საერთოდ, ყველაფერი, რაც ადამიანს ამა სოფელსა და მის ვნებათაღელვაზე აღამაღლებს, მათ ფანატიზმად, სიბნელედ და პათოლოგიად წარმოუდგენიათ, ისინი ცდილობენ, ისე გააზვიადონ საკითხი, თითქოს ეს ნერვული ფანატები, არასწორად იგებენ ქრისტიანობას, მისგან სამყაროსგან იზოლირებულ სექტას ქმნიან და ყველაფერი ადამიანური, ასე ბუნებრივი და უწყინარი, აკრძალვების შეუვალ ჩარჩოში სურთ ჩაამწყვდიონ, ისინი ბრალს დებენ ეკლესიას იმაში, რომ იგი ფეხს არ უწყობს მსოფლიოს, რომ არ იზიარებს მის ლხენით აღსავსე ცხოვრებას, არ ითქვიფება ბრბოში, რომელიც მეგობრული მარშით მიაბიჯებს აპოსტასის უფსკრულში. მათ ვით ანტიქრისტეს, აპოსტასიის ხსენება - ძალიან არ სიამოვნებთ და შეპყრობილობის და დეპრესიის ნიშნად მიიჩნევენ, რომლითაც თანამედროვე პროგრესის ჯანსაღ სულში ავადმყოფური განწყობა შემოაქვთ. საგულისხმოა, რომ ამ ტიპის ბრალმდებლნი ეკლესიას უსაფუძვლოდ ლანძღავენ, ანუ არ მიუთითებენ არც წმინდა წერილს, არც კანონებს, არც წმ. მამებს, მხოლოდ ცდილობენ ეკლესიის ხატება მოსაწყენ, გაძვალტყავებულ, სასტიკ დედაბრად წარმოსახონ, რომელიც განუწყვეტლივ ბუზღუნებს, ყველაფერს კრძალავს და ვერაფრით გაუგია, რა დროში ცხოვრობს. ისინი ეკლესიას დანაშაულად უთვლიან საქციელს, რომელიც თანხმობაშია წმინდა მოციქულთა კანონების წიგნთან, წმინდა მამათა კრებებთან და რომელთა დარღვევაც უმძიმეს დანაშაულად ითვლება. ეს მოსამართლენი რატომღაც ეკლესიის სულ სხვა კანონებით განსჯას კიდებენ ხელს და რომელიღაც წარმართული კანონებიდან გამომდინარე ასკვნიან: ეკლესია ქრისტიანობის ერთგულია თუ არა.

   საგულისხმოა ერთი ფაქტი: როცა უგუნური მოშურნეობით აღძრული, „იერარქთა ეკუმენისტური ქმედებით ცდუნებული" მღვდელთა, ბერთა და ერისკაცთა გარკვეული ჯგუფი ეკლესიის სხეულს განეშორა, მაშინ, უეცრად, მასობრივი ინფორმაციის საშულებებმა ყოველმხრივ უთანაგრძნეს განხეთქილების შემომტანთ, ტანჯული სახით წარმოაჩინეს და საერთოდ, საზოგადოებაში ეკლესიის, როგორც უძველეს დადგენილებათა დამრღვევის წინააღმდეგ გაავრცელეს ხმები. ეს ყველაფერი იმისკენ იყო მიმართული, რომ განხეთქილება გაემწვავებინათ, უფრო ფართოდ გაეშალათ ცდუნება. ახლა (აკი არცთუ დიდი დროა გასული) იგივე საშუალებები კვლავ ბეჭდავენ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ სტატიებს, სადაც იმას აყვედრიან, რომ ქრისტიანობის კანონები მას მეტად სიტყვასიტყვით და არასულიერად ესმის, თავისივე წესებისა და კანონების წრეშია ჩაკეტილი, თანამედროვე კულტურას ემიჯნება, დასავლეთის მიმართულებით, კულტურული და სულიერი ღირებულებების მისეული წარმოდგენებისაკენ გაშლილი მკლავებით არ მიაბიჯებს, უარს ამბობს ეკუმენიზმში მონაწილეობაზე. არადა ადვილი შესამჩნევია, რომ ამგვარი „მსაჯული", მსურველი აიძულო ქრისტეს სასძლო იმრუშოს მასთან, არა ორი და სამი, არამედ მთელი კრებულია და ყველა მათგანს ეკლესიისაგან თავისი სარგებლის მიღება სურს, ვერმიმღებელნი ყოველი მხრიდან ტალახს ესვრიან მას. თუკი გამოწვლილვით დავკითხავთ ცილისმწამებელთ, კონკრეტულად რაში ხედავენ ეკლესიის ღალატს, სახელდობრ - ეკლესიის წესებიდან და კანონებიდან - ამათგან რომელი „ხის" ქვეშ უღალატა მან თავის საქმროს - ყოველი მათგანი სრულიად სხვადასხვას მიუთითებს.

   გარდა ამისა, ეკლესიის მსაჯულნი ბრალად ხან ერთი მღვდლის შეცოდებას მოიყვანენ, ხან - მეორისას. ხან ერთი ეპისკოპოსის, ხან - მეორის, თითქოს ცალკეულ პირთა ცოდვა მთელი ეკლესიის შეცოდებაა, ან ერთის შეცდომა - ყველა ცდომილება. მათ ხომ მშვენივრად იციან, რომ ეკლესიურ გარემოშიც შესაძლოა არსებობდეს უთანხმოება, პოლემიკა, ჭეშმარიტების ძიება, მაგრამ როგორც ჩანს, მათ არ იციან ეკლესიის ბუნება და არ ესმით, რომ აქ სულიწმიდა სახლობს - და ყოველი სული, რომელიც უარს ამბობს უფროსობაზე, ეგოიზმზე, სიამაყესა და თავდაჯერებულობაზე, რომელიც გულწრფელად ლოცულობს, ღირსეულად ეძებს ღვთიურ შთაგონებას, სწორედ მისთვის გაცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც ეკლესიაში ცოცხლობს, აცოცხლებს და ქრისტეს წმინდა სასძლოდ აქცევს მას, ხოლო ეკლესიაში მყოფი ყოველი კაცი, რომელიც ქედმაღლობს, ამაყობს, თავის ჭკუა-გონებას ან ამსოფლიურ განათლებას, საზრიანობასა და მოქნილ ენას ენდობა, ან თავის ამპარტავნულ გაფიცხებას ღვთისათვის მოშურნეობად აღიქვამს - ის თვითონ შეუმჩნევლად სცილდება ჭეშმარიტებას, სულიწმიდას და კარგავს სიცოცხლეს, ხმება და ხეს გამხმარი ქერქივით სძვრება. რაოდენ უგუნურნი არიან ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ დაიკაპიწონ მკლავები, დაძაბონ თავიანთი ევროპულად განბრძნობილი ტვინები, აიღონ მჭრელი სკალპელი და ეკლესიის სხეულის „ქირურგია" დაიწყონ!

   იმ ისტორიას წმინდა სუსანას შესახებ მანუგეშებელი ბოლო აქვს, სიმართლემ იზეიმა, მართალი სული გადარჩა, ვერაგი მსაჯულნი დაისაჯნენ, მაგრამ თანამედროვე ცრუ მსაჯულთა მტრობისა და ბოროტების ისტორია ქრისტეს სასძლოს წინააღმდეგ შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და სააქაო ცხოვრებაში უმეტესი ჩვენგანი ბედნიერ დასასრულს ვერ იხილავს. რას ვიზამთ? ჩვენ ვიცით, რომ დაჰკრავს საათი, როცა ყოველი „რომელთა გძულსთ სიონი (ანუ ეკლესია) სირცხვილეულ იქმნენით უფლისა მიერ და ვითარცა განმხმელი თივა შეგჭამნესთ გეენიამან" (მე-4 ხმა, I ანტიფონი). ეკლესიას ეს დევნა და შევიწროება მხოლოდ განწმენდს, განამშვენებს და განადიდებს, როგორც განადიდეს წმინდა სუსანა ქმრის ერთგულებაში მკაცრი გამოცდის შემდგომ. მხოლოდ დასანანია, რომ მრავალი ადამიანი ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ნაჩქარევი და ქარაფშუტული მსჯავრის გამო, ცილისმწამებელთა ასეთი ნაჩქარევი და განუსჯელი თანხმობით ისინი თვით საუკუნოდ განეშორებიან ხეს სიცოცხლისას და ცხვირწინ იკეტავენ ცხონების კარს. მათვე მივმართავთ წინასწარმეტყველის სიტყვით: „უგუნურები ხართ, ... არ გამოგიძიებიათ, არ გაგირჩევიათ სიმართლე და ... გამოუტანეთ მსჯავრი" ქრისტეს წმინდა სასძლოს? „დაბრუნდით სამსჯავროში" ანუ ფხიზლად გადასინჯეთ თქვენი დაუფიქრებელი მსჯავრი, შეჯერდით წმ. წერილთან, ეკლესიის კანონებთან, წმ. მამათა სწავლებასთან, კარგად ჩააცქერდით მსჯავრდებელთა სახეს, ვნება ხომ არ კრთის მათ ანთებულ მზერაში, უწმინდური წარმოსახვები ხომ არ უკიდებენ ცეცხლს მათ ღაწვებს? თვით თქვენგანს ბრალდებულს შეხედეთ, ყურადღებით მას მოუსმინეთ, ჯერ თვით გახდით ქრისტიანები, ვიდრე განსჯიდეთ ჩვენს წმინდა დედას!

   „ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყვით, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო" (ფს. 57).


არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება