მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მონაზვნობისათვის - ღირსი სილუანე ათონელი

მონაზვნობისათვის - ღირსი სილუანე ათონელი


20-12-2017, 00:03

 

   ზოგი ამბობს, რომ მონაზვნები სოფელს უნდა ემსახურებოდნენ, რათა პური უქმად არ სჭამონო, საჭიროა, კარგად გავიგოთ, რას ნიშნავს ეს მსახურება, რით უნდა ემსახურებოდეს მონაზონი სოფელს.

   მონაზონი მლოცველია და მტირალი მთელი სოფლისათვის - ესაა მისი მთავარი საქმე.

   ვინ აიძულებს მას იტიროს სოფლისათვის? - უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ის აძლევს მონაზონს სულიწმიდის სიყვარულს, ამ სიყვარულის გამო მუდამ მწუხარეა მისი გული, რადგან ადამიანები არ ზრუნავენ ცხონებისათვის. თვით მაცხოვარმა, ამ მწუხარების გამო, თავისი თავი მისცა ჯვარცმად და სიკვდილად. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელიც ამ მწუხარებას ატარებდა გულით. მასაც, მსგავსად თავისას საყვარელი ძისა, ყველას ცხონება სურდა. იგივე მადლი მისცა უფალმა მოციქულებს, წმინდანებსა და ეკლესიის მოძღვრებს. ამიტომ არც ერთი მათგანი (მონაზვნები) არ უნდა იყვნენ დაკავებულნი საერო საქმეებით. მათ უნდა მიბაძონ ღვთისმშობელს, რომელიც დღე და ღამ განისწავლებოდა საღმრთო სჯულისა და ერისათვის ლოცვაში.

   სრულებით არაა მონაზვნის საქმე, თავისი შრომის ნაყოფი შესწიროს სოფელს. ეს ერისკაცთა საქმეა, ერისკაცი ცოტას ლოცულობს, მონაზონი კი მუდმივად. მონაზონთა წყალობით, დედამიწაზე არასოდეს წყდება ლოცვა. სწორედ ესაა სარგებელი მთელი სოფლისათვის, რადგან იგი ლოცვის შემწეობით დგას. როცა შესუსტდება ლოცვა, მაშინ მთელი სოფელი დაიღუპება.

   მაინც რისი გაკეთება შეუძლია მონაზონს თავისი ხელებით? შეიძლება მან მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე მანეთი გამოიმუშაოს. რა არის ეს ღვთისათვის მაშინ, როცა ღვთის სათნო ერთი აზრიც კი სასწაულებს ახდენს? ჩვენ ამას წმ. წერილებიდან ვხედავთ. ანტონი დიდი სოფელს ლოცვით ეხმარებოდა და არა ხელებით. ღირსი მამა სერგი რადონეჟელი ლოცვითა და მარხვით დაეხმარა რუს ერს თათართა უღლის გადაგდებაში. ღირსი სერაფიმეს ლოცვით სულიწმიდის მადლი გადავიდა მოტოვილოვზე. ეს არის მონაზონთა საქმე, მაგრამ თუკი მონაზონი უდებია და ვერ მიუღწევია, რომ მისი სული მარადის ეზრახებოდეს ქრისტეს, მაშინ ემსახუროს მწირებსა და ერისკაცებს ნაყოფთაგან ხელთა მისთა, ესეც სათნოა ღვთისათვის, მაგრამ შორსაა მონაზვნობისაგან.

   მონაზონი უნდა ებრძოდეს ვნებებს და ღვთის მადლით ამარცხებდეს მათ. მონაზონი ზოგჯერ კი - ტირის მთელი სოფლისათვის, რადგან სურს, ყოველი ადამიანი ცხონდეს.

   ასე ასწავლა სულიწმიდამ მონაზონს ღვთისა და მთელი სოფლის სიყვარული. შენ შეიძლება მითხრა, რომ აღარ არსებობენ ისეთი მონაზვნები, რომლებიც სოფლისათვის ილოცებენ. მე კი გიპასუხებ, რომ როცა აღარ იქნებიან დედამიწაზე მლოცველები, სოფელი აღარ იარსებებს, დაიწყება უდიდესი განსაცდელების ჟამი, რომელთაგან ზოგი დღესაც ხდება.

   სოფელი დგას წმინდანთა ლოცვით და მონაზონი მოწოდებულია ილოცოს მთელი სოფლისათვის, ესაა მისი დანიშნულება და ნუ ამძიმებთ მას საერო საზრუნავით. მონაზონი უნდა ცხოვრობდეს მუდმივი მარხვით. მაგრამ თუკი იგი დაავადებულია საერო საზრუნავით, იძულებულია, ბევრი შეჭამოს, ამით კი ყველა ზიანდება, რადგან თუკი ბევრს შეჭამს, მაშინ ვეღარ ილოცებს როგორც საჭიროა, რადგან მადლს უყვარს ცხოვრება გამხდარ სხეულში. მე თვითონ არა ვარ ღირსი მონაზვნად ვიწოდებოდე. 40 წელზე მეტია მონასტერში ვცხოვრობ და ჩემს თავს მორჩილთა რიგებს თუ განუწესებთ, მაგრამ მე ვიცნობ მონაზვნებს, რომლებიც ახლოს არიან ჩვენთან, უფრო ახლოს, ვიდრე ჰაერი. ჰაერი ჩვენს შინაგანს გაივლის და გულთან მივა, უფალი კი ადამინის გულში ცხოვრობს (2 კორ. 6. 16-18).

   აი, ჩვენი სიხარული - ღმერთი ჩვენთანაა და ჩვენშია. ყველამ იცის ეს? სამწუხაროდ, ყველამ არა. იციან მხოლოდ მათ, რომლებიც დამდაბლდნენ ღვთის წინაშე. განიძარცვეს საკუთარი ნება, რადგან ღმერთი მხოლოდ მდაბალთა გულებში ცხოვრობს. უფალს უხარია, როცა ჩვენ გვახსოვს მისი გულმოწყალება და ვემსგავსებით მას სიმდაბლით.

   როცა უფალი ემაოსის გზაზე მიდიოდა ლუკასა და კლეოპას გვერდით, ისინი გრძნობდნენ საოცარ გულმხურვალებას. ასევეა ზოგიერთი მონაზვნის გული დღესაც. იგი ღვთის სიყვარულით იწვის, სული კი სიმდაბლით და სიყვარულით ეკვრის ერთადერთ უფალს. მაგრამ მონაზონს, რომლის გული დამონებია ფულს, ნივთებს ან სხვა რაიმე მიწიერს, არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, როგორც ჯერ არს. მისი გონება გაორებულია ღმერთსა და ნივთებს შორის. უფალმა კი თქვა, რომ შეუძლებელ არს ორთა უფალთა მონებად, ერისკაცთა გონებაც მიწიერსაა მიჯაჭვული, ამიტომაც მათ ღვთის სიყვარული ისე არ შეუძლიათ, როგორც მონაზონს.



ღირსი სილუანე ათონელი 

მოამზადა დეკანოზმა ზაქარიამ (მარგალიტაძე) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება