მთავარი > წმიდათა ცხოვრება, წმ. გიორგი, მთავარი გვედის ფოტო > სიტყვა წმინდა მთავარმოწამე გიორგის ხსენების დღეს

სიტყვა წმინდა მთავარმოწამე გიორგის ხსენების დღეს


23-11-2017, 00:00

 

   „ყოველმან, რომელმან აღმიაროს ჩემდა მიმართ წინაშე კაცთა, ძემან კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღუთისათა" (ლუკა. 12, 8).

   ქრისტე მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მისი მოძღვრება დიდის სისწრაფით გავრცელდა დიდებულის რომის საბრძანებელში. მოციქულთა ქადაგებამ მიიპყრო ყურადღება კეისრის სახლთაგან დაწყებული (ფილიპ. 1, 13) უბრალო ქვეშევრდომამდე. ქალი და ვაჟი, მოხუცი და ახალგაზრდა, მდიდარი და ღარიბი, ყველა ერთნაირად მოხიბლა იესო ქრისტეს მოძღვრების სიფაქიზემ, მშვენიერებამ და სისრულემ. სინათლისა და წინსვლის მომხრე ხალხმა იესო ნაზარეველის მოძღვრებაში ჰპოვა მარგალიტი მრავალსასყიდლისა, რომლის შესაძენად „განსყიდეს ყოველივე, რაიცა ედვა," – (მათე. 13, 46), წარმართული მსოფლიო მხედველობა და ამა ქვეყნიური სიამე ბედნიერება.

   ქრისტეს მოძღვრების ჩქარი ნაბიჯით მსვლელობამ აღძრა მის წინააღმდეგ ბნელი ძალები, რომლისთვისაც ხელსაყრელი არ იყო მკვდრეთით აღდგომილის იესო ნაზარეველის მოწოდება ჭეშმარიტი ღვთის ცნობისა და ურთიერთარს სიყვარულისა. კერპ-მქანდაკებელნი, ქურუმნი, მკითხავ-გრძნეულნი და მსგავსნი მათნი ამხედრდნენ ქრისტეს მოძღვრების წინააღმდეგ, გაავრცელეს მორწმუნეთა თაობაზე უმრავლესთაგან უმრავლესი სიტყვა ბოროტი და აღძრეს მათ ზედა საბრძანებელის მმართველნი და მეფენი. ბნელ ძალთა მოქმედებას უნაყოფოდ არ ჩაუვლია. ყოვლად ღირსეულ ადამიანს, თვით წარმართთა მიერ პატივისცემულს და ხშირად ისეთს, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში დიდი და ჩინებული ადგილი ჰქონია, ყოველსავე პატივს ახდიდნენ და საშინელს ტანჯვას მიაყენებდნენ, რაკი გაიგებდნენ, რომ ის ღირსეული ადამიანი ქრისტიანი იყო. ამ უსამართლო და უმეტეს შემთხვევაში პირადის სარგებლობისათვის აღძრულის დევნის დროს მორწმუნენი იშვიათად ამჟღავნებდნენ თავიანთ ქრისტიანობას, მაგრამ საჭიროება მოითხოვდა, როცა მათგან იძიებდნენ „სიტყვასა სასოებისა მისთვის, ისინი განმზადებულნი იყვნენ მარადის სიტყვის მისაგებად" (1 პეტრ. 3, 15), ჩვენა ვართ ქრისტიანენი და ვერავითარი ძალა ვერ აგვაღებინებს ხელს ქრისტე - მაცხოვრის სწავლა-მოძღვრებაზედ და შეგვაწირვინებს მსხვერპლსა კერპთა საკურთხეველზედ. წარმართნიც ცდილობდნენ ყოველივე ღონე ეღონად და ქრისტიანობა მოესპოთ: ცეცხლი და წყალი, ადუღებული კუპრი და კირი, შუბი და ხმალი, მხეცები და ჯურღმული, ყველა მოიწვიეს თანაშემწედ, მაგრამ ვერას გახდნენ. ქრისტიანობას დღითი დღე ემატებოდა მორწმუნეთა რიცხვი და თანაც განმდიდრდებოდა მოწამეთა და აღმსრულებელთა კრებულით ვის დროშაზეც დიდი ასოებით ეწერა: „რომელმან აღიაროს ჩემდა მიმართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღუთისათა". ერთი ამ კრებულთაგანი იყო წმ. მთავარმოწამე გიორგი, რომლის სახელის სადიდებელ - სავედრებელად ჩვენ შევკრებილვართ აქ დღესა.

   რამდენადაც ძნელი იყო ქრისტეს სახელის აღსარება და მისი მოძღვრების განხორციელება წმ. მთავარმოწამის გიორგის ქვეყნად ცხოვრების დროს, იმდენად ადვილი არის ეს დღეს, როდესაც ქრისტე მაცხოვრის სახელის დიდება აღსარებისათვის არ მოგველის არც დევნა და არც ტანჯვა. მერე, გამოგვიყენებია კი ჩვენ, საყვარელნო, ეს ჩვენი უპირატესობა? ვადიდებთ და ვაღიარებთ კი ჩვენ ქრისტესა? ნუ გაიკვირვებთ ჩემს საკითხსა, ნუ მეტყვით: ჩვენ რომ ქრისტეს რჯულის აღმსრულებლნი ვართ, და საეკლესიო და სამოქალაქო საბუთებშიც მართლმადიდებლის აღსარების ქრისტიანებად ვირიცხებით. მე გეკითხებით: ყველგან და ყოველთვის აღვიარებთ ხოლმე სიტყვით, საქმით, ჩვენს თავს ქრიტიანებად? არა გვრცხვენიან ხოლმე, ხანდისხან მაინც, ჩვენის თავის ქრისტეს ღვთის მორწმუნედ გამოცხადებისა? თქვენ რომ შგეძლოთ ამ საკითხზედ არას თქმა, მეტად სასიამოვნო იქნებოდა ჩემთვის, როგორც მოძღვრისათვის, მაგრამ ვაი, რომ ყველანი ამ საკითხზედ გადაჭრილ პასუხად არა-ს ვერ მეტყვით, ვინაითგან პასუხი იგი არ იქნება გულწრფელი და სიმართლით სავსე. აბა, დააკვირდით: ბევრი ჩვენგანი ცხად ჰყოფს ხოლმე თავის ქრისტიანობას პირჯვარის დაწერით ეკლესიის მახლობლად გავლის დროს, ანუ ზარის ხმის გაგონებისას?.. ნაცნობი ვინმე ქუჩაში რომ შეგვხდეს და სალამი არ მოგვცეს, ნუ სალამზედ არ გვიპასუხოს, ვიტყვით, - აღარ გვკადრულობს, ჩვენი ნაცნობობის ჰრცხვენიაო... ღვთის სახლის დანახვაზედ რომ არ ვსცემთ პატივს უფალსა ქუდის მოხდით და პირჯვრის წერით, - ეს რისღა ნიშანია? ყველა ჩვენგანი შესწირავს ხოლმე ვედრებასა და მადლობას უფალსა საზრდელის მიღების წინ და შემდეგ, განსაკუთრებით, თუ სტუმრებიცა გვყვანან?.. ხელში რომ ნივთი რაიმე გაუვარდეს ვისმე და ჩვენ მივაწოდოთ, თუ მადლობა არ გადაგვიხადა, - უმადურობად ჩამოვართმევთ და უზრდელადაც შევრაცხავთ... საზრდელისა და ყოვლის კეთილის მომნიჭებელს მადლობას რომ არ ვწირავთ ეს რისღა მომასწავებელია?

   თქვენ იტყვით: ეს წვრილმანია, პირჯვრის წერა და სხვის დასანახად ლოცვა-ვედრება გარეგანი მოქმედებაა, ღმერთი კი გულთა მხილავია, ჩვენი გულითადი განწყობილება მან პირჯვრის გადაუწერავადაც იცის, ქუჩაში და გარეშე პირთა წინაშე ლოცვით ფარისევლებს მივემსგავსებით და შეიძლება დაცინვაც დავიმსახუროთო... რამდენად პატივსადებია ამგვარად თავის გამართლება? ჯერ ერთი: სარწმუნოების საქმეში წვრილმანი რამ არ არსებობს, ვინაითგან გარეგან მოქმედებას თავისთავად კი არ აქვს ღირებულება, არამედ მაშინ, როდესაც ის არის გამომხატველი შინაგანი განწყობილებისა. „გინა თუ შჭამდეთ, გინათუ სუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდეთ, ყოველსავე სადიდებლად ღუთისა იქმოდეთ-ო", იტყვის წმინდა მოციქული (1 კორინთ. 10, 31); მეორედ, თუ ჩვენი გული სავსე და განწყობილია ღვთის სადიდებელ - სამადლობლად, განა ეს გრძნობა გარეშე მოქმედებაში არ უნდა იჩენდეს თავსა? არავის უნახავს, ჭკუასა მყოფი ადამიანი მწუხარების განცდის დროს იცინოდეს და მხიარულობდეს, ხოლო სიხარულის დროს - სტიროდეს და ჰგოდებდეს: „რაიცა გულითა გვრწამს სიმართლედ, პირითა აღვიარებთ საცხოვრებლად" (რომ. 10, 10). შემდეგ: კიდევაც რომ დაგვცინონ კეთილის - საქმის ყოფისათვის, განა ეს საბუთია კეთილ საქმეზედ ხელი აღებისა? აკი მაცხოვარმა ბრძანა: „ნეტარ იყვნეთ, რაჟამს გყვედრიდნენ... და სთქუან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩვენთვის-ო" (მათე. 5, 11). უმჯობესია გამოვტყდეთ: ჩვენ ამ დაცინვისა გვეშინიან და ამისათვის სამარცხვინოდ მიგვაჩნია აშკარად ჩვენის სარწმუნოების აღსარება. გვრცხვენია უგუნური ადამიანის გაკიცხვისა, გვრცხვენია ჩვენივე სტუმრებისა, რომლებსაც ღვთის მიერ მონიჭებული პურით ღვინით უმასპინძლდებით, და გვავიწყდება ქრისტე მაცხოვარი უტყუარი სიტყვები: „რომელსა იგი სირცხვილეულ უჩნდეს ჩემი და სიტყვათა ჩემთა ძემანც კაცისამან არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თვისისათა ანგელოზთა თანა წმიდათა" (მარკ. 8, 38). რა უმჯობესია, უგუნურის დაცინვა - გონიერი კაცი ადამიანს არ დასცინებს, გონიერი ცუდ საქციელს გაჰკიცხავს, დაგმობს, - თუ წინაშე ანგელოზთა სამარცხვინოდ გახდომა, უარის - ყოფა ჩვენი ქრისტეს იესოს მიერ და საუკუნოდ მისგან, მზისაგან სიმართლისა და წყაროსაგან ცხოვრებისა განშორება და წარწყმენდა?

   ნუ იყოფინ ესე საყვარელნო, ნუ შეუშინდებით დაუმსახურებელს დაცვასა, ნუ შევირცხვენთ ქრისტე მაცხოვრის აღსარებასა ნურც შინა და ნურც გარეთ, ნურც გონიერთა და ნურც უგუნურთა წინაშე. სახედ მოქმედებისა გვაქვნდეს ცხოვრება წმიდათა მოწამეთა, რომელთა წინა ედვათ სიტყვა უფლისა: „რომელმან აღმიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღუთისათა". ამინ!



დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება